среда, 15 апреля 2015 г.


გამოქვეყნებულია გაზეთში „ქართული სიტყვა“, 15 აპრილი, 2015
როცა სიბერე დგება



მანანა ტურიაშილი

ამ დღეებში საქართველოში იმყოფებოდა ევროპის რჩეულ თეატრალთა ათეულში შეყვანილი ლატვიელი რეჟისორი ალვის ჰერმანისი, რომელიც არის მსახიობი, სცენოგრაფი და დრამატურგიც. 1997 წლიდან ალვის ჰერმანისი მუშაობს „ახალი რიგის თეატრში“. ის დგამს  ავსტრიის, გერმანიის, რუსეთის, შვეიცარიის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 2003 წელს, ზალცბურგის ფესტივალზე, მან საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის პრიზი მიიღო.

სანამ ალვის ჰერმანისის სპექტაკლს - „ხანგრძლივი ცხოვრება“ თბილისში, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე უჩვენებდნენ, მან მოიარა მთელი ევროპა, რუსეთი... მიიღო საერთაშორისო პრიზები და მიწვეულ იქნა ყველაზე პრესტიჟულ ფორუმებზე.

2012 წლიდან ალვის ჰერმანისი ზალცბურგის ფესტივალზე საოპერო წარმოდგენებს დგამს. 2014 წელს მან დადგა „ტრუბადური“, სადაც მონაწილებდნენ პლასიდო დომინგო, ფრანჩესკო მელი, ანა ნეტრებკო... მსოფლიოში აღიარებული მომღერლები. ამ სპექტაკლში ჰერმანისმა დიდი საფესტივალო სივრცე გადააქცია გიგანტურ მუზეუმად, სადაც კედლები მოძრაობდნენ.

რეჟისორის პრემიერები ოთხი წლით  ადრე არის დაგეგმილი. ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე მან 10 სპექტაკლი უნდა განახორციელოს. 2014 წელს, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რუსეთის ხალხთა სახელმწიფო თეატრმა ითამაშა ალვის ჰერმანისის სპექტაკლი „შუკშინის მოთხრობები“, მაგრამ საქართველოში რეჟისორი, პირველად აპრილში ჩამოვიდა. „როცა ჩემ ცოლში ვიყავი შეყვარებული და მინდოდა  მეჩვენებინა თუ რა დახვეწილი შინაგანი სამყარო მაქვს,  ოთარ იოსელიანის ფილმების ყურებას ვაიძულებდი. ქართულ კულტურის ერთ-ერთი წესი, ხომ ლირიკული იუმორია... მეც ასე აღვიქვამ ცხოვრებას.“ -  ჩვეული იუმორით გვითხრა ლატვიელმა რეჟისორმა, ალვის ჰერმანისმა.
 
რეჟისორი ალვის ჰერმანისი
„ხანგრძლივ ცხოვრებას“ ლიტერატურული საფუძველი არა აქვს, ის თავიდან ბოლომდე შექმნილია ცხოვრებაზე და ადამიანებზე დაკვირვებების გზით. რამდენიმე წლის წინ რეჟისორი ამბობდა, რომ მას აინტერესებდა მხოლოდ ის თეატრი, სადაც იშლება ზღვარი დოკუმენტურსა და ხელოვნურს შორის.  საბჭოთა კავშირის დროინდელ კომუნალურ სახლში ხუთი მოხუცი ცხოვრობს: ორი ცოლ-ქმარი და ერთი უცოლო მამაკაცი. ჩვენ ერთდროულად ვაკვირდებოდით მათ ცხოვრებას, რომელიც ვითარდებოდა პარალელურად განლაგებულ სამ ოთახში, რომლებსაც საერთო სამზარეულო და აბაზანა ჰქონდათ. ოთახებში უამრავი ნივთია, რომელიც გაცილებით მეტს მოგითხრობთ ამ პერსონაჟებზე, ვიდრე სიტყვა ან დიალოგი, თუმც დიალოგი ნამდვილად მიმდინარეობს: ეს არის ბგერებით, მოძრაობით, ფსიქოლოგიური ჟესტებით სავსე საუბარი, სადაც მოხუცებულის სხეულში შეღწეული ხუთი ახალგაზრდა მსახიობი, გრიმის გარეშე, ჩემთვის არნახული ოსტატობით გვიყვებიან ამ სამყაროში მარტოობის, განწირულობისა და დაძაბანულებული მოხუცების გამოუვალ მდგომარეობაზე. მაგრამ ამ დაჩაჩანაკებულ ადამიანებს თავისი ცხოვრება აქვთ - მშვიდი და გაწონასწორებული, რომელიც თავისი თავშეკავებულობით ბერ-მონაზონთა შინაგან რიტმს მიაგავს. 

ალბათ ასეთი ბედნიერი და ამავე დროს დათრგუნული და შეძრწუნებულიც არც ერთი სპექტაკლიდან არ გამოვსულვარ, თუმც მსახიობთა ოსტატობით გამოწვეულ სიხარულსაც ვერ ვმალავდი. მაგრამ აბსურდულობის გაუსაძლისმა გრძნობამ დიდ ხანს არ დამტოვა და დამაფიქრა იმ მომავლზე, რომელიც ყველა ადამიანს ელის - მდიდარია ის თუ ღარიბი, მკერავია თუ მსახიობი, ხელოსანია თუ რეჟისორი. სპექტაკლის პროცესში, ნელ-ნელა, თანდათანობით მაყურებლის ყველა ყოფითი პრობლემა: ჩასაცმელი, საჭმელი, კეთილმოწყობილი სახლი, ფული და ა. შ. და ა. შ. კარგავს თავის მნიშვნელობას და ჩვენს ცნობიერებაში გრძნეულის მაგიური ჯოხის მსუბუქი შეხებით ამოტივტივდა დუხჭირი ყოფისაგან მიჩქმალული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები - სიყვარული, ერთგულება, თანადგომა, მეგობრობა... ვინაიდან ოთხმოცს  თუ ოთხმოცდაათს და ან იქნებ ასსაც და შესაძლოა ასზე მეტსაც თუ მივუკაკუნებთ და „ვიღაც“ ანუ  „ახალი რიგის თეატრის“ რეჟისორი ალვის ჰერმანისი და მისი მსახიობები დაგვანახებენ თუ როგორი ვიქნებით ამ დროს - ჩვენ ფიზიონომიას რა დაემართება და პერსონაჟებთან ერთად ცხოვრებას გვაიძულებენ, თითქმის ორ საათში მივხვდებით - რა აბსურდული ყოფილა ყოფითი პრობლემების აღმოფხვრისათვის ბრძოლა, ვინაიდან ყველა ადამიანი გაჩენის დღიდან სიკვდილს ელოდება.
ასე ელოდებიან სიკვდილს „ახალი რიგის თეატრის“ სპექტაკლის გმირები, რომლებიც თავიანთი ხანგრძლივი ცხოვრების ზურგზე წამოკიდებულ ტვირთს, მსახიობების საშუალებით მსუბუქად დაატარებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში, რათა ყველას უამბონ იმ „ხანგრძლივი ცხოვრების“ შესახებ, რომელიც დასმა 2003 წელს დადგა. ამ სპექტაკლს  სხვადასხვა მაყურებელი ჰყავს -  საბჭოთა ეპოქაში გამოწრთობილნი და ევროპულ ცივილიზაციაში შედარებით მყუდროდ მცხოვრები ხალხი, მაგრამ ყველა: სამშობლოში, რუსეთში თუ ევროპაში, თითოეული თავისთვის მნიშვნელოვან აღმოჩენებს გააკეთებს: რა არის ცხოვრება - ამაო ჯაფა! რა არის ყოფა - უბრალო ნატურალიზმი და გზა, რომელიც საკვების მიღებიდან იწყება...

როცა აპრილის პირველ რიცხვებში, ქართველი მაყურებელი გრიბოედოვის რუსული თეატრის დიდ სცენაზე განთავსებული დეკორაციის კარს მიადგა, ის ვერც წარმოიდგენდა, რომ რიგელი რეჟისორი - ალვის ჰერმანისი, მას წარმოდგენის თანამონაწილედ გადააქცევდა, ოღონდ ისე, როგორც ეს ზღაპრებში ხდება ხოლმე. განძარცვული კარების მიღმა უამრავი ძველმანითა და თოკებზე გადაფენილი ძონძებით ძლივს თავდაღწეულები, დერეფნის ბოლოში მდგარი ქალბატონი, ალბათ დასის გამგე, გამამხნევებელი, ღიმილიანი შეძახილით   გვეგებებოდა: „მობრძანდით!“ და სახელდახელოდ დადგმულ და დანომრილ სკამებზე მიგვითითებდა.
სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებლის ბუბუნი, ტანსაცმლის შრიალი, ბილეთების შარიშურის ხმა, ყოველთვის მაგიურ ატმოსფეროს ქმნის, მაგრამ ეს მაგია ხშირად ქრება წარმოდგენის მსვლელობის დროს, ხოლო ფინალში უკვე კუდამოძუებული გარბიხარ იმ სიყალბიდან, რასაც მკვდარი თეატრი წარმოშობს. ცოცხალი სხეული ხშირად შობს მკვდარ, ყალბ სცენურ ცხოვრებას, სადაც ახალი სიცოცხლე არ იბადება. „ახალი რიგის თეატრის“ წარმოდგენა ცოცხალი ადამიანების მიერ ანუ ოსტატი მსახიობების მიერ დაბადებული სიცოცხლის პირველი ნიშნებით დაიწყო და ბოლომდე ფეთქავდა. ალვის ჰერმანისის „ხანგრძლივი ცხოვრება“ „მოკვდა“ მაშინ, როცა დარბაზში შუქი ჩაქრა და წარმოდგენის პერსონაჟები - ღრმა, თითქმის მიხრწნილი მოხუცები, ახალგაზრდა ადამიანებად (მსახიობები: გუნა ზარინა, ბაიბა ბროკა, კასპარს ზნოტინში, გილტს კრუმინში, ვილის დაუძინსი.) გადაიქცნენ, რომლებიც მოკრძალებულად უკრავდნენ თავს „ბრავოს“ ყვირილით აღელვებულ დარბაზს, სადაც შემოქმედებით ატმოსფეროში გახვეულ მაყურებელს, ჯერ ვერ გაეცნობიერებინა სად იყო ორი საათის განმავლობაში - მოხუცებულთა თავშესაფარში, საბჭოთა ეპოქის კომუნალურ სახლში, თუ თეატრში?
წინა საუკუნეების ევროპისათვის, რომ ეჩვენებინათ „ხანგრძლივი ცხოვრება“, მის მონაწილე მსახიობებს და რეჟისორს, მაყურებლზე ჯადოქრული ზემოქმედების გამო ალბათ აგიზგიზებული კოცონი არ ასცდებოდათ, მაგრამ XXI საუკუნის მსოფლიომ გულმხურვალედ მიიღო ალვის ჰერმანისის ჯადოქრობა და აგერ უკვე თორმეტი წელია, რაც ტაშს უკრავს ლატვიელ მსახიობებს.
მაყურებლის ტაშები განსხვავებულია: არსებობს ნათესავ-მეგობრების გამახალისებელი ტაში; არსებობს ტაში, როცა ვერ მიხვდი რა ხდებოდა სცენაზე, მაგრამ ვინაიდან მთელმა მსოფლიომ აღიარა, შენც უნდა აამუშაო ხელის მტევნები. არის პერსონალური ტაშები, რომელიც კონკრეტულ მსახიობს ეკუთვნის, წარმოდგენის რომელიმე ეპიზოდის კარგად გათამაშების გამო; არის კომედიურ პასაჟით გამოწვეული ტაში და ა. შ. და ა. შ. მაგრამ არის ისეთი ტაში, რომლის მოსმენაც განუწყვეტლივ გინდა - ეს არის ნამდვილი, ცოცხალი შემოქმედებით გამოწვეული აღფრთოვანებისა და მსახიობებისადმი მადლიერებით გამსჭვალული ტაში, რომელსაც იშვიათად მოისმენთ, მაგრამ ამ ბგერათა ჰარმონიის შესაგრძნობად ღირს თეატრში სიარული. აი, ამგვარი მაგიური ტაშით დააჯილდოვა ქართველმა მაყურებელმა ლატვიელების „ხანგრძლივი ცხოვრება“ და სპექტაკლის შემდეგ დაბრძენებული, ცხოვრების ამაოებაზე დააფიქრა. ეკლესიასტეს სიტყვების - „ამაოება ამაოთა“-ს სიბრძნე თვალწინ გადაუშალა, ხოლო ამ სიბრძნის გააზრებით, ქართველების  დღევანდელ გაუსაძლის ცხოვრებას, რაოდენ პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, იმედი ჩაუსახა.
წარმოდგენა იწყება სიბნელეში, მრუმე დილის ალიონზე, როცა ძრწოლანარევ, უსიზმრო ძილიდან გამოფხიზლებული მოხუცი ადამიანები რეალობას უბრუნდებიან - კვნესით, ხვნეშით, წამოყვირებით და საჭმლის მონელების შედეგად დაგროვილი გაზების უნებლიე გამოდევნით. ანთებული ძველმოდური ჭაღები, კომუნალური სახლის რამდენიმე ოთახში შეგვახედებს ერთდროულად, სადაც ხუთი მოხუცი ყოველდღიურ ყოფას იწყებს. მათი მოძრაობის რიტმი, ბიოლოგიურ რიტმთან შესაბამისია, ვინაიდან წლებით დაუძლურებული სხეული ახალგაზრდული მოქნილობით ვეღარ დგება საწოლიდან, რომელსაც უამრავი ნივთებით დახუნძლულ ოთახებში ძნელად გამოარჩევთ. თითოეული პერსონაჟის საწოლიდან წამოდგომა და მათი ინდივიდუალური „დილის პროცედურები“, პარალელურად მიმდინარეობს. ქმარი ძლივს დადგა ფეხზე და ამაოდ ცდილობს ნაბიჯის გადადგმას, ცოლი „წამლების მიღების“ პროცესს იწყებს. მეზობელ ოთახში მეორე წყვილის ქმარი თვითნაკეთი განტელით ახალგაზრდულ ჩვეულებას არ ღალატობს და მაინც ამუშავებს კუნთებს; მეზობლის ბერბიჭას, რომელსაც სცენის მარცხენა კუთხის ოთახი უკავია, თავის თავთან ლაპარაკი დაუწყია სიბერეში და ტუალეტზე შემომჯდარი  გაუთავებლად ბუბუნებდა. პირველი წყვილის ცოლი, ქმარს წნევას უზომავს - აპარატის რეზინის საბერვლის ხმა, სიკვდილის ნაბიჯების იდუმალი სუნთქვა გგონია. სიბერის, მარტოობის შემაძრწუნებელი ატმოსფერო იუმორით არის შეფერადებული, ვინაიდან ამ სცენების ზემოქმედების ძალა იმდენად ძლიერია, რომ მათი სერიოზულად გათამაშება მთელი ძალით მიუახლოვდებოდა ნატურალიზმს და სამუდამოდ აიღებდით ხელს ცხოვრებაზე. თუმც ეტიუდებით შექმნილი მოხუცების დილის პროცედურები, თავისი სცენური სიმართლით შოკს იწვევს და თვალზე ცრემლმომდგარი აღარც იცი გაიცინო თუ არა შემოქმედებითი ჯგუფის იუმორზე.

სიბერის შიში დამოკლეს მახვილივით დაადგება თავს მაყურებელს, რომელიც ხედავს თუ როგორ ამაოდ ცდილობს სახელოში ხელის გაყრას ერთ-ერთი პერსონაჟი, სანამ ასევე დაუძლურებული, ძლივს მოსიარულე ცოლი არ უჩვენებს სახელოს „მისამართს“. აგერ ყოფილი კეკლუცი ქალბატონი პატარა შუშის ბოთლს ამზადებს და კარებში მიიმალება, მერე იქიდან გამოსული დიდხანს ათვალიერებს შარდით სავსე ბოთლს და ცდილობს ჩაწვდეს ლაბორატორიული ანალიზის ამოხსნის საიდუმლოს, ვინაიდან გამოცდილება უკვე დიდი აქვს. პირველი ცოლ-ქმარი „სადღაც“ აპირებს წასვლას. ჩაცმის რიტუალისაგან ძალაგამოცლილნი უბრალო რძის ბოთლში ჩაწყობილ თეთრ მიხაკებს ამოიღებენ და ოთახიდან გადიან, ალბათ სასაფლაოზე მიიჩქარიან და ვინაიდან მათ ოთახში ახლობლების ფოტოებს შეამჩნევთ, გაიფიქრებ - იქნებ შვილის სამუდამო განსასვენებლის მონახულებასაც აპირებენ, მაგრამ გასაღები დარჩებათ შინ და უკან ბრუნდებიან. ხელმეორედ ვეღარ გადიან, ძალა აღარ ჰყოფნით - იქნებ ყოველდღე ასე ხდება, ფიქრობ შეწუხებული და გინდა, რომ რამენაირად დაეხმარო მათ და მიიყვანო იქ, სადაც ამ ყვავილების მიტანა უნდათ, მაგრამ ამის უფლება არა გაქვს, ვინაიდან სპექტაკლია და მსახიობები თამაშობენ, მაგრამ ეს თამაში იმდენად ნამდვილია, რომ შენც მონაწილე ხდები და ბუნებრივად დაბადებული  ნათელი გრძნობები სიკეთეს გიღვივებს.
სპექტაკლში ტექსტს ვერ მოისმენთ, ეს პერსონაჟები არ ლაპარაკობენ. ხანგრძლივმა ცხოვრებამ მათ სიტყვები, ფრაზები დაავიწყა. ყველა ოთახი სავსეა ნივთებით, რომელიც ამ ხუთი პერსონაჟის ისტორიაზე მოგითხრობთ, ამიტომ სიტყვებს აქ ძალა არა აქვს და არც არის საჭირო. აი, შევხედოთ მეორე წყვილს, რომელიც ყოფილი კეკლუცი ცოლისა და მასზე ყოველთვის მზრუნველი ქმრის სახით წარმოგვიდგებიან. ქალს თმის დასახვევი რგოლებით სძინავს - ალბათ მთელი ცხოვრება ასე გაიწამა თავი და ახლა, ძვალ-რბილში გამჯდარ ჩვეულებას ვეღარ ღალატობს. მელიის ბეწვი მისი ყოფილი დიდებულებისა და ქალურობის ნიშანია და უფრთხილდება მას, რომელსაც ბოლოს - „საღამოზე“ მხრებზე მოიგდებს. მისი ოცნების მამაკაცია ერნესტ ჰემინგუეი, რომელსაც ალბათ მთელი ცხოვრება ქმარს ადარებდა და ვერაფრით  ეგუებოდა ამ ხელოსანთან ცხოვრებას, რომელიც სიბერეშიც ცდილობს ცოლის გულის მოგებას. ქალს თაყვანისცემის ნიშნად, ამერიკელი მწერლის ფოტოს ჩარჩოზე ფრთხილად შემოუგრაგნია საახალწლო ნათურების წვრილი გირლიანდა, რომელიც მთელი წარმოდგენის განმავლობაში ცაში ატყორცნილი თანავარსკვლავედის დარად ბრწყინავს.

მოხუცებულობით დაუძლურებული ქმარი, რაინდის მსგავსად საგმირო საქმეების ჩასადენად, სკამიდან მაგიდაზე, მაგიდიდან კარადაზე და კარადიდან ჭერს მიადგება - სათლით და საღებავით ხელში. ეს ეტიუდი ხარხარში მიმდინარეობს, ვინაიდან საცირკო ნომერს ემსგავსება - მოხუცი ვერა და ვერ ადის ზევით, რათა ჭუჭყიანი ჭერი შეალამაზოს და ცოლის გულიც მოიგოს. ჭერამდე ძლივს მისული პერსონაჟი ახლა გაზეთს დაიჭერს ხელში და შემდეგი მოძრაობის  გასაკეთებლად იმდენი დრო სჭირდება, რომ გგონია დაავიწყდა სად უნდა წაიკითხოს პრესა - იატაკზე დადგმულ სკამზე თუ კარადის თავზე, რომელიც სკამი ჰგონია, მაგრამ როცა ის ივანე კრამსკოის ფოტო-რეპროდუქციას - „უცნობი ქალის პორტრეტს“ ააფარებს მას, ხვდები რომ ცოლის მიერ ჩამოკიდებულ საყვარელ სურათს უფრთხილდება. მაგრამ რა სასტიკად ჟღერს ახალგაზრდობის, სიამაყისა და ქალური იდუმალების გადაფარვა გაზეთის გახუნებული ფურცლით, რომელიც ალბათ საბჭოთა ეპოქიდან შემორჩათ მათ და იქ შესაძლოა კომუნისტური პარტიის რომელიღაც ყრილობის მასალები იყო გამოქვეყნებული ან რომელიმე სოციალისტური შრომის გმირის ხოტბა - მიმართული მთავრობისადმი და ან სხვა რამ ამდაგვარი. ლარნაკში ჩაწყობილი ფარშევანგის ჯერ არ გახუნებული ბუმბული, მისი მეუღლის პოეტურ სულზე მეტყველებს და საბოლოოდ დავასკვნით, რომ ამ წყვილში დომინანტი მაინც ქალია, ისევე როგორც პირველ წყვილში, სადაც მიუხედავად მსახიობ გუნა ზარინას მიერ ბრწყინვალედ და უზადოდ შესრულებული მოხუცებულის უძლურებისა, მისი ჟესტებისა და სიბერის გამოხატულებისა, მაინც მედგრად დგას ფეხზე და ძლივს მოსიარულე ქმარს  უხილავი, შინაგანი იუმორითაც უყურებს.
ბერბიჭა მეზობელი, ძველისძველ, საბჭოთა პერიოდის ელექტრო-მუსიკის კლავიატურას ამოიღებს, სადენებს გადაადგილებს და მოულოდნელად სევდიან სიმღერას იწყებს. ის მეზობელი ოთახიდან შემოსულ მოხუც ქალბატონს - გუნა ზარინას გმირს უმღერის და ბოლოს, მისი ცდუნების ნიშნად წითელი ვაშლის ნაჭრებითაც უმასპინძლდება. ქალი უარს არ ამბობს თაყვანისმცემელზე. ეროტიკა და სექსი, ამ ასაკში ფიზიოლოგიური ნიშნით იშვიათია, მაგრამ გმირებს შორის ისეთი სევდიანი სასიყვარულო და იუმორით აღსავსე ლირიკა ჩნდება, რომ გავიწყდებათ მათი ასაკი და უყურებ ეტიუდს, რომელიც  ლოგიკურ ჯაჭვს დაფუძნებული  ფანტაზიის ფეიერვერკივით ფეთქდება და  საბოლოოდ პოეტურ ნიმუშად გვესახება.
პოეტური სული არც მეორე წყვილის ქმარს აკლია. ის განაგრძობს მეუღლის გულის მოგების მცდელობას. მაყურებლის გასაკვირად და სამხიარულოდ ის გაზის ბალონს რეზინის მილს მიურთებს და კუსტარული შემადუღებელით ხელში შეიარაღებული - ცისფერი ალით დაფას მიუახლოვდება საქმიანად. გგონია, რომ  ისევ რაღაც საოჯახო საქმეს ეჭიდება, მაგრამ როგორ გამხიარულდა მაყურებელი, როცა დაინახა მისი წარმოსახვისა და ფანტაზიის შექმნილი საოცნებო ქალის სხეული - „ცეცხლით მხატვრობის“ ნიმუში ანუ კუსტარულად ასახული სირინოზი, რომელსაც კრამსკოის „უცნობი ქალის“ პორტრეტის ერთ-ერთი შტრიხით - ამაყი გაუცხოებით უყურებს მისი ცოლი, რომლის ქვეტექსტის გაუჟღერებლი ფრაზა ალბათ ასე ჟღერს - „დაიწყო ძველი სიმღერა, ნეტა არ მობეზრდა?“

სპექტაკლის ყველა დეტალი ცხოვრებიდან არის აღებული. „ახალი რიგის თეატრის“ მსახიობები ამ წარმოდგენისათვის ერთი წელი ემზადებოდნენ, დადიოდნენ მოხუცებულთა თავშესაფრებში, აკვირდებოდნენ მათ მოძრაობებს, ტექსტებს, ამბებს, ჟესტებს  და ამ რეალურ - დოკუმენტურ მასალის საშუალებით, ეტიუდების სხვადასხვა თემის გაშლით და ამ ეტიუდების ერთ სიუჟეტურ ქარგაში მოქცევით შექმნეს მხატვრული სახეები, განუმეორებელი პერსონაჟები, რომლებიც თავისი არსით მოგაგონებდათ ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობის“  მარად მოხუცი სტრულდბრუგების ტანჯვას და ხან სემუელ ბეკეტის „კრეპის უკანასკნელი ფირის“ ერთადერთი მოხუცი პერსონაჟის - კრეპის ბოლო დაბადების დღეს. იმ განსხვავებით, რომ თუ კრეპის წარსულ ცხოვრებას ფირებზე ჩანაწერებით ვარკვევთ, „ახალი რიგის თეატრის“ პერსონაჟების წარსულს, რომელიც საბჭოთა პერიოდის კუთვნილებაა, თითოეული გმირის ოთახში დახუნძლული ნივთებით ვხვდებით, სადაც არაფერია ბუტაფორიული, ყველაფერი ერთ დროს, რეალურ ადამიანებს ეკუთვნოდათ. გარდაცვლილი მოხუცის ნივთებს, მათი პატრონები მსახიობებს აძლევდნენ და ასე შეგროვდა სპექტაკლის დეკორაციის უამრავი დეტალი: თუნდაც კეკლუცი ქალბატონის დეზოდორანტები, რომელიც მოხუცი ქალის თაროებზე იყო განლაგებული ან სხვადასხვა ძველისძველი სამკერდე ნიშნების კოლექცია, რომელიც კედელზე სათუთად იყო დამაგრებული... თუნდაც საბჭოთა კავშირის დროინდელი მტვერსასრუტი, ტელევიზორები; სამზარეულოს გაზქურაზე შემდგარი სარეცხის სახარში უზარმაზარი ქვაბი, სადაც სპექტაკლის მსვლელობის დროს ქალი თავი საცვლებს ხარშავდა; ტაფა, სადაც ერთ-ერთ ეპიზოდში იაფასიან თევზს წვავდა „ხანგრძლივი ცხოვრების“ გმირი და შესაძლოა ტანსაცმელიც, ვინაიდან ყველა პერსონაჟის სცენური სამოსი „ნამდვილი“ იყო, ძველმოდური და გაცვეთილი.
კეკლუცი ქალი ძველებურად სიგარეტს ვეღარ აბოლებს და მორიგ მცდელობაზე, ნერვებმოშლილი უხეშად ჩააქრობს. ცოლი, ქმარს სააბაზანო ოთახში მიჰყვება და წელზევით დასაბანად გამზადებული, დაჩაჩანაკებული კაცი თავს ვეღარ იჭერს და ისეთი რეალობით ჩავარდება აბაზანაში, რომ შეშინებულ მაყურებელს ჰგონია: რაღაც დაიზიანა... და სასწრაფო დახმარების დასაძახებლად მობილურ ტელეფონსაც წაატანა ალბათ ხელი. ამ სპექტაკლში ყველაფერი ნამდვილი და რეალური იყო - არაფერი გამოგონილი, არაფერი ბუტაფორიული, დაწყებული დეკორაციით, დამთავრებული მსახიობების თამაშით, რომელიც უდიდეს ფიზიკურ დატვირთვას უძლებდნენ, ვინაიდან ორი საათის განმავლობაში უნდა გამოეხატათ მოხუცებულობის ყველა ჟესტი, მოძრაობა და შინაგანი ქმედება... ამავდროულად ჩვენს თვალწინ უნდა შეექმნათ თითოეული პერსონაჟის ისტორიები, შინაგანი მოძრაობებით გასაუბრებოდნენ ერთმანეთს, რათა მერე თავისუფლად შეგვძლებოდა მოგვეთხრო „ხანგრძლივი ცხოვრების“ შესახებ იმ ადამიანებისათვის, ვინც ვერ მოვიდა გრიბოედოვის თეატრში, ან ბილეთის ფული არ ჰქონდა, ან ვერ გაიგო ამ სპექტაკლის ჩამოსვლის შესახებ და ბოლოს - ვერ ნახა ის სასწაული, რაც იშვიათად იბადება ფიცარნაგზე, რომელიც ლატვიელი მსახიობებისათვის სასიკვდილო ეშაფოტიც იყო. ამ სიკვდილისათვის მზადება, მოგაგონებდათ პეპელას დაბადებას - მის ხანმოკლე და გრაციოზულ ცხოვრებას, რომლის მსუბუქ, მოფარფატე ფრთების ყურებისას ფიქრობ - რა მშვენიერია ბუნებრიობა. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლატვიელი მსახიობების თამაში ადამიანის ბუნებრიობის უმაღლესი გამოხატულება იყო.

ფინალურ სცენაში ყველა პერსონაჟი მოიკაზმება და ერთად ატარებენ საღამოს, სადაც პირველი ცოლ-ქმრის მიერ  შეკერილი კოსტიუმი, პატრონს - ბერბიჭა მეზობელს უნდა მოარგონ. იქნებ მისი დაბადების დღეა! ეს წყვილი დიდი ხანი ამზადებდა ამ პიჯაკს და ორ-ორი სათვალით შეიარაღებულმა ძლივს დააგვირისტა დეტალები, თუმც სახელოების მიკერება ვეღარ შეძლო. კერვის ეპიზოდში გამოირჩეოდა ქმარი, რომელიც თერძი აღმოჩნდა და როცა ის ფეხის საკერავ მანქანას ცელოფანს გადააძრობს და სკამზე ძლივს ჩამოჯდება, მასში ახალგაზრდული სული და ენერგია გაიღვიძებს, თუმც ფეხი სწრაფ მოძრაობას ვეღარ უძლებს და გაშეშდება, დიახ - ფიქრობს მაყურებელი - მაინც რა საშინელებაა ეს სიბერე! ტრაგიკომიკური  და შემზარავიც იყო ამ პიჯაკის შემოტრიალება და მისი ზურგის დანახვა - შავ პრიალა ქსოვილზე ალაპლაპებული ყვავილები, ამ პიჯაკს გამოუსადეგარ სამოსად გადააქცევდა, მაგრამ საღამოზე შეკრებილმა მოხუცებმა კარგად იცოდნენ მისი დანიშნულება - ეს იუბილარის საჩუქარი იყო, იმ დღისათვის, როცა მას კუბოში ჩაასვენებენ და უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. მარადიულად ზურგზე გასწორებულ ამ პიჯაკის პატრონს,  ადგომა აღარ დასჭირდებოდა და ამიტომ ვერავინ დაინახავდა სამხრეებზე გავლებულ თეთრი ძაფების კვალს, რომელსაც საკერავი მანქანის გვირისტის დადება აღარ უნდოდა, ვინაიდან იქ, საიქიოში, მისი სხეული ვეღარ იმოძრავებდა. პიჯაკის თემის გაშლის იმპროვიზაციულ სიუჟეტს, რომელსაც „სიკვდილის რეპეტიციას“ დავარქმევდით, შეძრწუნებულები ვუყურებდით. პერსონაჟებთან ერთად ჩვენც სიკვდილს ჩავცქეროდით თვალებში. ლოგინზე წამოწოლილი პიჯაკის პატრონს, თეთრ, დაქარგულ ფარდას გადააფარებენ სახელდახელოდ და შორიდან აკვირდებოდნენ - როგორი სახით იწვებოდა კუბოში. ეს სცენა შესაზარ აპოთეოზს აღწევს მაშინ, როცა სარკეს მიუტანენ მას და ხვდები, რომ მოხუცების გართობა, რომელიც თავიდან ჩვეულებრივი, თვითნაკეთი ლიქიორით ამსუბუქებულ თავყრილობას ჰგავდა, სიკვდილის შესაგებებელი ნადიმი ყოფილა. უცებ მთელი სიცხადით წარმოგიდგებათ წინა ეპიზოდებში „გაბნეული“, ამ პერონაჟების  უეცარი შეყოვნებები, წამიერი სიჩუმე და უმოძრაობა, სადაც გეგონათ, რომ აი უკვე წავიდა იქ, სამუდამო განსასვენებელში. თურმე ეს ნელ-ნელა ილექებოდა, თურმე ამ სცენისთვის თანდათანობით გვამზადებდა რეჟისორი ალვის ჰერმანისი და მისი ოსტატი მსახიობები. ახლა სარკეში, საწოლზე გასწორებულ საკუბოე პიჯაკის პატრონთან კიდევ ორი სახე აიტუზა, ახლა ისინი ამოწმებენ თავგადაწეულნი და გასწორებულები, როგორი იქნებიან კუბოში. ამ სცენაში თითქოს მაყურებლის წინაშე კაცობრიობის უდიდესი გამოცანა დადგა - რა არის სიკვდილი, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ? ჩვენ პასუხი ვერ მოვძებნეთ, თუმც უნებურად ჩეხოვის „ძია ვანია“ გაგვახსენდა და მისი პერსონაჟი სონია, შეუმდგარი ცხოვრების წინასწარი შეგრძნებით, ფინალურ სცენაში რომ მაინც ამბობს: „მე მრწამს...“, თუმც როგორი ემოციით უნდა წარმოგვეთქვა ეს ფრაზა, ჩვენ არ ვიცოდით -  რწმენით თუ ტანჯვით?

ალვის ჰერმანისის გმირებს ეს საკითხი გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვინაიდან ისინი იმდენად რეალურად უყურებდნენ სიკვდილს, რომ მათი მოხუცი ცხოვრების დიდი ნაწილი გახდა და ისე შეესისხლხორცა, რომ არც ახსოვდათ და არც სჭირდებოდათ ბიბლიური სიბრძნის შეხსენება: იცხოვრე ყოველი დღით, ვინაიდან არ იცი რა მოგელის ყოველ წუთს, ყოველ წამს; ვინაიდან არ იცი, როდის წახვალ იქ, შორს, საიდანაც არავინ დაბრუნებულა. შენ მარტო ხარ ამ სამყაროში - გეუბნებიან თავისი ცხოვრების ჩვენებით ალვის ჰერმანისის პერსონაჟები და ნურავის დაეყრდნობი, შენი თავის გარდა... ვინაიდან სასტიკია ცხოვრება და არავინ დაგინდობს, არავინ შეგიფარებს, არავინ გაგიხსენებს...
მაყურებლის სასოწარკვეთას ისიც ემატებოდა, რომ მთელი სპექტაკლის განმავლობაში ელოდებოდი სიტყვის გაგონებას, თუმც ვიცოდით რომ სპექტაკლში ტექსტს არ იყენებდნენ, მაგრამ მაინც ველოდით ე. წ. „სიბერეში ხმის გამცემის“ სტატუსით - ან შვილებს, ან შვილიშვილებს, ან ახლო ნათესავს, მაგრამ არა, ეს საყვარელი მოხუცები, რომლებიც დაძაბუნებული მუხლებით „დამალობანას“ თამაშით ერთობოდნენ საღამოს თავყრილობებზე, სამუდამოდ დაემალნენ ყველას ან დამალეს, ჩაიკეტნენ ან ჩაკეტეს თავის წარსულ ნივთებთან ერთად და უდრტვინველად ელოდებოდნენ სიკვდილს. და როცა მათი მოშიშვლებული სხეულები ხელოვნურმა განათებამ, როგორც ცოცხალი მონუმენტი, ერთად ასახა, ამ მოძრავ სხეულებზე მაინც შეამჩნევდით ახალგაზრდობის კვალს, მყარ კუნთებს და სავსე სხეულის ფორმებს. და მაინც რატომ? ცისფერ შუქში განათებული ხორცის მასას სიბერიდან წამით გადავყავდით ახალგაზრდობაში და გვეუბნებოდნენ: ძალიან ახლოს არის სიბერის წუთები და არ იფიქრო, რომ ეს არ დადგება! ან იქნებ უბრალოდ - ხელოვნური მზის აბაზანებს ღებულობდნენ სიკვდილის ვაკხანალიაში მონაწილე „ხანგრძლივი ცხოვრების“ პერსონაჟები.
დღის ბოლოს მოხუცებმა ტელევიზორები ჩართეს. ყველა ოთახში ერთსა და იმავე კადრებს ვხედავდით - ვიღაცა ჩინოვნიკები, რომელიღაც სიუჟეტში, რაღაცას ამტკიცებდნენ, რაღაცას მიუთითებდნენ. მათ არ აინტერესებდათ ამ ხუთი პერსონაჟის ცხოვრება - უჭირდათ თუ ულხინდათ, ვინაიდან ისინი და მათ უკან მდგომი მოხუცებულთა მთელი არმია, მაინც გამოუსადეგარ ობიექტებად ესახებოდათ.
ყველაფერი ჩუმდება, ყველაფერი ბნელდება და სამსახიობო ოსტატობის იმპროვიზაციის ფეიერვერკი ჩაქრა, სიბნელეში ჩანავლდა და იმ დღეს მოკვდა, მაგრამ მათი ძალა გადავიდა მაყურებელში - აანთო ისინი იმგვარი არტისტიზმის უძლიერესი მოქმედებით, რომელიც ყველანაირ შტამპებს ანგრევს, შმორის სუნს სდევნის ფიცარნაგიდან და სიყალბეს ბრძოლას უცხადებს. ხელოვნების ძალა მთელი სიძლიერით აინთო მაყურებლების სულში, ლატვიელების მიერ ერთ საღამოში შექმნილი ახალი, ნამდვილი სიცოცხლე გამრავლდა და ყველა მაყურებელში გადაიღვარა მხურვალე სულიერების მოთხოვნის ძალით. ამ სულიერებამ დაიწყო ახალი სიცოცხლე, რომელსაც სიკვდილი არ უწერია.
იმდენად შემაძრწუნებელი იყო ამ მოხუცებულების ყურება, რომ მიუხედავად დიდი იუმორისა გაურკვევლობის უფსკრულის წინ აღმოვჩნდით, შიშის მცხუნვარებისაგან გათანგულნი, სადაც შექსპირი ყურში გიჩურჩულებდა: „ყოფნა-არ ყოფნა...“-ს. ამ კითხვაზე პასუხი არც ალვის ჰერმანის ჰქონდა... თუმც იქნებ მაინც იცოდა, რომ ჭეშმარიტი ხელოვნების ძალამ, რომელმაც ძრწოლის გზით გვატარა, წვრილმანი და სხვილმანი ვნებებისაგან გაგვათავისუფლა და მშვიდად დაგვაყენა იმ გზაზე, სადაც ია-ვარდები და ეკალ-ბარდები ერთად ხარობენ.






P. S. როცა სპექტაკლის შემდეგ, კულისებში, რეჟისორ ალვის ჰერმანისთან საუბარი დავამთავრე, ვკითხე: „მსახიობები სად არიან?“ მან მიპასუხა: „აგერ, თქვენ გვერდით...“. ეს ადამიანები, მე ადრეც შევამჩნიე, მაგრამ ვერ ვიცანი. „ხანგრძლივი ცხოვრების“ მსახიობების ოსტატობით მოხიბლულმა გავიფიქრე - ალბათ შესაძლებელია სრული გარდასახვა.



Комментариев нет:

Отправить комментарий