მანანა ტურიაშვილი
სცენა სპექტაკლიდან „მწვანე ბარათი“ |
თავისუფალი ამერიკის „მწვანე ბარათზე“ ოცნებობს ალბათ მსოფლიოს გაღატაკებული ხალხის უმრავლესობა და არც საქართველოა გამონაკლისი. ლეგალური შრომა და მასთან დაკავშირებული პრივილეგიები, ღატაკ სამშობლოსთან შედარებით დიდი ხელფასი, საკუთარ სამშობლოში არც დაესიზმრებათ, ასევე არ დაესიზმრებათ საქართველოშიც. მაგრამ თუმანიშვილის თეატრის ახალ სპექტაკლში ფილოლოგ-ყოფილს ნინოს სწორედ ამერიკაში მუშაობის პერიპეტიები და ამ მწვანე ბარათის აღების გზა ესიზმრება, რაც სიდუხჭირისგან დახსნის გზას წარმოადგენს.
საქართველოში მცხოვრებთა უმეტესობა ვალებშია ჩაძირული - აბა რა ქნან? ჭამა უნდათ, არსებობა უნდათ, მომავლის იმედით სწავლა უნდათ, სულ უბრალო - ახალ ფერადი იაფასიანი თურქული თეთრეულის შეძენა უნდათ, სადაც სხვადასხვა ფერებით მოხატულ გულებში ჩაძირულთ კეთილი სიზმრების იმედი აქვთ, სადაც ზამთრის ამინდების მსგავსად - სიბნელე და სინათლე, შავი და თეთრი კი არ ენაცვლება თავისი სიმკვეთრით, არამედ ყველაფერი ფერადდება და წლის სხვა დროების სილამაზესაც შეიგრძნობ, რაც ცხოვრების ხალისაც უკავშირდება. მაგრამ არა! უმუშევრობით გამოწვეული სასოწარკვეთა ძლიერია, სჯობს ვითიბი ბანკიდან, თიბისი ბანკიდან, ტერა ბანკიდან სესხების გამოტანა და რათა მცირე ხნით მაინც თავი იგრძნოს ადამიანად, მაგრამ იქ ბანკები იწყებენ გველებივით შემოხვევას და დახრჩობას და ყელში წაჭერილი მოსახლეობა და განსაკუთრებით ქალები გარბიან ევროპასა და საოცნებო ამერიკაში.
აი, ასე პურის ფულისთვის, ბანკების ვალების გასასტუმრებლად და ოჯახის სარჩენად მიდიან ქალები „იქ“, საოცნებო ქვეყანაში სამუშაოდ, მონების პოზიციაზე, საკუთარ ნებას, ოჯახსა და შვილ წართმეულები - ზოგი ენის არ მცოდნე, აქაური ცოდნის გამოუყენებლობით: დიპლომიანები, უდიპლომები, ქალაქელები, დედაქალაქელები და სოფლად მცხოვრებნი - მიდიან და მოდიან კიდეც შრომისაგან გალექებულნი, გაუცხოებულნი, როცა აღარ ადარდებთ და არც ანაღვლებთ მხოლოდ ლექსში არწერილი და სუფრაზე განდიდებული სამშობლო...
ნინო - ირინა გიუნაშვილი |
წარმოდგენაში ფილოლოგი ნინო ამერიკაში წასვლას ლამობს და ბუნებრივია მწვანე ბარათი მისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაზე თუ ილია ჭავჭავაძის პროზაზე გაცილებით მაღლა დგას. იმას უკვე არად აგდებს, რომ მიღებული განათლება წყალში ჩაყრილი შრომაა, წყალში ჩაყრილი წლებია, წყალში ჩაყრილი ოცნებებია. მას, როგორც უმეტესობა ქართველ ქალს, ქმარ-შვილი ზურგზე ჰყავს წამოკიდებული და თითქოს მხოლოდ ქალთა საფიქრალია ოჯახზე ზრუნვა. ავტორები ქალს უდიდეს პატივს მიაგებენ და ეს წარმოადგენს სპექტაკლის უპირატეს ღირსებას.
თინა - მზია არაბული, ნინო - ირინა გიუნაშვილი |
სპექტაკლი ნინოს სიზმარია, სადაც ის ამერიკაში ჩადის და მეგობარი ამიკო - მხიარული, კვაჭი ტიპაჟიც (ვანო თარხნიშვილი) ყველაფერს ცდილობს ხელი შეუწყოს მას და თვითონაც მოერგოს ცხოვრებას, მაგრამ „რაღაცა“ არ გამოსდის, რაღაცა ხელს უშლის, იქნებ მიზნის იოლად მიღწევის მცდელობები, რომელიც ყოველთვის კრახით მთავრდება. ჯორჯი, იგივე გიორგი კარდაშიანი (ბექა ჯუმუტია), რომელიც იუმორით ატარებს მომღერლისა და მოდელის კიმ კარდაშიანის გვარს, თავისი ბიზნესი აქვს - მწვანე ბარათის მისაღებად, ემიგრანტ ქალებთან ფიქტიურ ქორწინებებს აფორმებს. სიზმარში ნინოს დიდ-თავად მამას, ა. წ. გარდაცვლილ ვიქტორ ჩოლოყაშვილს (გია აბესალაშვილი) შეხვდებით, ასევე ეგზოტიკურ თინას (მზია არაბული) იხილავთ, რომელმაც ამერიკაში შედარებით მსუბუქი შრომით საქმეები ააწყო - ემიგრანტებს ასაქმებს და ამ საქმეში გასამრჯელოს ღებულობს. ჯესიკა უმშვენიერესი ქალბატონი (ეკატერინე ანრონიკაშვილი), ცივი და ანგარიშიანი, დედის კეთილმოწყობას ცდილობს და მომვლელს დაეძებს ყოფილი ბალერინასთვის. ლალი სამკვირაშვილი, ემიგრანტთა საერთო საცხოვრებელს განაგებს და ფულსაც აკეთებს. ციური ხელმოცარული ემიგრანტია, რომელსაც საქმე ვერ უშოვია და გაჭირვებით გააქვს თავი. აი, თითქმის სულ ეს არის. უმარტივეს, სადა სიუჟეტში ეს გმირები ერთმანეთს კვეთენ და თითოეული თავისი ისტორიით ქართველ ემიგრანტთა ცხოვრების ზოგად სურათს ქმნის და ჩვენ ვხედავთ მათ დამამცირებელ, მონურ ყოფას და უმძიმეს შრომას. თუმცა სპექტაკლში მათი ცხოვრებისეული ამბები იუმორით არის მოტანილი, ასევე, მსახიობების მიერ უხვად არის გამოყენებული ირონია და თვითირონიაც, რაც მათ დრამატულ ისტორიებს სიმსუბუქეს ანიჭებს.
სპექტაკლში
ერთი მსახიობი რამდენიმე როლს თამაშობს: მზია არაბული სამს, ნინელი ჭანკვეტაძე
ორს, ეკატერინე ანდრონიკაშვილი სამს, რაც მსახიობებს ფართო შესაძლებლობების
გამოვლენას უწყობს ხელს. საინტერესოა თვალყურს ადევნებდე მსახიობებს, რომელებიც
სულ რამდენიმე წუთში მაყურებლის თვალწინ გადასხვაფერდებიან, ოღონდ არა მხოლოდ
სამოსის გათვალისწინებით, არამედ შინაგანი მდგომარეობითაც.
მონიკა - ნინელი ჭანკვეტაძე, ნინო - ირინა გიუნაშვილი |
ნინელი
ჭანკვეტაძის გმირს ყველაფერი დაავიწყდა, მას მხოლოდ პროფესიული ჩვევები შერჩენია,
სწორედ ამიტომ ნინოს მოვალეობაში შედის გამუდმებული ვარჯიში და შეცდომებსაც
უშვებს, რაც მონიკას გაბრაზებას იწვევს, სწორედ ამ დროს წამოხტება ყოფილი ბალერინა
და მაგალითს უჩვენებს მომვლელს. მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს მოცემულობა აქვს: ქალს
აქვს ალცგეიმერი და ის ბალერინა იყო - დანარჩენი, თუ როგორ განავითარებს
მოქმედებას და რა მოულოდენელ, სახალისო შტრიხებს შესძენს ნებისმიერ მცირე ეპიზოდს,
მსახიობის ფანტაზიაზე და მის იმპროვიზაციის უნარზეა დამოკიდებული. მას ღირსეულ
პარტნიორობას უწევს ირინა გიუნაშვილი, რომლის გმირი შიგდაშიგ ბრაზდება თითქოს,
მაგრამ როცა დედის სახეს გულში ატარებ და მასზე ფიქრობ, მისი კბილა ქალბატონზე
გაბრაზება სერიოზულ ხასიათს არ ღებულობს, პირიქით, მისი დამოკიდებულება სიკეთით
არის გამთბარი.
მსახიობები: ეკა ანდრონიკაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, ირინა გიუნაშვილი |
ნინოს სამშობლო ენატრება და ფილმი „კუკარაჩა“ შეჰყვარებია, ამიტომ დაუსრულებლად უყურებს და მონიკა-ჭანკვეტაძესაც უჩვენებს, რომელიც საბოლოოდ ისწავლის ცოტაოდენ ქართულსაც, რაც დასასრულისკენ მიმავალ გზაზე მის აქცენტში მჟღავნდება - ნინელი ჭანკვეტაძის გმირი პოლონური აქცენტით ალაპარკდება.
მაყურებლის ხარხარში მიმდინარეობს ნინელი ჭანკვეტაძის გამოსვლა „გედების ტბის“, „ჟიზელის“ და „მომაკვდავი გედის“ კოლაჟურ კოსტიუმში - მას ხან უყვარს, ხან გიჟდება და ხანაც კვდება - მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის შესრულებაში გრძნობ ყოფილი ბალერინას (ზოგადად შემსრულებლის) დრამას, ხვდები სიბერით გამოწვეული ადამიანის ტრაგედიას და კომედიური, თვითირონიით შესრულებული ეს ეპიზოდი წარმოადგენს ძლიერ სამსახიობო შესრულებაზე აგებულ კონსტრუქციას, სადაც ზომიერების დარღვევის მცირეოდენი ნიშანსაც ვერ დაინახავთ. მონიკას თეთრი სამოსი აცვია, მბრწყინავი მძივებით გაწყობილი, რაც ამერიკელი მსახიობების კოსტიუმებს გაგონებთ.
ნინო - ირინა გიუნაშვილი, მონიკა - ნინელი ჭანკვეტაძე |
სპექტაკლში ყველაფერი შავ-თეთრ ფერთა გამაშია გადაწყვეტილი, როგორც სიზმარში, თუმცა სიზმარი ფერადიც არსებობს. ამ ორ ფერს, თეთრ ეკრანზე ასახული ადამიანთა შავი ჩრდილებიც ემატება და ამერიკის „ძლევამოსილი“ კადრებიც, თუმცა თუ არა ჯგუფ „The Quintessece“ ჩაცმულობა და ხმაშეწყობილი, ჰარმონიულ ბგერათა ერთიანობა, სპექტაკლი ბევრს დაკარგავდა და ის დაემსგავსებოდა ემიგრანტების ცხოვრების ბანალურ ამბავს. სოპრანო, ალტები, ტენორი, ბარიტონი და პიანისტი ქმნიან წარმოდგენის მუსიკალურ ფონს, სადაც მუსიკოსები ისევე თამაშობენ, როგორც ამ სპექტაკლის მსახიობები, სხვანაირად ვერაფრით მოხერხდებოდა სხვადასხვა შემსრულებელთა გაერთიანება - ამ თვალსაზრისით, თანამედროვე ქართული თეატრისთვის სიახლე დავინახეთ: მუსიკოს-შემსრულებლები მთლიანად „გაჰყვებიან“ სპექტაკლს და ერთი წამით არ ტოვებენ ფიცარნაგს.
თინა - მზია არაბული |
ასევე შავ-თეთრ ფერებშია გამოწყობილი მზია არაბულის პერსონაჟი თინა - მუხლამდე შორტები, დიდი, ფარფლებით გაწყობილი ქუდი - რაღაც ამერიკულ-ევროპულ სამოსელთა სიმბიოზს წარმოადგენს და პერსონაჟის უთქმელი აზრით თანამედროვე აზროვნების და მოდის შედეგია, იმ თავისებური მოდისა, რომელსაც მხოლოდ ინდივიდუალური აზროვნების ადამიანები ქმნიან, სადაც ასახულია მათი წარსული კომპლექსები, ვინაიდან ასეთ სამოსს სამშობლო-საქართველოში ვერ შეიძენდნენ, ამიტომ რაც მოდურია და „მოწინავე“ ის ჩაუცვამს. თუმცა მზია არაბულის ამ გმირის სამოსელი არ არის ირონიის ან კრიტიკის საგანი, პირიქით ეს კოსტიუმი გამოხატავს გმირის არს. მზია არაბულის მოქმედება როგორც შინაგანი, ასევე გარეგნული ნიშან-თვისებებით შესაბამისია მის გმირთან და იქმნება ამერიკელი ემიგრანტის, წარმატებული ქალის პორტრეტი, რომელმაც ყველა გზა იცის მიზნის მისაღწევად და იმდენად კომფორტულად გრძობს თავს „იქ“, სამშობლოში დაბრუნებას არც ფიქრობს. ასევე კომფორტულად აქვს აწყობილი „ბიზნესი“ ბექა ჯუმუტიას გმირს - ჯორჯ კარდაშიანს, რომლის საქმეა - „ცოლი ითხოვე და მერე უმალ გაუშვი“, ამ ბიზნესით, „გრინ კარტით“ ცოლებიც სარგებლობენ და თვითონაც ხელს ითბობს. ამ პერსონაჟთა შორის დაბეჩავებული მაინც ნინოა - მთავარი გმირი, რომელიც ვერ ერგება ვერც სამშობლოს და ვერც ემიგრაციას, ვერც ე. წ. „წინსვლის“ გზებს სწავლობს, რატომ? იმიტომ რომ ეს ოხერი პატიოსნება ხელს უშლის, სწორედ ამიტომ ხდება მისთვის ტრაგიკული ფიქტიური ქორწინება - მის მოქეიფე, მაგრამ მაინც „მშობლიურ ქმართან“ ურთიერთობების გაწყვეტა, რაც ოჯახის დატოვების ტოლფასია, თუმცა საბოლოოდ ის ხდება ემიგრანტი „№...“ და წარმოდგენის ფინალში შეურთება იმ ემიგრანტთა ჯგუფს, ვისაც სიდუხჭირე ყველა გზას ასწავლის და სწორედ ამიტომ აღწევს ტრაგიკულობას მისი განცდები, რაც განზოგადდება და ტიპიური სახე ხდება - შეგუება, მორჩილება, მგლური კანონების გათვალისწინება. სწორედ ამიტომ, ნინოს განვლილი გზის შემდეგ ისევ გაისმის მისი მუსიკალური და გარითმული ფრაზა „ვითი ბანკი, თი-ბი-სი ბანკი, ტერა-ბანკი...“ სადაც გინდა წადი და როგორც გინდა იმუშავე, ყველას, თითქმის ყველა ბანკში მაინც ვალები აქვს.
ნარგო - მზია არაბული, ამიკო - ვანო თარხნიშვილი |
Комментариев нет:
Отправить комментарий