არაჩვეულებრივი რამაზ ჩხიკვაძე
რამაზ ჩხიკვაძე: „შენ უნდა იყო კარგი და სხვა არა? მაშინ კარგი თეატრი ან კარგი სპექტაკლი, როგორ გაკეთდება?“ 28 თებერვალს, ბატონი რამაზის დაბადების დღეა.
რამაზ ჩხიკვაძე უყვარდათ, ეთაყვანებოდნენ. მის სპექტაკლებზე მაყურებელის ტევა არ იყო. ყველას უნდოდა მისი გაცნობა, თვალის შევლება, მისალმება, ხელის ჩამორთმევა. ის მხიარული მოსაუბრე იყო და მასთან გატარებული ყოველი წუთი სიცოცხლის ხალისს და ენერგიას გაძლევდათ, კარგ გუნებაზე გაყენებდათ. რუსთაველის თეატრის სცენაზე განხორციელებული მისი ლეანდრო, ქოსა მრჩეველი, აკოფა, კირილე, შოშია, ყვარყვარე, აზდაკი, რიჩარდ მესამე, მეფე ლირი… რამაზ ჩხიკვაძის მიერ შესრულებული ეს გმირები ქართული თეატრის საგანძურია.
ავტრორი - მანანა ტურიაშვილი |
2000 წლის ზამთარში, პირველად შევხვდი მას პირისპირ. მის მიმართ მოწიწება და რიდი თავისუფლებას მართმევდა, მაგრამ 5 წუთში სატელევიზიო კამერის წინ, ბატონი რამაზი უკვე პარტნიორი იყო.
ყველაზე სასიამოვნო მოვლენაზე თუ გვიამბობდით, ბატონო რამაზ... თქვენი აზრით, სად არის ადამიანი ბედნიერი?
ვფიქრობ, რომ
ცხოვრების მანძილზე ადამიანისთვის ყველაზე სასიამოვნო მოვლენა არის... აი, სად არის ის ყველაზე
აზარტული, ყველაზე მეტად რა იტაცებს და რაში
გრძნობს თავს ბედნიერად. ჩემთვის, რა თქმა უნდა ეს
არის ხელოვნება, ლიტერატურა, პოეზია, მუსიკა...
აქ ადამიანი იმიტომ
მუშაობს ალბათ, რომ საკვები მისცეს თავის თავს, რომ იარსებოს ანუ ხელოვნების რომელ სფეროში
გაიხაროს, არა? აი, კარგ არქიტექტურას, რომ ნახავს, კარგ ბუნებას, რომ ნახავს... თუმცა
ბუნება სულ სხვა რამეა - ეს ღვთის ხელოვნებაა და იქამდე, ალბათ ვერავინ ავა. ხელოვნებაა
სიხარულის მომგვრელი ძალა. თეატრიც ხელოვნებაა, მაგრამ მას ერთი დადებითი მხარე აქვს.
აქ არის ცეკვაც, სიმღერაც, დიალოგი, აქ არის დეკორაციები - გარემოს გამოხატულება თუ
გამოსახულება. შინაარსობრივი, იდეური დატვირთვა აქვს. უფრო მეტად გიზიდავს, მეტად გიპყრობს,
იმიტომ რომ შენ ცხოვრებაზე ლაპარაკობენ - ოღონდ ამაღლებულად, მას უფრო დიდ მასშტაბებში
გადმოსცემენ, არა? სპექტაკლი მარტო სხვისთვის კი არა, ჩემთვისაც გაკვეთილია. როცა უცნობი ავტორია და უცნობი პიესა
- ეს სიახლე, არა?
ბატონო რამაზ, რატომ იტაცებს ადამიანს სანახაობა?
სცენას ისეთი ჯადო აქვს, ისეთი მიზიდულობა
აქვს, რომ ამის ახსნა ძალიან შორს წაგვიყვანს და ეს უკვე ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის საკითხია,
მაგრამ სანახაობა ადამიანს ყოველთვის იტაცებდა. ყველა ბავშვი იწყებს არტისტიზმით, სულ
რაღაცას თამაშობს, რაც არის, ის აღარ უნდა რომ იყოს. ვთქვათ, ექიმს თამაშობს, ხომ?
ნემსი უნდა გაუკეთოს თოჯინას ან მანაქანა მიჰყავს - სულ არტისტობს! მერე, თუ დააკვირდებით,
ასეთი მოხუცებიც არიან. არასდროს არტისტები არ ყოფილან, მაგრამ შინაურ სპექტაკლებში
სერიოზულად თამაშობენ.
ყველას უნდა არტისტობა, სხვის ქურქში
შეძრომა, სხვა ცხოვრების მორგება და თავის გულის ნადების, სათქმელის ამოღება. თანაც
ამის საშუალებას დრამატურგი გაძლევს. ახლა, შექსპირის ენით, რომ ლაპარაკობ, უფრო კარგად
გამოხატავ ამ ვნებებს, არა?
არტისტობა უყვართ და ეს გასაგებია!
ვთქვათ ადამიანი, დილით რომ ადგება ირთვება თუ იკაზმება, ხომ? რატომ აკეთებს, რატომ?
კარგი მანერების ქალი ამას რატომ აკეთებს? მერე საღამოს, ლოგინში რომ წვება, უკვე დაღლილია,
მაგრამ თავის დაჭერა, რომ იცი, ეს უკვე არტისტობაა!
ესე იგი, გამოდის რომ ჩვენ ახლა ვთამაშობთ?
რასაკვირველია,
ესეც თავისებური თეატრია, ესეც წარმოდგენაა. კამერა, რომ არ იდგეს აქ, ჩვენ ხომ, სულ
სხვანაირად მოვიქცეოდით. ჯერ ერთი მაქვს პირობა, რომ კადრიდან არ უნდა გავიდე. ახლა,
თუ წამოვწექი, კადრში აღარ ვიქნები, ესე იგი მე მაინც ასე უნდა ვიყო (ანუ კადრიდან არ უნდა გავიდე - მ. ტ.), ოპერატორის
ბრძანებებს უნდა მოვერგო და ეს უნდა იცოდე, არა? ესე იგი, ეს უკვე არტისტიზმია. მსახიობს
ამის გაკეთება არ უჭირს. იცით, როდის უჭირს მსახიობს? როცა დაჯდება და არ იცის რა ქნას, რა გააკეთოს. ხან აპარატში იყურება, მერე არ იცის ხელი სად წაიღოს...
აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველ წუთს რაღაცას ვთამაშობთ?
ყველა თამაშობს... მე ხანდახან მავიწყდება,
რომ ჩვენ წინ აპარატი დგას. მე არ ვარ შეშინებული კაცი, მთელი ცხოვრება აპარატის წინ
ვარ, მაგრამ მაინც, მაყურებელის წინაშე ისე ვიქცევი, რომ არ თქვან - უზრდელი კაცია,
რას ლაპარაკობს, რას ამბობს, ან როგორ იქცევაო.
ბატონო რამაზ, რა განსხვავებაა ცხოვრებაში და სცენაზე მსახიობობას შორის?
არის ცხოვრების
მსახიობობა და არის სცენის მსახიობობა - ესენი ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ მათ შორის დიდი მსგავსებაა. მაგალითად, როცა უცხო კაცს თავს ვაცნობთ, ხანდახან ისეთ რამეს ვაკეთებთ, ვთქვათ ვატყუებთ, რომ აი, ნახე, რა კარგი ვარ, როგორი
ჭკვიანი ვარ, რა კარგად ვლაპარაკობ და რატომ? იმიტომ რომ, მასზე კარგი შთაბეჭდილება
დავტოვოთ. მე თუ ისე დაველაპარაკე, რომ გამოჩნდება - „არა, მაცალე, არ მაინტერესებს ამაზე
ლაპარაკი!“ მერე იტყვის: „ეს ვინ არის? რაღაც ინერტული ადამიანია, არაფერი არ აინტერესებს...“ მაგრამ მე თუ მინდა თქვენზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვო, რაღაცებს ვაკეთებ, თუმც ეს
ჩემდა უნებურად ხდება. ცხოვრება დიდია და რამხელა პრაქტიკა გვაქვს, არა?
მაგრამ მაინც თავს ძალას ვატანთ, რომ უფრო არტისტები ვიყოთ, ვიდრე
ჩვეულებრივი ადამიანები.
სახლში
მარტო, რომ ვარ, ან რაღაცას ვკითხულობ, ან
ახლო მეგობარია შინ, ან ცოლი, მაშინ უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს, მაგრამ უცნობ ადამიანთან,
მე ასე ვთქვათ სხვა მანერით ვმუშაობ, ვლაპარაკობ და უკვე ვარტისტობ. ასე ხართ თქვენც,
ყველა ასეა, თუმცა ამას ვერ გრძნობენ, მაგრამ რომ დაუკვირდე - ეს ასეა!
ცხოვრება დიდი თეატრია. ცხოვრება რა
არის? თეატრია! მე ძალიან მიყვარს ბაზარი და სიამოვნებით დავდივარ და იცით, რატომ მიყვარს?
ბაზარში, რომ შევდივარ, იქ გლეხიც არის, ინჟინერიც, პროფესორიც - იქ ყველაა, უყურებ
მათ და საინტერესოა! ეს არის ცხოვრება - დღეს როგორი ფასებია, როგორ პროდუქტი შემოდის...
ვის რა აწვალებს, იქ კარგად ჩანს. თავის გაჭირვებაზე, თავის ბედნიერებაზე, ყველა იქ
ყვირის, არა? იქ ხვდები ნაცნობებს! ბაზარში ყველა დადის... შეიძლება კინოში არ წახვიდე,
მაგრამ ხორცი რომ არ იყიდო ან მწვანილი, არ შეიძლება! იქ ხვდები ხალხს, ესალმები:
„გამარჯობა, როგორა ხარ?“ ძალიან მიყვარს ბაზარში სიარული, თავისებური თეატრია! იქ
გამყიდველი, რომ დგას და თავის პროდუქტს გაწონებს,
ის რა, არ არტისტობს? რა თქმა უნდა არტისტობს - ისე მოგესალმება, რომ ცდილობს არ გაგიშვას:
„ბატონო რამაზ, მობრძანდით!“ და ამ დროს გატყუებს და შემოგაპარებს რაღაცას. აიღებს
და ჩაგიგდებს იმ დამპალსაც, გააპარებს, ესეც არტისტიზმია, არა? ჯადოს გიკეთებს.
ბატონო რამაზ, ადამიანში რას აფასებთ?
სიმართლეს, სიკეთეს… თუ კაცი გატყუებს - მიყვარხარო, გეუბნება და სინამდვილეში სძულხარ, ეს საზიზღრობაა! მეგობრობა ერთია, ამხანაგობა მეორე, ნაცნობობა მესამე - ყველა კატეგორიას თავისი სიყვარული, თავისი ძალა აქვს. უნდა იყო მართალი და კეთილი… ასეთი კაცი სხვასაც სიკეთეს უსურვებს, სხვისი გამარჯვებაც უნდა და რა ჯობია ამისთანა კაცს, არა? კაცი, რომ ღვარძლს ინახავს და უნდა რომ მარტო თვითონ იყოს კარგად და სხვა არა, ეს რა საქართველოს სიყვარულია? შენ უნდა იყო კარგი და სხვა არა?.. მაშინ კარგი თეატრი ან კარგი სპექტაკლი როგორ გაკეთდება? თუ გიყვარს თეატრი, თუ შენც კარგი ხარ და სხვაც კარგია, ეს უნდა გიხაროდეს!
სიმართლეს, სიკეთეს… თუ კაცი გატყუებს - მიყვარხარო, გეუბნება და სინამდვილეში სძულხარ, ეს საზიზღრობაა! მეგობრობა ერთია, ამხანაგობა მეორე, ნაცნობობა მესამე - ყველა კატეგორიას თავისი სიყვარული, თავისი ძალა აქვს. უნდა იყო მართალი და კეთილი… ასეთი კაცი სხვასაც სიკეთეს უსურვებს, სხვისი გამარჯვებაც უნდა და რა ჯობია ამისთანა კაცს, არა? კაცი, რომ ღვარძლს ინახავს და უნდა რომ მარტო თვითონ იყოს კარგად და სხვა არა, ეს რა საქართველოს სიყვარულია? შენ უნდა იყო კარგი და სხვა არა?.. მაშინ კარგი თეატრი ან კარგი სპექტაკლი როგორ გაკეთდება? თუ გიყვარს თეატრი, თუ შენც კარგი ხარ და სხვაც კარგია, ეს უნდა გიხაროდეს!
Комментариев нет:
Отправить комментарий