среда, 22 февраля 2017 г.

გოგი გეგეჭკორი: ამაოდ არ მიშრომია...


თეატრმცოდნე მანანა ტურიაშვილი

ბატონი გოგი გეგეჭკორი, ყოველთვის გულთბილად გვხვდებოდა, ვარსკვლავის მზერით შეთვალიერება, მას არ ჩვეოდა, თუმც იცოდა, რომ ცხოვრებამ რჩეული ბედი არგუნა. რუსთაველის თეატრის გამორჩეული მსახიობი, კინომსახიობთა თეატრშიც თამაშობდა (მიხეილ თუმანიშვილის „ჩვენი პატარა ქალაქი“) და ერთი მსახიობის თეატრში „ვერიკო“.

გოგი გეგეჭკორის დედ-მამას ხელოვნება აინტერესებდათ და შვილს თეატრის კარი გაუღეს. ასე შემიყვარდა ეს დარგი - გვითხრა ერთხელ ბატონმა გოგიმ - და ამას შევწირე მთელი სიცოცხლე“. ბატონ გოგის 2000 წლის 23 თებერვალს, მის დაბადების დღეზე შევხვდით.

დღეს თქვენი დაბადების დღეა, ბატონო გოგი და რაზე ფიქრობთ?

ახლა ვფიქრობ და ჩემ თავს ვეკითხები: როგორ გაიარე ცხოვრება, რა დატოვე და რით მიდიხარ იქ, იმ ქვეყნად? ჩემ თავს რომ ვუსაყვედურო, მართალი არ ვიქნები! რუსთაველის თეატრში თუ სხვაგან, მე არ დამიზოგია არც დრო და არც თავი. მე არც შეურაცხყოფა მიმიყენებია ადამიანისთვის, არც მიჩხუბია - არასდროს! ადამიანის გადარწმუნება კი მიყვარს, მაგრამ კონფლიქტის გარეშე ვიცხოვრე და ჩემ პროფესიაში ეს იშვიათი შემთხვევაა - ამ მხრივ ბედნიერი კაცი ვარ.

ბატონო გოგი, ამბობენ, რომ მსახიობობა სხვა ადამიანზე დამოკიდებული პროფესიაა, მოდის ახალი თაობა...

დიახ, სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა, თუმცა ბედიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იმ ახალგაზრდებმა, ვინც გადაწყვიტეს, რომ თავისი მომავალი თეატრსა და კინოს შეწიროს, მინდა მათ გასაგონად ვთქვა: ყველამ უნდა იცოდეს, რომ მსახიობობა თავგანწირვას მოითხოვს, რომ შრომისა და მუშაობის გარეშე ვერაფერს გააკეთებ, ვერაფერს მიაღწევ. ერთი წუთითაც, რომ გაჩერდე და მოდუნდე, იმ სანუკვარ მიზანს, რასაც სცენაზე თუ ეკრანზე როლის თამაში ჰქვია, ვერ მიაღწევ. მოედანზე გასასვლელად გამზადებული კარგი ფეხბურთელივით ენერგიით უნდა იყო დატენილი. მას ხომ მაგარი კუნთები  აქვს და ფეხბურთელის ყველა ხერხი იცისაი, ასეთი შემართებით უნდა თამაშობდე სცენაზე


ბატონო გოგი, ახლა ის დროა, როცა ყველა გაჭირვებაზე საუბრობს…

გაჭირვებას შეჩვეული ვიყავი. მე ხანდახან, რომ მილხინს და საზრუნავი არ მაქვს, ვფიქრობ, ვაიმე, რაშია საქმე? მინდა საზრუნავი გავიჩინო! მეუბნებიან: მოისვენე, რა გინდა, არ არის ეს შენი საქმე, მაგრამ არა, მაინც!.. მე მეტიჩარა კაცი არ ვარ, მაგრამ როგორც ყველა მსახიობს ცნობისმოყვარეობა მკლავს და ყველაფერი მაინტერესებს - როგორია, რანაირია! კომპიუტერი შემოვიდა?.. ესეც მაინტერესებს! 77 წელი შემისრულდა, მაგრამ თამაში კიდევ მინდა, გაუმაძღრი ვარ! მეუბნებიან: ყველაფერი ითამაშე და რა გინდა? არა, ჯერ კიდევ დამრჩა გასახსენებელი და ამის დასტურია სწორედ ის, რომ როცა კოტე მახარაძემ შემომთავაზა ნოდარ დუმბაძის გაუხმაურებელ მოვლენებზე სპექტაკლის თამაში, მე გამიხარდა! წარმოდგენაზე ახალგაზრდები მობრძანდნენ, თეატრი გაივსო, გასუსულები უსმენდნენ და ეს უდიდესი ბედნიერება იყო, მათ ნოდარ დუმბაძე სხვა სახით დაინახეს. ახლა, როგორ მოეწონათ, არ ვიცი, მაგრამ ტაში კი დაუკრეს, მეც მადლობა გადავუხადე და მივხვდი, რომ რაღაცაზე დაფიქრდნენ… - აი, ეს არის ჩემი დანიშნულება!

მსახიობს სულ თამაში უნდა, სულ ახალ როლებზე ოცნებობს და რატომ ბატონო გოგი, ნუთუ მარტო იმიტომ რომ, ეს მისი პროფესიაა? თეატრს, ხომ ვერ ტოვებს, ვერც რეკვიზიტორი, სცენის მემანქანე თუ ბუტაფორი?

სხვადქცევის პროცესია! განა მაყურებელი, სპექტაკლს რომ უყურებს სხვად არ გადაიქცევა? ის, ხომ იმ წუთში, ვთქვათ ერთ მოქმედ პირს ენდობა და მას მიჰყვება,მეორე ეზიზღება, მესამეზე გაჯავრებულია, მეოთხეზე იცინის და სულ მის გამოჩენას ელოდება, რომ კიდევ გაიცინოს. თეატრი საოცარი სამყაროა! ჰოდა, თეატრში მოსული ადამიანი ამას ეჩვევა და მერე უკვე ვეღარ ელევა. ხომ არის თეატრში შემთხვევები, როცა უნებლიედ ვიღაცა, რაღაცას დააშავებს და მას გაისტუმრებენ? აი, მერე იწყება ხვეწნა-მუდარა: შენი ჭირიმე, ოღონდ დამაბრუნეთ, აღარ ვიზამ! და რატომ ხდება ეს?.. თეატრი მაგიაა! სხვა ადამიანად გადაქცევის პროცესი ძალიან საინტერესოა. მაყურებელი უნდა ჩააფიქრო, რაღაცით მიიზიდო და ამით შენი, როგორც მსახიობის ბიოგრაფიაც საინტერესო გახადო. მაყურებელი კი არ უნდა გააკვირვო, არამედ მის თვალწინ შენი შესაძლებლობები უნდა გაშალო და ამის საშუალება  ყველა როლში აქვს მსახიობს. არ მითხრან ახლა, პატარა როლი მაქვს და არ ჩანსო — ყველა როლი თავისებურად მშვენიერია! ყოველი წარმოდგენა, ისე უნდა ითამაშო, როგორც პრემიერაზე.სხვათაშორის, ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა გუნებაზე  ვართ, მაგრამ ყველაფერი უნდა დაივიწყო, შენი ხასიათი შინ უნდა დატოვო და ენდო მას — შენ გმირს. როგორც კი ამას მიატოვებ, ეს როლი ბერდება, ის წარმოდგენაც იშლება.

ბატონო გოგი, რა წეს-კანონით ემსგავსება ცხოვრება თეატრს?

როცა პარლამენტის სხდომებს ვუყურებ და ვთქვათ ვიღაცა სიტყვით გამოდის, მე უკვე წინასწარ ვხვდები, რა უნდა, რა მიზანი აქვსშეიძლება კანონის ან კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის არსი არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს ვხვდები. ჩვენ, მსახიობებსგამახვილებული აღქმა გვაქვს! 

ბატონი გოგი გეგეჭკორი და მისი მეუღლე, ქალბატონი ნათელა ურუშაძე 

და რა დასკვნა გამოიტანეთ, ბატონო გოგი?

ზოგი იქ იმიტომ არის, რომ იმუნიტეტი აქვს და ხელშეუხებელია! ზოგი იმიტომაა, რომ თავისი ძალებით კაპიტალი დააგროვოს, ზოგი თავისი ჯგუფის ან პარტიის ხაზის გასატარებლად არის! არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, ნაწილი ამის გამოა პარლამენტში! ყველა პარლამენტარს აქვს . . გამჭოლი მოქმედება.სამი თაობის პარლამენტი გამოვიცვალეთ და მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა თეატრმა იქ გადაინაცვლა და მე ამ სხდომებს ვუყურებ, როგორც წარმოდგენას. პარლამეტარობა გახდა გატაცება და ეს ადასტურებს იმას, რომ ძალიან ბევრი არ-შემდგარი მსახიობია. სერიოზულად გეუბნებით, იმიტომ რომ ისინი ერთს ამბობენ და მეორეს გულისხმობენ. ვის რა სურვილი აქვს და რა მიზანი — ეს ძალიან კარგად ჩანს და ნუ იფიქრებენ ჩვენი პარლამენტარები, რომ ვერ ვხვდებით - ყველამ იცის, სახეზე აწერიათ, მზერაში ჩანს! ამიტომ მოგვაკლდა მაყურებელი - ყველა  პარლამენტის სხდომებს უყურებს.აი, ახლა არჩევნები მოდის და მინდა, რომ წყნარად მოვიქცეთ! ოღონდ ნუ ვიჩხუბებთ,რა მოხდა, საჩხუბარი რა არის? ეს ქვეყანა ყველას ეყოფა, ყველას. არ უნდა დავქუცმაცდეთ. აი, მე ვგიჟდები ერთმანეთს, რომ უპირისპირდებიან, ვის ქონებას იყოფენ, რას იყოფენ, რა არის გასაყოფი? ყველას ეყოფა ეს საქართველო. ნუ იჩხუბებთ, არ გინდათ - დამიჯერეთ!

ბატონო გოგი, დღეს თქვენი დაბადების დღეა და…

დღეს ერთი წლით დავბერდი, მაგრამ გასულმა წელმა  დიდი სიხარული მომიტანა, ერთი მსახიობის თეატრში ახალი როლის თამაშის სიხარული. მალე გაზაფხული დადგება, დათბება.ჩემი ასაკის კაცს ზამთარში სცივა. ჩემი პატარა შვილიშვილი — ანასტასია გვესტუმრა, მე და ნათელა გაგვახარა! ყველა სურვილი შევუსრულეთ და როცა ანა კალანდაძის ლექსი გვითხრა, მაშინ ხომ სულ გადავირიეთ! ბედნიერი კაცი ვარ: ორი შვილი მყავს: გოგი მხატვარია, მანანა თეატრმცოდნე, ფსიქოლოგი. სიძე რეჟისორია, რძალი ფსიქოლოგი! ესე იგი, ყველა მაინც ხელოვნებას ემსახურება - ეს მახარებს, მახარებს იმიტომ რომ, ამაოდ არ მიშრომია.





Комментариев нет:

Отправить комментарий