суббота, 1 апреля 2017 г.


მანანა ტურიაშვილი

კარლო საკანდელიძეზე ამბობდნენ: სპეტაკი, პატიოსანი, პროფესიონალი, უნიჭიერესი მსახიობი, ერთგული მეგობარი, უღალატო, ყველას წარმატება უხაროდა და არავის შურდა. ერთხელ ბატონმა გოგი გეგეჭკორმა ბრძანა: „ღმერთმა გაჭირვებაში მოგცეს კარლო!“, კოტე მახარაძე კი ამბობდა: „მე ვინატრებდი ისეთ თეატრში ყოფნას, სადაც ბევრი კარლო საკანდელიძე იქნებოდა!“

ბატონ კარლო საკანდელიძეს თითქმის ყველა დაბადების დღეზე ვხვდებოდით და ისიც ჩვეული ყურადღებით გვითმობდა დროს. რუსთაველის თეატრი რაინდული სულის საუფლო იყო და ყველა მსახიობი, კაცი და ქალიც ამ დაუწერელ კანონს ემორჩილებოდა. მათი ქცევის წესი მაყურებელთან, პრესასთან თუ კოლეგებთან შესაშური თავაზიანობით და გულწრფელობით გამოირჩეოდა. ასეთი რაინდი იყო მაყურებლის საყვარელი მსახიობი კარლო საკანდელიძე, რომელსაც 2003 წლის 31 მარტს რესტორან „დაკარგულ სამოთხეში“ შევხვდით. 

ბატონო კარლო, 1 აპრილს 75 წელი გისრულდებათ, ადამიანის ცხოვრების შესასწავლად ეს დიდი დროა… 

არ ველოდი 75 წელი თუ ვივლიდი ამ ქვეყანაზე… ამდენი ხანი რომ ვიცოცხლე, ესეც საოცრებაა! მთელი ჩემი ახალგაზრდობა ფაქტობრივად თეატრს შევწირე, ეს სასიხარულოა და ცოტა სევდიანიც. თეატრში იმდენი საამაყო პიროვნება მოღვაწეობდა… მათი გახსენება დიდ სევდას იწვევს. ბედნიერი ვარ, რომ კარგ ხალხთან მქონდა ურთიერთობა – ხორავა, ზაქარიაძე, ჩემ მეგობრებზე აღარ ვლაპარაკობ. ერთხელ ბატონმა სერგომ მითხრა: „ბაზარში არ წახვიდე!“ ვკითხე, „რატომ? მაინტერესებს, კარგი ტიპაჟებია…“ და, იცით, რა მიპასუხა? „ადამიანებს რომ აკვირდები, ეს კარგია, მაგრამ როცა ვაჭრობ და მაყურებელი მოგჩერებია, იმას შთაბეჭდილება ეკარგება“.  


მსახიობი სხვა ადამიანებისგან რით განსხვავდება? 

მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის, საქმისთვის ჩვეულებრივი ადამიანებიც დიდ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ერთი რამით განვსხვავდებით: მაყურებელი საქმის კურსშია, შენ როგორ ცხოვრობ, როგორ მოქმედებ, საზოგადოებაში როგორი ხარ, სახლში როგორი ხარ - ამას ეძებს და ამიტომ სულ მობილიზებული უნდა იყო, რომ არ შეგეშალოს, არ შეცდე, შეურაცხყოფაზე არ უპასუხო, არ შეება, თორემ ეს შეიძლება გადაიქცეს დიდ აურზაურად და იმის მიზეზად, რომ შენზე ილაპარაკონ უარყოფითი. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ცოტა მორიდებულები ვართ. 

1 აპრილს ბელა მირიანაშვილის დაბადების დღეც არის და გვახსენდება რუსთაველის თეატრის ლეგენდარული სპექტაკლი „ჭინჭრაქა“, სადაც თქვენი და ქალბატონ ბელას ბრწყინვალე დუეტი შედგა და არა მარტო თქვენი… როგორი იყო ბელა მირიანაშვილი?

ბელა საოცრად აწყობილი იყო, ზღაპარი, ბავშვი-გოგონა! მას ისეთი ბუნებრივი ხიბლი ჰქონდა, რომელსაც ვერ შეიძენ. ბელა იყო უაღრესად ნიჭიერი, შრომისმოყვარე და დიდებული მეგობარი. მე მასზე გაცილებით უფროსი ვიყავი და სხვაობას ვერ ვგრძნობდი. უცნაური მიზიდულობა ჰქონდა - ზეადამიანური, დიდებული პარტნიორი იყო. მას საოცრად უყვარდა ეს პროფესია და თეატრის ინტერესებისთვის მამაკაცივით შეეძლო ჩხუბი. ეს ლამაზი, მშვენიერი და ჰაეროვანი არსება ძლიერი ბუნების ადამიანი იყო. ის მაგალითს გვაძლევდა, თუ როგორ უნდა გადალახოს ადამიანმა დიდი სიძნელეები ისე, რომ არავინ შეაწუხოს და ოპტიმიზმი შეინარჩუნოს. სიცოცხლის ბოლო წუთამდე ბელა ოჯახს ბურჯად ედგა და მარტო ოჯახს კი არა, თეატრსაც! ასეთი იყო ბელა… 

ცნობილია თქვენი თავდაუზოგავი შრომის უნარი და რას გრძნობთ, როცა ხედავთ შედეგს, მაყურებლის მომღიმარ სახეს, მის სითბოს? 

ერთი რამ მახარებს – ესე იგი ტყუილად არ მიცხოვრია, იმიტომ რომ ყველა მომღიმარი და გაბრწყინებული სახე, თვალები, ყოველ წუთს მაგონებს, რომ ხალხს ვუყვარვარ. ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი რამ არის! ხშირად მაჩერებენ ხოლმე და მეკითხებიან: როდის იქნება ახალი სურათი, მოგვბეზრდა საზღვარგარეთული სულელობებიო… მე გულისტკივილით ვპასუხობ: ისე წავიდა საქმე, რომ კინო აღარ არსებობს, იმიტომ რომ ფული აღარ არის… მაგრამ მე რამდენიმე კინორეჟისორთან უსასყიდლოდ ვიმუშავე. მითხრეს, კარლო ბიძია, არა გვაქვს ფული და რა ვქნათო… ვუპასუხე: კი, გენაცვალე, როცა გენებოთ, შემაწუხეთ და მოვალ! ეს რომ სხვებმა გაიგეს, ხალხის წყება წამოვიდა თხოვნით, მაგრამ მე აღარ მაქვს ის ენერგია, რომ ყველას უფასოდ ვემსახურო. ნეტა მქონდეს ამდენი საშუალება და ის წლები მომცა, რომელიც განვლილია, მაშინ ნამდვილად არავის ვეტყოდი უარს - არავის! 

ბატონო კარლო, სიყვარული ამოძრავებს თქვენ საქმეს?

ჩემი დაკვირვებით, ვისაც სიყვარულის უნარი აქვს, ვისაც სიყვარულის გაცემის უნარი აქვს, ის სცენაზეც ბევრს მიაღწევს. არ ვიცი, იქნებ ვცდები. სცენაზე ყველა მსახიობი კარგად ჩანს, მისი ბუნება ჩანს, ამას ვერ დამალავ!  

თქვენ როგორი ხართ, ბატონო კარლო? 

არ ვტრაბახობ, მაგრამ გულით არ ვარ ცუდი კაცი. რაც კი არსებობს ამ ქვეყნად, ყველაფერი მიყვარს: მდინარე, ბაღი, ყვავილი, მხეცები, ნადირები… იმიტომ რომ უსიყვარულოდ ამ ქვეყანაზე ვერ იცხოვრებ. განსაკუთრებით ჩემი პროფესია მიყვარს. დღე-ღამეში 24 საათია, ხომ? მე შემიძლია სულ თეატრში ვიყო - ეს არის მოძრავი ორგანიზმი, ცოცხალი ორგანიზმი, სადაც თითოეული კედელიც კი სუნთქავს და მისი სუნთქვა დიდი ჟანგბადით შედის ფილტვებში და გაცოცხლებს. თეატრი არის დიდი ტაძარი, ეკლესია, სადაც შემიძლია თითოეული კედელი დავკოცნო. ეს სურვილი ბავშვობიდან მაქვს და თუ ეს სურვილი ჩაკვდება, იქ მსახიობიც ჩაკვდება, და რატომ? იმიტომ რომ თუ მას არ უყვარს ის, სადაც თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაუტარებია, ესე იგი არაფერი ყვარებია - არც შვილი, არც ძირი, არც ნათესავი, არც მტერი, არც მოყვარე.

ცნობილია ახალგაზრდებისადმი თქვენი დამოკიდებულება… 

ახალგაზრდა ადამიანი ცუდს და კარგს მშვენივრად არჩევს, და რატომ ვამბობ ამას? როცა კეთილსინდისიერად გააჩერებ კოლეგას, ძალიან უმცროსს და ურჩევ, ხომ არ სჯობია ასეთნაირად გადაწყდეს ეს სცენა… მე ყოველთვის ვცდილობ, რომ უკეთესი და უკეთესი შევთავაზო და ამან გამოიწვია ახალგაზრდებსა და ჩემ შორის ძალიან კარგი დამოკიდებულების შექმნა და ასე შემარქვეს „პაპა კარლო“. თუ რამ შემიქმნია - ნორმალური, მე არ ვამბობ - კარგი და გადასარევი, ვუძღვნი ჩემ შვილიშვილებს და მთელი საქართველოს პატარებს…



Комментариев нет:

Отправить комментарий