© photo: Sputnik / РИА Новости
ამდენი სტუმარი საქართველოდან ისე მიდის, რომ ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის შესახებ ინფორმაციაც კი არა აქვს. არადა, როგორ გააცოცხლებდნენ ტურისტები სოფელ მირზაანს?!
მანანა
ტურიაშვილი
გალავანშემოვლებული სიღნაღი პატარა, მინიატურული ქალაქია, რომელიც ზღაპრულ ქვეყანას მოგაგონებთ. მისი რამდენიმე მოკლე ქუჩა ძველი თბილისის თავდაღმართ, მოკირწყლულ გზებს ჰგავს. ჩაწიკწიკებულ მაღაზიებს, თონეებს, თუ რესტორნებს, ზოგს ძველებური და ზოგსაც ინგლისურენოვანი აბრა ამშვენებს და მაცდურად მომღიმარი ქალივით, ტურისტების ყურადღებას იპყრობს. თუ სიღნაღს ქვემოდან ახედავთ, ანუ ვაქირიდან წნორისკენ მიმავალი გზიდან (რომლის გავლასაც ავტოთი ათი წუთი ყოფნის), დაინახავთ უმშვენიერეს სანახაობას. თუ მარჯვნივ, მზერას ზევით ააწვდენთ, მთაზე ამოწვერილი სიღნაღის გალავანი გვირგვინის სახით მოგევლინებათ.
გალავნის მიღმა მიმალულა აგურისფერი სახურავებით დამშვენებული სახლები. აქ ადამიანები დაფუსფუსებენ და ჩვეულებრივი,
ყოველდღიური ცხოვრების ჭაპანს ეწევიან. შემოდგომაა და ვიღაცა რთველში მიდის, მეგობრის დასახმარებლად; ჭიშკართან ჩამომჯდარი ბებო წინდას ქსოვს. ვიღაც ტურისტებისთვის,
სახელდახელოდ, ჩურჩხელას ავლებს; ვიღაც გასაყიდად გამზადებულ თექისგან შეკერილ ფაჩუჩებსა და ჩანთებს ფენს ქუჩაში… მოხუცი ქალები ლორთქო მწვანილის კონებით თავს იწონებენ, გურჯაანიდან ჩამოსულები შემოდგომის ატმით ვაჭრობენ; აი, ერთი ალვანის ყველით იწონებს თავს და უცხოელს დაგემოვნებას თავაზობს. აღფრთოვანებული უცხოელი, ცხიმით გაპოხილ ტუჩებს ენით აილოკავს და მეგობარს გასძახებს: „ძალიან მაგარია, ვიყიდოთ!“ „მეც გავსინჯავ — ვეუბნები — ოღონდ ამხელა ნაჭერს ნუ მომიჭრით, უკვე ვისაუზმე“, „არა, იმ უცხოელზე დიდი ნაჭერი უნდა გაგასინჯოთ, რას ჰქვია ისაუზმეთ, ასეთ ყველს თბილისში ვერ იშოვით, გუდაშია გამოყვანილი.“
სიღნაღის გადასახედიდან ალაზნის ველი მოჩანს და თუ კავკასიონს ნისლი არ ბურავს, ძმურად შეკრულ, ერთმანეთზე გადაბმულ ქედებსაც მოჰკრავთ თვალს. ამ ქედების სიახლოვეც აღმატებულის განცდას ბადებს და ეს აღმაფრენა დიდხანს მიგყვებათ. ამას ემატება გამჭვირვალე მზის სხივებში სხვადასხვა ფერთა ათინათინში არეკლილი ალაზნის ველზე გაშენებული ვენახები, სადაც ქართველი გლეხკაცის ოფლია ჩაღვრილი.
მცხუნვარე შემოდგომის მზის სხივებში შებურულ ალაზნის ველზე იისფერისა და ვარდისფერის სხვადასხვა ტონები ერთმანეთს ენაცვლება. რაღაცა გაუცნობიერებელი სიღრმე, სევდა, ოპტიმიზმი და ტრაგიზმი გიხმობთ და გიზიდავთ. ეს მიზიდულობა ალაზნის ველის უკიდეგანო სივრცეს აქვს, რომლის ქვა-ღორღიან გზებზე, ეკალ-ბარდებში შავად მოციაგე მაყვლის ანარეკლებში და გაშლილ ვენახებში ჰამლეტ გონაშვილის უზადო ტემბრის ხმა ჩაგესმით. მისეული „დაიგვიანეს“და „ურმული“ ერთიმეორეს ცვლის, ანაგურელის თოხის წკრიალიც გამოდის წყალგაღმა… აი, ვენახისაკენ
გადაუხვევს მეურნე, შეათვალიერებს ფოთლებში შებურულ მზისფერ მტევნებს და კორძზე ჩამომჯდარი სიცხის ჩაცხრომას, მოსაღამოვებას დაელოდება და ფიქრებში გართული, ჩურჩულებს: „ღმერთო, მეც გადმამხედევი
წყალობის თვალითა…“
შემოდგომაა, ყველაზე დაძაბული და აზარტული დრო კახეთში. ყველა ჭირნახულის საფასს ელის. შარშან „საფერავი“ 2 ლარად ჩააბარეს, რქაწითელი — 1 ლარად. წელს ფასები დაეცა, თითქმის განახევრდა. გამწარებული გლეხი ხარჯებს ითვლის და, კარსმომდგარი
რთველის მოლოდინში, გეგმებს აწყობს: „არ ჩავაბარებ, დავწურავ და მე მაინც დავლევ, კაცო!“ მაგრამ ამდენს? 10 ან 15 ტონა ყურძენს რა უყოს?
ფიროსმანის სოფელი — მირზაანი ხირსასთან ახლოა. მირზაანელებს
იქ ვენახები აქვთ გაშენებული. სიღნაღში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ტურისტებს ნახავთ, მირზაანში კი, გაგიკვირდებათ,
ერთ უცხოელიც არ გაჭაჭანდება.
მანქანით თუ წახვალთ, ხირსამდე გზა მცირე მანძილად მოგეჩვენებათ, თორემ ისე, 15 კილომეტრია. მირზაანისკენ მიმავალ, დაკლაკნილ აღმართ-დაღმართზე სამარშრუტო ტაქსები დღეში სამჯერ ადი-ჩამოდიან — იქაურებს მეტი არც სჭირდებათ. თითქმის ცარიელ გზაზე, რამდენიმე კერძო მანქანა თუ შეგხვდებათ: ზოგი მეზობელ სოფელში მიდის, ზოგიც სიღნაღსა და ლაგოდეხში. ნაყოფით დახნუძლული კაკლის ხეები უცნაურ არომატს აფრქვევენ. სიჩუმეა, თითქოს დრო გაჩერდა, ჩამი-ჩუმი არსაიდან ისმის. სიცოცხლის ნიშნად აბრას დაინახავთ: „ფიროსმანის სახლ-მუზეუმი — 1,2 კილომეტრი“. საზეიმოდ ჩაცმული პირველკლასელები, სკოლიდან შინ ბრუნდებოდნენ.
დავინტერესდი, რამდენი პირველკლასელი სწავლობს სკოლაში. ოთხიო, მიპასუხა მშობელმა. „რა სევდიანი ამბავია“,- გავიფიქრე და გზა განვაგრძე. „ბირჟაზე“ მოხუცები სხედან, ერთიც მათკენ მიეშურება. „ბებერმა მეზურნეებმა“ ინტერესით შეგვათვალიერეს და გზა დაგვილოცეს. ვიღაცა მამაკაცი თალარზე შემომჯდარი ყურძენს კრეფდა. პატარა გოგოს მეზობლის ქალისაგან კვერცხი ეყიდა და შინ მიჰქონდა. ეს იყო და ეს, მერწმუნეთ, 2 საათის მანძილზე, მხოლოდ 10 კაცი შეგვხვდა. დაცვის თამშრომლებმა ჩაგვიარეს და მივხვდით, რომ ფიროსმანის სახლ-მუზეუმთან ახლოს ვიყავით.
უზარმაზარ ეზოშიც სიჩუმე იდგა. ჯერ დაუმწიფებელი, „განჯური“ ბროწეული ფოთლებიდან წითლად ანათებდა და ფიროსმანის ნასახლარის სიღატაკეს აფერადებდა.
თუ გინდათ აღმოაჩინოთ ნიკო ფიროსმანის შემოქმედება და ნამდვილად, აუცილებლად უნდა გაიაროთ სახლ-მუზეუმამდე მიმავალი გზა; უნდა შეიგრძნოთ სიჩუმის მაგიურობა, ბუნების სასიცოცხლო ძალა და როცა თავისუფალი, დაღლილი და განწმენდილი
შეხვალთ საგამოფენო დარბაზში, მიხვდებით, მისი მხატვრობის სიდიადეს, უფრო ღრმად შეიცნობთ მის პერსონაჟებს —
სევდით, ტრაგიზმით, იუმორით, პოეზიით, სისატიკით, რაციონალური აზროვნებით გამსჭვალულ ფსიქო-ტიპაჟებს. დასანანია, რომ ტურისტებს მირზაანში ვერ შევხვდით. წმინდა ნინოს წყაროზე უამრავი უცხოელი ვიხილეთ: ფრანგები, პოლონელები, გერმანელები, რუსები, აზერბაიჯანელები, სომხები. ამდენი სტუმარი საქართველოდან ისე მიდის, რომ ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის შესახებ ინფორმაციაც კი არა აქვს. არადა, როგორ გააცოცხლებდნენ ტურისტები სოფელ მირზაანს?! ხალხსაც მცირე შემოსავალი გაუჩნდებოდა და შთაბეჭდილებებით
დახუნძლული, შინ დაბრუნებული
ტურისტებიც კეთილ სიტყვას შეგვაწევდნენ. მაგრამ… მაგრამ სექტემბრის ამ ცხელ დღეებში თავის ატკივება ვის უნდა? როგორც ჩანს, დაპირებებით გახარებული სოფლის მცხოვრებთა გულის მოგების შემდეგ, ხელისუფალნი პირადი პრობლემების მოგვარებას შეუდგნენ და დრო არ ყოფნით. ან კი, რატომ უნდა ენაღვლებოდეთ
გაიაფებული ყურძენი, პირში ჩალაგამოვლებული
გლეხი და ტურისტის გარეშე დარჩენილი ფიროსმანის სახლ-მუზეუმი — ქარავანი ხომ ისედაც მიდის!
Комментариев нет:
Отправить комментарий