მანანა ტურიაშვილი
ხალხის სიყვარული - ეს არის ბატონი
გივი ბერიკაშვილის განვლილი ცხოვრების მთავარი მონაპოვარი. ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია
და მსურს მკითხველს, ერთი გამოუქვეყნებელი ინტერვიუ გავაცნო, სადაც ბატონი გივის ოპტიმიზმი, თავმდაბლობა და სიკეთე ჩანს.
ბატონო გივი, თქვენთვის რა არის
მთავარი ადამიანებთან ურთიერთობაში?
ადამიანებთან ურთიერთობაში? მთავარი არის... უნდა გიყვარდეს
ის კაცი და მერე, აბსოლუტურად ყველა პრობლემა
მოხსნილია, თუ მოატყუებ ან რაღაცა უკადრისს
გააკეთებ... ტყუილი საშინელებაა! უნდა გიყვარდეს, მაშინ ყველაფერში გამართული ხარ!..
აი, თქვენ როგორ ახერხებთ ასეთი
დიდი სიყვარულის გამოხატვას?
ალბათ ეს ჩემი ბუნებაა, ჩემი ცხოვრების აზრი, სხვანაირად
არ შემიძლია, მე არ მიყვარს ის სპექტაკლი, სადაც ყველა კარგი არ არის, აი, ვთქვათ ერთი
მსახიობი, რომ არის კარგი სპექტაკლში - არ მიყვარს! იმიტომ რომ, იმას არ უწერია დღეგრძელობა.
ჩემ გვერდით ყველა რომ კარგია, ეს მიყვარს! წავალ სადმე, კარგ სპექტაკლს ვნახავ, კარგ
ფილმს ვნახავ, განსაკუთრებით ჩემსას, ქართულს და ძალიან მიხარია! არ მოდის ჩემთან ის,
რომ აჰ, ნეტა მე ვიყო კარგად და ცეცხლი წაკიდებია დანარჩენს. ასეთ რამეზე არასოდეს
მიფიქრია და არც მიცდია, რომ ისე წასულიყო საქმე, რომ მე ვიყო კარგად და ჯანდაბას სხვა!
არა, ჩემ ბუნებაში ეტყობა არ არის ეს.
ბატონო გივი, ხშირად მინახავს
როგორ გხვდებათ ხალხი, სიყვარულით, როგორც ოჯახის წევრს. შემიმჩნევია, რომ მაყურებელი
სულ მხიარულებას ელის თქვენგან, თუმც მგონია, რომ სევდასაც ატარებთ... როგორ ახერხებთ
გაუღიმოთ ყველას, მიანიჭოთ მათ სიცოცხლის ხალისი?
ერთი რაღაცა შეგრჩენია, რომ კაცი, ცოტა ხანს მაინც მდგომარეობიდან გამოიყვანო და რანაირად შეიძლება, არ მოეფერო? რა ინდაური ხომ არა ვარ,
გაფხორილმა ვიარო? არტისტი მოდისო. აი, გივი მოდისო, ვაიმე, როგორ დაბერებულა? წ-წ-წ-წ...
ახლა ძალიან არ მსიამოვნებს, რომ იძახიან გივი დაბერებულაო, მაგრამ მე ვპასუხობ: გული
არ ბერდება, გული, გული არ გაიტეხოთ!
ბატონო გივი, თქვენ რომ გადახედოთ
წარსულს, რა დარჩა თქვენი შემოქმედებიდან ყველაზე სინტერესო?
ყველაზე კარგი, ის არ არის, რაც შენ გახსოვს, არა! აი,
ქუჩაში, რომ გახვალ და ხალხი რომ დაგიძახებს და მოგმართავს შენი გმირის სახელით, ესე
იგი მოეწონა, ესე იგი რაღაცა დარჩა მეხსიერებაში სასიამოვნო, რაღაც სასიკეთო, გავლენა
იქონია. ჩვენი დანიშნულება მარტო ის არ არის, რომ გააცინო... აი, ზოგმა იცის - გინდა
თუ არა გამაცინე, რა! მე ვპასუხობ: როგორ გაგაცინო, ამისთვის მე სამი თვე ვემზადები
და თუ მაინცა და მაინც გინდა გაგაცინო, მოდი
დაგიღიტინებ და გაგეცინება-მეთქი. მარტო მაგისთვის ხომ არ ვართ, რომ ვიღაცა გავაცინოთ?
ვიღაცა უნდა დავაფიქროთ, ვიღაცამ თავისი თავი უნდა დაინახოს, ვიღაცამ უნდა თქვას -
არა, ასე მოქცევა აღარ შეიძლება!, თეატრი მაინც სარკეა, არა? როგორც ჩვენი წინაპრები
ამბოდნენ. ჩავიხედოთ ამ სარკეში და რა ვიცი, მე მგონია, რომ კარგი ფუნქცია აკისრია
ჩვენ პროფესიას და საერთოდ თეატრს, კინოს.
ესტრადა ყოველთვის სიგიჟემდე მიყვარდა. მე ესტრადაზე
მახსოვს ვასო გოძიაშვილი, სესილია თაყაიშვილი, სანდო ჟორჟოლიანი, ხედავთ რა გვარებია?
მათ კონცერტებს არ ვაცდენდი. ვასო, რომ შემოვიდოდა - აი, სულით ხორცამდე არტისტი იდგა
სცენაზე და ვუყურებდი როდის ამოიღებდა ხმას. მღეროდა, კითხულობდა, რას არ აკეთებდა
და ტაშის გრიალით აცილებდნენ.
თქვენ თვლით, რომ ის ტრადიცია,
ამ დიდებულ მსახიობებს, რომ ჰქონდათ გრძელდება?
გრძელდება კი არა, დაკარგული იყო და შეიძლება თამამად
ითქვას, ჩვენ აღვადგინეთ ტრადიცია!
ბატონო გივი, თქვენ ბუნებით ოპტიმისტი
ხართ თუ...
საერთოდ ძალიან ბევრს ვფიქრობ, ბოლოს ერთ დასკვნამდე
მივდივარ - ხელის ჩაქნევა სამშობლოს ღალატის ტოლფასია, გამიგე? არ შეიძლება! სანამ
ფეხზე დგახარ, საჭიროა ბოლომდე ბრძოლა, ასე
რომ ფარ-ხმალს არ ვყრი!
ბატონო გივი, თქვენ ახალგაზრდობა
გიყვართ, სულ მათთან ხართ და რატომ, რა ძალა აქვს მას?
ძალას მაძლევს, ძალას, ახალგაზრდულ ენერგიას. ზოგი იტყვის
- ეჰ, როგორ დაბერდა გივი, ახლა ესენი წავლენ, ვინღა მოვა? არ შეიძლება ასე ლაპარაკი,
როგორ შეიძლება? ბოლოს და ბოლოს ძალიან კარგი ხალხი მოდის და შეიძლება ჩვენზე უკეთესიც.
არის რაღაც გამონაკლისი, რომელიც 100 წელიწადში ერთხელ მოვარდება ხოლმე, მე იმაზე არა
მაქვს საუბარი, ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ. მშვენიერი, ნიჭიერი ახალგაზრდობაა, აი,
ამათთან ერთად რომ მუშაობ, შენც ენერგიული ხდები, მოკლედ მეც ახალგაზრდა ვხდები.
ბატონო გივი, თქვენ ფიქრობთ, რომ
ცხოვრებაში გაგიმართლდათ?
მე ვფიქრობ, რომ კი! იმიტომ რომ მართლა დიდი ბედნიერებაა
და სასიხარულოა, რამდენიც არ უნდა დამალო, როცა ამდენ საოცარ გაღიმებულ და გაბრწყინებულ
სახეს ხედავ... იცით, რამხელა სიხარულია, რომ შეგიძლია თავისუფლად უთხრა ყველას გამარჯობა
და ყველა გიცნობს? დიდიდან პატარამდე - ეს დიდი სიხარულია და რანაირად შემიძლია ვთქვა,
რომ არ გამიმართლა? რა ვიცი, მე ასე მგონია!
Комментариев нет:
Отправить комментарий