суббота, 24 января 2015 г.




მანანა ტურიაშვილი

თემურ ჩხეიძის სპექტაკლი „გრონჰოლმის მეთოდი“, რომელიც რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილის თეატრში დადგა, წარდგენილი იყო თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე (2013) და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“ (2014).
ვინ არ ოცნებობს მაღალ თანამდებობაზე, მითუმეტეს თუ ეს მსოფლიოში უდიდესი კომპანიის კომერციული დირექტორობაა, სადაც ყოვლისშემძლე, სანუკვარი ფულის სუნი ასე საამურად ტრიალებს. კაცობრიობის არსებობის მანძილზე, მსოფლიოს მრავალჯერადი, ეტაპობრივი გადანაწილების პროცესში ადამიანთა ბრძოლის იარაღი მშვილდ-ისარებითა და  მახვილებით დაიწყო და XX საუკუნეში ატომური იარაღით დამთავრდა. დღეს, ტერიტორიების გადანაწილების ხანგრძლივი პროცესით დაღლილი დედამიწა „მცირე“  საომარი კერების აღმოფხვრას ცდილობს. ბრძოლის იარაღი იმდენად საშიში გახდა, რომ თუ შეეცდები და რომელიმეს მაინც გამოიყენებ, „გრონჰოლმის მეთოდში“ ნახსენები „ბუმერანგის პრინციპი“ ამუშავდება: „აგრესიულობა ხანდახან აგრესორს შემოუბრუნდება ხოლმე...“ თანამედროვე კატალონიელი ავტორის, ჟორდი გალსერანის მახვილგონივრულმა ხედვამ ჩათვალა, რომ ადამიანთა ორთაბრძოლების არენა გახდა მოხელეთა, ადვოკატთა, ფინანსისტთა საბუდარი - ნებისმიერი მცირე და დიდი ოფისი, რომელიც მათი ბრძოლის ძირითად ასპარეზად გადაიქცა. ეს არის სწრაფი ლიფტებით აღჭურვილი, ლაბირინთივით დახლართული დერეფნების გრძელი გზა, სადაც გადიან მინოტავრის ტრაპეზისათვის გამზადებული მსხვერპლები და თუ ძველბერძნული მითის თანახმად ურჩხულის საკვები ახალგაზრდა ჭაბუკები და პირმშვენიერი ქალიშვილები არიან, დღეს, თანამედროვე ხელისუფალთა საკვები ყველა ასაკის ადამიანების სულიერი გადაგვარების პროცესია. თუ მინოტავრი ხორცით იკვებებოდა, თანამედროვე მინოტავრი ადამიანთა გადაგვარებული სულებით იკვებება. ეს უჩინარი მინოტავრი, დიდი, თანამედროვე განათების სახით აბაჟურივით ჭერზე დაკიდებული, ყოვლისშემძლე ღმერთივით თავს დაჰყურებს საოფისე მაგიდას, სადაც „კულტურული შეხვედრების“ ეტიკეტის დაცვით: ოთხი მინერალური წყლის ბოთლი და ოთხი ჭიქა დგას, ხოლო ოთხი ნაცრისფერი გორგოლაჭებიანი სკამი მეტოქეებს ელოდება. აქ მალე კოტე მარჯანიშვილის თეატრის ოთხი მსახიობი ორთაბრძოლას გააჩაღებს და რეჟისორ თემურ ჩხეიძის ანალიტიკურ აზროვნებასთან დამეგობრებული, თანამედროვეობაში ფართოდ გავრცელებულ სადისტურ თამაშებში ჩაებმება. ამ თამაშებში მაყურებელიც ერთვება და თითოეული პერსონაჟის სოციალურ დრამაში ასახულ დღევანდელი დღის კოშმარებს, რომელიც ჯალათის მათრახივით ურტყამს მათ სულიერ სხეულს - საზარელი, მაგრამ ნატიფი, მსუბუქი იუმორითა და ირონიით ასახულ რეალობას დაგვანახებს.

სპექტაკლში თანაგრძნობის ნიღაბით შეიარაღებული სამი ნაძირალა ებრძვის ერთ „კარგ  კაცს“ - ფერნანდოს, რომელიც მაღალი თანამდებობის დაკავების მიზნით საკონკურსო „გასაუბრებაზე“ თამაშობს აგრესიულ, ნიჰილისტ და ნაძირალა ადამიანს. უდიდესი კომპანიის „რჩეული“ პირები - ე. წ. ფსიქოლოგები: ორი მამაკაცი და ერთი ქალი - გამოგონილ გვარსა და სახელს შეფარებული, კონკურენტების სახით წარსდგებიან ერთი პიროვნების - ფერნანდო პორტას წინაშე. სპექტაკლის პირველ ნახევარში, ეს ოთხი გმირი მაყურებელს მართლაც ერთმანეთის მეტოქეები ჰგონია, სპექტაკლის მეორე ნახევრიდან ირკვევა, რომ კონკურსანტი ერთია - ფერნანდო, ხოლო დანარჩენი სამი „გრონჰოლმის მეთოდით“ ანუ სხვადასხვა ემოციურ გამღიზიანებლებზე რეაქციის შეფასებათა ექსპერტები არიან. ასე იწყება ფსიქოლოგიური თამაშები, რომელსაც „ზევიდან“ აკვირდებიან.
წარმოდგენის პირველ ეტაპზე, ენრიკე - ალეკო მახარობლიშვილი, მერსედესი - ეკა ჩხეიძე და კარლოსი - აპოლონ კუბლაშვილი ფსიქოლოგიური ტესტების რეალური მოთამაშეები არიან. მათ მახეში უნდა გააბან ერთადერთი კანდიდატი ფერნანდო - ნიკა თავაძე. სამივე ექსპერტი დახელოვნებული, გაწვრთნილი არტისტია და სხვადასხვა სამსახურეობრივი მოვალეობის შემსრულებლის ასაყვანად, მათ მრავალი როლი შეუსრულებიათ. ენრიკეს როლის შემსრულებელი ექსპერტი, სპექტაკლის პირველ ეტაპზე თამაშობს ოჯახურ ცხოვრებაში ხელმოცარულ მამაკაცს და თანამშრომელ-პარტნიორებთან ერთად აკვირდება ფერნანდოს რეაქციებს. კარლოსის როლის შემსრულებელი პერსონაჟი, ტესტში თამაშობს მომავალ ტრანსგენდერს და მისი ისტორიის მოყოლისას, თუ როგორ მივიდა ის მამაკაცის სქესის ქალის სქესით შეცვლამდე, ასევე აკვირდება ფერნანდოს რეაქციებს. ორივე შემთხვევაში ფერნანდო შეუვალია, აგრესიული და ცინიკური, იგი არც ერთს არ პატიობს ადამიანურ სისუსტეებს, თამამ გადაწყვეტილებებს. ამ მამაკაცების ისტორიებში გამოირჩევა მერსედესის ამბავი, სადაც დომინირებს ავადმყოფი დედა, რომელიც ე. წ. კონკურსის მიმდინარეობისას კვდება. „რკინის ლედის“ „თავის ხელში აყვანის“ პროცესს, ცხოვრებისეული ქარიშხლების დარტყმების ცივი გონებით შეხედვას და კონკურსის გაგრძელებას, ფერნანდო სარკასტული, ირონიული რეაქციებით ხვდება და მისი შეფასებები ამკვეთრებს მაყურებლის თვალწინ გათამაშებულ ადამიანის სულიერი გადაგვარების შედეგს.

 

ამ სამი, ექსპერტ-ფსიქოლოგების პირველ ეტაპზე შესრულებულ როლებს, მაყურებელი კარგად იცნობს, ვინაიდან საქართველოში თითქმის ყველა პიროვნება, არსებობისათვის ბრძოლის უსასტიკესს ბრძოლაში, სწორედ რომ ამგვარ თამაშებშია ჩართული. ზოგს შეუმდგარი პირადი ცხოვრება აქვს, ზოგი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა და საზოგადოება ამათრახებს, ზოგიც უსულ-გულო „რკინის ლედის“ თამაშობს.
პუტკუნა, კეთილღიმილიანი ენრიკე - მსახიობი ალეკო მახარობლიშვილი, იმდენად გულწრფელად ყვება თავის მიერ შეთხზულ მოთხრობას: გაცილებულ ცოლზე, გაქურდვაზე, საყვარელზე, რომ ძნელია ეჭვი შეგეპაროთ მის გულწრფელობაში. თავის მამაკაცურ ღირსებებში დარწმუნებულ ფერნანდოს კი არ სჯერა და აბუჩად იგდებს მას. სპექტაკლის ბოლოს ირკვევა, რომ „ენრიკეს ტესტი“ დაფუძნებულია ხელმძღვანელის თანაგრძნობის გამოვლენის თამაშის ნიჭზე. მოჩვენებითი თანაგრძნობა აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის - ნაძირალას ბუნებას შენიღბვა სჭირდება და მან აუცილებლად უნდა ითამაშოს „კარგი კაცი“. ენრიკესა და ფერნანდოს ორთაბრძოლა - პაექრობაა იმ ორ მამაკაცს შორის, რომელთაც ცხოვრების სექსუალურ პარტნიორად ქალი აურჩევიათ. წარმოდგენის მეორე ნაწილში ირკვევა, რომ ფერნანდოს აქვს აუწყობელი ოჯახური ცხოვრება და ენრიკეს ისტორიაზე რეაქციები სწორედ, რომ მისი ერთ-ერთი ტესტი იყო. ნიკა თავაძე წარმოსადეგი, ესპანელი „მაჩოს“ დარი აღნაგობის მსახიობია, რომელიც ქალების ყურადღებით განებივრებულია. ამ ორ პერსონაჟთან მამაკაცის ორი ფსიქო-ტიპაჟი იკვეთება, რომელთაც შესანიშნავად და ზუსტი ფსიქოლოგიური სვლებით აწყობენ რეჟისორი და მსახიობები.
ერთ დიდ ოთახში გამოკეტილი ოთხი პერსონაჟის ე. წ საოფისე ჩაცმულობა ბრწყინვალედ ერთვის მხატვარ
მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი
გოგი ალექსი-მესხიშვილის მიერ შექმნილ სცენურ სივრცეს. მრგვალი, ამ ადამიანთა ცხოვრებასავით ნაცრისფერი, ნახევარწრიული კედლები ორი კარით ერთადერთ აივანზე გადის, სადაც სცენის უკანა კედელზე მარადმწვანე სუროს ხალიჩა ამ დეკორაციის ერთადერთი განსხვავებული ფერია. ენრიკეს და კარლოს, ნაცრისფერი პიჯაკი აცვიათ; ფერნანდოს და მერსედესს შავი. ოთხივე პერსონაჟის კოსტიუმი მოხელე-ჩინოვნიკთა ეტიკეტის წესს მიუთითებს და საბჭოთა ეპოქის ჩინოსანთა ჩაცმულობაც გაგახსენდებათ. მაგრამ ეს ხომ  ოფისია! - დღევანდელი მსოფლიოს ბრძოლის ასპარეზი, სადაც მხოლოდ გარეგნულ ელეგანტურობას შეფარებულ ოთხი პერსონაჟი, თავიანთი გამოგონილი ცხოვრების თხრობით, მოჩვენებითი ბუნებრიობით აფერადებს სცენურ სამყაროს. ოფისის კედელზე მიტმასნილი სარეველა სურო, ერთი მხრივ ოფისის ხელმძღვანელების „გამწვანებისკენ“ ლტოლვას მიუთითებს, მეორეს მხრივ - ეს ის დამანგრეველი ძალაა, რომელიც დროთა განმავლობაში დახეთქავს ამ კედლებს, შუაზე გააპობს და დაანგრევს. „რკინის ლედებისა“ და „რკინის მამაკაცების“ მიერ აშენებულ-ჩამოყალიბებული ადამიანთა ურთიერთობები იმდენად ეწინააღმდეგება ჰუმანისტურ იდეებს, იმდენად ანგრევს ადამიანის, როგორც ღმერთის მიერ შექმნილი ყველაზე დიდი სასწაულის იდეას, რომ ის მთავარ დესტრუქციულ ძალად  გვევლინება.
ერთ ოთახში გამოკეტილი პერსონაჟები, ჟან-პოლ სარტრის „ცხრაკლიტურის“ გმირებს გვანან, სადაც „სხვა სხვისთვის ჯოჯოხეთია“. ჟორდი გალსერანის გმირებიც, სარტრის პერსონაჟების მსგავსად ჯოჯოხეთში იმყოფებიან და  მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი, სპექტაკლის მხატვარი - კატალონიელი ავტორის ლოგიკას მიდევნებული ეჭვის თვალით უყურებენ ოფისური ფსიქიკის განადგურებას.
სპექტაკლის გმირებს - დავალებები, რომელიც უცოდველ და გასართობ სატელევიზიო თამაშებს წააგავს, დრო და დრო გაღებული პატარა სარკმლიდან, კონვერტში კონფიდენციალურად დალუქული წერილების სახით ანუ ცივილიზებული ფორმით ეუწყებათ. ყოველი ახალი დავალების დროს გაისმის ჰანგები, რომელიც მუსიკალური ზარდახშის ერთ-ერთ ცნობილ მელოდიას ჰგავს. ამ შემთხვევაში რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ გამოიყენა ბეთჰოვენის ნაწარმოები - „ლიზას“. ეს ლირიკული, სასიყვარულო და ფართოდ გავრცელებული მელოდია, სპექტაკლში სარკასტული პასაჟების სახით არის გაბნეული. ყოველი ახალი ტესტის - დავალების უწყებას ეს მუსიკალური ფონი გვატყობინებს, რომელიც გმირთა მონათხრობს შენაკადებივით უერთდება და რეჟისორის, მხატვრის და მსახიობების მიერ შეთხზულ სამყაროს, კიდევ ერთ ირონიულ დინებად გაჰყვება.
ერთ-ერთი დავალება საცირკო სანახაობას ჰგავს. სარკმლიდან თავსაბურავები შემოაქვთ: ტორეროს ქუდი, ჯამბაზის ჩაჩი, ცილინდრი და ეპისკოპოსის მიტრა. რეალურ ცხოვრებაში ეს იმ ოთხი პერსონაჟის ზოგადი სახეა, რომელთა ქმედებები, კატალონიელი ავტორის აზრით ცხოვრებაში სცენაზე გამოსვლას ჰგავს. ტორერო - ლამაზად მკვლელის ან ლამაზად მოკლულის სიმბოლოა, ჯამბაზი - ადამიანის სახეცვლილების სიმბოლოა, როცა ლოყაზე მიხატული ცრემლებით და წითლად შეღებილი ფართო ღიმილის გამომხატველი ნიღბით, ადამიანი თავის ნამდვილ არსს კარგავს; პოლიტიკოსი - სადა ცილინდრით გამოიხატება, სწორედ მის ხელშია ძალაუფლება, მას აბარია ხალხის და თითოეული ადამიანის ყოფითი არსებობის ბედი. ეპისკოპოსი მოსახლეობის სულზე ზრუნავს. თავად მწერალი და ალბათ რეჟისორიც ამ პროფესიებს სერიოზულად არ უყურებენ, რადგან ამ ქუდების გადანაცვლებით არაფერი იცვლება. ვინ მოირგებს ჯამბაზის ჩაჩს? ყოფილი ეპისკოპოსი თუ პოლიტიკოსი ან პირიქით, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან ამ 4 ქუდის მფლობელი პერსონაჟის ანუ ამ 4 ადამიანის ცნობიერების მოდელი დიდი ხანია ჩამოყალიბებულია და საკმარისია ქუდი დაიხურო, რომ უმალ გაჰყვები იმ გზას, რომელიც ამ ქუდის ყოფილ პატრონს ჰქონდა არჩეული.
ოთხი ქუდის მფლობელმა სათითაოდ უნდა დაამტკიცოს თავის არსებობის  თუ სოციალური მდგომარეობის უპირატესობის ძალა, რათა ჩვენ - მაყურებლები სათითაოდ დაგვარწმუნოს თუ ვინ უნდა გადარჩეს ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან ანუ დღევანდელ მსოფლიოში ატეხილ ქაოსს ვინ დაალაგებს? არადა პარაშუტი ერთია. ამ თამაშების მსხვერპლს - ფერნანდოს ეპისკოპოსის მიტრა ერგო. თუ ის სამი ამ თამაშებს სერიოზულად ასრულებს და თითოეული ამტკიცებს თუ რატომ უნდა გადარჩეს ჯამბაზი, ტორერო და პოლიტიკოსი, ეპისკოპოსის მიტრით შეიარაღებული მსახიობი - ნიკა თავაძე, ირონიულად უყურებს მათ ჯამბაზობას, გორგოლაჭებიან სკამს ფეხს შემოკრავს  და „გაფრინდება“: „წმინდა ეკლესიას ნუ ეხუმრებით!.. იცოდეთ, რაც არ უნდა მოხდეს, არ შეშინდეთ: როგორც პროფესიონალი მარადიული სიცოცხლის გარანტიას გაძლევთ.“

ქუდების შემოტანამდე, რამდენიმე ეპიზოდში, ყალიბდება 4 გმირის ხასიათის შტრიხები. ენრიკე - კეთილი გულუბრყვილო, ცოტაოდენ დაბნეული, პირად ცხოვრებაში ხელმოცარული და უსუსური ადამიანია და გაუგებარია, როგორ უნდა დაიკავოს ხელმძღვანელის პოსტი; კარლოსი - მაღალი, ტანადი, რიხიანი მამაკაცია, რომელიც მერსედესთან წარმოქმნილ თითქოს უბრალო დიალოგში შეამჩნევთ მათ შორის ადრე არსებულ, ინტიმური თანაცხოვრების კვალს. მერსედესი - ტანადი, მკაცრი, უზადო აღნაგობის ქალია, რომელსაც სამსახურეობრივი მოვალეობის ეტიკეტის გამუდმებულმა შესრულება-თამაშმა უსიცოცხლო თოჯინად გადააქცია. ის ატარებს აგრესიას, სიბოროტეს და გაიფიქრებ: ნაცისტების მიერ შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებში ალბათ ზუსტად ასეთი მოწესრიგებული და პუნქტუალური ქალები აკონტროლებდნენ გაზის კამერებთან ჩამწკრივებულ ხალხს. ფერნანდო - მომხიბვლელი, მამაცი, შეუვალი, სამსახურეობრივი ამოცანის უკომპრომისო შემსრულებელი, რომელიც თითქოს ნებისმიერ ადამიანურ სისუსტეს არც ერთ თანამშრომელს არ აპატიებს და კომერციული დირექტორის მაღალი თანამდებობის დაკავების შემდეგ ააყვავებს იქაურობას.
რეჟისორი თემურ ჩხეიძე
სწორედ ამგვარი პიროვნული შტრიხებით შეიარაღებული პერსონაჟები აყალიბებენ სამყაროში ექსპერტ-ფსიქოლოგების საკითხს. აღიარებენ მათ ვამპირულ ბუნებას, თანამშრომლების პირად ცხოვრებაში გაქექვის უზადო ნიჭს და ადამიანების ზომბებად გადაქცევის საშინელი პროცესის წარმმართველ ძალას. ფერნანდო მათ „ურჩხულებს“ უწოდებს. რეჟისორი თემურ ჩხეიძე კარგად გრძნობს თანამედროვე საქართველოს „სამსახურეობრივი“ ყოფის ნიშან-თვისებებს. ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა დაწესებულებების ხელმძღვანელები და მისი გარემოცვა ხშირად ასრულებენ „ურჩხულის“ როლს, მათ ხელში ჩავარდნილი ნებისმიერი თანამშრომელი - პლანტაციაში მომუშავე დისკრიმინირებული შავკანიანი მონის მსგავსად, აუტანელ შრომით პირობებში ცხოვრობს. ამიტომ უყურებს და სულგანაბული უსმენს მსახიობთა პაექრობას ქართველი მაყურებელი და გრძნობს, რომ რეჟისორი, როგორც მოაზროვნე და ხალხის გულშემატკივარი მათ გვერდით დგას და ცდილობს შეუმსუბუქოს არსებობისათვის ხელჩართულ ბრძოლაში შებმული მოქალაქეების მონური შრომის მძიმე ხვედრი. დარბაზში მსხდომი მაყურებლებისათვის ფსიქოლოგთა „ურჩხულური“ თამაშები უცხო არ არის. ლუკმა-პურისათვის მებრძოლი ქართველი ხალხის ნაწილი, რომელმაც ვერ შეძლო თაღლითობა, ვერ დაიკავა ნაძირალის ეკალ-ბარდებითა და ია-ვარდებით მოფენილი გზით მაღალი თანამდებობა ან ვერ გახდა ხელმძღვანელის დაახლოებული პირი, ან ვერ შეძლო მოპარვა, მას პლანტაციაში მომუშავე ზანგივით იმდენ გასამრჯელოს უხდიან, რაც მხოლოდ გამოსაკვებად სჭირდება, რათა მეორე დღეს ფიზიკურად მაინც გააგრძელოს სამსახურში მონური შრომა. ის იაფასიან საკვებს ჭამს და ნელ-ნელა თავს იწამლავს: თუ სიკვდილია, სიკვდილი იყოს! ამბობს დაბრმავებული ქართველი და კონსერვანტებით დატენილ ძეხვეულობას, რძის ფხვნილით დამზადებულ ვითომ რძის ნაწარმს აჭმევს თავის ნაშიერს და სიკვდილს აჩქარებს. ქართველი მაყურებელი კარგად გრძნობს, რომ ესპანელი ფსიქოლოგ-ექსპერტების როლი საქართველოში  ხელმძღვანელმა პირებმა მოირგეს, რომელთა დავალებას მისი გარემოცვა ასრულებს. ეს ხელქვეითები „უფროსის“ საამებლად ყველა ადამიანური ნორმების გადასაბიჯებლად მზად არიან, „უფროსის“ საამებლად მათ კარგად შეისწავლეს ექსპერტ-ფსიქოლოგის როლი და „სამსახურის დაკარგვის“ შიშის სინდომით დაავადებულებს ხელში უჭირავთ საქართველოს ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულება, სადაც ლუკმა-პურს გამოდევნებული ხალხის ზურგს, რკინის კბილანებით დამშვენებული მათრახივით ხვდებათ ხელმძღვანელის კომპლექსები, ბავშვობაში მიღებული ტრავმების შედეგები; დაბეჩავებული ხალხი ითმენს მის უსამართლო ფუფუნებით ცხოვრებას, ათასგვარ პრივილეგიებს, რესტორნებში მდიდარი ევროპელივით სადილობას და ა. შ. და ა. შ. და ეს ყველაფერი სახელმწიფო ხარჯზე ხდება, და ამას მხოლოდ იმიტომ ითმენს, რომ შიმშილისაგან სული არ ამოძვრეს და ცოტა ხნით მაინც გადარჩეს და ერთი-ორი კაპიკით მოპოვებული ფულით „ევროპული სექენდ ჰენდით“ სხეულის შიშველი ნაწილები შეიმოსოს. თუ ესპანეთში და ევროპის წამყვან ქვეყნებში ექსპერტ-ფსიქოლოგების პრობლემა დგას, საქართველოში ევროპული ექსპერტ-ფსიქოლოგების სახეცვლილი, სექენდ-ჰენდური ანუ ევროპელების ნახმარი და გამოცვლილ ფსიქიკას მორგებული ხელმძღვანელები ჰყავთ, რომელნიც ქართველთა ეროვნულ, მანკიერ თვისებებს შეფარებულნი, ასევე ამაყად დააქროლებენ დაქირავებული მძღოლით დაქოქილ, ასევე „სექენდ-ჰენდურ“ - ევროპელებისა თუ ამერიკელების თუ აზიელების მიერ გამოცვლილ მანქანებს, რომლის გაუმართავი მექანიზმის გამონაბოლქვით სუნთქავს „მონურ შრომაში“ ან სულაც პიტალო უმუშევრობაში ჩავარდნილი ქართველი ხალხი.

სპექტაკლის საინტერესო ეპიზოდია „მაჩო“ მამაკაცსა და სქესის გამოსაცვლელად შემზადებულ მამაკაც კარლოს შორის უნებლიე, წამოცდენილ რეაქციებზე აგებული ურთიერთობის გამოსავლენად ჩატარებული ტესტი, სადაც იკვეთება რეალობაში არსებულ სიტუაციებში იმ ადამიანთა პრობლემა, რომელთაც სქესის შეცვლა გადაწყვიტეს  ან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევრები არიან. კარლოსის როლის შემსრულებელს იმდენად მამაკაცური, ბოხი ხმა აქვს და ფიზიკური აღნაგობითაც იმდენად ბრგეა, რომ მის მიერ ტესტის თამაშში მონაწილეობის პროცესი მაყურებელში დაეჭვებას იწვევს: იქნებ და ხუმრობს კარლოსი? აპოლონ კუბლაშვილი სერიოზულად ასრულებს იმ სასოწარკვეთილ მამაკაცს, რომელიც უკვე 2 კვირაა ჰორმონებს ყლაპავს და სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციისათვის ემზადება. ტრაგიკული პასაჟებით სავსეა ამ პერსონაჟის ისტორია, ხოლო მის მონათხრობზე პერსონაჟების რეაქციები განსხვავებულია, სადაც იუმორსაც იგრძნობთ, გაოცებასაც, თავშეკავებულ თანაგრძნობასაც, სარკაზმსაც და გმირების შეფასებათა კორიანტელში ნათლად ვხედავთ იმ  ადამიანის დრამას,  რომელიც დაიბადა მამაკაცის სქესით და ფსიქოლოგიური კვლევების შედეგად სქესის შეცვლა გადაუწყვეტია, რის გამოც მას უჭირს ურთიერთობა ე. წ. ტრადიციული აზროვნების ადამიანებთან, რომლებიც მის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის წინააღმდეგნი არიან. ამ სამი კანდიდატიდან მის მიმართ ყველაზე სარკასტული ფერნანდოა: „...კარლოს, ძვირფასო, არ შეიძლება, არ შეიძლება სერიოზული პრეტენზია გქონდეს ასეთ მაღალ თანამდებობაზე და ამავდროულად  ტრანსვესტიტი იყო.“ კარლოსის მიმართ ჩუმი პროტესტი აქვს გაოგნებულ მერსედეს, რომელსაც ერთდროს ამ კაცთან რომანი ჰქონდა. ქალი ყოფილი საყვარლის მიმართ უცნაურ გრძნობებს განიცდის, თან თანაუგრძნობს, თან შეცბუნებულია, იმიტომ რომ ერთ დროს ამ მამაკაცთან იწვა და მაყურებელი გრძნობს - როგორ იხსენებს მერსედესი ინტიმური ცხოვრების ყველა დეტალს, რათა თავი გაიმართლოს, რომ მაშინ, რამდენიმე წლის წინ, მისი ქალური ალღო არ შემცდარა და სქესის შესაცვლელად გამზადებულ მამაკაცს, ერთდროს ნამდვილად აინტერესებდა ის. წარმოდგენის მეორე ეტაპზე ირკვევა, რომ კარლოსის ეს ეპიზოდი მოგონილია და ესეც ფერნანდოს ტესტი იყო, რათა ექსპერტებს თვალნათლივ შეეფასებინათ ადამიანის ცხოვრებაში დატრიალებული ისტორია, რომელიც მისთვის დრამას წარმოადგენდა. აღმოჩნდება, რომ ფერნანდოს ძმა ჰომოსექსუალია და სწორედ ამის გამო აქვს კონფლიქტი ძმასთან. როგორ მოექცეოდა ის სქესშეცვლილ თანამშრომელს - არასახარბიელოდ. მაგრამ როგორ მოიქცეოდნენ ექსპერტ-ფსიქოლოგები? სქესშეცვლილის მიმართ ლმობიერებას ითამაშებდნენ, სინამდვილეში კი მაინც შეავიწროვებდნენ.
მაყურებელი, წარმოდგენის პირველ ეტაპზე დიდი ინტერესით ადევნებს თვალს სცენაზე მიმდინარე მოქმედებას. ის თითქოს იქაა, მათთან - პერსონაჟებთან. ის მსახიობებთან ერთად ჩაბმულია იმ ორთაბრძოლაში, რასაც დღევანდელ დღეს სამსახურის თუ თანამდებობის მოპოვების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქვია.
სპექტაკლის მთავარი მამოძრავებელი ინტრიგა, ვაკანტურ თანამდებობის დაკავების კონკურსის პრინციპზეა აგებული, რომელიც ფარსს ემსგავსება. აქ მნიშვნელობა არ აქვს კონკურსანტების პროფესიონალიზმსა თუ შესაძლებლობებს, აქ უპირატესობა ენიჭება იმას თუ ვინ იქნება უფრო სასტიკი და ვინ ვის და როგორი წარმატებით დაუდებს ფსიქოლოგიურ კვანტს და ვინ უფრო მეტ ფანტაზიას გამოიჩენს, სიტყვა - ნაძირალას გასამართლებლად და უკვდავსაყოფად. სპექტაკლის ფინალში გაისმის ფრაზა, რომელსაც მკაცრი „რკინის ლედი“ - მერსედესი პირში მიახლის ფერნანდოს: „ჩვენ არ გვჭირდება კარგი კაცი, რომელიც თავს ნაძირალად ასაღებს; ჩვენ ვეძებთ ნაძირალას, რომელიც კარგ კაცს ძალიან ჰგავს.“ და მაინც ფსიქოლოგ-ექსპერტების გამოგონილ ტესტ-თამაშებში, ყველაზე დაუნდობელი და სასტიკი მერსედესის თამაშია: კატალონიელი ავტორი და რეჟისორი თემურ ჩხეიძე ფსიქოლოგიური სვლებით ამხელენ დღევანდელ ყოფაში ჩავარდნილი ადამიანების მდგომარეობას. მერსედესის პერსონაჟის ხასიათი და მისი მოტივაცია ყალიბდება გარედან შემოსული სატელეფონო ზარების ფონზე, მერსედესის ფიქრები ასე ყალიბდება: 1. დედა ცუდათაა. იქნებ საშიში არაფერია?.. 2. დედა  ავადმყოფობს და საავადმყოფოშიც ხშირად მოხვედრილა... მე არ დავტოვებ კონკურს! 3. დედა გარდაიცვალა, ნახევარი საათი არაფერს შეცვლის. მე გავაგრძელებ კონკურსში მონაწილეობას!
მერსედესის ქმედებით, რეჟისორი თემურ ჩხეიძე არწმუნებს ყველას, რომ დღევანდელ დღეს შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში, ადამიანი არ დატოვებს კონკურსს, მხოლოდ იმ პრაგმატული ლოგიკით, რომ მართლაც: „დედა გარდაიცვალა, ნახევარი საათი არაფერს შეცვლის.“ ამ მოსაზრებას აპროტესტებს ხან ცინიკურად, ხან ირონიულად, ხან გულისტკივილით ფერნანდო, რომელსაც „რაღაც“ არ მოსწონს ფსიქოლოგების გამოგონილ „გრონჰოლმის მეთოდში“, რომლის აზრიც ნელ-ნელა ირკვევა. გრონჰოლმის მეთოდით ადამიანებს უქმნიან ისეთ ექსტრემალურ გარემოს, სადაც ხდება ფსიქიკის აწიოკება და მასში ჩაბუდებული დამანგრეველი დემონების გაღვიძება და თუ ეს დემონები ინდივიდს არ აწუხებს - რაც იშვიათია, ამ მეთოდის მიხედვით ადამიანში მისი ჩანერგვა-დანერგვა ხდება.
სპექტაკლის ფინალში აღმოჩნდება, რომ ალეკო მახარობლიშვილის, აპოლონ კუბლაშვილის და ეკა ჩხეიძის შესრულებული გმირები, სწორედ რომ დემონის დამანგრეველი ძალით შეიარაღებული თანამედროვე ფსიქოლოგები არიან, რომლებმაც სწორედ იმიტომ შეისწავლეს ეს საგანი, რომ როგორც იარაღი ადამიანების საწინაღმდეგოდ გამოეყენებინათ. ისინი ამოწმებენ ადამიანში ჰუმანიზმის დოზას და თუ აღმოაჩენენ, მის ლიკვიდაციას ახდენენ, სწორედ რომ იმ ფსიქოლოგიური ტესტებით, რომლებიც ასეთი სცენური ოსტატობით შექმნა ჟორდი გალსერანმა და ასეთი უზადო, დახვეწილი ურთიერთობებით ააგო რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ, რომელიც სვამს პრობლემას ე. წ. უბოროტო ბოროტმოქმედების, უსისხლო დანაშაულის შესახებ, რომლის მსხვერპლები კი არ კვდებიან, არამედ იზოლაციაში ექცევიან. ეს ახალი, XX საუკუნეში ჩამოყალიბებული „საოფისე ბოროტმოქმედების“ სახეა, რომელსაც შეიძლება ფსიქოლოგიური შეტევით გამოწვეული დანაშაულიც ვუწოდოთ. ამ დანაშაულს ჩვენს დროში ჩადის ამა თუ იმ დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც დესტრუქციულ ძალებს დამონებული, თანამდებობის დაკარგვის შიშით გარშემო იკრებს ისეთ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ყოველგვარი დისკრიმინაციისათვის არის მზად. ხელმძღვანელთან მჭიდროდ დაკავშირებული გუნდი - სამსახურის დაკარგვის შიშით გაერთიანებული, ერთ მჭიდრო წრეს ქმნის, სადაც შხამიანი წებოა დასხმული და იქ მოხვედრილი მათი მსხვერპლი ფსიქოლოგიური მკვლელობისათვის არის გამზადებული. ისინი მომავალ კონკურსანტზე ფსიქოლოგიურ თავდასხმებს ახორციელებენ, როგორც ეს ხდება ნიკა თავაძის მიერ შესრულებულ პერსონაჟის შემთხვევაში, უწყობენ გამოცდებს, რომელებსაც სარკასტულად ტესტები ჰქვია და ბოლოს, თემურ ჩხეიძის სპექტაკლის ბრწყინვალე სცენისა არ იყოს, თავიანთ მსხვერპლს „იზოლატორის“ საგზურს გამოუწერენ. მხოლოდ ასე, ჩუმად, შეუმჩნევლად, უსისხლოდ და „სუფთად“ შეგიძლია ჩამოიშორო დღევანდელ დღეს, დღევანდელ საქართველოში არასასურველი კონკურენტი.

როცა ფსიქოლოგ-ექსპერტების „თამაში“ დასასრულს უახლოვდება, ყველაფერს ფარდა ეხდება და აღმოჩნდება, რომ ენრიკე - ალეკო მახარობლიშვილი ერთი ჩვეულებრივი სადისტი-ფსიქოლოგია, რომელიც საქმიანად დატოვებს სცენას. ფინალისაკენ მიმავალ ეპიზოდში მერსედესი და ფერნანდო პაექრობენ, სადაც დიალოგში ჩართულ ნიკა თავაძის  საწყალ გმირს გამარჯვების სჯერა. ის ბრწყინვალედ ასრულებს „ზევიდან მოსულ“ ამოცანას: „მევალებოდა, ამეტირებინე“. ექსპერტ-ფსიქოლოგი მერსედესი, რომელსაც შესანიშნავად ასრულებს ეკა ჩხეიძე ისეთი გულწრფელობით ტირის, რომ მაყურებელსაც სჯერა ამ პერსონაჟის, მაგრამ ფოკუსი სწორედ რომ იმაში მდგომარეობს, რომ ის რაც სცენაზე ხდებოდა, ყველაფერი ფსიქოლოგ-ექსპერტთა მოგონილი ჯამბაზობა იყო. ფერნანდო, როგორც კი გაიგებს, რომ ეს სამი კაცი მას ამოწმებდა, უმალ იცვლება და იწყებს ლაქუცს მომავალ - შესაძლო უფროსთან დამაკავშირებელ კადრებთან და როცა ოთხივე გმირი კვლავ სცენაზეა და ირკვევა, რომ ყველა ერთადერთ ადამიანს - ფერნანდოს ამოწმებდა - ღირს თუ არა მისი მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა, მართლაც რომ პირდაღებულ მაყურებელს ჩუმი სიცილი შეიპყრობს; ჩუმი, ვინაიდან ფერნანდოს, კარლოსის, მერსედესისა და ენრიკეს დრამა, მისი დრამაც არის და ის ამ ესპანელი გმირების მსგავსად არაერთხელ აღმოჩენილა ამ პერსონაჟების როლში.
საბოლოოდ ფერნანდო რჩება მარტოდმარტო. ის ამ ოფისიდან თავს ვეღარ აღწევს, გარე სამყაროსთან ყველა დამაკავშირებელი ძაფი გაწყვეტილია. ფსიქოლოგ-ექსპერტებმა ხაფანგში მოიმწყვდიეს ფერნანდო და „იზოლატორში“ მიუჩინეს სამუდამო ადგილსამყოფელი. უზარმაზარი პროჟექტორი ჯერ სავარძელში უძალოდ დაგდებულ ნიკა თავაძეს გაანათებს და მერე, თითქმის სათითაოდ ჩამოუვლის მაყურებელს, რომელიც დღევანდელ ყოფაში აუცილებლად შეასარულებდა ან ფსიქოლოგ-ექსპერტის და ან ფერნანდოს როლს; ან პირად ცხოვრებაში ხელმოცარულია ან დევნილი ტრანსგენდერია ან ამაყი „მაჩოა“ და ან ცივი „რკინის ლედი“.







Комментариев нет:

Отправить комментарий