вторник, 7 декабря 2021 г.

„მოჩვენებები“, მოჩვენებანის გარეშე ანუ ორი ოსვალდი ერთ სპექტაკლში

 

მანანა ტურიაშვილი



თბილისის თავისუფალ თეატრში, რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებანი“ დადგა.



მოქმედნი პირნი და შემსრულებელნი: ფრუ ალვინგი - ანი იმნაძე, ოსვალდ ალვინგი - გივიკო ბარათაშვილი, პასტორი მანდერსი - აჩიკო ბარათაშვილი, იაკობ ენსტრეგანი - სლავა ნათენაძე, რეგინა ენსტრეგანი - ვიქტორია ბოკერია.

პიესაში იბსენს უწერია, რომ გარყვნილ მამას დროსტარება უყვარდა, სწორედ ასე შეეყარა დაავადება, რომელსაც იბსენის ეპოქაში ვერ კურნავდნენ; პასტორს შენიღბული სიცრუე და ადამიანთა ფსიქიკაში წვდომის უუნარობით ჩადენილი შეცდომები სდევდა მუდამ და ბურუსში ცხოვრობდა; დედა იბრძოდა, მაგრამ ვერ მოერია საზოგადოებრივ აზრს, სიცრუე აირჩია და იდეებს გულში იკლავდა; რეგინას დედა - იოჰანა კაპიტანმა გააბახა, სოციალური უთანასწორობის მსხვერპლი გახდა და ტყუილში გალია ცხოვრება; თვით რეგინას, ორი ღერი ფრანგულით, ახალი ცხოვრების დაწყება უნდა, მაგრამ ხელჩაქნეული, დედის „გაუმჯობესებულ“ მემკვიდრედ გადაიქცა; ერთ დროს მეზღვაურების მიერ საეჭვო ყოფაქცევის დაწესებულების კიბეებიდან დაგორებული დაკოჭლებული დურგალი ენსტრეგანი ყველა გზას იყენებს, მიზანს აღწევს და მისთვის სარგებლიანი ცხოვრების გზას დაადგება, მას არც ტყუილში ცხოვრება აწუხებს და ამის გამო არც სინდისი ქენჯნის. ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში პერსონაჟებმა (ენსტრეგანის გამოკლებით) თავისი მიზანი, თუგინდ ამოცანა დაარქვით ვერ განახორციელეს, ისინი, სხვის თუ თავის მიერ დაგებულ ხაფანგში ებმებიან და პასუხს აგებენ საკუთარ თუ სხვის ჩადენილ დანაშაულზე. ოჯახს გარიდებული, დედის ალერსს მოკლებული ოსვალდი მსხვერპლია, რომელსაც არც გაჩენა უთხოვია ვინმესთვის და არც ტყუილში ცხოვრება.

იბსენოლოგები წერენ: ნორვეგიელ მწერალს უყვარს სიმბოლიკა. „მოჩვენებები“ მოქმედ გმირთა ცრუ ცხოვრების სიმბოლოა. პიესაში ცოცხლები და მიცვალებულებულნიც სიცრუეზე აგებდნენ თავის თუ სხვის ცხოვრებას. აქ ყველა მოჩვენებაა, ოსვალდისა და რეგინას გარდა - პიესის ეს ახალგაზრდა თაობა მსხვერპლია. ოსვალდის ცხოვრება ტვინის დარბილებით მთავრდება და ცოცხალი მიცვალებული ხდება, რომელსაც ალბათ დედა გაუკეთებს მორფს და სამუდამოდ დააძინებს. რეგინა გაურბის პრობლემებს და ახალ ცხოვრებას იწყებს. ამ პერსონაჟებში მთავარი გმირი ფრუ ალვინგია, რომელიც თავიდან მოჩვენებაა, პიესის ბოლოს კი თავის შეცდომას ხვდება.

მოჩვენებანი სხვადასხვა სახით ევლინება ფრუ ალვინგს,  ნაწარმოების პროგრესულად მოაზროვნე  გმირს: 

როცა ფრუ ალვინგი ოსვალდსა და რეგინას ეროტიკულ ხმებს გაიგონებს და ახსენდება ქმრისა და რეგინას დედის - იოჰანას ღლაბუცი ვერანდაზე და მათ იმ ქვეყნიდან მოსულებს ეძახის; 

როცა ფრუ ალვინგი თავის თავს მხდალს უწოდებს, ვინაიდან ის მამის გარყვნილებაზე შვილს ვერ უყვება და ლაჩრობის  მიზეზს ხსნის თავის თავში ჩაბუდებულ დრომოჭმული ფასეულობებით, რომლებსაც მოჩვენებებს ადარებს;

როცა კვლავ იხსენებს რეგინასა და ოსვალდის ღლაბუცს და ამბობს, რომ ჩვენში ზის არა მარტო მშობლებისგან მიღებული მემკვიდრეობა, არამედ ძველი, დრომოჭმული ცნებები, რწმენები;

როცა ფრუ ალვინგი მოჩვენებების თემას ავითარებს, ანზოგადებს და უკავშირებს მთელ ქვეყანას „ზღვის სილასავით უთვალავია „ჩვენ კი საბრალო ლაჩრებს, ასე გვეშინია სინათლის!..“;

როცა ფრუ ალვინგი ამბობს, რომ ის ებრძვის როგორც შინაგან ასევე გარეგან მოჩვენებებს;

როცა ოსვალდისთვის მამა ხდება ცრურწმენის შედეგი - უცნობი ადამიანი, მოჩვენება. ანუ პიესაში აჩდილების თემა კონკრეტული მაგალითიდან იწყება და განზოგადებას აღწევს.

რა რჩება მაყურებელს, როცა მთვარდება თავისუფალი თეატრის სპექტაკლი „მოჩვენებები“ ან, როცა გადის დრო: 1. ნახევრად შიშველი ოსვალდის გამოსვლა აივანზე და უკვე უუნარო მხატვრის ღვინით „მოხატული“ ტილო; 2. პერსონაჟთა მიერ შიშველი ოსვალდის ჩაცმულად აღქმა; 3. ჯვარზე გაკრული ოსვალდი; 5. ფრუ ალვინგის განწირული თვალები ინცესტზე; 4. მაგიდაზე გადაწოლილი ოსვალდი და ოვალური სარკის დაშვება, რომელიც ჭყლეტს მას; 5. ამოყირავებულ სარკეზე მინიატურული თავშესაფრის დაწვა;  6. მეორე მოქმედებაში ოსვალდის ეგზოტიკური სამოსი და მისი ბრჭყვიალა საყურე და ბეჭდები; 7. ოსვალდის მოკუნტული სხეული და მორფის შპრიცი ფრუ ალვინგის ხელში; 8. ფინალი - ფრუ ალვინგი ოსვალდს სცენიდან მიათრევს.

რა არ რჩება მაყურებელს: 1. სპექტაკლის პირველი მოქმედება, მისი გაუწონასწორებელი რიტმის მიზეზით (არ შემდგარი, უამოცანო დიალოგები: რეგინა-ენგრსტანი, პასტორი-ფრუ ალვინგი, ოსვალდის უმოტივაციო ურთიერთობა დანარჩენ პერონაჟებთან); 2. უმოტივაციო ტექსტები ჯვარცმასთან; 3. და-ძმის (რეგინა-ოსვალდი) ინცესტის არაბუნებრივი სცენა; 4. მეორე მოქმედების ზოგიერთი გაწელილი ეპიზოდი, გამოწვეული შინაგან ქმედებათა და სულიერი ძვრების არ ქონით ანუ დიალოგებს აკლდა შეთხზვა და მერე ამ შეთხზულის იმპროვიზაციული გათამაშება (სპექტაკლის აქილევსის ქუსლი).

ალოგიკური სცენები: 1. თუ ოსვალდი ამდენს სვამს - თითქმის შეუწყვეტლივ, მომეჩვენა, რომ ის ხან მთვრალია და ხან არა; 2. თუ და-ძმას შორის ინცესტია და ამას ამჩნევენ პასტორი და დედა, მაშ ასე ინტელექტუალურად რაღას მსჯელობენ ფარისევლობაზე, ტყუილზე და თავისუფლებაზე და რატომ არის რეგინა „გამოუცდელი ქალიშვილი“ ანუ რა დროს ლაპარაკია? 3. რატომ არა აქვთ რეაქცია პერსონაჟებს ოსვალდისა და ფრუ ალვინგის მაგიდაზე აწყობილ ფეხებზე? რატომ ვერ ხედავენ პერსონაჟები ოსვალდის სიშიშვლეს და მის საყურეს?

ძალიან უცნაური დრამატურგია ჰენრიკ იბსენი, თუ დასადგმელად ან საკვლევად ხელი მოკიდე გასაქანს არ გაძლევს, თავის მარწუხებში გაგცევს. მის ლოგიკას თუ გადაუხვიე, ხაფანგში გამწყვდევს და მცირედი უზუსტობის გამო შეიძლება მოგკლას კიდეც. მაგრამ თუ წვრილმანებამდე დაამუშავე, რელიეფშიც დახედე პიესას, მეცნიერთა მსგავსად მისი ეპოქაც შეისწავლე, იქ კიერკეგორი თუ ნიცშე „გადაიკითხე“ ხელმეორედ, ოსვალდის დაავადების ისტორიაც თუ გამოიძიე და თუ მხატვრის ინტუიციამაც ხელი შეგიწყო, მაშინ შეიძლება სიახლე შეიტანო პიესის ინტერპრეტაციაში და ვინც გინდა ის გადააქციო მთავარ მოქმედ გმირად - გინდ ფრუ ალვინგი და გინდ ოსვალდი. 

პიესისგან განსხვავებით, საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში მთავარი გმირი ოსვალდია, მამის გარყვნილებით გამოწვეული მემკვიდრეობით მიღებული დაავადებით, რომელიც არა პროგნოზირებადი დროის მონაკვეთში მის გონებრივ ლიკვიდაციას იწვევს და საზოგადოებაში დაბრუნების ყველა გზას უჭრის. ოსვალდი იმ ახალგაზრდა თაობის სიმბოლოა, რომელიც ძველი თაობის დრომოჭმულ „ღირებულებებს“ ეწირება ანუ დრო ჩერდება და წინ აღარ მიდის - წინ ხრამია და თაობათა ჩანაცვლების ბუნებრივი პროცესი წყდება.

წარმოდგენის მთავარი გმირი, ნახევრად შიშველი შემოდის სცენაზე. ის ეგზალტირებულ ცეკვას ცდილობს, ხელში შემჩნეული ღვინის ბოთლით ხვდები, რომ გულს იქარვებს და სიკვდილის მოახლოების დავიწყებას ცდილობს. ამ მონაკვეთში, ტილოზე ღვინის შესხურებით „ხატვის“ დროს, მსახიობი ვერ ძლევს ამოცანას, გახდეს სპექტაკლის კამერტონი - აბუნტებული ახალგაზრდა თაობის ემოცია სადღაც ქრება და სცენაზე ადგილს ჰპოვებს პლაკატურობით გამოწვეული სიცარიელე. ეს ეპიზოდი თუ ჩავარდა, ძნელია შემდეგი სცენების სულის ჩაბერვა და გაცოცხლება. წარმოდგენის პირველ ნაწილში ოსვალდი მხოლოდ თეთრი ტრუსებით გვევლინება და მომეჩვენა, რეჟისორს საშუალება, რომ ჰქონოდა ანუ მსახიობს ნება, რომ მიეცა დედიშობილას დატოვებდა, მაგრამ „სიშიშვლის“ ეფქტს მაინც აღწევს ის, თუმცა დასაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ასეთ კონსერვატულ გარემოში, თანაც თავშესაფრის გახსნის საზეიმო ფუსფუსში, როგორ ვერ აფასებენ იბსენის პერსონაჟები ოსვალდის სიშიშივლეს, რატომ არ არიგებენ ჭკუას, რომ ასეთი სახით საზოგადოებაში გამოცხადება სულიერი აშლილობის ნიშანია ან/და ნუდიზმით გატაცებული ადამიანის შოკის მომგვრელი პროტესტი ჩაცმულთა მიმართ.

წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ხვდები, რომ ოსვალდის სიშიშვლე გათვალისწინებულია მაყურებლისთვის, მაგრამ ის მიზანს ვერ აღწევს და რატომ, იმიტომ რომ სპექტაკლი იწყება შედეგით - ის უკვე მსხვერპლია, მაგრამ რატომ, ეს ჯერ არ ვიცით და ეს შედეგი მთელი პირველი მოქმედება გამუდმებით გიკაკუნებთ. თუ მაყურებელმა ინფორმაცია მიიღო, მაშ რაღას იმეორებ და იმეორებ თითქმის ერთი საათის მანძილზე. სწორედ ეს ხდის სპექტაკლს მოსაწყენს. ასევე, ოსვალდი გამუდმებით სვამს ალკოჰოლს, მაგრამ ხან მთვრალია და ხან არა, მაშ რაღად უნდა ეს ბოთლი ოსვალდს, თუ არა სცენაზე „დასაყრდენის“ მოსაძიებლად, როცა ფიზიკურად შიშველი კი ხარ, მაგრამ შინაგან გაშიშვლებას ვერ მიაღწიე, რატომ? იმიტომ რომ სამოქმედო ამოცანა ბუნდოვანი გაქვს და ამასთან, ამ პროცესს ძალიან ძლიერი სამსახიობო ოსტატობა სჭირდება.

ამიტომ უჭირს და ძალიან უჭირს პირველ მოქმედებას, პასტორის როლის შემსრულებლის მცდელობის მიუხედავად, მაინც ყველა დაბნეულია, არადა იბსენის სვლები თუ წამების მიხედვით არ გათვალე, შედეგს ვერ მიაღწევ. ამის დასტურია, პირველ მოქმედებაში ფრუ ალვინგის სახეზე აღბეჭდილი ღიმილი და ღიმილი, რომელიც მეორდებოდა. აღზრდილი მასპინძლის როლის სათამაშოდ, მხოლოდ ღიმილი არ კმარა! ეს ღიმილი ხშირად მიანიშნებს იმას, რომ მსახიომა არ იცის რა უნდა გააკეთოს - ან თავის თავზე არ იმუშავა, ან რეჟისორმა ვერ მისცა ზუსტი ამოცანა, ან ჰქონდა ამოცანა და ვერ შეასრულა. ეს „ვერ შესრულება“ მაყურებელმა არ უნდა დაინახოს და არც უნდა იგრძნოს ნიუანსებში აღბეჭდილი სიცარიელე, რაც ამ სპექტაკლში შეიმჩნეოდა.

რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლის საინტერესო ჩანაფიქრი: ჩემი აზრით, სპექტაკლში ჩვენ ორ პარალელურ წარმოდგენას ვხედავთ, ორი ოსვალდით: ერთი, თითქოს მისდევს იბსენს და მეორე, თანამედროვე ოსვალდი, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ძალადობისა და ტრამვების მსხვერპლი ხდება. მეორე ოსვალდს „კითხულობს“ მაყურებელი და არა იბსენის ტრადიციული პერსონაჟები, რომლებიც ახალგაზრდა მამაკაცის დრამის ჩამოყალიბებაში ეხმარებიან. მის ბრჭყვიალა საყურეს ვაფასებთ ჩვენ და არა პერსონაჟები და გრჩება შთაბეჭდილება, რომ მეორე ოსვალდი არის თანამედროვე ახალგაზრდა, რომელიც გადის ტანჯვის გზას, ხდება ჯერ მარტოსული და მერე ინვალიდი, დარჩენილი ერთადერთი ადამიანის - დედის ანაბარა, რომელიც მის გადარჩენას, მისავე სიკვდილში ხედავს. აი, აქ კი აქვს არჩევანი ფრუ ალვინგს, რომელიც ამ სცენაში ტრაგიკული დედის ზოგადი  სახე ხდება: მოკლას შვილი თუ მისი სიკვდილის პროცესს უყუროს, რაც სცენური თვალსაზრისით საინტერესო სანახავია.

რაც შეეხება ჯვარცმას, რომელიც სრულიად ზედმეტია ამ სპექტაკლში, ვინაიდან მას ლოგიკური დატვირთვა არ აქვს. სპექტაკლი არ განზოგადდა, ის დარჩა კონრეტული ოჯახის პრობლემად, არადა პიესაში ასე არ არის - იბსენთან ყველაფერი კონკრეტულია, რეალური და თანდათანობით ხდება მისი განზოგადება - ცრუ ცხოვრება, აჩრდილები გროვდებიან, წრე ფართოვდება და ბოლოს სიცრუის პრობლემა ქვეყნის მასშტაბით განიხილება. რას მაძლევს ჯვარცმის თემა, რომ ოსვალდი ეწამება, როგორც იესო, რომელმაც ადამიანთა ცოდვები იტვირთა? ეს ასე არ არის. ასლამაზიშვილს განზოგადება რომ მოეხდინა, მაშინ კიდევ დავიჯერებდი, მაგრამ ეს „ნაგულისხმევი“ განზოგადება მიზანს ვერ აღწევს, ვინაიდან ასლამაზიშვილის ოსვალდი ვერ გახდა თაობის სახე, რომელიც მშობელთა ცოდვების გამო შრომის უუნარო ხდება და ბოლოს, სულისშემხუთველ გარემოში იღუპება. თქვენ იტყვით და სარკემ რაღა ქნაო? არც იმდენი რამ, უბრალოდ, მრგვალმა სარკემ მარტივად გადაწყვიტა ტექნიკური ამოცანა, მისი უპრობლემო ამოტრიალებით და ზედ აალებული თავშესაფრის მაკეტით, ეფექტური სცენა გამოჩნდა, რაც „თავშესაფრის დაწვის“ მშვენიერი გადაწყვეტილება იყო და მეტი არაფერი.

რა აკლია სპექტაკლს? მთლიანობა, სუმბუქე და იუმორი - წარმოდგენის ეს კრიტრიუმები, ჩემი გამოგონილი არ არის!


Комментариев нет:

Отправить комментарий