суббота, 25 декабря 2021 г.

 





სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი

 



პანდემიის პერიოდში რეჟისორმა დათა თავაძემ სამეფო უბნის თეატრში წარმოადგინა პოლონურ-ქართული სპექტაკლი: „არაფერი ჩვენს შესახებ უჩვენოდ“ (სპექტაკლის პროგრამაში ეწერა: თანადაფინანსებულია მრავალწლიანი პროგრამა „ინდეფენდეთ 2017-2022-ის მიერ, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის საგრანტო პროგრამის „კულტურული ხიდების“ ფარგლებში) 

მონაწილეობდნენ: პაატა ინაური, მარიან იასეულსკი, სალომე მაისაშვილი,კაროლ ფრანეკ ნოვინსკი, კატაჟინა პავლოვსკა, მიხალინა როდაკი, მალგოჟატა ტროფიმიუკი.

მივდიოდი ძველი თბილისის წინა საახალწლო ქუჩებში და ვფიქრობდი ახალი სპექტაკლის სათაურზე „არაფერი ჩვენს შესახებ უჩვენოდ“, თუ არაფერია ჩვენ შესახებ და თანაც უჩვენოდ, აბა, რა მინდა ამ ქართულ-ბრენდული ახალგაზრდა რეჟისორის სპექტაკლზე? და შინ დავბრუნდი.

მეორე დღეს, ვიღაცამ ფანჯარაზე დამიკაკუნა, პირბადეში მისი სახე ვერ გავარჩიე. სახელი და გვარი ვკითხე, არ მიპასუხა. ფლეშკა გადმომცა, იქვე გაჩერებულ ბრონირებულ ტანკში ჩაჯდა და მომაძახა: „თუ ამ წერილს გამოაქვეყნებ, ფლეშკა შენი იქნება, თუ არადა ამ ტანკით გადაგივლიო“. „ფლეშკა“ ძალიან მინდოდა (ვაგროვებ), სიცოცხლეც მწყუროდა და იძულებული გავხდი გამომექვეყნებინა.

და აი, ეს წერილიც, რომელიც არ მომეწონა, მაგრამ რა მექნა, „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“:

როცა ჩემი საბჭოთა ტანკი სამეფო უბნის თეატრთან გავაჩერე დავინახე ტყვიამფრქვევებისა და ტანკების გრძელი რიგი, უკან არ დავიხიე და როგორც უთვისტომო უბირმა, მშვიდად შევაბიჯე პარტერში, სადაც სცენაზე განლაგებულ სკამებში, ჩემ მიერ ნაყიდი ადგილი მოვძებნე და ამაყად დავჯექი. უცებ, საშინელი წყურვილი ვიგრძენი, მაგრამ აბა წყალს სად ვნახავდი? ვფიქრობდი, წყალს თუ არა, ჭიქა რძეს მაინც მომაწოდებდა ვინმე, მაგრამ სცენაზე მდგარი მაცივრების კარები მჭიდროდ იყო მიხურული და მსახიობებმა მათთვის განკუთვნილი რძე, მიუხედავად ჩემი უტყვი ვედრებისა, არ მომაწოდეს. ეეჰ... აბა, ეს რა ინტერაქცია იყო? მსახიობებს ეკითხებოდნენ დაბადების წელს, ამბებს და ა. შ. მათ რძე გამოკითხვამდეც დალიეს, მის შემდეგაც და მაყურებელმა რა დააშავა - თუ ინტერაქციაა, მაშ იყოს ინერაქცია, თავისი კითხვებით, რძით, ხაშლამით, მწვადებით და შილათი, არა?

მიყვარს, როცა სპექტაკლში ჭიქა რძეს სვამენ, თან ცივს, მაცივრიდან ახლად გამოღებულს, ამასთან ყველა მსახიობი თუ გადაჰკრავს, წარმოiდგინეთ, რა ხდება: ძალა ემატებათ, პანდემიური შიში უქრებათ და თუ ეს თეატრალურ სიახლესაც წარმოადგენს, მაშინ ხომ ათიანში არტყამს რეჟისორი! და თუ თითოეული მსახიობი წამოდგება და სათითაოდ მიადგება მაცივარს და ჭიქა რძეს გამოიღებს, როგორც ეს იყო სპექტაკლში, წარმოიდგინეთ რამხელა სცენური დროის ამოვსება შეძლო რეჟისორმა? რვა მსახიობი ადგა, რვაჯერ გაიარ-გამოიარა, ჭიქა რძე აიღო და დაჯდა - ამას მოანდომეს, ვთქვათ ორი წუთი. ესე იგი, 16 წუთი მაინც მოგებული აქვს რეჟისორს. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ადგილი აქვს მიზანსცენის აგებას, რომელმაც რებუსების ლაბირინთში უნდა გაგიყვანოს და დაიწყო წვალება-ფიქრი: „რატომ რძე? რატომ?.. ვაჰ, რა ვქნა?..“ მე, როგორც, ყოფილ საბჭოთა მოქალაქეს გამახსენდა, რომ ტელევიზიაში (ახლანდელი საზ-მაუწყებლობა) თურმე, ტექ-პერსონალს ერთ ლიტრ რძეს ურიგებდნენ დ ამ რიტუალს ერქვა „Молоко за вредность“, რომელიც თავის სათავეს ბელად ლენინის დეკრეტიდან (1918) იღებს.

„რძის სმა“ ეს იყო წარმოდგენის ერთ-ეთი ნოვატორული ნაბიჯი, მერე გახსენდებოდა  „სკამებზე კატაობა“, რითიც დაიწყო სპექტაკლი - ყველა მსახიობი უკან გადაზნექილ სკამზე ირწეოდა და ირწეოდა,  მაგრამ მაშინ იმდენად შემეშინდა, რომ ახსნა-წვალებას შევეშვი და  დავიწყე ფიცარნაგის დათვალიერება, „მასტიკა“ ხომ არ ჰქონდა წასმული; მერე ვამოწმებდი სკამის ფეხების სიმყარეს, ჰქონდათ თუ არა დამცავი საშუალებები, რომ მსახიობები არ გადავარდნილიყვნენ და ჩვენ თვალწინ „რამე“ არ მომხდარიყო. მაგრამ კარგა ხნის „კატაობის“ შემდეგ, როცა მსახიობებმა როგორც იქნა „კატაობა“ შეწყვიტეს, ამოვისუნთქე. გამხსენდა ცირკი, თოკზე საბედისწეროდ მოარული ჯამბაზები და ვიფიქრე, როგორც ისინი ვარჯიშობენ დღე და ღამ, ალბათ პოლონელ-ქართველმა მსახიობებმაც ივარჯიშეს და იციან, უბედური შემთხვევისგან როგორ დაიცვან თავი - მოკლედ, ესეც თქვენი რეჟისორული ნოვატორობა.

მესამე ნოვატორობა ეკუთვნოდა  მოპიესო ნაწარმოების „არაფერი ჩვენს შესახებ უჩვენოდ“ ავტორს, რომელმაც პოლონეთის ქალაქ ლოძში ტანსაცმლის ქარხანაში (1971) მძიმე სამუშაო პირობების შესახებ განვითარებული ამბავი დაუკავშირა ჭიათურის მაღაროში მომუშავე პერსონალის მძიმე შრომას. უნდა ვთქვა, რომ თემა მომეწონა - დღეს, საქართველოში თითქმის უსასყიდლოდ, მხოლოდ საარსებო ლუკმა-პურისთვის ბევრი მუშაობს, ვინაიდან  ეს „უხერხემლო, უფხო“ ხალხი მრუდე გზით ვერ შოულობს ფულს და დღე და ღამ მხოლოდ იმიტომ შრომობს, რომ შიმშილით არ ამოხდეს სული. მოკლედ, მომეწონა „რა“, მაგრამ ეს წყეული „როგორ!“ არ მანებებდა თავს. კარგი, ვთქვათ გამოკითხე მსახიობები და ამავე დროს პერონაჟები - ანუ შექმენი ინტერაქცია სცენაზე, რომ მოგემზადებინა ინტერქაცია მაყურებელსა და მსახიობებს შორის, მაგრამ მკითხე ერთი - დავიჯერე ან ერთი ან მეორე ინტერაქცია? მე ეს სვლები მივიღე ცივად, საერთოდ არაფერმა არ შემძრა! ახლა, ესქილეს „ორესტეაში“ ორესტე დედას, რომ კლავს, ამაზე შემზარავი დანაშაული, განა არსებობს, მაგრამ ხომ მაჯერებს ესქილე, ხოდა თქვენც დამაჯერეთ, კაცო!

ამ თემაზე, ისევ საბჭოთა კავშირი გამახსენდა - ესე იგი, თუ დადგამდი ლენინზე, კიკვიძეზე, მშრომელ ხალხზე და ა. შ. კრიტიკული რეცენზია არ იწერებოდა, პირიქით, ვინც კარგს დაწერდა (თემატიკას განადიდებდა და შემოქმედებით მხარეს გვერდს აუვლიდა), ბევრ სიკეთეს მიიღებდა და კარიერაში გზა ეხსნებოდა. ახლა, სამეფო უბნის თეატრის შემთხვევაშიც ასეა, თუ ვინმეს რამე კრიტიკული წამოცდა, მტრისას! როცა ქართულ თეატრში „კრიტიკოსის, რეჟისორის თუ მსახიობის მითოლოგიზაციაზე“ ვფიქრობ, უმალ საბჭოთა კავშირის ფანდები მახსენდება (ლენინის და სტალინის კულტი, სადაც ყველა დაწესებულებაში თავისი მიკრო-კულტი ჰყავდათ) და გული მწყდება, როცა ვხედავ, თუ როგორ ვიხევთ უკან, წარსულში!

სპექტაკლი დაყოფილი იყო დასათაურებულ ეპიზოდებად (გამახსენდა რობერტ სტურუას „ვანო და ნიკო“). ერთ-ერთ ნაწილში იგრძნობოდა პიესის ავტორის განსწავლულობა. ის სხვადასხვა ნაწარმოებიდან ამონარიდი ფრაზებით, ქვეტექსტით „აბა, მიხვდით ვისია?“ თითქოს მაყურებელზე ძალადობდა, რასაც პოლონურ-ქართული წარმოდგენის ავტორთა ამბიციის სუნი დაჰკრავდა - „ნახეთ, რამდენი ვიცით და თქვენ კი ფიქრობთო“. ეეჰ, ჯანი გავარდეს, იყოს ამბიცია, მაგრამ დამაჯერე, რომ ეს ასე გჭირდებოდა! ახლა, შესაძლოა მიპასუხონ - „ვისაც გვჯერა, გაგვატარეთო!“ ჰოდა, გაიარეთ ბატონებო და ქალბატონებო!

არ დამავიწყდება პოლონელი მსახიობი ქალის „ვითომ ცეკვა“ - გასაგებია, ტანჯულის ცეკვაა, მაგრამ „მოვიდა“ ჩემთან? „მითხრა“, რომ აი, რა დამემრთა ამ გაუსაძლისი ცხოვრებით? ჩემთან არაფერი მოსულა და უხერხულ მდგომარებაში ჩავარდნილი, თავჩაღუნული ვითვლიდი ამ „ცეკვის“ დამთავრების წამებს, დამთავრდა და შვებით ამოვისუნთქე. მერე „სტუმარ-მასპინძელიც“ გამახსენდა, მინდოდა პატივისცემა გამომეხატა, მაგრამ თავს ვერ ვძლიე და სპექტაკლის დასასრულს თვალს ვერ ვუსწორებდი მსახიობებს - რაღაცნაირად შემეცოდნენ! რა უნდა ექნათ? რაც დასახეს სპექტაკლის ავტორებმა, ის გააკეთეს!

მერე როგორც იქნა გავხალისდი „მაკრატლების ცენაზე“: ყველა მსახიობმა თანდათანობით, რიგის მიხედვით აიღო მაკრატელი და დაიწყო „ჰაერის ჭრა“, შეიქმნა „მუსიკალური ღრჭიალის“ ეფექტი, ქვეტექსტით - „მოვიდა მაკრატელი!“ და წაგაჭრით ყველაფერს - ალბათ თავს, ხელებს, ფეხებს და ა. შ. მივხვი, რომ ეს იყო „ფიზიკურ-სულიერი დაჭრის“ უმძიმესი სცენა, სადაც მაყურებელს უნდა შეშინებოდა, მე რატომღაც მედგრად ვიდექი - არ შემშინებია! ახლა, საქართველოში, რომ ცხოვრობს კაცი და როცა არ იცი, რეალობაში სად, რას გამოახტუნებენ და სად ფეხს წაგაჭრიან ან ხელს - რისი უნდა შეგეშინდეს?

ქართველი მსახიობების ცენტრალურ სცენაში, როცა წინა ეპიზოდის „მაკრატელ ათამაშებული“ მსახიობები მიადგნენ პაატა ინაურს და დაიწყეს მისი ტანსაცმლის ჭრა, ამ რეჟისორულმა მიგნებამ, პირღია დამტოვა - ვფიქრობდი, ჰოი, საოცრებავ, ეს რა ლუკმა ჩაუგდო ხელში კრიტიკოსთა ფან-ჯგუფს, ალბათ, რა სერიოზულობით აღწერენ და აზრით დატვირთავენ ამ რეჟისორულ სვლას, ალბათ იტყვიან - „დიახ, ასე ჭრიან ჩვენ ხალხს და ასე ჭრიდნენ ლოძშიც“, გააერთიანებენ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქებს, შეიქმნება ერთი ორომტრიალი - მე კი, უბირი, დავჯდები ჩემთვის და დავითვლი: „ნეტა, რამდენი სპექტაკლი ითამაშეს და რამდენი ხელი ტანსაცმელი უყიდეს მსახიობს?“ მერე დავმშვიდდი, ვინაიდან მივხვდი, რომ თუ აქ სამი სპექტაკლი ითამაშეს და პოლონეთშიც, ვთქვათ სამი - ექვსი ხელი მამაკაცის შარვალ-პერანგი, არც ისე ძვირი დაუჯდებოდათ!

აბა, კიდევ რა ვთქვა, სპექტაკლში იყო:

1. ფაბრიკაში გამამხნევებელი ვარჯიშის ამბავი (ჩვენთან უკვე აღარ გუგუნებენ ფაბრიკები);

2. იყო პირველი მაისის დემონსტრაციის ამბები, სადაც ოჯახის წევრები ისევ სკამებზე ირწეოდნენ, ოღონდ ამომხდარი ბგერებიც დაუმატეს, რაც ბოლოს ერთობლივ კნავილში გადავიდა;

3. სპექტაკლის ფინალში ძლივს გავიგე, რომ ლოძის ფაბრიკა ტანსაცმლის იყო და მსახიობის სამოსის დანაკუწებაც სიმბოლურად თამაშდებოდა;

4. იყო თეთრი და წითელი მიხაკების სასიყვარულო და საპანაშვიდო თემაც;

5. მაყურებელს ეკითხებოდნენ და ისიც „ისე რა“ პასუხობდა (თომას ოსტერმაიერის „ხალხის მტრის“ გამოძახილი)

6. ქალების ლაპარაკის პარალელურად, მიმდინარეობდა მაცივრის კარებების ბრაგა-ბრუგი, რაც პრიმიტიული პროტესტის ფორმას ღებულობდა;

7. იყო ტანსაცმელ-დაჭრილი მაღაროელის სამოსის კემსვა ანუ ტანსაცმლის ფაბრიკამ გადატანითი მნიშვნელობით - თოფმა მშვიდობიანად გაიარა სამოსის დაჭრა და ბოლოს, გაისროლა - ყველას დაგვიკერავენ ტანსაცმელს და მოზვრებივით გაგვრეკავენ სამუშაოდ ანუ სასაკლაოზე;

რა მომეწონა? რეჟისორი ცდილობს მსახიობთა მოძრაობას არ მიაკაროს არავითარი ყოფითი ჟესტი, „არ გაჩერდეს“ ტექსტზე (ამას უკვე შევხვდით რობერტ სტურუასთან), შეიმჩნეოდა ბანალურობასთან ბრძოლა, არც ისე შედეგიანი, მაგრამ მაინც ბრძოლა! 

P. S. მინდა გითხრათ, რომ სპექტაკლზე ამტკივდა თავი. თითქოს ვიღაცა მებრძოდა და ამ მძიმე კოვიდ-სიტუაციაში გონებაში მირტყამდა, მაბრალებდა, რომ თითქოს ლოძის ამბავი და მთელი საქართველოს მშრომელთა დუხჭირი ცხოვრება ჩემი უპასუხსმგებლობის შედეგი იყო. სპექტაკლიდან გამოვედი დამძიმებული, რასაკვირველია ნიღაბ-აფარებული, თეატრის შესასვლელთან დადგმულ დანადგარზე ლამაზ შხეფებად წამოსული ჭავლით (იმ საღამოს მხოლოდ ამან მომცა ხელოვნებასთან შეხების შესაძლებლობა) ხელები დავიბანე, გავწიე რუსთაველის პროსპექტზე და გზად ვღიღინებდი:

„სულ არ გესმიის ჩემი წერა-კითხვებიიი..

ვის შევჩივლო - რუსთაველი მკვდარია!“

ღამე კოშმარი მესიზმრა: ჩემი ტანსაცმელი დაანაკუწეს და თეატრში პიჟამოს ამარა მივდიოდი, მერე ჩამსვეს თბილი რძის აბაზანაში და ასაკთან ერთად ჭკუაც მომაკლდა - დავრჩი სიმწრით მოპოვებული გამოცდილების გარეშე, გაუნათლებელი. აბაზანაში აბრეშუმის ხალათი შემაგება ერთმა მოყვარულმა კრიტიკოსმა ფირენ-ხათუნ კოჭლამაზიშვილმა, ფაქიზად შემაშრო რძე და წავედი სპექტაკლზე „არაფერი ჩვენ შესახებ უჩვენოდ“, დავწერე „კარგი“ რამეები და ბოლოს, თავისუფლების მოედანზე ჩემი პიჟამოიანი თაბშირის ძეგლიც დადგეს. მერე მოვიდა „ვიღაც“, ჩაქუჩი დაარტყა ძეგლს და ჩემი სხეული ნაკუწებად გაიფანტა. ჩემმა სულმა დამტოვა და მე ვყვიროდი: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“.

როცა გამოვფხიზლდი ერთი ლიტრი რძე ჩავცალე სტომაქში - „Молоко за вредность“ და მინდა გითხრათ, ამ საბჭოურმა ფანდმა მიშველა!

 

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий