четверг, 24 сентября 2015 г.


სიღნაღიდან, ალაზნის ველის გავლით, მირზაანამდე
 
მანანა ტურიაშვილი


გალავანშემოვლებული სიღნაღი პატარა, მინიატურული ქალაქია, რომელიც ზღაპრის ქვეყანას მოგაგონებთ. მისი რამდენიმე მოკლე ქუჩა, ძველი თბილისის თავდაღმართით დაშვებულ, მოკირწყლულ გზებს ჰგავს, სადაც ჩაწიკწიკებულ მაღაზიებს, თონეებს, თუ რესტორნებს, ზოგს ძველებური და ზოგსაც ინგლისურენოვანი აბრა ამშვენებს და მცდურად მომღიმარი ქალივით, ტურისტების ყურადღებას იპყრობს. თუ სიღნაღს ქვემოდან ახედავთ ანუ ვაქირიდან წნორისკენ მიმავალი გზიდან, რომელიც მხოლოდ ათი წუთის სავალ სამანქანო გზას მოიცავს, დაინახავთ უმშვენიერეს სანახაობას: თუ მარჯვნივ, მზერას ზევით ააწვდენთ, აზრის სიწრაფით, ტყეებს გადაუფრენთ და მთაზე ამოწვერილი სიღნაღის გალავანი, გვირგვინის სახით მოგევლინებათ, რომელსაც მსუბუქი თავსაბურავის მსგავსად ცა შემოხვევია და დიდი სიყვარულის ნიშნად ჩაჰკონებია. გალავნის მიღმა მიმალულა აგურისფერი სახურავებით დამშვენებული სახლები, სადაც ადამიანები დაფუსფუსებენ და ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრების ჭაპანს ეწევიან: შემოდგომაა და ვიღაცა, მეგობრის რთველში მიდის, დასახმარებლად; ვიღაცა ქალი წინდის ქსოვას ამთავრებ; ვიღაცა ტურისტებისთვის სახელდახელო ჩურჩხელას ამზადებს; ვიღაცა გასაყიდად გამზადებულ თექისგან შეკერილ ფაჩუჩებსა და ჩანთებს ფენს ქუჩაში... სიღნაღის რაიონის ახლო-მახლო სოფლებიდან მოხუცი ქალები ჩამოდიან და ლორთქო მწვანილის კონებით თავს იწონებენ, გურჯაანიდან ჩამოსულნი შემოდგომის ატმით ვაჭრობენ; აი, ერთ-ერთი ალვანის ყველით თავს იწონებს  და ვიღაცა უცხოელს დააგემოვნებინებს. ხმამაღლა გავიფიქრე: „რა ამბავია, რამხელა ნაჭერი მოუჭერით?“ ყველის გამყიდველმა, ხანში შესულმა კაცმა მიპასუხა: „არა უჭირს, რა!“ აღფრთოვანებული უცხოელი, ცხვრის ყველის ცხიმით გაპოხილ ტუჩებს ენით აილოკავს და მეგობარს გასძახებს: „ძალიან მაგარია, ვიყიდოთ!“ „მეც გავსინჯავ - ვეუბნები - ოღონდ ამხელა ნაჭერს ნუ მომიჭრით, უკვე ვისაუზმე“, „არა, იმ უცხოელზე დიდი ნაჭერი უნდა გაგასინჯოთ, რას ჰქვია ისაუზმეთ, ასეთ ყველს თბილისში ვერ იშოვით, გუდაშია გამოყვანილი.“

სიღნაღის ე. წ. „გადასახედიდან“ ალაზნის ველი მოჩანს და თუ კავკასიონს ნისლი არ ბურავს,  ძმურად შეკრულ, ერთმანეთზე გადაბმულ ქედებსაც მოჰკრავთ თვალს. ამ ქედების  სიახლოვეც აღმატებულის განცდას ბადებს და ეს აღმაფრენა დიდხანს მიგყვებათ. ამას ემატება გამჭვირვალე მზის სხივებში სხვადასხვა ფერთა ათინათინში არეკლილი ალაზნის ველზე გაშენებული ვენახები, სადაც ქართველი გლეხკაცის შრომის ოფლია ჩაღვრილი. რამდენი დღე გაუტარებია გლეხს ვენახების მოვლაში და რამდენი ფიქრი მისწვდომია ცას, რომელიც მხოლოდ ღმერთს გაუგია და არა ჩვენ დღევანდელ მთავრობას.
სიღნაღის გადასახედიდან, შუადღის მცხუნვარე შემოდგომის მზის სხივებში შებურულ ალაზნის ველს, იისფერისა და ვარდისფერის სხვადასხვა ტონები, ერთმანეთს დუნედ ენაცვლება. რაღაცა გაუცნობიერებელი სიღრმე, სევდა, ოპტიმიზმი და ტრაგიზმი გიხმობთ და გიზიდავთ. ეს მიზიდულობა ალაზნის ველის უკიდეგანო სივრცეს აქვს, რომლის ქვა-ღორღიან გზებზე, მაყვლის ეკალ-ბარდებში შავად მოციაგე კენკრის ანარეკლებში და გაშლილ ვენახებში, ჰამლეტ გონაშვილის უზადო ტემბრის ხმა ჩაგესმით. მის მიერ შესრულებული „დაიგვიანეს“ თუ „ურმული“ თუ სხვა და სხვა, ერთი მეორეს ცვლის... დღეს, ურემში შებმული ხარების რიტუალური მსვლელობა შეცვალა დაღეჭილმა, საბჭოთა ეპოქის „ჟიგულების“ ქროლვამ, რომელთა გაცვეთილი საბურავების კვალის მტვრის ანაბეჭდებს, ამაყად და რიხინ-რიხინით ჩაასწორებს კანტი-კუნტად მომავალი, ზლაზვნითა და ხმაურით მოხრიალე ტრაქტორი. ტანხმელ, მზისგან გარუჯულ გლეხს, დაკოჟრილი ხელის მტევნები არქაული მეურმის მსგავსად მშვიდად დაუდია „ჟიგულის“ საჭეზე და თითქოს კავკასიონის ქედები ეძახისო, ისე მიისწრაფის მისკენ, სიმაღლისკენ. მაგრამ რაც უფრო უახლოვდება ქედებს, მით უფრო შორდება მათ და მიუწვდომელი ხდება. ყველას უნდა სიმაღლზე ასვლა, ხელის შეხება მაინც, წამიერი ამაღლება მაინც, მაგრამ არ გამოდის, არა და არა! აი, ვენახისაკენ გადაუხვევს მეურნე, შეათვალიერებს ფოთლებში შებურულ მზისფერ მტევნებს და კორძზე ჩამომჯდარი სიცხის ჩაცხომას დაელოდება, მოსაღამოვებას დაელოდება და კავკასიონის ამაყ ქედებთან ბაას გააბავს. პატარა რადიოში ხშირად „მოტრიალე“ ჰამლეტ გონაშვილის მიერ შესრულებულ „ურმულს“ მოუსმენს და ღრმა ფიქრებში გართული ჩუმად ჩურჩულებს: „ღმერთო, მეც გადმამხედვევი, კვლავაც წყალობის თვალითა...“ შემოდგომაა, ყველაზე დაძაბული და აზარტული დრო კახეთში. ოჯახები მთელი ზამთარი  გეგმებს აწყობენ, თხზავენ, ბჭობენ: ვის ეზო-ყურეს გაუმჯობესება უნდა; ვის სწავლის ფული გადახდა; მავანს შვილის ქორწილი აქვს - სტუმრებს და ხარჯებს ითვლის... ყველა ორ კაპიკს ელის... შარშან გლეხებმა „საფერავი“, კილოგრამი 2 ლარად ჩააბარეს, რქაწითელი 1 ლარად, მაგრამ წელს დაეცა ფასები, თითქმის განახევრდა. გამწარებული კახელი გლეხი ითვლის ხარჯებს: რამდენი დაჯდა ვაზის შხამ-ქიმიკატებით შეწამვლა, გვალვის დროს ვენახის მორწყვა და ხვდება: რაც დახარჯა, იმას ვეღარ აანაზღაურებს და ვენახში, ჭრიჭინების საგუნდო სიმღერის შესრულებისა და თითქმის ცერის სისქე კოღოების წუილის ფონზე, კარსმომდგარი რთველის მოლოდინში, გეგმებს აწყობს: „არ ჩავაბარებ, დავწურავ და მე მაინც დავლევ, კაცო!“ მაგრამ 7 ან 10 ან 15 ტონა ყურძენს რა უყოს?“ სიღნაღის გალავანის გვირგვინისკენ გაიხედავს და ჩაიბუტბუტებს: „მაგათ, რა უჭირთ, ტურისტები ბლომად არიან.“ აგერ მეზობელ ვენახში რთველი აქვთ. გაუვლის და ჰკითხავს: „რამდენად იბარებენ, შეიცვალა რამე?“ პასუხი არ დააიმედებს „60 თეთრი?“ და ზედა სოფლებისკენ გაიხედავს: „ნეტა ხირსაში რა ხდება, როგორი მოსავალია? დიდმა წვიმამ, ხომ არ დაალპო ყურძენი?“
ფიროსმანის სოფელი - მირზაანი, ხირსასთან ახლოა, მირზაანელებს იქ  ვენახები აქვთ გაშენებული. მანქანით თუ წახვალთ, მირზაანიდან ხირსამდე გზა მცირე მანძილად მოგეჩვენებათ, თორემ ისე, 15 კილომეტრია. მირზაანისკენ მიმავალ, დაკლაკნილ, აღმართ-დაღმართ გაჭიმულ გზებზე სამარშრუტო ტაქსები დღეში სამჯერ ადიან და ჩამოდიან - სულ ეს არის, მაცხოვრებლებს მეტი არც სჭირდებათ. თითქმის ცარიელ გზაზე, რამდენიმე კერძო მანქანა თუ შეგხვდებათ: ზოგი მეზობელ სოფელში მიდის, ზოგი სიღნაღში და ზოგიც ლაგოდეხში.
მირზაანის ტრასიდან ერთი ორღობე ადის აღმართზე, სადაც დილით, უკაცრიელი ქუჩის აყოლებაზე, თითო-ოროლა კაცს თუ შეხვდებით. სიღნაღში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ტურისტებს ნახავთ, მირზაანში კი ერთ უცხოელიც არ გაჭაჭანდება. ნაყოფით დახნუძლული კაკლის ხეები უცნაურ არომატს აფრქვევენ. სიჩუმეა, უცნაური სიჩუმე, თითქოს დრო გაჩერდა, ჩამი-ჩუმი არსაიდან ისმის. სიცოცხლის ნიშნად აბრას დაინახავთ, რომლის ისარის გასწვრივ მკვეთრი ასობით წერია: „ფიროსმანის სახლ-მუზეუმი - 1,2 კილომეტრი“. რაც უფრო ვუახლოვდებოდით სახლ-მუზეუმს, მით უფრო იზრდებოდა კაკლის ხეების რიცხვი, ან იქნებ გვეჩვენებოდა. საზეიმოდ ჩაცმული პირველკლასელები, სკოლიდან შინ ბრუნდებოდნენ. ვიკითხე: „რამდენი პირველკლასელი სწავლობს სკოლაში?“ მშობელმა მიპასუხა: „ოთხი.“ „რა სევდიანი ამბავია“ - გავიფიქრე და ჯიუტად გავაგრძელეთ გზა. არც უკაცრიელ, ბოქლომდადებულ სახლებში მოშრიალე, გამოკეტილი აჩრდილების არ შეგვშინებია, არც ბოქლომახსნილი კარიბჭეების ჭრიალზე გამოსული ძაღლების და არც გზად მიმავალი ძროხების სხვადასხვა კარებებთან ატეხილი რქების ჯახა-ჯუხისა. „ბირჟაზე“ ოთხი მოხუცი იჯდა, მეხუთე პატარა სკამით მორბოდა და მომასლაათეებს გზიდან ეკამათებოდა. მათ ინტერესით შეგვათვალიერეს და გზა დაგვილოცეს. ვიღაცა მამაკაცი თალარზე შემომჯდარიყო და ყურძენს კრეფდა. პატარა გოგონას, მეზობლის ქალისაგან 7 კვერცხი ეყიდა და შინ მიჰქონდა. ეს იყო და ეს, მერწმუნეთ, 2 საათის მანძილზე, მხოლოდ 10 კაცი შეგვხვდა. დაცვის თამშრომლებმა ჩაგვიარეს და მივხვდით, რომ ფიროსმანის სახლ-მუზეუმთან ახლოს ვიყავით. უზარმაზარ, შემოღობილ ტერიტორიაზეც სიჩუმე იდგა. ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც ერთ დროს ფიროსმანის ბიძაშვილს ეკუთვნოდა, ცივილიზაციის ნიშნად, კომპიუტერები იდგა. კაკლის ხეები აქაც იწონებდნენ თავს და სიოს დაბერვაზე აშრიალებული მისი ფოთლები პირქუშ, მძიმე, მაღალ და ფუნდამენტური შენობისაკენ გზას გვიჩვენებდა. ჯერ დაუმწიფებელი „განჯური“ ბროწეული, ფოთლებიდან წითლად ანათებდა და ფიროსმანის ნასახლარის სიღატაკეს აფერადებდა. ალაზნის ველი აქედანაც კარგად ჩანდა, მაგრამ რატომღაც მასში უფრო მწვანე სჭარბობდა, ფერთა ათინათინი აღარ თამაშობდა. ალბათ იმიტომ, რომ გენიოსის შემოქმედებასთან ახლოს მდგარმა ბუნებამ ადრეული შემოდგომის ფერადოვნება დაკარგა. დიახ, თუ გინდათ ნამდვილად იგრძნოთ ნიკო ფიროსმანის შემოქმედება და აღმოაჩინოთ ის, აუცილებლად უნდა გაიაროთ სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზა, უნდა შეიგრძნოთ სიჩუმის სიდიადე, ბუნების სასიცოცხლო ძალა და როცა თავისუფალი, დაღლილი და თითქოს განწმენდილი შეხვალთ ფიროსმანის დარბაზში, მიხვდებით მისი მხატვრობის სიდიადეს, უფრო ღრმად შეიცნობთ მის პერსონაჟებს და დაადგენთ, რომ ისინი ფსიქო-ტიპაჟებს წარმოადგენენ, რომლებიც განმსჭვალულნი არიან სევდით, ტრაგიზმით, იუმორით, პოეზიით, სისატიკით, რაციონალური აზროვნებით. დასანანია, რომ ტურისტებს მირზაანში ვერ შევხვდით, მაშინ როცა სიღნაღში, ბოდბის დედათა მონასტერში და წმინდა ნინოს წყაროზე უამრავი უცხოელი ვიხილეთ: ფრანგები, პოლონელები, გერმანელები, რუსები, აზერბაიჯანელები, სომხები და ა. შ. და ა. შ. ურიცხვი სტუმარი, ვისაც  კახეთის ნებისმიერ ადგილას შეხვდებით, საქართველოდან ისე მიდის, რომ ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის  შესახებ, ალბათ ინფორმაციაც კი არა აქვს. სიღნაღიდან მირზაანამდე მანქანით თუ იმგზავრებთ, 15 წუთში ჩახვალთ და ამ გზაზე, კანტი-კუნტად შეხვდებით ტრაფარეტს, რომელიც მიგანიშნებთ გზას გენიალური მხატვრის, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმამდე. როგორც კახელებმა გვითხრეს, ნაციონალების დროს, სიღნაღში აიკრძალა მირზაანის მუზეუმისკენ მანიშნებელი გზის მაჩვენებლის გაკვრა, იმ მიზეზით, რომ სიღნაღის მუზეუმშიც არის გამოფენილი ფიროსმანის ნახატები. არადა, როგორ გააცოცხლებდნენ ტურისტები სოფელ მირზაანს და ხალხის ისედაც მცირე შემოსავალს, ცოტა რამ წაადგებოდა, მაგრამ სექტემბრის ამ ცხელ დღეებში, თავის ატკივება ვის უნდა? მთავრობა, ხომ ვერ აიტკივებს თავს? - გასაგებია! 2012 წელს, დაპირებებით გახარებული სოფლის მცხოვრებთა გულის მოგების შემდეგ, პირადი პრობლემების მოსაგვარებლად, ცოტა დრო დარჩათ და რატომ უნდა ენაღვლებოდეთ ან გაიაფებული ყურძენი, ან პირში ჩალაგამოვლებული გლეხი და ან ტურისტის გარეშე დარჩენილი ფიროსმანის სახლ-მუზეუმი და მისი გულთბილი და ერთგული თანამშრომლები.



Комментариев нет:

Отправить комментарий