მანანა
ტურიაშვილი
„მოს კონცერტი“ |
მარჯანიშვილის თეატრში მსახიობის, რეჟისორის, მოცეკვავის, მიმის... ყოვლისშემძლე არტისტის, ჯეიმს ტიერეს „მოს კონცერტი“ გაიმართა. მას არ უყვარს, როცა უდიდესი მსახიობის - ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილობას ახსენებენ: „ყველას ჰყავს მშობლები, ბებიები და პაპები და ჩვენ თითოეულისგან რაღაცას ვიღებთ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, ეს ყოველთვის არის ჩაპლინი, ჩაპლინი, ჩაპლინი“. თუმცა, რამდენიმე სტატიაში და ვიდეო-მასალში ავტორებმა გვერდი ვერ აუარეს ჩარლი ჩაპლინს და ვერეც იუჯინ ო'ნილს.
როცა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჯეიმს ტიერეს „მოს კონცერტს“ ვუყურებდი, მაინც მახსენდებოდა მისი წინაპრები, თუმცა სპექტაკლის შემყურე ვხვდებოდი, რომ ადამიანმა თავისით უნდა მოიპოვოს წარმატება, წინაპართა გვარებს შეხიზნული ის ვერ დაიმსახურებს „ნამდვილ“, „გულწრფელ“ ტაშს, ვინაიდან სწავლების, ტანჯვა-ტკივილის, პიროვნების სულიერი გახსნის გზით მოიპოვება თავდავიწყების ის წუთები, როცა უცნობ მაყურებელს მადლობას უხდი თავდახრილი, როცა გულწრფელ ტაშს გიკრავს არა ნათესავი, არა მეგობარი და არც შორეული ნაცნობი ისე, როგორც ეს „მოს კონცერტზე“ მოხდა. ქართულ სინამდვილეში გავრცელებულია ტენდენცია, აღმოცენებული „მემკვიდრეთა კომპლექსით“ ან შემოქმედებითი უძლურებით, ან „წინასწარი, უპირობო აღიარების“ სურვილით, როცა ტაშს გიკრავენ, როგორც პატარა ბავშვს, არადა ბრძენნი ამბობენ: „პატარა“ ხელოვნებაში არ არსებობს-ო.
„მოს კონცერტს“ თვით მო „დირიჟირობდა“, ოღონდ სცენაზე მოქმედებით, ის მაყურებლის სახეებშიც „იმზირებოდა“ და მათთან უხილავ კონტაქტს ეძებდა, მერე სიმებს აბამდა მათთან და ხელიდან არ უშვებდა „დატყვევებულთ“. პარალელურად კი სცენაზე ინსტრუმენტალისტებსა და მოცეკვავე პარტინიორებს აყოლილი, მათთან ერთად მართლაც დუენდეს მიჰყვებოდა.
წარმოდგენაში ნახავდით ეპიზოდებს, სადაც ჯეიმს ტიერეს შესრულებაში ჩარლი ჩაპლინის თავისებურ გამგრძელებელს ხედავდი: აი, ვერა და ვერ დაჯდა სკამზე შემსრულებელი, მერე პლასტიკური ვარდნით, ისე დაენარცხა ინსტრუმენტის ფეხრთით, რომ მის მაგივრად შენ გეტკინა, მერე ზამბარასავით კვლავ იმართებოდა და ბოლოს და ბოლოს მაინც ჯდებოდა ინსტრუმენტთან; ან სიგარეტის მოკიდებას ცდილობდა მო და ვერაფრით მოუკიდა, ჩამოშლილი კულულები უშლიდა ხელს - ერთხელ სცადა, მეორედ, მესამედ ზრდასრულმა ხულიგანმა და ონავარმა მომ და ბოლოს ხელი ჩაიქნია. მაგრამ ეს ხომ სანახაობა იყო, რომელსაც თავისი თემა ჰქონდა და მხოლოდ „უსაშველო იმპროვიზაცია“ იყო საჭირო, საშემსრულებლო ხელოვნების ფუძეთა ფუძე, რომელიც დათქმულ სადგურამდე მიიყვანდა მასაც და მაყურებელსაც.
შემოქმედებით ძლიერებას დაარქმევდი „მოს კონცერტს“, სადაც სცენაზე „დაყრილი“ ინსტრუმენტების ქაოსში, ყველაფერი სახელდახელო და უეცარი, შენს თვალწინ დაბადებული და სპონტანური გეჩვენებოდა, მაგრამ ვინაიდან ჩვენ შევეხეთ ხელოვნებას და მართლაც ჭეშმარიტ ხელოვნებას, იქ შემთხვევითი და წინასწარ გაუთვლელი არაფერი იყო. დაყრილი და აკოკოლავებული ინსტრუმენტები, დღევანდელი საშემსრულებლო ხელოვნების რეალობაა, როცა პანდემიამ ყველა თეატრი და სანახაობა ფუჭ შრომად გაასაღა და თევზებივით დაშრეტილ ზღვაში ჩააგდო.
„მოს კონცერტის“ არტისტები იყვნენ მულტიინსტრუმენტალისტები, ამავე დროს ფიზიკური უნარით გამორჩეულნი, მათ შეეძლოთ მოქნილი მოძრაობა, ფლობდნენ სამსახიობო ოსტატობას, ვოკალს, იმპროვიზაციის არსს ანუ სცენაზე იდგნენ ყოვლისშემძლე არტისტები.
სპექტაკლში მთავარი იყო „მოს კონცერტის“ ავტორი და შემსულებელი ჯეიმს ტიერე - 47 წლის თმაშევერცხლილი, თხელი და პლასტიკური მსახიობი, რომლის სხეული დაჭიმულ ინსტრუმენტს ჰგავდა და რომელიც მუდამ მზად იყო შესრულებისთვის. სწორედ ამიტომ გადადიოდა ვირტუოზი მსახიობი ეპიზოდიდან ეპიზოდში უმსუბუქესი სვლებით, არტისტი თემების („ითამაშე თამაში“, „შეარყიე ყველაფერი“, „მინდა თანაგრძნობა გამოვხატო, „ხედი“...) ცვლილებებთან ერთად სულიერ ცვლილებებს გვამცნობდა და ამ თავბრუდამხვევ იმპროვიზაციულ წრებრუნვაში შენც მაგიური ძალებით გიპყრობდა და დასის სხვა წვრებთან ერთად საცეკვაოდ გიწვევდა, თითქოს გეუბნებოდა: „დაივიწყე პანდემია, დაივიწყე პოლიტიკა, დაივიწყე სიკვდილი, დაივიწყე უბედურება - გამოგვყევი ჩვენ!“ და მაყურებელიც მიჰყვებოდა და თან სდევდა არტისტს, როგორც ორი - აღმოსავლური და დასავლური გარეგნობის მოცეკვავე ქალი (ჩინგ-იინგ ჩიენი და ნორა ჰორვატი), რომელთა სახეებში მთელ დღევანდელ სამყაროს აერთიანებდი და ამავე დროს მოს თანამეგზურ ქალებს ხედავდი, რომლებსაც, მიუხედავად ჭიდილისა, ისევე „არ“ და „ვერ“ იშორებდა გვერდიდან, როგორც კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ვერ „მოიშორებს“ ქალის ფენომენს.
ამიტომ „მოს კონცერტი“ იყო საშემსრულებლო ხელოვნების ჰიმნი, რომელიც მწყობრი კაკაფონიიდან ამოიზრდებოდა და სიუჟეტდაკარგულ ბგერებს, მსახიობთა საშუალებით ჰარმონიულად აწვდიდა მაყურებელს, იმედს გვისახავდა და ისევ „ძველ“ ღირებულებებთან დაბრუნებას გვიკიჟინებდა: სიყვარული, ერთგულება, მეგობრობა... ეს ყოველივე ჩაკირული, ჯერ მაინც უთქმელი პრობლემებისგან გათავისუფლებდა, იუმორით და ირონიით გულის კარს გიხსნიდა და ფიქრობდი, სანამ ვარსებობთ - თეატრალური ხელოვნებაც იარსებებს!
Комментариев нет:
Отправить комментарий