რა გაგვახსენეს იტალიელმა
მსახიობებმა
მანანა ტურიაშვილი
ნეაპოლიდან ჩამოსულმა თეატრალურმა ლაბორატორიამ („TEATRI 35“) საინტერესო და ქართული თეატრისთვის დამაფიქრებელი წარმოდგენა უჩვენა. სპექტაკლის სახელწოდებაა „CHIAROSCURO“, სადაც მსოფლიოში აღიარებული იტალიელი მხატვრის, შუქ-ჩრდილის დიდ-ოსტატის - კარავაჯოს ტილოებს ცოცხალი სურათების სახით წარმოადგენდნენ. სამი იტალიელი მსახიობი: გაეტანო კოჩა, ფრანჩესკო დე სანტისი, ანტონელა პარელა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ მხატვრის ეპოქის გაცოცხლებასაც ცდილობდნენ.
ქართველი
მუსიკოსების მიერ შესრულებული ვივალდის, ჰენდელის, ბახის და სხვა ავტორთა ნაწარმოებების
ფონზე, იტალიელი მსახიობები მაყურებლის თვალწინ ირგებდნენ მხატვრის ტილოებთან შესაბამის
სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის ქსოვილებს. ამ მოქმედების დროს ისინი ჩვეულებრივი, რიგითი
ადამიანები იყვნენ, მაგრამ როცა ააწყობდნენ კარავაჯოს მიზანსცენას და პერსონაჟების
შესაბამის მოძრაობას აფიქსირებდნენ, აი, მაშინ ჩვენ თვალწინ უჩვეულო ტილო წარმოისახებოდა.
ცოცხალი სურათების მთავარი ნაწილი იყო პერსონაჟების შინაგანი მდგომარეობის გამოხატვა,
სადაც კარავაჯოს გმირების ღრმა ფსიქოლოგია ერთმანეთს ზუსტად ერწყმოდა და ამ სულთა შეთანხმებით,
სურათის დაფიქსირების გზით, მუსიკის დახმარებით მაყურებლის ფანტაზია იღვიძებდა და ხანდახან
გჯეროდა, რომ კარავაჯოს ტილოებს უყურებდი. მიხეილ თუმანიშვილის ბოლო პერიოდის რეპეტიციებს თან
სდევდა სახვითი ხელოვნების აღიარებულ ავტორთა ნამუშევრების მაგალითზე პერსონაჟების
ფსიქოლოგიური სიღრმის კვლევა და წარმოჩენა.
იტალიელი მსახიობი გაეტანო
კოჩა: ჯერ მუსიკას ვარჩევთ,
მერე ნახატებს და ბოლოს ვეძებთ იდენტურ ფერებს. როცა ეს მოსამზადებელი სამუშაო გაკეთებული
გვაქვს, მერე მსახიობები ვქმნით იმას, რაც თქვენ იხილეთ. კარავაჯოს გავლენა ჰქონდა
XVII საუკუნის ძალიან ბევრ შემოქმედზე და ჩვენ იმ მხატვრებსაც წარმოვადგენთ. ახლა ვმუშაობთ
ლეონარდოს „საიდუმლო სერობაზე“ და ამის განსახორციელებლად 13 მსახიობი გვჭირდება. დრამატული
თეატრის მსახიობები არ ვართ, ჩვენ გვაქვს თეატრალური ლაბორატორია „TEATRI 35“.
მხატვარი გია ბუღაძე: მიხარია, რომ კარავაჯოს აქტუალობა კი არ იკარგება,
არამედ მატულობს. ის უბედური კაცი იყო, მთელი
ცხოვრება ტანჯვაში გაატარა და სიცოცხლეც ტრაგიკულად დაასრულა. ცოცხალ სურათებში ჩანდა
მისი უმძიმესი ცხოვრება. ის იყო CHIAROSCKURO-ს ესე იგი, შუქ-ჩრდილის დიდოსტატი. აღტაცებული
ვარ ამ სამი ახალგაზრდა მსახიობის მუშაობით, რომლებმაც ასეთი კომპონირება, პლასტიკა
გვიჩვენეს… როგორ იცვლიდნენ ტანასაცმელს, როგორ ქმნიდნენ ანტურაჟს - ეს ძალიან საინტერესო აქცია იყო.
კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ ეს ცოცხალი სურათები იტალიელებმა
ჩამოიტანეს. ყველაზე მძიმე და ტრაგიკული „იოანეს თავის კვეთა“ იყო. აქ მარტო თავის კვეთის სცენა უჩვენეს და არა მთლიანად
კომპოზიცია, მაგრამ სხვანაირად ვერც გააკეთებდნენ. მინდა ხაზი გავუსვა დრაპირების ვარირების არაჩვეულებრივ უნარს, როგორ აკეთებდნენ ნაოჭს, ნაკეცს
- ეს გააზრებული ჰქონდათ. თვით კარავაჯო დიდ ყურადღებას აქცევდა დრაპირებას და უნდა
გითხრათ, რომ ამაში იყვნენ 100%.
ყველაფერი ასე ზუსტად
იყო?
პლასტიკაში უფრო მეტი ექსპრესია სჭირდებათ და მეტს ვერც
მოვთხოვთ - ეს კარავაჯოა!
იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბართოლი: მე რომიდან ვარ
და როცა იქ ჩავდივარ აუცილებლად მივდივარ სან ლუიჯი დეი ფრანჩეზისა თუ სანტა-მარია
დელ პოპოლოს ეკლესიებში, სადაც კარავაჯოს მომაჯადოებელი შემოქმედებას კიდევ ერთხელ
ვაკვირდები. ჩემი საყვარელი ტილოებია: „მათე მოციქულის მარტვილობა“, „პეტრე მოციქულის
ჯვარცმა“, „სავლეს მოქცევა“. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ჟესტებზე, რომლითაც
კარავაჯო ადამიანის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს ასახავს.
შოუს სახელწოდება CHIAROSCKURO, იტალიურად ნიშნავს
შუქ-ჩრდილს, რომელიც კარავაჯოს შემოქმედების მთავარი ხერხია და სწორედ ამ პრინციპზეა
აგებული დღევანდელი წარმოდგენა.
კარავაჯო მაგონებს იტალიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
შემოქმედს, კინორეჟისორ პიერ-პაოლო პაზოლინის, რომელსაც წინააღმდეგობებითა და დრამატიზმით
აღსავსე ცხოვრება ჰქონდა და როგორც იცით ტრაგიკულად დაიღუპა. კარავაჯოს ცხოვრება და
შემოქმედებაც ძალიან საინტერესოა და თუ შეიძლება ასე ითქვას, თეატრალური. ამ მხატვართან
მნიშვნელოვანია სხეული, მისი ფორმები, მოძრაობის რიტმი. ასევე დიდ მნიშვნელობას აძლევს
ნივთებს, საგნებს... დღევანდელ შოუს მუსიკალურად „საქართველოს სინფონიეტა“ გააფორმებს,
ეს წარმოდგენა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის, პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია.
მსახიობი ზურაბ ყიფშიძე: საინტერესო თემა იყო და მუსიკამაც გამიტაცა! მომეწონა როგორ ემზადებოდნენ
მსახიობები, როგორ იცვლიდნენ სამოსს, მაგრამ ეს ყველაფერი, ალბათ უნდა გაკეთებინათ
თეატრალურად ანუ დატვირთვით, ამოცანებით. ცოცხალი სურათების გაკეთება რთულია - უნდა
გაგაკვირვოს. ეს გაკვირვებს ერთხელ, ორჯერ, მაგრამ როგორ მივიდნენ ამა თუ იმ ტილომდე,
რა მოხდა - ოდნავ, ოდნავ მაინც რომ ყოფილიყო, უფრო საინტერესო იქნებოდა. ფონი უნდა
ყოფილიყო შავი... ძალიან კარგი ორკესტრი იყო, მომღერალი გადასარევი..
მომღერალი მიხეილ აბრამიშვილი: ჩემ ხმას ჰქვია
კონტრტენორი - ეს არის მამაკაცის ძალიან იშვიათი სასიმღერო ხმა და საქართველოში მარტო
მე მაქვს. ძირითადად საკონცერტო შემსრულებელი ვარ და რაც მოისმინეთ ამ ხმისთვის არის
შექმნილი.
P. S. კარავაჯოს ცოცხალი
სურათების წარმოდგენამ დაგვანახა, რომ თუ იტალიელი მსახიობების მუშაობის პრინციპს ქართულ
თეატრშიც გამოვიყენებთ, გარკვეულწილად აღდგება ის, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე შესუსტდა
ქართულ თეატრში: მიზანსცენა, როგორც მხატვრული ტილო, რომელიც მძაფრი და ღრმა ფსიქოლოგიური
ნიშნით გამოირჩევა.
Комментариев нет:
Отправить комментарий