გოგი ქავთარაძე - რეჟისორი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე |
გოგი ქავთაძეს, უკან
მოხედვის არ უნდა ეშინოდეს (2017)
ავტორი მანანა ტურიაშვილი
ვინ არ იცნობს ბატონ
გოგი ქავთარაძეს, დიდი თუ პატარა, თეატრალი თუ პოლიტიკოსი, უბრალო მუშა თუ მეცნიერი
- თითქმის მთელი საქართველო, ვინაიდან მის მიერ შესრულებული კინოსა თუ თეატრის გმირები,
მაყურებლის ცნობიერებაში სამუდამოდ აღბეჭდილა. მიხეილ კობახიძის ბრწყინვალე ფილმის
„ქორწილიდან“ გადმოსული მისი გმირი, თეთრი თაიგულით ხელში, თითქოს დღესაც თბილისის
ქუჩებში დადის, როგორც დედაქალაქის ძველი უბნების მოსაგონარი, როგორც უკანასკნელი რომანტიკოსის
გაელვება. გოგი ქავთარაძეს, იმედიანს, ისევ და ისევ სიყვარულის ძიების გზაზე მტკიცედ
მოარულს, ყმაწვილობიდან მოყოლებული დღემდე სიკეთის,
სიმშვიდის, გამჭრიახობის და ძლიერი შემოქმედებითი ენერგიით შთაბერილს, ქვეყნის საკეთილდღეოდ
ბევრი შეუქმნია რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში, ბათუმში, ქუთაისში, სოხუმში
და ვინ მოთვლის კიდევ სად არა... ქართული ხელოვნების
ოდისევსის ერთ-ერთი ნავსაყუდელი, რუსთავის დრამატული თეატრი იყო, სადაც ღირსეულად უმოღვაწია,
თავიც დაუდია თეატრისთვის, დასისთვის და ბოლო წლებში თეატრალური საზოგადოების თავჯდომარის
არც თუ იოლ საქმეს, ჩვეული იუმორით, რუდუნებით შესდგომია.
ბატონ გოგი ქავთარაძეს,
თავყრილობებზე, პრემიერებზე, შემოქმედებით საღამოებზე მისი სამოსის შავ-თეთრ ფერთა
გამის ელეგანტური შეთანხმებით, უმალ გამოარჩევთ. ქათქათა პერანგს, მისი სუფთა და კეთილი
ბუნების ნიშანს, იმ თეთრი ქაღალადის ფურცელს მიამსგავსებ, რომელიც შემოქმედებითი მწვერვალების
დაპყრობის გზაზე, კალმის შეხებას ელოდება. წარმატება კი ბევრი ჰქონია გოგი ქავთარაძის
საოცარ, საინტერესოდ გავლილი ცხოვრებას, რომელსაც მოკრძალებული ხასიათის გამო, ასე
გულ და გულ მალავს, მაგრამ თუ თვითმხილველი ხარ მისი მდიდარი შემოქმედებითი ცხოვრების
რაღაც ნაწილის, როგორც მე, თქვენი მონა-მორჩილი, მაშინ ალბათ შეძლებ მკითხველს გააცნო
ის, რაც შენი თვალით გინახავს.
ჯერ გავიხსენებ იმ საოცარ
ადამიანებს, რომლებმაც გულწრფელად მითხრეს სიმართლე იმ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, რასაც XX-XXI საუკუნეების მიჯნა ჰქვია, მაშინ, როცა ბატონი
გოგი რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.
გოგი გეგეჭკორი, მსახიობი:
გოგი არის საქართველოს
ნამდვილი სახალხო არტისტი - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. აბა წარმოიდგინეთ: სოხუმი,
ქუთაისი, ბათუმი, ახლა რუსთავი და თბილისი ხომ თავისთავად... აი, ამდენ ქალაქში, რომ
ადამიანი იმუშავებს, როგორც მსახიობი და როგორც რეჟისორი და თითქმის ყოველ ჯერზე შეკრავს
დაშლის პირას მისულ ახალ კოლექტივს და ააღორძინებს - აი, ასეთი რეჟისორია გოგი! ჰოდა,
მე უაღრესად მიყვარს...
გიგა ლორთქიფანიძე, რეჟისორი: ბატონი გოგი,
ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, იმიტომ რომ მან პირველად ჩემთან აიდგა ფეხი და ბრწყინვალედ
ითამაშა სოსია, ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ
მზეში“. აქედან დაიწყო ჩვენი ძმობა, მეგობრობა და მთელი ცხოვრება შვილივით მყავს. ახლა,
ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო მომეტი დგას გოგის ცხოვრებაში, იმიტომ რომ პირად ტკივილად
მიმაჩნდა რუსთავის თეატრის ბოლო პერიოდის სუსტი მდგომარეობა და ვთხოვე - წადი რუსთავში
სამუშაოდ... მიხარია, რომ დამიჯერა და წავიდა...
გოგი ჯერ ეჭვობდა, ფეხს ითრევდა, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა და უნდა გითხრათ, რომ
2-3 სპექტაკლით, მართლაც საოცრება მოხდა, ქალაქში უკვე აჟიოტაჟია, თეატრი მაყურებლით
სავსეა, გოგის გარშემო იკრიბება ხალხი, ქალაქის ინტელიგენცია, მისი ხელმძღვანელობა.
ჩემთვის ხდება სასიხარულო ამბავი, იმიტომ რომ ერთი მხრივ გოგი, რომ იტყვიან ჩემი პირმშოა
და მეორე მხრივ, რუსთავის თეატრია ჩემი პირმშო და დღეს, რომ ჩემი ამ ორი უსაყვარლესი
მოვლენის - გოგი ქავთარაძის და რუსთავის თეატრის შეჯვარება მოხდა, მე ამისგან ძალიან
დიდ შედეგს ველოდები.
თემურ ჩხეიძე, რეჟისორი: ჩვენ თაობაში, გოგიმ პირველმა შემოიტანა და დანერგა
თავისი მანერა და სტილი - არავინ თამაშობდა ქართულ თეატრში ისე, როგორც ის, მან ითამაშა
კინოში და დატოვა თავისი კვალი... აი, ერთი წუთით თვალი გადავავლოთ მის ნათამაშებ როლებს
- როგორ ახერხებს ეს კაცი, რომ მისი პერსონაჟები ერთმანეთს არ ჰგავს?! როგორ პოულობს
ხასიათის რაღაცა ნიუანს, რომ ყველა ახალ როლში, სრულიად სხვა ადამიანად წარმოჩნდება?
და ამას იმდენად მარტივად და თითქოს უბრალოდ აკეთებს, რომ მუშაობის დროს გაოცებას ვერ
ვფარავდი. ავიღოთ „კუკარაჩა“, თითქოს არაფერია, უყურებ - გოგი ქავთარაძეა, არა? მაგრამ
აბსოლუტურად სხვა კაცია, ის არ არის გოგი ქავთარაძე.
აი, ამას როგორ აღწევს, ეს მარტო მან იცის!
ბატონი თემურის შეფასების
შემდეგ, გამახსენდა ბატონ გოგი ქავთარაძესთან საუბარი, სადაც უფრო მძაფრად გავიაზრე, ერთი ბრძნული მოსაზრება,
რომელსაც ბევრი რეჟისორი დღეს თავს არიდებს:
დღეს დაგვავიწყდა, რომ უნდა გავაოცოთ მაყურებელი. თეატრში
გაოცების ფაქტორი გადავიდა უკანა პლანზე. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ არის
დადგმული სპექტაკლი, რა საინტერესოდ მოიფიქრა რეჟისორმა, როგორ გადაწყვიტა და ჩვენ
დაგვავიწყდა, რომ თეატრში ადამიანები ამბის აღსაქმელად მოდიან... რა განვითარება ხდება
გმირის ხასიათში, ეს არის ყველაზე ძვირფასი. დღეს ხომ ვერავის მოატყუებ - „ვითომ ვიტირე“,
ვითომ განვიცადე“, ეს „ვითომ“ არ უნდა იყოს,
ყველაფერი ნაღდი უნდა იყოს, ნაღდი!
ბატონო გოგი, მე თქვენი
ყველა სპექტაკლი არ მინახავს, მაგრამ მაინტერესებს, საერთოდ თეატრალურ ხელოვნებაში,
სტილი რას ნიშნავს?
რა არის ჩემი სტილი? ჩემი სტილი არის ის, რომ მე არ
უნდა მქონდეს სტილი! ერთი საკუთარი აფორიზმი მაქვს: არ მესმის, როცა მსახიობი ერთნაირად
თამაშობს სხვადასხვა წარმოდგენაში და რეჟისორები ერთნაირად დგამენ სპექტაკლებს - ეს
არის სტილი? მე არ მესმის... მე მგონია, რომ ეს შტამპია!
და საერთოდ, რაც არ უნდა ინტელექტუალური იყოს სპექტაკლი,
თეატრში მთავარია ცოცხალი მსახიობის მიერ ემოციური ზემოქმედება და მიუხედავად იმისა,
რომ არსებობს სხვადასხვა თეატრი - აბსურდის იქნება ეს, თუ ინტელექტუალური, მგონია,
რომ სპექტაკლი უნდა იყოს ემოციური და თუ ის მაყურებელზე ემოციურ ზემოქმედებას არ ახდენს,
ჩემთვის ის წარმოდგენა მკვდარია.
როცა 2001 წელს, გოგი
ქავთარაძემ რუსთავის თეატრში „სიყვარულის თამაში“ დადგა, ის მეოთხედ შეხვდა გურამ ბათიაშვილის
დრამატურგიას. მწერლის პიესებში რეჟისორს იზიდავდა პრობლემის სიმწვავე. ბატონი გოგი
ქავთარაძე პროგრამაში წერდა: „ასე
იყო 1972 წელს, როცა ბათუმის თეატრში ვთამაშობდით პიესას „ოთხი დღე“, 1979 წელს, როცა
ქუთაისში ვდგამდი „ვალს“, 1983 და 1990 წლებში, როცა ჯერ სოხუმის, მერე კი შოთა რუსთაველის
თეატრში ვთამშობდი „შეთქმულებას“.
დღესაც ჩვენი დროის სატკივარმა შეგვყარა. „სიყვარულის
თამაში“, ერთი შეხედვით მეძავებზე დაწერილი პიესაა, სინამდვილეში კი პიესის მოქმედი
პირები ჩვენი მკაცრი, ადამიანის ბედისადმი გულგრილი დროის შვილები არიან. ეს გოგონები ამგვარმა ატმოსფერომ ჩაიყვანა თურქეთის
ერთ პროვინციულ ქალაქში, ამ გარემოებამ ჩააწვინა სხვათა ლოგინებში. ავტორი გულისტკივილით
გვესაუბრება ამ გოგონებზე და გვაგრძნობინებს: მიმოვიხედოთ, როცა ჩვენ-ჩვენი ეგოიზმით,
მომხვეჭელობით, სხვათა ბედს ვამრუდებთ.
„სიყვარულის თამაშის“
პრემიერის დღეს, მაყურებელსაც ვესაუბრე, ვინაიდან თურქეთში წასული ქალების ცხოვრების
გურამ ბათიაშვილისეული ასახვის ანარეკლმა დამაინტერესა.
მაყურებელი ქალი: მომეწონა ქართველთა სატკივარი, ის, რომ თურქეთში ქალები
ყოველთვის თავისი ნებით არ მიდიან და რასაც ისინი აქ, ამ სპექტაკლში ლაპარაკობენ, ძალიან
მძიმე ტვირთად აწევთ მათ და ეს პრობლემა ქართველების ძალიან დიდი სატკივარია. ცოტა
გულდამძიმებული მივდივარ და რატომ, იმიტომ რომ დღევანდელი საქართველოს სახე კარგად გვაჩვენეს, ძალიან მეტკინა გული.
მაყურებელი მამაკაცი: დღეს ქართველი ქალები და არა მარტო ისინი, გაჭირვების
გამო აკეთებენ ისეთი საქმეს, რომელიც შეიძლება მათ ბუნებას არ უნდა. ამ სპექტაკლში
მარტო მეძავების პრობლემა არ არის, აქ იმ ადამიანის პრობლემა დგას, რომელიც აკეთებს
იმას, რაც არ უნდა... მაყურებელს კიდევ ერთხელ დაანახეს დღევანდელი რეალობა: როგორ
ცხოვრობს ხალხი დღეს.
XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე,
საქართველოში კვლავ არეული სიტუაციაა, ახალი ღირებულებები ვერა და ვერ ჩამოყალიბდა,
ქართველები მარტო ლუკმა-პურის შოვნაზე ფიქრობდნენ (თუმც, დღესაც იმავე სიტუაციაა) და
საიდან, როგორ მოეპოვებინათ სარჩო-საბადებელი, არავინ იცოდა. იმხანად, თურქეთში სამუშაოდ
წასული ქალების პრობლემაზე ბევრს საუბრობდნენ, ამიტომ იყო რუსთავის თეატრის ამ სპექტაკლში
დასმული პრობლემა მაყურებლისთვის ახლობელი, თუმც მსახიობებისთვისაც არ იყო უცხო და
მათ გულთან ახლოს მიიტანეს:
ბუბა გოგორიშვილი, მსახიობი: გაჭირვების გამო, ყველაფერი არ უნდა გააკეთო. რაღაცები
ჩემი სატკივარიც იყო - აღარ გვაინტერესებს
ეს გამოსვლები და პოლიტიკა, როდემდე შეიძლება ასე ვიყოთ, გვეყო, არ შეიძლება, ეს მეტისმეტია!
მოდით ან დაგვამშვიდონ და მოგვცენ იმის საშუალება, რომ ვიცხოვროთ, ან საერთოდ ნუ ილაპარაკებენ.
ეს სპექტაკლი, პრინციპში ხალხის გაჭირვებაზეა.
ნინო მესხი, მსახიობი: აი, დღეს ტელევიზიითაც ვხედავთ, რომ ერთი ლარის გულისთვის
12-13 წლის ბავშვები მეძავეობის გზას დადგნენ და სამწუხაროა, რომ ჩვენი თაობის, ახალგაზრობის
ნაწილი ასეთ დღეშია. მაშინ, როცა უმცროს თაობას, ამ ცხოვრების სიკეთე უნდა ეგემა, მათ
ვერ მიიღეს და ეს ძალიან დიდი ტკივილია, ეს ერის უბდურებაა და თუ ჩვენი თამაშით, რეჟისორის
დიდი დამსახურებით, ავტორის ტკივილი წარმოვაჩინეთ და ვიღაცას სევდა, თანაგრძნობა გაუჩნდა,
ეს ალბათ ჩვენი დამსახურებაც არის და უმთავრესად რეჟისორისა და დრამატურგის.
რუსთავის თეატრში გოგი
ქავთარაძემ, როგორც მსახიობმა საინტერესო და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეჟისორ დავით
კობახიძის სპექტაკლში „ურემი გადაბრუნდა“, რომელიც ოტია იოსელიანის ნაწარმობების მიხედვით
შეიქმნა. თეატრმა წარმოდგენა სერგო ზაქარიაძის ხსოვნას მიუძღვნა. სპექტაკლში, რუსთავის
თეატრის დასის სხვადასხვა თაობის მსახიობები მონაწილეობდნენ, მაგრამ ბატონ გოგისთან პარტნიორობა, ყველაზე სათუთი, მისი
ყოფილი სტუდენტებისათვის იყო. მთელი სპექტაკლის განმავლობაში, მსახიობ გოგი ქავთარაძის
დაუცხრომელი ენერგია და ძალა მომნუსხველად მოქმედებდა პარტნიორებზე და მაყურებელზე,
რომელიც მას ტალღასავით მიჰყვებოდა. იმ პერიოდის საზოგადოების გულგატეხილობის, ერთგვარი
დაბნეულობის საპასუხოდ, რუსთავის თეატრმა საზოგადოების წინაშე ვალი მოიხადა.
გოგი ქავთარაძე: სერვანტეს აქვს ერთ-ერთი არაჩვეულებრივი გამოთქმა:
მთავარი ის კი არ არის მოიგებ თუ არა ბრძოლას, არამედ, როცა წაიქცევი, ადექი და კიდევ
იბრძოლე!.. და ნახეთ სპექტაკლში აგაბო რამდენჯერმე წამოიწყებს რაღაც საქმეს და მარცხდება,
მაგრამ არ ნებდება, იმიტომ რომ ადამიანის უმთავრესი მოვალეობაა თავისი იდეისთვის ბრძოლაა
და ჩვენთვის, მთავარი ეს იყო.
ბატონო გოგი, თქვენთვის
რით იყო საინტერესო ამ როლზე მუშაობა?
გოგი ქავთარაძე: ყველაფერზე ტირილი არ არის აუცილებელი, სანამ შეგიძლია,
უნდა იბრძოლო, მაგრამ მე, როგორც მოქალაქეს, მაინც მაწუხებს ხალხში დასადგურებული გულგატეხილობა,
პესიმიზმი, ვინაიდან მიმაჩნია, რომ სანამ ცოცხალი ხარ, სანამ სიკეთის კეთება შეგიძლია, უნდა აკეთო - არ არის
აუცილებელი ხვალ ამისთვის დაფნის გვირგვინი დაგადგან, მაგრამ რაც შენზეა დამოკიდებული,
რაც შეგიძლია, ეს უნდა აკეთო.
ბატონო გოგი, დარბაზში
ახალგაზრდები იყვნენ, სპექტაკლის დაწყებამდე ხმაურობდნენ, მაგრამ როგორც კი შუქი ჩაქრა
და წარმოდგენა დაიწყო, ხმაური შეწყდა და ისინი სულგანაბული უყურებდნენ, ესე იგი, მაყურებელთან
დიალოგი შედგა, მათ თქვენი პერსონაჟის ამბავი გულთან ახლოს მიიტანეს... რეჟისორისა
და მსახიობის პროფესიას, რეპეტიციებზე როგორ უთანხმებთ ერთმანეთს?
გოგი ქავთარაძე: მიხარია, რომ სპექტაკლს მაყურებელი მიჰყვება. მე მორჩილი
მსახიობი ვარ, როცა ვმუშაობ, ჩემი პროფესია - რეჟისორობა მავიწყდება და მთლიანად წარმოდგენის რეჟისორს ვემორჩილები.
ბატონო დავით, მთავარი
მოქმედი გმირი არის ბატონი გოგი ქავთარაძე და სცენაც სავსეა მისი ენერგიით, როგორია
ბატონი გოგი მუშაობის დროს?
დავით კობახიძე, რეჟისორი: როცა სხვა რეჟისორთან მუშაობს, თვინიერი და ყურადღებიანია.
უაღრესად თბილი მსახიობია, უზღვავი ენერგია აქვს და ძალიან ბუნებრივია. ოღონდ მოიფიქრე
და იმ წუთშივე აკეთებს, მუშაობის დროს, ძალიან მოქნილი მსახიობია.
ბატონო დავით, ბატონი
გოგი, რეჟისორიც ბრძანდება, არ ერეოდა თქვენ რეჟისურაში?
თუ დამიჯერებთ, არა! მუშაობის პროცესში, სულ მახსოვდა,
ვიცოდი, რომ გვერდით ცნობილი რეჟისორი იდგა, ოღონდ სხვა ამპლუაში და ერთი წამით მას
ამისთვის ხაზი არ გაუსვამს - მაგალითად, რეპეტიციებზე,
კულისებში პირველი იჯდა.
დღეს, ორი რამ მტკივა: ჩვენი საპატრონოა სოფელი და ჯარი...
ამ წარმოდგენაში არ არის მარტო მშობლებისადმი ყურადღების პრობლემა, ჩვენ გვინდოდა,
სცენიდან მიწის პატრონობაზე გველაპარაკა და ეს იყო ჩემი სათქმელი. ერთ რამეს ვიტყვი: სპექტაკლზე ჩემი მეგობარი მოვიდა
და 14 წლის ვაჟი მოიყვანა, სპექტაკლის შემდეგ უთქვამს: რამდენი ხანია ბებია არ ჩამოსულაო...
ეს არის ჩემთვის რეცენზია!
ბატონი გოგი ქავთარაძის
პარტნიორებმა, მის შემოქმედებით ბუნებაზე ბევრი ისაუბრეს და აღნიშნავდნენ, რომ „მასთან
ყალბი ვერ იქნები, ისე შემოგხედავს, რომ სცენაზე ყველა ტექსტი, ქვეტექსტი უპრობლემოდ
მიდის“. გოგი ქავთარაძე სცენაზე და ცხოვრებაშიც ყველაფერს სიმსუბუქის ელფერს სძენს,
რაც მხატვრული სახის დამახასიათებელი თვისებაა სცენაზე, ხოლო ცხოვრებაში, ყველასთვის
ხალისის მომტანი. სწორედ ამიტომ უხარია ბატონ გოგისთან ურთიერთობა ძალიან ბევრ ადამიანს,
თუმც მას თუ კარგად დააკვირდებით, აუცილებლად
შეამჩნევთ ამ შემოქმედის სიბრძნეს, შეამჩნევთ მის გამჭოლ მზერას, რომელიც უმალ აანალიზებს ადამიანის ბუნებას, მის
მოტივაციებს. ის არ გესაუბრებათ ღვაწლმოსილი, აღიარებული რეჟისორისა და მსახიობის კვარცხლბეგიდან,
ვინაიდან ყოველი ადმიანის თავისუფლების პატივისცმა, მისი ღირსების განმსაზღვრელია.
თუმც რუსთავის თეატრში
შესული, კაპლდინერიდან დაწყებული, სხვადასხვა თაობის მსახიობით დამთავრებული - ყველა
მისეულ მკაცრ, რკინისებურ დისციპლინას ემორჩილებოდა და XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე,
იმ მძიმე წლებში, მშიერ და სულიერად გახლეჩილ საქართველოში, რუსთავის თეატრის დასი
წარმოადგენდა ერთ მუშტად შეკრულ გუნდს, რომელიც ისეთი შემოქმედებითი ძალისხმევით დაგხვდებოდათ
ყოველ სპექტაკლზე, რომ თავი, ფუფუნებით გაბრწყინებულ ედემში გეგონებოდათ. ამ თეატრში
გოგი ქავთარაძემ ბევრი ახალგაზრდა მსახიობი ფეხზე დააყენა, ურთულესი როლები ანდო და
მათ სამსახიობო შესაძლებლობებს განსხვავებული ელფერი შესძინა... ზურაბ ინგოროყვა, ბუბა
გოგორიშვილი, ზვიად დოლიძე, დავით ხახიძე... დღეს, გოგი ქავთარაძის სპექტაკლებში მონაწილე
ამ მსახიობებს, სხვადასხვა თეატრებში წამყვანი პოზიცია უკავიათ და მათ პროფესიონალიზმით
გამოარჩევთ. გოგი ქავთარაძის, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორისა და მსახიობის შემოქმედებითი უნარი თვალნათლივ გამოჩნდა რუსთავის
თეატრის გასტროლებზე ბაქოში და ერევანში.
აზერბაიჯანის დედაქალაქ
ბაქოში, რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი ორი სპექტაკლით წარსდგა: შექსპირის „ჰამლეტი“ (რეჟისორი გოგი ქავთარაძე, ჰამლეტის
როლს ზურაბ ინგოროყვა ასრულებდა) და ოტია იოსელიანის „ურემი გადაბრუნდა“ (რეჟისორი
დავით კობახიძე). წარმოდგენების დამთავრების შემდეგ, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ აზერბაიჯანის
იმჟამინდელი თეატრალური კავშირის პრეზიდიუმის მდივანი, რეჟისორები, მაყურებელი:
„ჰამლეტის“ ყურებისას ენობრივი ბარიერი წაიშალა. მეჩვენებოდა,
რომ მსახიობები ამ ეპოქაში ცხოვობდნენ. იცვლება ცხოვრება, იცვლებიან თაობები, მაგრამ
ჰამლეტის პრობლემები მარადიულია. ეს სპექტაკლი „ჰამლეტის“ შესანიშნავი წაკითხვაა, ეს
მხოლოდ ქართველების გამარჯვება არ არის, ეს ჩვენი გამარჯვებაც არის“;
„მომეწონა ის, რომ თქვენ ინგლისელებს კი არ თამაშობთ,
არამედ ქართველებს. ყველა მოქმედება საქართველოში ხდება და აქ არის პრობლემები, რომლებიც
ქართველებს, თქვენ ქვეყანას აწუხებს, ყველაფერი კი მაყურებელზე ემოციურ ზეგავლენას
ახდენს... აქ ჩანს თეატრალური კულტურა“;
„ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ ქართულ თეატრს, რუსთავის
თეატრით აღფრთოვანებული ვარ. მიუხედავად სირთულეებისა, ქართული თეატრი მაინც ცხოვრობს,
თვითმყოფადობას არ კარგავს. ამ სპექტაკლებმა ბედნიერება მომანიჭა“;
ვაჟა შუბლაძე, იმჟამად
ტურიზმის დეპარტამენტის თავჯდომარე, ბაქოში რუსთავის თეატრის სპექტაკლებს დაესწრო:
დღევანდელი სპექტაკლი
„ურემი გადაბუნდა“ და გოგი ქავთარაძის მიერ შესრულებული აგაბოს როლი, ქართული თეატრის
დიდი გამაჯვებაა. დარბაზში საოცრება დატრიალდა. მინდა ვაღიარო, რომ სპექტაკლმა ძალიან
იმოქმედა, დიდი ხანია ცრემლები არ წამომსვლია. გოგი ქავთარაძეს ძალიან საინტერესო მიგნებები
აქვს, რომელიც დიდ ზემოქმედებას ახდენს მაყურებელზე, აღფრთოვანებული ვარ.
რუსთავის თეატრი, ბაქოში
გასტროლების შემდეგ ერევანში გამგზავრა, სადაც ერევნის მუსიკალური კომედიის თეატრში,
სამი სპექტაკლით წარსდგა: უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“, ოტია იოსელიანის „ურემი გადაბრუნდა“,
ჰენრიკ იბსენის „ბრძოლა ხელისუფლებისათვის“. პრესკონფერენციაზე, რომელიც თეატრალური
ინსტიტუტში გაიმართა, ესწრებოდნენ თეატრალური ინსტიტუტის რექტორი, აღიარებული მსახიობი,
სოს სარქისიანი; რუსული თეატრის მთავარი რეჟისორი, ალექსანდრე გრიგორიანი; სომხეთის
ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები, პრესა და ტელევიზია.
გოგი ქავთარაძე: ყველამ იცის ქართული თეატრის წარმატებული გასტროლები,
ამიტომ პასუხიმგებლობა დიდია, საშიშიც არის, ვინაიდან ქართული თეატრის პრესტიჟი უნდა
შეინარჩუნო.
ბატონო გოგი, რა მნიშვნელობა
აქვს გასტროლებს?
გოგი ქავთარაძე: გასტროლები ძალიან დიდი გამოცდაა, სადაც ამოწმებ საკუთარი
მდგომარეობას და ავტორიტეტს დასის წინაშე. როცა მსახიობთან მუშაობ, ის შეიძლება ბოლომდე
კმაყოფილი არ იყოს იმით, რასაც ვაკეთებთ და თუ გაღიარებენ სხვაგან, მაშინ ურთიერთობა
უფრო დალაგებული ხდება, უფრო მეტ რწმენას იძენს ხელმძღვანელიც და რეჟისორიც. და მთავარი,
შენ პასუხს აგებ საქართველოს თეატრალურ დონეზე.
მუსიკალური კომედიის თეატრის დირექტორის,
კარო შახბაზიანის წყალობით, თეატრში უჩვეულო წესრიგი სუფევდა. ქართული სპექტაკლების
აფიშები და პროგრამები, სომხურ ენაზე იყო დაბეჭდილი. სომხურ ენაზე წარმოდგენებს სინქრონულად
თარგმნიდა, თბილისის შაუმიანის სახელობის სომხური თეატრის დირექტორი, რაფაელ გრიგორიანი.
„ჰამლეტში“ მაყურებელმა
უმალ გამოარჩია რუსთავის თეატრის წამყვანი მსახიობები: ზურაბ ინგოროყვა, ზვიად დოლიძე,
ბუბა გოგორიშვილი, ხათუნა იოსელიანი. სპექტაკლის შემდეგ, მათ ყვავილებით, საჩუქრებითა
და ტაშით ეგებებოდნენ და რასაკვირველია, უდიდესს მოწიწებას და პატივისცემას გამოხატავდნენ
ბატონი გოგი ქავთარაძის მიმართ, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მეფურ შეხვედრებს უწყობდნენ.
სოს სარქისიანი,
მსახიობი, სომხეთის თეატრალური ინსტიტუტის რექტორი: გოგი ქავთარაძის „ჰამლეტი“ შესანიშნავია, საერთაშორისო
დონის. ახლა, მაყურებელები მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ დიდი ხანია ამგვარი რამ
არ გვინახავსო. უცნაურია, ენა არ გესმის, მაგრამ ყველაფერი გასაგებია. თქვენ ალბათ
იგრძენით, როგორ გაქვავდა დარბაზი და როგორ ჩაითრია ტრაგედიამ მაყურებელი, გილოცავთ!
მრავალი მწვერვალის დაპყრობას გისურვებთ!..
ალექსანდრე
გრიგორიანი, ერევნის რუსული თეატრის მთავარი რეჟისორი: რუსთავის თეატრის „ჰამლეტმა“ გამაოცა მასშტაბურობითა
და უბრალოებით. იგი დინამიკურია, გარკვეულწილად ტრაგი-კომიკურიცაა და ამან შეუძლებელია
არ შეგძრას. დასში სხვადასხვა თაობის მსახიობები არიან და ისინი ერთად აწყობილ ანასამბლს
ქმნიან. ჩვენ ჭეშმარიტ ხელოვნებას ვეზიარეთ, ერთი წუთით არ იფიქროთ, რომ რუსთავის თეატრი
საქართველოს პროვინციის თეატრია. მე მეჩვენება, რომ ის მოწინავე ევროპული თეატრია,
კოლოსალური ქართული არტისტული პოტენციით.
ხორენ აბრამიანი,
მსახიობი: დავესწარი სპექტაკლს
„ურემი გადაბრუნდა“, კეთილი, კარგი სპექტაკლია, იგრძნობა ქართული თეატრის სიძლიერე,
ეს სასიხარულოა, მაგრამ ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ თითქოს ჩვენი ურთიერთობები
აღდგა. როცა ჩამოვდიოდით საქართველოში გასტროლებზე და თქვენ ერევანში, ხალხი ამას ელოდებოდა
და მეგობრობა გამოიხატებოდა სიტყვით კი არა, საქმით. თითქოს ძველი მეგობრობა აღდგა,
აი, ეს მახარებს. მე ვმეგობრობდი რამაზ ჩხიკვაძესთან, სტურუასთან, ჩვენ უერთმანეთოდ
ვერ ვძლებდით - აი, ასეთი ურთიერთობები იყო. ერთხელ თბილისში, ედუარდ შევარდნაძე შემეკითხა
(მას უყვარს თეატრი), როგორი ურთიერთობა გაქვთ? მე ვუპასუხე - მეგობრული. ვსარგებლობ
შემთხვევით და მხურვალე სალამს ვუძღვნი ქართველებს და იმ სომხებს, რომლებიც საქართველოში
ცხოვრობენ.
არმენ ელბაქიანი,
მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელი: სპექტაკლებს ესწრებოდა ბევრი მაყურებელი, პროფესიონალებიც
- თარგმანი იყო, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდებოდა, ვინაიდან როცა კარგ სპექტაკლს უყურებ,
ყველაფერი ნათელია.
მაყურებელი ქალი: ჩვენ დიდი ხანია ასეთი საგასტროლო სპექტაკლები არ გვინახავს.
გოგი ბრწყინვალედ, თითქოს შეუმჩნევლად თამაშობს, მაგრამ მისი ზურგი, თავის მობრუნება,
წამიერი მზერაც კი მეტყველია - ის დიდი მსახიობია და მისი ყურება მსიამოვნებს. „ურემი
გადაბრუნდა“, რომ არ მენახა, არ შემეძლო და ბედნიერი ვარ, რომ მოვედი. თუ შეამჩნიეთ,
დარბაზში ახალგაზრდობა ჭარბობდა, მათ ენა არ ესმით, მაგრამ როცა გოგი ქავთარაძე სცენაზე
გამოდიოდა, მაყურებელი თითქოს წინ მიიწევდა.
თამარ პოღოსიანი,
სომხეთის კულტურის მინისტრი:
ამ ეკონომიკურ პირობებში, ასეთი გასტროლების მოწყობა ძნელია, მაგრამ გასტროლები შედგა
და ყოჩაღ მათ, ვინც ორგანიზაცია გაუკეთა და ვინც თანამშრომლობდა. ასეთ ღონისძიებებს,
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვინაიდან ამ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ
ის კავშირები, რომლებიც ყოველთვის გვქონდა. დღეს მაღალი ხელოვნება ვნახეთ. „ბრძოლა
ხელისუფლებისათვის“ აქტუალური თემაა, რადგანაც ჩვენ ვარსებობთ და არსებობს ხელისუფლება
- ეს თემა ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება და სათანადო დასკვნები უნდა გავაკეთოთ.
გოგი ქავთარაძე: ხელისუფლება იქნება ყოველთვის და ყოველთვის იქნება ხელისუფლებისათვის
ბრძოლა, მაგრამ გააჩნია როგორ და რა გზებით. ქვეყნის წინამძღოლი, ქვეყნის მეთაური ისევე
უნდა დაიბადოს, როგორც იბადება პოეტი, მხატვარი, კომპოზიტორი, იმიტომ რომ ის შემოქმედია.
თინათინ ასათიანი,
სომხეთის აკადემიის აკადემიკოსი, ქართული სათვისტომოს პრეზიდენტი: ქართული თეატრი ჩამოვიდა ერევანში, ეს სათვისტომოსთვის
მნიშვნელოვანია და საერთოდ, ჩვენ გვინდა, რომ ამ ორი ქრისტიანული, მეზობელი ქვეყნების
მეგობრობა არ მოიშალოს.
ნიკოლოზ წატურიანი,
სომხეთის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი: ყველა სპექტაკლი ვნახე... გოგი ქავთარაძემ კარგად იცის
რისთვის დგამს და მაყურებლისთვის რა არის აქტუალური. რატომ არის სპექტაკლი - „ბრძოლა
ხელისუფლებისათვის“, ასეთი შთამბეჭდავი? დიახ, დღეს მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა ხელისუფლებისთვის,
იღუპება იდეალები, ხალხი, ოჯახები, ურთიერთობები, იღუპება სიყვარული. ამ სპექტაკლით
გვითხრეს, რომ ხალხმა ღირსება არ უნდა დაკარგოს და დაპირისპირება არ უნდა მოხდეს.
სამივე სპექტაკლში იყო სხვადასხვანაირი ატმოსფერო, სადაც
ძალზე საინტერესო მსახიობები ანსამბლის პრინციპით მოქმედებდნენ. „ჰამლეტში“ გამოვყოფდი
ზურა ინგოროყვას, „ბრძოლა ხელისუფლებისათვის“ ბრწყინვალე მსახიობს გია ლეჟავას, სხვებსაც...
ისინი, ერთი მდგმარეობიდან მეორეში გადასვლას არ ჩქარობენ. ვგრძნობდი, როგორი სიფრთხილითა
და მზრუნველობით არის ჩატარებული რეპეტიციები და გოგი ქავთარაძე მარტო რეჟისორი არ
გახლავთ, ის რეჟისორ-პედაგოგია. ჩვენ ვიხილეთ ახალგაზრდა მსახიობები და ვგრძნობ, თავისი
ესთეტიკით, თავისი მსოფლმხედველობით, თავის ძალზე საინტერესო ხელწერით, როგორ ზრდის
მათ.
ზურაბ ინგოროყვა, მახიობი: რაც აქ ხდება, მსიამოვნებს და გული მწყდება, რომ მივდივარ.
ბევრი დადებითი ენერგია მივიღე და ეს ალბათ მსახიობისთვის მთავარია.
ზვიად დოლიძე, მსახიობი: უმაღლეს დონეზე მიგვიღეს... რაც შეეხება ემოციას, რაც
თითოეულმა წარმოდგენამ მომანიჭა, ამ სიხარულს სიტყვებით ვერც აღვწერ.
გია ლეჟავა, მსახიობი: ძალიან გახარებული ვტოვებ ერევანს, ამ ხალხთან მე სიყვარული
მაკავშირებს და ამ ხალხისგან მარტო კარგი მახსოვს. აი, ახლა სომეხი მაყურებლებიც ასე
თუ ისე გავიცანი და მათ ჩემზე სუპერ-დადებითი შთაბეჭდილება მოახდინეს, რისთვისაც მადლიერების
გრძნობით ვტოვებთ ერევანს.
ხათუნა იოსელიანი, მსახიობი:
თუ ეს გასვლა-გამოსვლა არ მოხდა და მარტო
ერთ ნაჭუჭში ჩაიკეტე, რაც არ უნდა ნიჭიერი შემოქმედი იყო, ადამიანი მოკვდება. მე მადლობა
მინდა გადავუხადო ბატონ ლევან მამალაძეს, ვინაიდან მან დიდი როლი ითამაშა, ჩვენი გასტროლების
მოწყობაში. მთელი თეატრი გახარებულია!
გასტროლების დასასრულს,
რუსთავის თეატრს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა - როცა ყოველი ფეხის ნაბიჯზე, წარმატებული
გასტროლების გამო, დასს უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით ხვდებოდნენ, მსახიობებს
ეს არ უკვირდათ, მაგრამ როცა გაიგეს, რომ სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები,
პოლიციის მანქანით რუსთავის თეატრის ავტობუსს ყველგან თან დაჰყვებოდა, ვინაიდან ქალაქში
გზების რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, რუსთავის დასის წევრების გაოცებას საზღვარი არ
ჰქონდა. საქართველო-სომხეთის საზღვარზე მასპინძლები დაგვემშვიდობნენ და რუსთავის თეატრის
ბედნიერი დასი, სამხატვრო ხელმძღვანელის, გოგი ქავთარაძის ხელმძღვანელობით გალაღებული
და გახარებული, ჩვეული ცხოვრების რიტმს, კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით დაუბრუნდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий