მანანა ტურიაშვილი |
სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალში „ჩვენი მწერლობა“ (2014 წლის 7 მარტი # 5)
ხმაურიანი „მაკბეტის“ სისასტიკე
თბილისის საერთაშორისო
თეატრალურ ფესტივალზე გრიბოედოვის თეატრი მაყურებელს ვერ იტევდა. იან კოხანოვსკის სახელობის
თეატრმა დიდი ინტერესი გამოიწვია და ამის მიზეზი პოლონელი რეჟისორის მაია კლეჩევსკას,
როგორც თამამი ექსპერიმენტატორის სახელია. მისი შემოქმედება და თუნდაც „მაკბეტი“, ეწინააღმდეგება იმ სკეპტიკოსთა მოსაზრებას, რომ რეჟისურა მამაკაცის
პროფესიაა და არა ქალის. იგი გააზრებულად ანგრევს შტამპებს და არ დაგიდევთ მეცნიერ-შექსპიროლოგების
მოსალოდნელ მკაცრ შეფასებებს. თბილისის საერთაშორისო
ფესტივალზე, სპექტაკლ მაკბეტის“ შემდეგ დაინტერესებული პირები რეჟისორს შევხვდით. ჩვენ
ვიხილეთ გულწრფელი, თვითკრიტიკული და ამავე დროს თავის შემოქმედებით ძალებში დარწმუნებული
რეჟისორი. სპექტაკლით ცოტა უკმაყოფილო იყო, თქვა, რომ „მაკბეტი“ კარგა ხნის წინ დადგა
(თეატრის საინფორმაციო წყაროებით 2004 წელს)
და ახლა მას, როგორც წარსულს ისე უყურებს.
შექსპირის აღიარებული
პიესების იმდენი სცენური ვერსია არსებობს, რომ ძნელია მიაგნო რაიმე ახალს, მაგრამ მაია
კლეჩევსკას ეს არ გაუჭირდა. მან „მაკბეტის“ მოქმედება გადაიტანა გარემოში, რომელიც
ერთი შეხედვით სარდაფს მოგაგონებთ, ან განგსტერების ბუნაგს, ან ღამის კლუბს, სადაც
ნარკოტიკების დაგემოვნებას უპრობლემოდ შეძლებთ. დახვეწილი გარემოს შესაქმნელად აქ არავის
უზრუნია. ამგვარი ადგილი უხვადაა ასახული კინემატოგრაფში. პოლონელი რეჟისორის პერსონაჟები:
ბოროტმოქმედები, მეძავები, განგსტერები, ლოთები, დაქირავებული მკვლელები, ტრანსვესტიტები
სწორედ აქ გაითამაშებენ შექსპირის „მაკბეტის“ ტრაგედიას. ტრიალი და უდაბური
მინდორიც სწორედ ეს ადგილია, სადაც მაკბეტსა და ბანქოს ალქაჯებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა
ელით.
მოქმედ გმირთა საომარ
შემართებას ირონიულად მიუთითებს დოლბანდით გადახვეული სხეულის ნაწილები: მაკბეტს თავი
აქვს გადახვეული, ბანქოს ხელი. ტანთ სპორტული ტანსაცმელი აცვიათ. თანამედროვე, ცოტაოდენ
განძარცვულ სავარძლებში ჩამსხდარნი ტელევიზორს შესცქერიან. რეჟისორი მაყურებლის ფანტაზიაზე
მოქმედებს და ვხვდებით, რომ ალბათ საინფორმაციო გამოშვებას უყურებდნენ, რომელიც მათ
გმირობას აშუქებდა. შეტაკების შედეგად გადატვირთული გონების განმუხტვის ნიშანად, იქვე
ალკოჰოლის ბოთლებიც დგას. სწორედ მორიგი გამარჯვების შემდეგ, ადამიანის ფსიქიკაში უცნაური
ფიქრები აიშლებიან. ამიტომ იწყება მაკბეტისა და ბანქოს ეპიზოდი დუმილით და სანამ მაყურებელი
შექსპირისათვის უცხო, არაბანალური გარემოს თვალიერებით თავს ირთობს, გმირები კუდიანებს ელიან.
პიესაში კუდიანების
სიმახინჯე ცხოვრების საშინელებათა ამსახველი სიმბოლოა. ზოგი შექსპიროლოგის აზრით ეს
უცნაური, შემზარავი არსებები ადამიანთა წარმოსახვანი არიან, რომლებიც სასტიკ ფიქრებს
აღძრავენ და ამ ფიქრების განხორციელებისათვის ხელსაყრელ ნიადაგს ელიან. ამ გზაზე ადამიანის
ფსიქიკა მრუმე ვნებების სათამაშო არენას ემსგავსება.
მორიგმა გამარჯვებამ მამაც მაკბეტში კაცისკვლის შემაძრწუნებელი სურვილი დაბადა, ხოლო
ბანქო გრძნეული დების გამოცხადებას შემდეგი ტექსტით ახასიათებს: „მიწაც წყალივით ზოგჯერ
ბუშტებს აისვრის ხოლმე და ესეც ბუშტნი უნდა იყვნენ. ნეტა სად გაქრნენ?“ (თარგმანი ივანე მაჩაბელისა). მაკბეტი კუდიანებთან
ურთიერთობის გახანგრძლივება უნდა და მათ გაქრობას სინანულით აღნიშნავს: „... ნეტა კიდევ პატარა ხანს დარჩენილიყვნენ!“ ბანქო კი ამბობს:
„იყვნენ კი მართლა, თუ ბალახის მავნე რამ ძირი ვჭამეთ და იმან დაგვიტყვევა გრძნობა-გონება?“
სპექტაკლის გმირებისათვის ბალახის მავნე ძირის დაგემოვნება უცხო ხილი არ უნდა ყოფილიყო.
გრძნეული დები - კუდიანები
თუ ალქაჯები ამ სარდაფის მუდმივი კლიენტები, ქართველი მაყურებლისათვის კინოეკრანის
ცნობილი პერსონაჟები არიან, რადგან საქართველოში ასეთი ჩაცმულობის ტრანსვესტიტებს დღის
სინათლეზე ვერ იხილავთ. მამაკაცს ტანთ შემოსალტული ქალის ტანსაცმელი და ბუმბულის მჭახე
ფერის შარფი მოუხვევია, მაღალ ქუსლებზე მშვენივრად მოძრაობს; ხანში შესულ ქალს, ბებერ
მეძავს ფეხები მოშიშვლებული აქვს და უცნაური ფერის ხვეული თმით შემკობილი პარიკი ახურავს;
ის „მარადიული ახალგაზრდობის“ გამომხატველია, რომელიც პენსიაზე გასვლას არ ეპუება.
მესამე დაც ასეთივე არაორდინალური ტანსაცმლით გამოირჩევა. მათ სახეზე, თანამედროვე
კოსმეტიკური მიღწევებისა და მაკიაჟის უხვ ფერთა გამა, ასაკის
დამალვას ცდილობს, ხოლო
უზარმაზარი ხელოვნური წამწამების ჩრდილი, გრძნეული დების თვალების სხივის გამომხატველობას
ბუნდოვანს ხდის. ეს სამი არსება, ერთი შეხედვით, ახალი სახის კლოუნებად შეიძლება ჩავთვალოთ,
რადგან მათ ყოველ გამოჩენაში და მსახიობების მიერ ჩამატებულ ტექსტში, უხვად იგრძნობთ
თვითირონიას, კომიკურ ელემენტებს, რაც მაყურებელში იუმორს ბადებს. მათი ანცობა მკვლელობების
კასკადს ამზადებს, რომელიც სასტიკი და ამავე დროს ბიწიერი განცდების ქაოსურ სამყაროს
ქმნის, რაზეც პრინციპში დგას კლეჩევსკას სპექტაკლი. რეჟისორი კუდიანების ამგვარი წარმოსახვით
შექსპირს ეყრდნობა. პიესაში ბანქო მიმართავს ამ ქალებს: „ეს ვინ არიან სახე-მჭკნარნი
და შესაზარნი?.. დედაკაცები უნდა იყოთ, მაგრამ ეგ წვერი თითქოს სხვას მოწმობს“. ერთ-ერთი
კუდიანი ამბობს: „ხელი ხელს მივცეთ, გრძნეულო დებო... ფერხულს ჩავებათ, დავპროწიალდეთ...“
გრძნეული დების ე. წ. ფერხული, თანამედროვე, პოპულარული სიმღერების ფონზე, ხშირად გაისმის
სპექტაკლში, რომლის მხიარული ელფერი სცენაზე მიმდინარე ბიწიერებისა და სისასტიკის განმუხტვასაც
ემსახურება.
რეჟისორს ნაკლებად
იზიდავს მაკბეტში მკვლელობის იდეის ჩასახვის მოტივაციების დადგენა, მისი განვითარება,
ძალაუფლების მისაღწევად ზნეობრივი კანონების უგულებელყოფის გამო წარმატებული, მამაცი
მებრძოლის პიროვნების დაშლისა და განადგურების პროცესი. მას აინტერესებს ის გარემო,
სადაც იბადება დანაშაული და სადაც დუნკანის დაკვლა „სიბრალულის გათამაშებასაც“ კი არ
იწვევს. გავიხსენოთ სცენა, სადაც საცურაო ბიკინში ჩაცმული მამაკაცები (პიესის მიხედვით
დიდებულნი), თითქოს ღია ვერანდაზე ან აუზის წინ სხედან და კოქტეილს შეექცევიან. დილის
გაზეთები დუნკანის მკვლელობას აუწყებენ. და მაშინ, როცა მაყურებელი ამ არაორდინალური
სცენით მიღებულ შოკს აცნობიერებს, სპექტაკლის გმირები უდრტვინველად ღებულობენ პრესაში
გავრცელებულ ინფორმაციას. კლეჩევსკას შექმნილ ამ ატმოსფეროში ადამიანებს მართავს მოლოდ
და მხოლოდ ვნება, ბიწიერება, აღტკინება, სექსი და ავხორცობა. იქ დღე არასოდეს დგება,
იქ ბნელეთის ღვთაების, ჰეკათას საუფლოა. სწორედ ამ ატმოსფეროს შექმნას შეეცადნენ რეჟისორი
და მსახიობები და მიზანსაც მიღწიეს. თუმც, ამ პროცესით გატაცებამ, ვერ ამოავსო „მარტო“,
პირისპირ დარჩენილი ავბედითი ცოლ-ქმრის დუეტის შინაგანი ურთიერთობის დეფიციტი. მაკბეტების
ურთიერთობა ძირითადად აგებული იყო სექსუალურ ლტოლვაზე და სწორედ ამიტომ ცოლ-ქმრის ბჭობის
შემდეგ დაწყებული ვნებიანი ტანგო, ამ ცეკვის ილეთების შესრულების მკრთალი მონახაზით
გამოხატული, ავხორცულ დუეტად გადაიქცევა.
სპექტაკლის დასაწყისში
სწორედ ამგვარი კუდიანები უწინასწარმეტყველებენ ბანქოსა და მაკბეტს მომავალს. უნდა
აღვნიშნოთ, რომ კუდიანების - ამ გაურკვეველი სქესის ადამიანების წარმოსახვანი პიესაში უკავშირდება ადამიანებში ჩაბუდებულ
ბნელ ფანტაზიებს, ძალაუფლების მოსაპოვებლად ნებისმიერი ხერხის გამოყენებას, რაც ყველა
ეპოქისათვის დამახასიათებელი იყო. შექსპიროლოგების აზრით, ნაწარმოებში მაკბეტს ამარცხებს
საკუთარი ვნებები და ბოლოს და ბოლოს მის წინააღმდეგ ამხედრებული მთელი ქვეყანა, რომელიც
ადამიანურობის პრინციპების დასაცავად იბრძვის. სპექტაკლში ეს „მთელი ქვეყანა“ პოტენციური
ბოროტმოქმედია, რომელიც შესაძლო გარემოებების დროს მაკბეტივით მოიქცევა. დედოფლობის
სურვილით შეპყრობილი ლედი მაკბეტი, ზნეობრივი კანონებისაგან თავისუფალია. ის ყველა
საკითხს მარტივად აგვარებს. გავიხსენოთ სცენა, სადაც ქერათმიანი, რომანტიკული ფერადი
კაბით შემოსილი ჯუდიტა პარაძინსკა უშფოთველად და საქმიანად ხდის ქმარს სისხლიან პერანგს,
ქვედა საცვალის ამარა ტოვებს და მაკბეტის სხეულიდან სისხლის ჩამობანას რიტუალივით ატარებს.
ლედი მაკბეტი ბოროტმოქმედების კვალის გაქრობაზე ფიქრობს, მაშინ როცა მაკბეტს ჩადენილის
სისასტიკე ამძიმებს. ნადიმის სცენაში, სადაც პიესის მიხედვით მაკბეტს მოჩვენებები
ეცხადება, თანამონადიმეებს უცნაური ცხოველების ფანტასმაგორიული ნიღბები უკეთიათ. სახელდახელოდ
შერჩეულ საღამოს ტანსაცმელში ჩაცმული ე. წ.
დიდებულნი ჩუმად იცნიან. ეს ჩაცინება საკმაო
ხანს გრძელდება, რომელიც ზოგჯერ გაუბედავ ქირქილადაც მოგეჩვენებათ. ლედი მაკბეტი გაუშვებს
მოწმეებს, ხოლო მაკბეტი თვალს დაადგამს ბებერ კუდიანს და ეკითხება: „გიყვარვარ?“ ქალი
ხვდება, რომ ბიწიერი ეროტიკის შემოტევით მაკბეტს თავისი ბნელი წარმოსახვების ჩაცხრობა
სურს და შესაბამის, არატრადიციულ სექსუალურ საქმიანობასაც შეუდგება. ამ ეპიზოდში გაიელვებს
ლედი მაკბეტის ეჭვიანი მზერა, რომლის გამომსახველობას უყურადღებოდ ვერ დატოვებთ.
სპექტაკლში ლედი მაკბეტის
სიგიჟის ეპიზოდი, მისი შეგრძნებების სრულ დაჩლუნგებაში გამოიხატება. მაკბეტისაგან განსხვავებით,
ის ვერ აცნობიერებს ჩადენილ სისასტიკეს, სწორედ
ამ ფაქტმა მიიყვანა უგრძნობელობამდე, რაც სიკვდილის ტოლფასად შეიძლება ჩავთვალოთ. კლეჩევსკას
სპექტაკლში მაკბეტი დიდხანს დაატარებს ლედი მაკბეტის მოდუნებულ სხეულს, სადაც ყველა
ნერვი გაწყვეტილია. ჩვენ, მაყურებელი, საკმაო ხანს ვფიქობდით: მოკვდა თუ ცოცხალია?
ლედი მაკბეტი ცოცხალ ლეშს დაემსგავსება, რაც
მაკბეტისათვის ტრაგედიაა, ალბათ სწორედ ამიტომ ხვდება მის სიკვდილს ხავილით.
ვინაიდან მას ხელიდან ეცლება თანამზრახველი,
სექსუალური ტანგოს შემსრულებელი იდეალური პარტნიორი.
მარადიული მარტოობა მაკბეტისათვის გაუსაძლისია. თუმც, უნდა ითქვას რომ ძლიერი ნება
მაკბეტს არ ტოვებს და ბოლომდე იბრძვის.
თეთრ პიჯაკში და შარვალში
გამოწყობილი დუნკანი თანამედროვე ენით რომ ვთქვათ მაფიის ნათლიმამაა ან განგსტერების
მეთაური. ძალაუფლების მწვერვალზე მდგომი, მინდობილ-მინებებული ადამიანის მოძრაობით,
ინფანტილური გამოხდომებით და ბოლოს გაზულუქებული ადამიანის ცნობიერებით, რეალობას ვეღარ
აფასებს, ამიტომ ვერც შესაძლო მტერს ხედავს. ამგვარ საშიშ სამყაროში, ქვეშევრდომთა
სავარაუდო სვლების გათვლა უნდა შეგეძლოს. მაკბეტის სახლში, ანუ ამ გზააცდენილ და ბიწიერებაში
ჩართულ ადამიანების სამყოფელში, ის შინაურად გრძნობს თავს. მას თან ახლავს ბავშვები,
დაცვა, გოგოები, მაკბეტის კუდიანებიც მისი თანმხლებნი არიან. თავის ტექსტს იგი მიკროფონთან
წარმოსთქვამს. გაისმის სიმღერები, მათ შორის ქართული: „გოგოვ შენი გულისთვინა...“ რჩეული
საზოგადოება სამახსოვრო ფოტოებს იღებს. დუნკანი ლედი მაკბეტსაც შინაურულად გაუცეკვებს
და ბოლოს, მაიკლ ჯეკსონის სიმღერის რიტმსაც
აყვება, პერანგის გახდასაც არ თაკილობს და როცა წელზევით შიშველი, დონდლო სხეულს აჩენს,
ვაკხანალიის მეფე ხდება. რამდენიმე წუთით ლედი მაკბეტი და მაკბეტი მარტო რჩებიან:
„ცხოვრობ მხდალივით“ ეუბნება ცოლი ქმარს და ამის შემდეგ სიკვდილის მანქანა ამუშავდება,
მაკბეტის გადაწყვეტილება დუნკანის მკვლელობისა და მისი ადგილის დაკავების შესახებ მომწიფებულია.
სცენაზე შემოდის დუნკანი. მას შეზარხოცებული აღარ ჰქვია, წელზევით შიშველი, ალკოჰოლით
თავაწყვეტილ მეინახეებთან ერთად მოლხენაშია
ჩაბმული. ზოგიერთებს, იატაკი აღარ ჰყოფნით საასპარეზოდ, მაგიდაზე ადიან საცეკვაოდ.
ამ ეპიზოდის საფუძველს თავად შექსპირთან ვკითხულობთ. ბანქო მიმართავს მაკბეტს: „მეფემ
კიდევაც მოისვენა. დღეს მეტის მეტად მხიარულადა ბრძანდებოდა.“ ლედი მაკბეტი: „რამაც ისინი გამოათრო, მე მომიმატა
გაბედულობა.“ მეკარე: „ხურუშიც მოსდევს სმას და არც მოსდევს; სურვილს ჰბადებს და კაცს
ღონეს ართმევს“. ტყვიასავით გაისმის ფრაზა: „მაკბეტმა ძილი მოკლაო“. მაკბეტი დუნკანს
კლავს, ლედი მაკბეტი სისხლიან ხელებს იბანს, ღრუბლით წმენდს ქმარს და განბანილი მაკბეტი
მკვლელობის ტვირთით ჩაკეცილი ტირის. პიესის მიხედვით მაკბეტმა დაარღვია ვაჟკაცობის,
მოვალეობის, ღირსების წეს-კანონი და უპატიოსნო ბრძოლა აირჩია. მას ზნეობრივი ფასეულობები
აღარ გააჩნია - დაცარიელდა. თუმც კლეჩევსკას შექმნილ სამყაროში, ბანდის წევრის ჩადენილი
დანაშაული, უჩვეულოდ არ უნდა გაჟღერებულიყო, მაგრამ რეჟისორი ვერ გაექცა შექსპირის
ლოგიკას და მაკბეტის განცდების გამოხატვით სინათლის ნაპერწკალი აანთო. დუნკანის მკვლელობით,
მსახიობ მიხალ მაჟნიცის მაკბეტი სულის სიმშვიდეს სამუდამოდ დაემშვიდობა და ამიერიდან
მარადიული მარტოობის ცივ ლაბირინთებში მას ერთადერთი თანამზრახველი ჰყავს, ზნეობა-ამოძირკვული
ლედი მაკბეტი.
როცა შექსპირის ეპოქის
ელემენტებით შთაგონებული ლედი მაკბეტის მეწამული კაბა სცენის ზედა ნაწილში, ე. წ. მეორე
სართულზე, უკანა კედელზე მიბჯენილ ხიდზე კრთება და მაყურებელი პირველი ქალბატონის მსვლელობას
აფიქსირებს, ამ დროს სცენაზე, ჭავლური შუქით განათდება ლაქის პრიალა ფეხსაცმელები,
რომელსაც მაკბეტი უახლოვდება და იცმევს. მაკბეტი საკამო ხანს ათვალიერებს ფეხსაცმელებს,
რომლის პრიალა ზედაპირზე არეკლილი შუქი, კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას ანიჭებს. მაია
კლეჩევსკას სპექტაკლში, მთავარმა გმირებმა, სწორედ ამგვარად დაიდგეს გვირგვინი. გვირგვინი,
როგორც ძალაუფლების სიმბოლო, დღეს უკვე ბანალურად ჟღერს, თანაც ამ გათანამედროვებულ
„მაკბეტში“ გვირგვინი უადგილოდ აჟღედებოდა. სწორედ ამიტომ რეჟისორმა არაორდინალურ სვლას
მიმართა - გვირგვინს ფეხსაცმელები არჩია. ფინალურ სცენაში, როცა იმავე სარდაფში შემოვლენ ხაკისფერ, თანამედროვე სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული
მეომრები და „ბირნამის ტყის“ ეპიზოდის შესრულება დაიწყება, მაკბეტი ბოლომდე იბრძვის,
მაგრამ მას კლავენ, ფეხსაცმელებს ხდიან და ტახტის, ამ შემთხვევაში მაფიის უსუსურ მემკვიდრეს
აძლევენ. ის ხელებში ატრიალებს ფეხსაცმელებს და გამარჯვებულის ჟესტით სცენას ტოვებს.
მაფიის მკვლელობათა ახალი ჯაჭვის აწყობა დაიწყო და ასე იქნება მარად, სანამ ამ სამყაროში
კაცის კვლა არ დასრულდება.
ჩვენ ცალკე გამოვყოფთ
ლედი მაკდუფისა მისი შვილების მკვლელობის სცენას, რომელიც ამ სპექტაკლში ყველაზე ძლიერ
და შემაძრწუნებელ ზეგავლენას ახდენს. პიესაში ლედი მაკდუფი გამწარებული იძახის: „ცოლი,
შვილი, სახლი, დიდება ყველა დატოვა და თვით სადღაც გადაიხვეწა.“ სპექტაკლში ლედი მაკდუფი
ტახტზე ზის, გვერდით დაცვა უზის თითქოს, პიესის მიხედვით შოტლანდიის ერთ-ერთი დიდებული.
კლეჩევსკასთან მაკდუფის ციხე-დარბაზი ირონიულად
აჟღერდება კორპუსის ბინის კედელზე გაკრული იაფასიანი შპალერის სახით. ლედი მაკდუფი,
ქერა თმის ფერით და კარგი ტანადობით ლედი მაკბეტს წააგავს. ის გაალმასებულია, მისი
შავი, სექსუალური მოკლე სამოსი ვნებიან
ტანს ვერ უმალავს.
მსახიობი არც ერიდება ბიწიერ მოძრაობებს და ქმარზე გაალმასებული
გვერდით მჯდომი მამაკაცის ეროტიკულ აღელვებას და ხელების მოძრაობას უჩვეულოდ არ ღებულობს.
მაკბეტების სისასტიკე ყველაზე მეტად ლედი მაკდუფის მკვლელობის ნატურალისტურ სცენაში
ვლინდება. ამ ეპიზოდის ყურებისას ძრწოლა აგიტანთ. ქალის გაუპატიურების სცენა, სიკვდილის
წინ პატივის აყრის ამაზრზენი სისასტიკე, ძალადობის სახეს ნათლად ხატავს. მსახიობი ქალის
ურცხვად დაგდებული, თითქმის შიშველი სხეული არაესთეტიკურ ხასიათს არ ატარებს, პირიქით,
კლეჩევსკას ამ ეპიზოდით მივხვდით ნატურალისტური სცენის დიდი ზეგავლენის ძალაზე. მიკი
მაუსის ნიღბებით აღჭურვილი ორი კაცისმკვლელი პატარა ბავშვებს აიტატებენ და გარბიან.
ურცხვად დაგდებული, ყელგამოჭრილი ლედი მაკდუფის თითქმის შიშველი სხეული, მაკბეტების
სისასტიკის აპოთოზია. ხოლო მკვლელის მიერ აკვარიუმში სისხლით დასვრილი ხელის გადაბანისას
ხვდებით, რომ მაკბეტისაგან განსხვავებით, კაცისმკვლელის ფსიქიკა ყველა პრობლემას პროფესიონალის
ცივი გონებით აგვარებს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ
სპექტაკლის მიმდინარეობისას ხშირად გაისმის კომედიური პასაჟებით გამოწვეული მაყურებლის
სიცილი, ხშირად გეუფლებათ კლეჩევსკას მიერ შექმნილი არაორდინალური სცენებით გაკვირვების
გრძნობა და რეჟისორის თეატრალურ შტამპებთან მამაცურ ჭიდილს ინტერესით ადევნებთ თვალს.
თუმც კომედიური პასაჟებით მოთხრობილ ტრაგედიაში, არ ჩანს მაკბეტის, როგორც დიდებული
რაინდის დეგრადაციისა და პიროვნების ნიველირების შედეგად გამოწვეული ტრაგედია, რადგანაც
პოლონელი რეჟისორის მონათხრობი ოცდამეერთე საუკუნის კაცობრიობის ტრაგედიაა, სადაც განგსტერების
მაფია მეფობს. რეჟისორს ამ სამყაროში სინათლის
გამოჩენის არ სჯერა და მის სასტიკ განაჩენს აგვირგვინებს კუდიანების სცენა, სადაც გაისმის სიმღერა: „I will survive“ („მე გადავრჩები“).
ეს სიმღერა ხშირად გამოიყენება ფემინისტური მოძრაობებისა და გეი-თანასაზოგადოების ჰიმნად),
სადაც შეყვარებულს დაშორებული ადამიანი ახალი ცხოვრების დასაწყებად ძალებს იკრებს.
პოლონელი რეჟისორი ამ ნომრით ამთავრებს სპექტაკლს,
მოცინარ მაყურებელს ემშვიდობება და სისატიკის შერბილებით თავდამშვიდებული, იუმორით
გვეუბნება: მაკბეტების სამყარო არ დასრულებულა, ამგვარი ადამიანები გადარჩებიან. და
თუ სიმღერის ტექსტს გავითვალისწინებთ, რომელიც შემთხვევით არ არის შერჩეული, კუდიანების
დაშორება მაკბეტთან, შეყვარებულთან დაშორებას მიაგავს, მაგრამ ისინი კვლავ შეხვდებიან
მომავალ მაკბეტებს, მათ ძალაუფლების წყურვილს მოუკლავენ, ხანმოკლე სიცოცხლის ტრაგიზმს
დაუმალავენ და როგორც რეჟისორი გვიწინასწარმეტყველებს: მომავალში შექსპირის მაკბეტისეული მოდელი ისევ და ისევ გათამაშდება.
რას გვასწავლის ეს
სპექტაკლი? გადაწყვეტილების სითამამეს, ხელოვანის ხულიგნობის ძალას და შექსპირის პიესის
არაორდინალურ გააზრებას, რადგან ქმედება, ძიება და გაუკვალავი ბილიკების მამაცური დალაშქვრა
არის ჭეშმარიტ ხელოვნებასთან მიახლოების გზა.
თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორების მიერ შერჩეული პოლონური „მაკბეტი“
გვასწავლის თეატრალური შტამპების ნგრევის სურვილით გამოწვეულ თავისუფლებას, სადაც რეჟისორისა
და დასის მიერ ტექსტის პირველადი აღქმის ძალას ვგრძნობთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий