суббота, 2 марта 2019 г.

არ შეგვძლებოდეს მისი დავიწყება!


ეროსი მანჯგალაძეს სამი სიტყვით ახასიათებდნენ: ტალანტი, სიკეთე, მოკრძალება. მას ბრწყინვალე მონაცემები ჰქონდა: ხმა, ტანადობა, მუსიკალური სმენა, იმპროვიზაციის და გარდასახვის დიდი უნარი. „საკვირველია, რომ მზე ისევ ანათებს და ათბობს ძველებურად, ის კი ვერ გრძნობს მის სითბოს, ის, ვინც მთელის სიცოცხლე ათბობდა მეგობრებს, ხალხს თავისი ტალანტით, ყურადღებით, ღიმილით.“ ეროსი მანჯგალაძე 1925 წლის 3 მარტს სამტრედიის რაიონში, სოფელ ღანირში დაიბადა. (უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ წიგნში, ეროსი მანჯგალაძეს დაბადების მეორე თარიღიც აქვს - 21 ოქტომბერი. რუსთაველის თეატრის მუზეუმმა დაგვისახელა 3 მარტი. იმავე წერია ქართულ ენციკლოპედიაში)

რუსთაველის თეატრის მსახიობმა, ეროსი მანჯგალაძემ ქართული თეატრის დღე, ასე მიულოცა თეატრის ხალხს: ...მოდით წელიწადში ერთხელ მაინც, მხოლოდ რამდენიმე საათით გულწრფელად ვუცქიროთ ერთმანეთს თვალებში, გვიყვარდეს ერთმანეთი, არა თეატრალურად, არამედ ისე, უბრალოდ, ადამიანურად!
არა ვიშურნოთ...
არა ვიძულვოთ...
არა ვიფლიდოთ...
არა ვიქადოთ!...
და განშორებისას იმდენჯერ ვუთხრათ ეს უბრალო, კაცური ჭეშმარიტება, რომ სამუდამოდ ჩაგვებეჭდოს გულსა და გონებაში.“ ასე იცხოვრა ეროსი მანჯგალაძემ.

ეროსის მამა - აკაკი, პროფესიით ეკონომისტი იყო, დედა - თამარ ბენდუქიძე. მათ ჰყავდათ სამი შვილი - რეზო, ეროსი, ბელა. 1932 წლიდან თბილისში ცხოვრობდა. 12 წლის იყო ეროსი, როცა დედა (ხიდან ჩამოვარდა) ლოგინს მიეჯაჭვა. ეროსი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა პატარა დას და სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა მასზე. უფროსი ძმა - რეზო, სამამულო ომში გაიწვიეს და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ფეხბურთი, რადიო და გარდასახვის პირველი სიხარული

ეროსი მანჯგალაძე იგონებდა: „მოწაფეობის პერიოდში, მხოლოდ ფეხბურთით ვიყავი გატაცებული, დილიდან დაღამებამდე ვთამაშობდი. ძალიან მიყვარდა კინოც, ჩარლი ჩაპლინის სურათები. მეცხრე-მეათე კლასში ვიქნებოდი, როცა რუსთაველის თეატრის სპექტაკლი „უდანაშაულო დამნაშავენი“ ვნახე, მომეწონა.“ იმავე დროს სკოლაში დადგეს „პატარა კახი“ და „რღვევა“. მთავარ როლებს ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა. „სკოლაში ყველას მოვეწონე... გადავწყვიტე მსახიობი გავმხდარიყავი“.

1941 წელს ეროსი მანჯგალაძემ საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თეატრალურ ინსტიტუტში, პარალელურად მუშაობდა რადიო-კომიტეტში და მალე „ქართველი ლევიტანი“ შეარქვეს. თეატრალურ ინსტიტუტში 5 როლი ითამაშა. განსაკუთრებით გამოყოფენ მის მიერ შესრულებულ ტეტერევის როლს, გორკის პიესაში „მდაბიონი“, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში გიორგი ტოვსტონოგოვმა დადგა. ეროსი მანჯგალაძე იგონებდა: „რეპეტიციების დაწყებიდან, უკვე მეოთხე თვე მიდიოდა, გიორგი ტოვსტონოგოვს ჩემი იმედი გადაეწურა, ერთ-ერთ რეპეტიციაზე რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა: ვგრძნობ, რომ ვარ და თან არ ვარ. ამ გაორებით შევიგრძენი გარდასახვის პირველი სიხარული... მაშინ ტოვსტონოგოვმა მითხრა, თუ შეძლებ გაიგო, რა მოხდა შენში, დიდი არტისტი გახდებიო“.


ფეხბურთის მატჩის კომენტატორი

პირველად 1945 წელს შესთავაზეს რადიოთი ფეხბურთის მატჩის რეპორტაჟი. მსახიობი იგონებდა: „თბილისში ჩატარებულ ყველა თამაშზე დავიწყე სიარული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ ცუდად ვიცოდი ფეხბურთი. ამიტომაც თავად დავიწყე თამაში. თანდათან შევიძინე პოზიციის, ტაქტიკისა და კომბინაციის გაგების უნარი. რამდენიმე მატჩი ფირზე ჩავწერე, თავიდან მოვისმინე, კვლავ ჩავწერე და ბოლოს გადავწყვიტე: რაც იქნება, იქნება, გავალ ეთერში“. მისი ხმა: „ყურადღება, ლაპარაკობს თბილისი, ლაპარაკობს თბილისი! ჩვენი მიკროფონები თბილისის „დინამოს“ სტადიონზეა“, 30 წელიწადი ჩაესმოდა ქართველ გულშემატკივარს. შემდეგ კომენტატორობას თავი დაანება, ვინაიდან თვლიდა, რომ „ძალაში შევიდა ტელეხედვა, სადაც მაყურებელი თვითონაც მშვენივრად ხედავდა ბურთსა და მოედანს, ხოლო კომენტატორს მაღალი ოსტატობა ესაჭიროება, რომ ამ ფონზე ზედმეტი არ გამოჩნდეს“.


ეროსი მანჯგალაძემ თეატრალურ ინსტიტუტში - 5 როლი ითამაშა. ცხინვალის თეატრში 2, რუსთაველის თეატრში - 55, კინომსახიობთა თეატრში - 2, ტელე-თეატრის დადგმებში - 8, კინოში 14.

მედეა ჩახავა: მაგონდება, როგორ მაწვალებდა „პეპოში“. ყოველ სპექტაკლზე ახალ-ახალ ოინებს იგონებდა. მარტო ჩვენი ცეკვა რად ღირდა მისი შეძახილით, ან სტუმრებთან ჩემი ცეკვის დროს რომ მიმართავდა ეჭვიანობის სცენებს. ეს რეჟისორს არ დაუდგამს, მისი მოგონილი იყო. მეორე მოქმედების დროს, კულისები ყოველთვის სავსე იყო თავისუფალი მსახიობებით. ყველას უნდოდა ეროსის ოსტატობით დამტკბარიყო. იყო გაუთავებელი ხარხარი, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა. ეროსისაც უხაროდა კოლეგებისა და მაყურებლის ასეთი აღტაცება.

ბორის პაიჭაძე: ეროსი ჩვენ შორის დადიოდა, დიდი და კეთილი, ბავშვივით გულუბრყვილო და როხროხა, უღალატო და ყველას ბედზე დაფიქრებული. წინათ, მოსკოვში თვითმფრინავები „დინამოს“ სტადიონის მახლობლად მდებარე ტუშინოს აეროდრომზე სხდებოდნენ და ზედ თავზე გადაუფრენდნენ ხოლმე სტადიონს. ერთხელ სწორედ ამ სტადიონზე ვეთამაშებოდით მოსკოვის დინამოს და როგორღაც ისე მოხდა, რომ რამდენჯერაც დავარტყით, ბურთი იმდენჯერ ზევიდან გადაევლო კარს.

თამაში, რომ დამთავრდა, ეროსიმ ჩვენს გასაგონად თავისთვის ჩაილაპარაკა: უნდა გავაფრთხილო სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომ როცა თქვენ თამაშობთ, შეაჩერონ გადაფრენა, თორემ ისე მაღლა ურტყამთ ბურთს, შეიძლება თვითმფრინავი ჩამოაგდოთო.

იპოლიტე ხვიჩია: მახარაძეში გადაღებაზე მივდივართ. ერთი გოგონა ტირილით ამოვიდა ვაგონში. ეროსიმ დაუყვავა, მოეფერა, გაიგო, რომ გოგონასთვის 30 მანეთი ამოუცლიათ. ეროსიმ გოგონას 30 მანეთი მისცა. იგი საჯავახოში ჩავიდა. მე მივაძახე: ბიჭი თუ შეგეძინოს, ეროსი დაარქვი! და აი, საოცრებაც - ჩოხატაურში გამოგვეცხადა ის გოგონა მეუღლითა და ეროსით. დავულოცეთ ეროსი და ვუთხარი: ეროსის ნიჭი დაგნათლოდეს, ჩვენო პატარავ!“

რამაზ ჩხიკვაძე: „ხანუმაში“ სულ ერთ გვერდზეა მოცემული ფანტიაშვილისა და აკოფას შეხვედრა. ჩვენ კი ოცი წუთი მიგვყავდა ეს სცენა. თითქმის ყველა სპექტაკლზე იბადებოდა ახალი იმპროვიზაციები. ამ სპექტაკლს ერთი და იმავე მაყურებელი, ვინ იცის რამდენჯერ ესწრებოდა და ზოგჯერ თავადაც გვკარნახობდა ტექსტს. როდესაც ფანტიაშვილს რაიმე ახალს ვეტყოდი ან ახლებურად მოვიმოქმედებდი, ეროსი ერთს გემრიელად გაიცინებდა, მერე უცებ მოგუდავდა სიცილს, ვითომდა თავს როგორ გიყადრებო, და აგრძელებდა როლს.


უკანასკნელად ეროსის შევხვდი შაბათ დღეს. ვმუშაობდით მარიონეტების თეატრის სპექტაკლზე „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“. საოცრად ჩქარობდა, სურდა იმავე დღეს დაგვემთავრებინა ჩაწერა. ყველაზე მეტი სამუშაო მე და ეროსის გვქონდა. გვეხვეწებოდა, როგორმე ჩავწეროთ ბოლომდე, ორშაბათისთვის ნუღარ გადავდებთო. ამის იმედი აღარავის ჰქონდა, მაგრამ ეროსიმ თავისი გაიტანა. გახარებულებმა ეს ფაქტი, ეროსის სახლში აღვნიშნეთ. საოცარ გუნებაზე იყო. მერე კი სულ რაღაც ორ დღეში გათავდა კაცი. რატომღაც იმ დღეს, ბევრს ლაპარაკობდა 2000 წელზე, მოვესწრები კი ოცდამეერთე საუკუნესო?!


ეროსი მანჯგალაძე გარდაიცვალა 1982 წლის 26 იანვარს. უკანასკნელად მშობლიური თეატრის სცენიდან ტაშით გააცილეს. ტაშს უკრავდა მთელი სცენა, პარტერი, იარუსები, და ტრანსლაციით ეს ტაში გადავიდა ქუჩაშიც, რუსთაველის პროსპექტზე, რომელიც ლენინის მოედნიდან მოყოლებული, ხალხით იყო გაჭედილი. ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, ქალაქი გაირინდა. ეროსი მანჯგალაძის მეგობარი, მიხეილ თუმანიშვილი წერდა: „...ჩვენ, გვეგონა, რომ კოლეგას ვეთხოვებოდით, აღმოჩნდა, რომ ხალხი თავის რჩეულს ეთხოვებოდა“.

წერილი შეადგინა თეატრმცოდნე მანანა ტურიაშვილმა.

P. S. სტატიის სათაური ეკუთვნის ეროსი მანჯგალაძის მეგობარს, თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძეს

ეროსი მაჯგალაძის ბიოგრაფიული ცნობები ეყრდნობა თეატრმცოდნე იამზე გვათუას წერილს და რუსთაველის თეატრის მუზეუმს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий