განუმეორებელი შალვა გაწერილია
ავტორი
მანანა ტურიაშვილი
"სანამ ცოცხალია
ის მსახიობი, რომელიც შენს სპექტაკლში თამაშობდა; სანამ იმ პროჟექტორში ის ნათურა ანთია, სანამ ცოცხალია ის მაყურებელი, რომელმაც შენი სპექტაკლი ნახა - მანამ შენი ხელოვნება არსებობს“.
რეჟისორ შალვა გაწერელიას თეატრალურ ინსტიტუტში, სარეპეტიციო აუდიტორიაში შევხვდით, როცა არაჩვეულებრივი
პედაგოგი პირველი კურსის სტუდენტებთან საკურსო სპექტაკლზე მუშაობდა. მას უკვე დატოვებული ჰქონდა მოზარდმაყურებელთა თეატრი, სადაც მან ამ თეატრის „ოქროს ხანა“ შექმნა. დღეს, ბატონ შალვას სტუდენტებს, ყველა თეატრში გამოარჩევთ — თავიანთი პროფესიონალიზმით, თავდადებით და სცენური სიტყვის გააზრებით. ჩვენ გვინდა მკითხველს შევთავაზოთ ერთი გამოუქვეყნებელი
ინტერვიუ, რომელიც 1999 წლის ზამთრის პირას შედგა, სადაც ცხადად ჩანს მისი მოქნილი აზროვნება, გონიერება და ჭეშმარიტი ხელოვანისთვის დამახასითებელი უკომპრომისობა.
—ბატონო შალვა, თქვენ თეატრში აღარ მუშაობთ, მაგრამ მე მგონია, რომ ამ აუდიტორიაში თქვენი თეატრი იპოვეთ. მცირე დარბაზი, სცენა, რეკვიზიტი, აქ ყველაფერია. ესე იგი, სადაც მიდიხართ, იქ თქვენ თეატრს ქმნით?
—საერთოდ, თეატრი ისეთივე შემოქმედებაა, როგორც ხელოვნების სხვა დარგი. როგორც პოეტს არ შეუძლია არ დაწეროს ლექსი, მუსიკოსმა მუსიკა, მხატვრმა სურათი, ისე რეჟისორს არ შეუძლია იაზროვნოს მოქმედების გარეშე. თეატრი მოქმედებაა. თეატრით დაავადება ესთეტიკურ ტკბობაში მდგომარეობს. ეს გრძნობა კი, განსაკუთრებით რეპეტიციების პროცესში, ესე იგი შრომის დროს ჩნდება — ამ დროს გრძნობ სულიერ და ფიზიკურ სრულყოფილებას და ამით ტკბობას იღებ. როცა რაღაცას ქმნი, როცა გარკვეული მიზნისკენ მიისწრაფი, აი, მაშინ ტკბობას განიცდი და უმთავრესი, აქვე მინდა გითხრათ: რეჟისურა მსოფლმხედველობაა, სამყაროს აღქმაა. როგორ აღიქვამ სამყაროს, რა შეხედულებები გაქვს — ესაა შენი ესთეტიკა, შენი ზნე. როცა ყოველივე ამას თავს მოუყრი, იწყება განაღდება ისეთი გენიალური შემოქმედის საშუალებით, როგორცაა მსახიობი. ამ პროცესში არის წუთები, როცა შენი ჩანაფიქრის ხორცშესხმას აღწევ, ეს კი უდიდეს სიამოვნებას განიჭებს. ამ ტკბობას ვერ მოშორდები. არა მგონია, ბუნებაში არსებობდეს რეჟისორი, რომელსაც უთხრან: მიდი, რეპეტიციის გარეშე ან თუნდაც ერთი რეპეტიციით დადგი სპექტაკლი! ის არ დათანხმდება. რეპეტიცია — შემოქმედებითი პროცესია.
—ბატონო შალვა, რა ხდება რეჟისორში, როცა ის ამა თუ იმ ეპიზოდს ამუშავებს, თეატრალური შემოქმედების რა პროცესთან გვაქვს საქმე და რას გრძნობს ის, როცა თავის სპექტაკლს უყურებს?
—სხვა რეჟისორების არ ვიცი, ჩემთან კი ორი მომენტი ფიგურირებს: როცა მე ვდგამ სპექტაკლს, სიამოვნებას, ტკბობას განვიცდი. რეპეტიციებზე კი ჩემი ქვეცნობიერი მუშაობს. აი, სპექტაკლს რომ ვუყურებ, ერთსა და იმავე დროს სირცხვილისა და სიხარულის გრძნობა მიპყრობს. მრცხვენია იმიტომ, რომ სულ მგონია რაღაცა ისე არა გავაკეთე და ამდენი ხალხი ტყუილად მოვიყვანე, დავსვი და ვაყურებინე. განუწყვეტლივ ვფიქრობ: რატომ, რისთვის? ამიტომ ჩემს სპექტაკლებს არ ვუყურებ.
სპექტაკლის დადგმისას, ჩვენ- რეჟისორები, მსახიობები და სხვანი და სხვანი ვქმნით რაღაცა განსაკუთრებულს, მნიშვნელოვანს. აი, ეს ორი შეგრძნება მაქვს. ეს საკმაოდ ბანალურია და მარტივიც.
—ბატონო შალვა, მოზარდმაყურებლთა თეატრში დადგმული თქვენი არაჩვეულებრივი სპექტაკლები გაქრა, ის უკვე ისტორიაა და რას გრძნობს ადამიანი, როცა რაღაც იყო და აღარ არის?
—ასეთია ცხოვრება, ყველაფერი იბადება, ვითარდება და კვდება. იმ თეატრმა, სადაც მე ვმუშაობდი, სადაც ჩემი შეხედულებები, ჩემი ასე ვთქვათ, ესთეტიკა მკვიდრდებოდა, დრო მოჭამა, გაქრა და წავიდა. ახლა რას ვგრძნობ? მხოლოდ სინანულს, თუმც მე ასეთ დასასრულს ველოდი. არაფერია უკვდავი, მითუმეტეს ჩვენი საქმე, რომელიც გარკვეულ პერიოდში მოქმედებს, სანამ ცოცხალია ის მსახიობი, რომელიც შენს სპექტაკლში თამაშობდა; სანამ იმ პროჟექტორში ის ნათურა ანთია, სანამ ცოცხალია ის მაყურებელი, რომელმაც შენი სპექტაკლი ნახა- მანამ შენი ხელოვნება არსებობს. თეატრი ხომ იქმნება გარკვეული ქალაქისთვის, გარკვეული მაყურებლისათვის- მათ თავისი წესები, თავისი ვნებები აქვთ. ეს მაყურებელი ხომ იზრდება, ბერდება და კვდება, მოდის ახალი მაყურებელი და მასთან ერთად ახალი თეატრი მკვიდრდება. თაობათა ცვლის შემდეგ თეატრი მხოლოდ ისტორიაა. ჩემი თეატრი წავიდა, აღარ არის და რა თქმა უნდა, ამის გამო სევდა მიპყრობს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ სანამ ცოცხალია ის მსახიობი, რომელიც შენს სპექტაკლში თამაშობდა; სანამ იმ პროჟექტორში ის ნათურა ანთია, სანამ ცოცხალია ის მაყურებელი, რომელმაც შენი სპექტაკლი ნახა-მანამ შენი ხელოვნება არსებობს.თეატრალური ინსტიტუტის ამ აუდიტორიაშიც ჩემი თეატრია და ჩემთვის უფრო საინტერესო თეატრი, ვინაიდან აქ მყავს ის ხალხი, რომელიც ჯერჯერობით მომყვება. მათ სურთ ეზიარონ თამაშის იმ ხერხებს, რომელიც მე მგონია, რომ ქართულ თეატრში უნდა დამკვიდრდეს. ესენი ხომ ახლა იწყებენ და მეც მათთან ერთად ვიწყებ.
— ბატონო შალვა, თქვენ ახსენეთ ხერხები, რომელთა დამკვიდრებაც გსურთ ქართულ თეატრში. იქნებ მითხრათ: კონკრეტულად რისი დეფიციტია ქართულ თეატრში? თქვენ „რეჟისორული“ სპექტაკლები გქონდათ, მაგრამ იქ მაღალი დონის სამსახიობო ხელოვნებაც იგულისხმებოდა.
- მეჩვენება, რომ ქართულ თეატრში მსახიობის, როგორც პირველადი ფენომენის როლი, ცოტა შეურაცხყოფილია, უგულებეყოფილია. ეს ტოტალური რეჟისურის გააქტიურების გამო მოხდა.სპექტაკლში შემოიჭრნენ და დიდი უფლებები მოიპოვეს ხელოვნების სხვადასხვს დარგების კომპონენტებმა, რომლებიც თავისთავად უნდა არსებობდნენ, მაგრამ თეატრალურ ხელოვნებაში ასე აქტიურად არ უნდა შემოიჭრნენ. ამ პროცესმა დაჩრდილა უმთავრესი-მსახიობი. თეატრში თითო-ოროლა მსახიობს ნახავთ, რომელსაც ლიდერის პოზიცია უკავია. ჭეშმარიტი არტისტი ხომ გმირშია ჩამძვრალი- სპექტაკლის ხანგრძლივობის პერიოდში ის მასში იმყოფება. პერსონაჟი მსახიობს, თავისი ტემპერამენტით, სხეულით, ემოციებით, პლასტიკით მაყურებლამდე მიჰყავს და მას წარუდგენს და წარუდგენს იმ რაკურსით, რომელიც მის მსოფლმხედველობას შეესაბამება — აი, ეს გაქრა თეატრში. ძველად არტისტებს მთელი თეატრი ზურგზე ჰქონდათ წამოკიდებული. დღეს ამ ფუნქციას, რატომღაც რეჟისორი იღებს და მგონია, რომ ეს შეცდომაა, ვინაიდან რეჟისორის ფუნქციის მძლავრობა მსახიობის პასიურობას იწვევს და შესატყვისად, მსახიობი უკვე ზედაპირულად თამაშობს, ზედაპირული თამშით კი- თეატრში საშუალო დონე იქმნება. თეატრი იმით არის გენიალური, რომ აქ იყვნენ ტალანტები, ვარსკვლავები და რა თქმა უნდა, ბევრი უნიჭოც, თუმც ის უნიჭოც ვარსკვლავს ეხმარებოდა. ახლა თეატრში უნიჭოებიც აღარ არიან- ყველა საშუალო დონის მსახიობია. მე მაშინებს და მაწუხებს ეს საშუალო დონე. საშინელებაა, როცა ქვეყანაში მხოლოდ საშუალო დონის პოეტები და მხატვრები არიან და თითქოს პირობა იქმნება იმისა, რომ ვარსკლავები არ ამობრწყინდნენ. ზოგიერთ არტისტს, იქნებ ეს აწყობს კიდეც.
—ბატონო შალვა, რეჟისორის პროფესია, ფსიქოლოგიასაც უკავშირდება — სხვისი შეცნობა, საკუთარი თავის შეცნობა… თუ მეტყვით, ვინ არიან რეჟისორები?
—მე ვახსენე ტოტალური რეჟისურა, რომელიც თავისთავად დესპოტიზმს გულისხმობს და რა თქმა უნდა, თეატრში რეჟისორი დესპოტია. მე როგორი ვარ? ალბათ მეც ასეთი ვარ. ყველა რეჟისორს ჰგონია, რომ მისგან იწყება ყველაფერი, ის ამკვიდრებს ახალს და ამასთან, ის ფიქრობს, რომ მისი აზრი ყველაზე სწორია. სწორედ ამიტომ, არტისტებს რეჟისორებთან კონფლიქტი მობეზრდათ და უთხრეს მას: ჰა, მიდი, რაც გინდა აკეთეო და ჩვენც რაც გვინდა, იმას გავაკეთებთო. მეც ალბათ ამ რეჟისორთა რიცხვს მივეკუთვნები და თუ ეს ამიკრძალეს, სპექტაკლს არ დავდგამ, თუმცა ვგრძნობ, რომ ჩემი ქცევით ვიღაცას ვაზარალებ. მე მგონია, რომ ტოტალური რეჟისურა ღუპავს ყველაფერს. რატომ? იმიტომ რომ არიან დესპოტი რეჟისორები, რომლებიც გენიალურ სპექტაკლებს ქმნიან. მათ ხელს უწყობს ტალანტი, გემოვნება და სხვა და სხვა. ამ რეჟისორების ყველა სვლა გასაგებია, მსახიობს მასთან არ უჭირს და ყველაფერს პატიობს. მაგრამ უბედურებაა, როცა საშუალო და პატარა ნიჭის რეჟისორებიც იმავეს აკეთებენ და როდესაც მსახიობები მათ ემორჩილებიან.- აი, იქ უკვე ზედაპირულობა იქმნება და ალბათ ხვდებით: სად მიგვიყვანს ეს ზედაპირულობა!
Комментариев нет:
Отправить комментарий