среда, 8 января 2020 г.


სათეატრო მეცნიერების კრიზისი



იქ, სადაც არ მიმდინარეობს მსოფლიოს თეატრალური კულტურის წარსულისა და აწმყოს ფუნდამენტური შესწავლა, მსოფლიო დონის თეატრალური კრიტიკა ვერ აღმოცენდება.


16:09 29.09.2015(განახლებულია 18:58 12.10.2015)მოკლე ბმულის მიღება
183

თეატრცოდნე მანანა ტურიაშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, თეატრმცოდნე მერაბ გეგიასაქართველოში სათეატრო მეცნიერების კრიზისსა და მის მოსალოდნელ შედეგებზე მოგვითხრობს.

 - ბატონო მერაბ, ავადსახსენებელი კომუნისტების პერიოდში ყველას და მათ შორის — პრაქტიკოსებსაც, ვისაც პროფესორის თანამდებობა ეკავა, ევალებოდა სამეცნიერო ნაშრომის დაწერა. დღეს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ერთი-ორი პრაქტიკოსიპედაგოგი თუ წერს სამეცნიერო შრომას და ისიც რჩება მის სუბიექტურ გამონათქვამად, რამეთუ არ ხდება მისი საჯარო განხილვა. არადა, უმაღლესი განათლების კანონში ნათლად წერია, რომ პროფესორს უნდა ჰქონდესსამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება“, კანტი-კუნტად დაწერილი ნაშრომები მხოლოდ იმ განზრახვით, რათა კონკურსების დროს გარკვეული ქულები მიიღონ, ფორმალობაა და მეტი არაფერი. იქნებ სამეცნიერო შრომის დაწერა უკვე ანომალიაა და მხოლოდ კომუნისტური პერიოდის გადმონაშთი?
— სწორედ ამის შედეგი იყო ის უზარმაზარი მიღწევები, რაც ქართულ თეატრს ჰქონდა კომუნისტების ეპოქაში. შორს რომ არ წავიდეთ, ფასდაუდებელი თეორიული მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა მიხეილ თუმანიშვილმა, სწორედ თეატრალური ინსტიტუტის კედლებშია შექმნილი. თქვენზე უკეთ ეს ვინ იცის? თქვენ ხომ მისი თეორიული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ინტერპრეტატორი და პოპულარიზატორი ხართ. ყველა რეჟისორს, ვინც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თეატრალურ ინსტიტუტში, ევალებოდა სამეცნიერო ნაშრომის დაწერა და უნდა გითხრათ, რომ სწორედ სამეცნიერო ნაშრომი ავლენდა  რეჟისორის, როგორც პედაგოგის, ნამდვილ სახეს.
 — და ამასთანავე თეატრალური აზროვნების მასშტაბს
— უთუოდ. ამასთანავე, სწორედ ასეთ ნაშრომში ვლინდებოდა ის, თუ რამდენად ეხმიანება რეჟისორის სცენური ხედვა თანადროულ თეატრში მიმდინარე მხატვრულ ტენდენციებს. სამეცნიერო ნაშრომების განხილვა წარმოებდა შესაბამის კათედრაზე და რეცენზენტები, როგორც წესი, იყვნენ სწორედ თეატრის თეორეტიკოსები და კრიტიკოსები. ცოდნისა და გამოცდილების ასეთი ურთიერთგაზიარების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საინტერესო შედეგსაც იძლეოდა.
 მოგეხსენებათ, ამჟამად რა დროშიც ვცხოვრობთ. სადღაც გაქრა პროფილური ჟურნალ-გაზეთები, რასაც მიჰყვა კრიტიკოსების შრომის ანაზღაურებაც. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დაიხურა  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თეატრალური აზროვნებისა და კვლევის ერთადერთი კერა. ფაქტობრივად ჩვენ გავხდით კრიტიკული აზრის სრული იგნორირების მოწმენი. რაც შეეხება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, იქ, მე რომ მკითხო, ნაციონალური მოძრაობის სათავეში მოსვლის შემდეგ კატასტროფა მოხდა. საერთოდ უგულებელყოფილი იქნა თეორიული სწავლება, როგორც წარსულის რუდიმენტი. კომერციული წარმატება, აი, რა გახდა თეატრების მთავარი მიზანი. რა საჭიროა ფიქრი და განსჯა? გააცინე მაყურებელი ყველა ხერხით და საშუალებით, გაართე და გაამხიარულე. რა პრობლემები, რის ზოგადკაცობრიული და ეროვნული საკითხები? მთავარია სპექტაკლს შემოსავალი ჰქონდეს, ხოლო ქვეყნის იდეოლოგიას ჩვენ მოვუვლით. ხალხის ზომბირებაა საჭირო. იდეური თეატრი კი ამაში ხელს შეგვიშლის. აი, ასეთია მათი დამოკიდებულება თანამედროვე ქართული თეატრის მიმართ. ეს არის შეგნებული ბოროტება, შეგნებული გალაშქრება მაღალი პროფესიონალიზმის წინააღმდეგ, რამაც უკვე გამოიწვია ქვეყანაში თეატრის მხატვრული დონის დაქვეითება. მაგრამ ეს რეგრესის მხოლოდ დასაწყისია. როგორც კი უფროსი და საშუალო თაობა თეატრიდან წავა, აი მერეა მოსალოდნელი საშინელი დეგრადაცია
 — სათეატრო მეცნიერება თეატრმცოდნეობის ერთ-ერთი განხრაა, მაგრამ არსებობს სათეატრო კრიტიკა, რომელიც აანალიზებს თანამედროვე პროცესებს. არის თუ არა ერთმანეთთან კავშირში თეატრმცოდნეობა, როგორც მეცნიერება და თეატრმცოდნეობა, როგორც კრიტიკა?
— ისინი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არიან და მეტსაც გეტყვით: იქ, სადაც უარყოფილია თეატრის თეორიული საფუძვლები, იქ, სადაც არ მიმდინარეობს მსოფლიოს თეატრალური კულტურის წარსულისა და აწმყოს ფუნდამენტური შესწავლა, მსოფლიო დონის თეატრალური კრიტიკა ვერ აღმოცენდება ვერასდროს. რაოდენ ნიჭიერი მწერალი არ უნდა იყოს თეატრალური კრიტიკოსი, თუ მას არ გააჩნია თეატრის თეორიის ელემენტარული საბაზისო ცოდნა, ის ვერასოდეს გახდება სათეატრო ხელოვნების სრულყოფილი ექსპერტი, ვერასოდეს შეძლებს განიხილოს თეატრალური ქმნილება წარსულისა თუ მომავლის ჭრილში.
- თქვენ გულისხმობთ იმას, რომ კრიტიკოსს შესწავლილი უნდა ჰქონდეს მსოფლიო სათეატრო თეორიული მემკვიდრეობა,  სტანისლავსკი იქნება ეს თუ გორდონ კრეგი, ანტონენ არტო თუ იან კოტი, პიტერ ბრუკი  თუ მიხეილ თუმანიშვილი.
— რა თქმა უნდა, და ეს, ცხადია, არ არის სრული ჩამონათვალი. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ყველა თეატრალური ტენდენცია თუ ექსპერიმენტი უნდა იქცეს მსჯელობისა და განხილვის საგნად. მეტსაც გეტყვით, თეატრის კრიტიკოსი შეიძლება შეცდეს წარმოდგენის შეფასების დროს და საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლი ჯეროვნად ვერ შეაფასოს, მაგრამ პოზიცია, რომლიდანაც ის თეატრალურ ქმნილებას იწუნებს, ბადებს ღრმა თეორიულ პოლემიკას, რაც ჭეშმარიტების ძიების საუკეთესო გზაა. თვით ეს პროცესი, აზრებისა და შეხედულებების დინამიკური ცვალებადობა ქმნის თეატრალური აზროვნების მაღალ დონეს. თუკი მოვშლით ამ დინამიკას, თეატრალური კრიტიკა მაშინვე გადაიქცევა ერთი ადამიანის სუბიექტურ გამონათქვამებად, რაც, ბუნებრივია, ვერც პოლემიკას გამოიწვევს და ვერც რაიმე ძვრას თეატრალურ აზროვნებაში. სწორედ ეს სურათი გვაქვს ამჟამად ქართულ თეატრალურ კრიტიკაში
 - გასაოცარი ის არის, რომ ამ ვითარების მიმართ სრულიად ინდიფერენტულია ის სახელმწიფო დაწესებულებები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ხელი შეუწყონ თეატრალური აზროვნების განვითარებას. მხედველობაში მაქვს კულტურის სამინისტრო და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. ერთადერთი დაწესებულება, ვინც ცდილობს რაიმე შეცვალოს ამ მიმართულებით, ჩვენი თეატრალური საზოგადოებაა, მაგრამ უსახსრობის გამო მისი მცდელობა არ არის ეფექტური
— თქვენს მიერ ჩამოთვლილი სამივე დაწესებულება უნდა მოქმედებდეს კოორდინირებულად და უნდა აკონტროლებდეს კიდეც ერთმანეთის საქმიანობას. თეატრალური პროცესების თვითდინებაზე მიშვებამ ის შედეგი გამოიღო, რომ ჩვენ ფაქტიურად თეატრალური კრიტიკის გარეშე დავრჩით. გავიმეორებ, იქ, სადაც არ არის დადგენილი ხელოვნების ნიმუშის შეფასების კრიტერიუმები, ხელოვნების ვერც ერთი სფერო ვერ განვითარდება. ხელოვნებაში ვერაფერს ვერ დააკანონებ. ხელოვნება მარადცვლადი ფენომენია. მაგრამ თუკი მას ჩამოვაშორებთ პოლემიკურ სულისკვეთებას, თუკი ხელოვნების ნიმუში არ გადაიქცევა ფართო მსჯელობისა და პროფესიული აწონ-დაწონვის საგნად, იგი უეჭველად ჩაკვდება. სწორედ ეს დანიშნულება აქვს სათეატრო კრიტიკას. იგი თვითონ არაფერს ჭრის, მაგრამ სალესავის ფუნქციებს ასრულებს. ეს ჰორაციუსის სიტყვებია
 ნათქვამია, წყალი სათავიდან იმღვრევაო. რა უნდა მივიჩნიოთ ამ რეგრესის სათავედ?
 – რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის, რომ ქვეყანას არ გააჩნია მყარი იდეოლოგია, არ გააჩნია სულიერი განვითარების მკაფიო ვექტორი. მაგრამ ამ ვითარებაშიც შესაძლებელია ლოკალური პოტენციალების გამოყენება, ცხადია, მხოლოდ მაშინ, როცა ზემდგომ ორგანოებს, უფრო ზუსტად, ზემდგომ პირებს შეგნებული აქვთ პრობლემის მნიშვნელობა და ყოველ ღონეს ხმარობენ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ სრული გულგრილობისა ყველასა და ყველაფრის მიმართ. ყოველი კრიტიკული აზრი მათ მიერ აღიქმება პირად თავდასხმად, მათი უმწიკვლო რეპუტაციის შელახვის მცდელობად. არა, ბატონებო! პირადად თქვენ არავინ არაფერს გერჩით. თქვენნაირი მინისტრები, რექტორები და თავჯდომარეები წავლენ და წამოვლენ, ქართული თეატრი კი დარჩება და ისტორია განსჯის, თქვენ რა წვლილი შეიტანეთ მის განვითარებაში და მერწმუნეთ, იგი თქვენს მიმართ იქნება, თუმც ძალიან მკაცრი, მაგრამ ძალიან სამართლიანიც. თუმცა რაჯერ კიდევ არის დრო, რომ ყველაფერი გამოსწორდეს. ამისათვის მხოლოდ ნების გამოჩენაა საჭირო. მხოლოდ ამას ვითხოვთ თქვენგან.
 – არა მგონია, ბატონო მერაბ, რომ ამ შეძახილებს რაიმე კონკრეტული შედეგი მოჰყვეს. იქნებ რაიმე უფრო ეფექტური გზა გამოგვენახა?
 – ველოსიპედის ხელახალი გამოგონება საჭირო არ არის, მანანა. ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, უკვე საყოველთაო ჭესმარიტებად ქცეული აზრებია. საჭიროა ზეწოლა მოვახდინოთ იმ პიროვნებებზე, ვისაც ევალება ქართული კულტურის მოვლაპატრონობა. ეს არის ერთადერთი ხსნა და გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. თუკი დავირაზმებით, ყველაფერი გამოგვივა
 – რა ვუყოთ ჩვენს რიგებში არსებულ კონფორმისტებს, რომლებიც მზად არიან წავიდნენ ნებისმიერ კომპრომისზე, ოღონდ კი შეინარჩუნონ მაღალი სოციალური სტატუსი და მდგომარეობა?
 – ისინი სათვალავში მისაღები არც არიან. მარიონეტი იმის მარიონეტია, რომ რასაც უბრძანებენ, უყოყმანოდ შეასრულებს. ჩვენ პრეტენზიები უნდა ვიქონიოთ მხოლოდ მბრძანებლებთან და მაშინ ყველაფერი გამოსწორდება
 გემს, რომელიც იძირება, ყველაზე ბოლოს იმედი ტოვებს
 – არ ჩავიძირებით, თუკი გვეცოდინება, ვის მოვთხოვოთ პასუხი შექმნილი ვითარების გამო. სწორედ ამაშია დემოკრატიის ძალა და ეს ძალები ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ




Комментариев нет:

Отправить комментарий