მანანა ტურიაშვილი
არა უშავს, დონ სეზარ, თქვენთვის მიჩუქნია ეს ორი საათი!
ამას წინათ, სიზმარი ვნახე, ვითომ
მოზარდმაყურებელთა თეატრში პრემიერაზე დამპატიჟეს. კოვიდ-19-ს არ შევუშინდი და წავედი.
თან დიდი ხანია „დონ სეზარ დე ბაზანის“ ნახვა მინდოდა, სწორედ რომ ჰიუგო-დი(უ)მა(ნუა) ხვთისიაშვილის რეჟისურით. როცა მივდიოდი, ცოტა გული
მწყდებოდა, იმიტომ რომ „რომეო და ჯულიეტას“ რომანტიკულ სცენებს ვუყურებდი და უნდა
შემეწყვიტა, მაგრამ გული მიგრძნობდა, რომ მოზარდმაყურებელთა თეატრში ავხორცი მეფე
კარლოსი დამხვდებოდა და ინტრიგანი დონ ხოზე - ეროტიკულ ქსელებს, რომ ხლართავს და
მაინც არაფერი გამოსდის, იქ ალბათ სექსუალური მარიტანა იმღერებდა ისე, ვითომ
სულთან სულეიმანის ევროპულ ჰარამჰანაშია და „დავგაზე“, რასაკვირველია კოვიდ რეგულაციების
დაცვით.
შევედი მრუმე დარბაზში, რომელიც ხელოვნების ციხეს მაგონებდა, სადაც სულ ცოტაც და კედელში გამოჟონილი წყლის წვეთების ხმას გავიგონებდი. მერე იფის ციხესიმაგრე, დიუმა და გრაფი მონტე კრისტო გამახსენდა, მაგრამ ბოლოს მივხვდი სინათლის ეკონომიას აკეთებდნენ და გულში შევყვირე „ბრავო, ეკონომიას!“ ამ ბინდბუნდში მაინც გავარჩიე უნიღბო მაყურებელი, ეტყობა იცოდნენ რომ ეროტიკული ქალები გამოვიდოდნენ სცენაზე, გვერდიგვერდ ისხდნენ და ემზადებოდნენ, ნეტავ რისთვის?.. თაიგულებიც შევნიშნე. უნიღბო და შეჯგუფული მ-ხველა-რე მაყურებლს ვერიდებოდი და გამოვიცვალე 5 ადგილი, ბოლოს და ბოლოს ლოჟაში მოვკალათდი და ჩამეძინა. ის იყო ძილქუში უნდა დამცემოდა, სირცხვილი უნდა მეჭამა და თავი მომჭროდა თეატრალური საზოგადოების წინაშე, რომ მუსიკალური გაფორმების გაუთავებელმა და უადგილო ბრაგაბრუგმა გამაღვიძა, ჯერ მეგონა ტელეფონში დამრჩა youtube ჩართული და ისევ ვიჭრიდი თავს, მაგრამ როცა თვალი ძლივს გავახილე, პირდაპირ დი(უ)მა(ნუა) ხვთისიაშვილის სპექტაკლს გავუსწორე დაბინდული თვალები, წითელმა ფერმა და მსახიობი ქალის კაბის ურცხვად ამოჭრილმა გულისპირმა ისევ დამაფიქრა ამას წინათ ჩემ მიერ უარყოფილი სამეცნიერო კონფერენციის თემატიკაზე: „მოზარდის სექსუალური აღზრდა“. ლოჟაში წამოგორებულმა მივხვდი, რომ თემა მქონდა, მაგრამ არ მქონდა გასაღები, რითიც ამ არაორდინალური სპექტაკლის კონცეფციის, რეცეფციის, ალუზიის და ილუზიის კარებს გავაღებდი.
მოზარდმაყურებელთა თეატრის „დონ სეზარ დე ბაზანში“ ყველა ქალი თითქმის გახდილი იყო: ფეხებზე ამოჭიმული ეროტიკული კოლგოტკებით და სასირცხო ადგილას ტრიკოთი კარგად შეკრულნი, ძალიან მოშიშვლებული მხრებით - ცოტაც რომ ჩასძვრებოდათ, მოკლედ, იაფასიანი ვარიეტეს, თუ სტრიპტიზბარის, თუ ბორდერის ამბავში იყვნენ (ამის შემდეგ დააკონკრეტეთ წერილობით, რომ გავიგოთ სად ვართ). შე კაი ადამიანო, თუ ქალი ასეთი ჩაცმული დადის, თავისთავად მეფეც მისი მონა იქნება, პირველი მინისტრიც და ჯარისკაციც და რას ერჩი მათ, რა დაგიშავეს, რატომ „გააბანძე“ კარლოსი ან რატომ გააქრე დონ ხოზე? თუმცა, არა! შეიცადეთ, რა გაჭირვება ჰქონდა მეფე კარლოს, რომ ერთი როსკიპის „აყვანა“ ვერ მოეხერხებინა? თუ ასე გინდოდა ეროტიკა, აგეღო უცნობი ავტორის (მე ვწერ უკვე) პიესა „ევროპული ჰარამხანა“ ან „საროსკიპო „ზეფირი“, სადაც ბოლოს ყველა იხდის - ქალიც და კაციც! „დონ სეზანის“ მსახიობ მამაკაცებს მორიდებული, ყანყრატომდე შეკრული კოსტიუმები ჩააცვი, ესაა საქმე? თუ გახდაა, გახდა იყოს! გახადე ქალი და კაციც, ასე არ არის? თუ ჰარამხანაში ვიყავი, მაშინ მუცლის ცეკვა სად იყო და თუ წითელ შუქიან საროსკიპოში, მაშ ქალს რა სექსუალური პრობლემა უნდა ჰქონდა, ასე რომ დაიფასა თავი? ააა, ალბათ გამოსწორება გადაწყვიტა!
ახლა წარმოვიდგინოთ სპექტაკლზე მიდის თინეიჯერი,
კომპიუტერთან შეზრდილი და ვებგვერდ-იუთუბზე ნათარეშები - რით გააკვირვებ? ჰარამხანის
მოცეკვავე ქალებითა და ტანსაცმელში გაკოჭილი მამაკაცებით? ეეჰ, ერთი სიტყვაც რომ ეთქვათ მსახიობებს ერთი ბეწო, სულ პატარა
ამოცანებით და გააზრებული ფრაზებით, მაშინ ხომ ამ სიზმარსაც ვერ ვნახავდი?
ამ ცეკვა-თამაშში, პატიოსანი მუსიკის „ჩაყრა“ რაღად
გინდოდათ, რამე ეროტიკა - ვთქვათ, „ემანუელა“, არა? აჰა, მოძველებულია? მერე რა,
ახალგაზრდობამ ეს არ იცის, გააცანი, რა დაგიშავეს?
მერე თვალი შევავლე სცენაზე მოძრავ რკინის გრძელ მესერებს, ზედა ნაწილზე დამაგრებული ეკლიანი მავთულის ხვეულებით და დავიწყე ფიქრი, ნეტა რამდენი კილო რკინა დაიხარჯა? როგორი მანქანა იქირავეს, ალბათ სატვირთო. ნეტა რამდენი კილოა? ალბათ ტონაზე მეტია! თეატრში „დაასვარკეს“ თუ სახელოსნოში? სულაც მომბეზრდა ეს ანგარიში და მუსიკის უაზრო ბრაგა-ბრუგში ისევ ჩამეძინა: სიზმარში ვნახე თეატრის დარაჯი, რომელიც აკონტროლებდა აგარაკზე ამ რკინის მესერების გადაზიდვის პროცესს. სცენის მუშები „ბალგარკებით“ ისეთი გამაყრუებული სიშლეგით შლიდნენ მესერებს, რომ ისევ გამეღვიძა, ვიღაცა მაჯანჯღარებდა და რას ვხედავ - სტურუას „რიჩარდ მესამის“ ტყავის ლაბადაში, ოღონდ წითელ ფერში გამოწყობილი უნიღბო დონ სეზარი იდგა ჩემს წინ და ესპანურად მეუბნებოდა: „ეს რკინა არ არის, ეს ბუტაფორიაა!“ ესპანური როგორ გავიგე, აღარ იკითხავთ? სპექტაკლიდან ვისწავლე, მსახიობები ქართულ-ესპანურად ლაპარაკობდნენ, ისე, რომ არც ქართული მესმოდა - ჩემი მშობლიური ენა და არც ესპანური, მაგრამ მაინც გავიგე, რატომ? იმიტომ რომ სიზმრის სიზმარში ვიყავი!
მერე დავიწყე ფიქრი რკინის ორ გალიაზე, სადაც დონ სეზარი და მარიტანა ალბათ ქორწინდებიან (ამას მივხვდით „მუნჯი სცენებიდან“, ვინაიდან მსახიობთა ტექსტი არ მესმოდა). წარმოიდგინეთ რას იფიქრებს მოზარდი მაყურებელი - რომ ქორწინებაში მყოფი თუ არ მყოფი ქალი და კაცი გალიაში დამწყვდეულ ჩიტს ჰგავს და ამ გალიას ინტრიგანი დონ ხოზეს მსგავსი ადამიანების განადგურებით დააღწევენ თავს? იფიქრონ, მერე რა! სპექტაკლში ობობას ქსელივით დახლართულ ურთიერთობებში და შიგდაშიგ სცენაზე შემოსული დიდძალი ბოლის გამო, ვერც გალიებს დაიმახსოვრებდნენ. ისე, ცოლ-ქმრული თუ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობები ასე რომ გაინტერებს კაცს, შენც ადექი და იბსენი დადგი ან სტრინდბერგი ან რა ვიცი, „ორესტეა“ მაინც: წარმოიდგინე წითელ ხალიჩაზე გდია ცოლის მიერ დაკლული აგამემნონი და სისხლიანი იარაღით ხელში კლიტემნესტრა - ნახე, ჩემო დი(უ)მა(ნუა) რამდენი სისხლია და წითელი ფერი. მინდა გითხრა, შენი საყვარელი ბოლიც მოუხდებოდა ამ სცენას. მერე ორესტე რომ დაკლავს კლიტემნესტრას, წარმოიდგინე რა სილამაზე იქნებოდა! წითელ ფერთა გამა, გახდილი კლიტემნესტრა საყვარელთან, არა ხომ? ვერ მოგხიბლე! კარგიიიი!
ახლა გეტყვით, მე რა დავიმახსოვრე: თუმცა, არა! ერთი წამით შეიცადეთ, ჯერ ციტრამონი დავლიო! „დონ სეზანის“ ნახვის შემდეგ შაკიკის მწვავე ფორმა დამაცხრა თავს, არც ღამე მძინავს მშვიდად, იმაზე ფიქრით - სად მიფრინავთ, მეგობრებო? ალФავიტის დასაწყისი: ABC, ხომ იცით? როგორ უნდა მიხვიდე A-დან C-მდე B-ს გავლით! ამ B-ს რა უქენით, სად დაიკარგა? მე მგონი A-ზე ფარდა გაიხსნა, B-ზე სპექტაკლი ჩავარდა და C-ზე ფარდა დაიხურა.
P. S. ვერც დიუმანუა გავიგე, ვერც დენერი და ვერც ვიქტორ ჰიუგო! ვერც სპექტაკლის ჟანრი გავიგე და ვერც დეკორაციულ-კოსტიუმერული სიახლე! რჩევა: ასეთი მაყურებლისთვის უნდა გყავდეთ პედაგოგ-აღმზრდელი. ის მეტყვის: „აი, ეს ესაა და ეს კიდევ ეს...“, მე ვეტყვი „ააა, გასაგებია!“
P. S. S. როგორ დამიბრუნებთ იმ ორ საათს, რომელიც პანდემიის დროს და თან არც ისე უსაფრთხო ადგილას დავკარგე? არა უშავს, დონ სეზარ, თქვენთვის მიჩუქნია ეს ორი საათი და პროგრამაში გადახდილი ერთი ლარი!
Комментариев нет:
Отправить комментарий