воскресенье, 28 ноября 2021 г.

მიეცი „ცირკსა“ გზა ფართო ანუ როგორ ვერ დავგრძელდი

მანანა ტურიაშვილი 



როცა გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრში მივდიოდი, ცაში მოცურავე თვითმფრინავები შევამჩნიე, გული მწყდებოდა, რომ იმ დღეს ნიკოლოზ წულუკიძის გადაცემას ვეღარ ვნახავდი და წვიმიან ამინდს არშეპუებული თეატრში შევაბიჯე, სადაც დამხვდნენ მშობლები, ბებიები და რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი. ესე იგი, სპექტაკლზე არ უნდა მოიწყინოს არც დიდმა და არც პატარამ. 

შეწუხებულმა კაპელდინერმა ლამის პასპორტი მომთხოვა და მიმითითებდა - იქნებ მისამართი შეგეშალათ: „მაჩვენეთ, თქვენი ბილეთიო!“ შევწუხდი, არადა როგორ მიყვარს მულტიპლიკაცია და თავისუფალ დროს ვუყურებ და ვუყურებ. კაპელდინერს მაგრად დავუდექი და ავუხსენი: „ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში, ყველას აქვს უფლება იაროს თეატრში“. დამიჯერა, თუმცა მაინც ალმაცერად მიყურებდა. სპექტაკლი „ცირკი“, რომ დაიწყო თვითმფრინავების გამოსვლა მომეწონა, მაგრამ ტაში ვერ დავუკარი, შემეშინდა და დადუმებულ მშობელებ-ბავშვებს ხათრი გავუწიე. მათ არ გახარებიათ და მე თეთრი ყვავივით ხომ არ ვიქნებოდი... 

ასე დუმილით უყურებდნენ სპექტაკლს მაყურებლები, მე კი ვაპირებდი გახარებას და გახარებას! რაღა დაგიმალოთ და გაბავშვების სურვილმა შემომიტია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უფროსი არ მახლდა თან, კაპელდინერის რიდი მქონდა და წესიერად ვიქცეოდი: კამფეტის ბრჭყვიალა ქაღალდი ძირს არ დამიგდია, სპექტაკლის დროს, ისედაც მცირე დარბაზში სეირნობა არ გამიმართავს, არც სკამზე შევმდგარვარ და არც წინ მჯდომი მაყურებლისთვის მომიწიწკნია თმა. 

მე კი წესიერად ვიქცეოდი, მაგრამ „იქ“ რა ხდებოდა? შემაშინა უშნო თოჯინების დანახვამ (კაცი კაცს არ ჰგავდა, ცხოველი ცხოველს - მინიშნება კი ბატონო) მაგრამ მედგარ მაყურებელს არ შეშინებია, კარგი ხალხი იყო: იმ წუთებში რაც მისცეს, მიიღეს! ახლა, გზაში ან შინ რა ილაპარაკეს, არ ვიცი! ერთს კი გეტყვით - თუ იქ მყოფთა შორის ვინმეს ინსტრუმენტი ედგა შინ, კლავიშებზე ფეხით მოთარეშე ბავშვებს ძირს ვერ ჩამოიყვანდნენ, ვინაიდან „ცირკის“ მთავარი მოქმედი გმირი, ჯამბაზის მიერ აღმოჩენილი ქალი-ნიჭიერება ფეხებით უკრავდა კლავიშებზე და ისეთ მუსიკალურ ბგერებს გამოსცემდა, რომ რიხტერი თუ შეძლებდა მხოლოდ, ოღონდ ფეხებით კი არა, ხელებით. 

ახლო ხედში ჯამბაზი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება

ჯამბაზი, ერთი უშნო, ხანში შესული კაცი იყო - უკვდავი კაЩეის მსგავსი (სცენის განათებაში ასე ჩანდა), რომელსაც ცოტაც და კარიესისგან დაღრღნილი, მოუვლელი ღოჯები გამოუჩნდებოდა, თუმცა მერე, როცა სატრფო გაიჩინა, მივხდი, რომ წაუმუსუსებდა და არც ისეთი ბებერი იყო, რომ ტრფიალზე არ ეფიქრა. გამახსნდა ბეკინა სამანიშვილი და მივიღე ჯამბაზ-მარიონეტი თოჯინა, რომლის დანახვისას შიშის გრძნობა მეუფლებოდა, მაგრამ, როცა გავიგე, რომ მაყურებლს ერთ გაღიმებაზე ერთი სანტიმეტრით სიმაღლეს უმატებდა, ხოლო გაცინებაზე ორი სანტიმეტრით ამაღლებდა - დავმშვიდდი და თვალყურს ვადევნებდი სპექტაკლის ბოლომდე გაუღიმარ-გაუცინარ მაყურებელს და სიმაღლეში მომატების იმედი გადამეწურა მეც და მშობლებსაც. „ეეეჰ“ - გავიფიქრე „კარგი მე და მშობლებს არ გვეცინება, მაგრამ უდარდელ ბავშვებს რაღა დაემართათ, ხომ დაგვპირდნენ, კაცო!“ არა და არა, ვერ გავიცნეთ, ერთი მომენტის გარდა, როცა მოულოდნელად ნიკოლოზ წულუკიძე „გამოჩნდა“ ეკრანზე და დარბაზში მშობელ-მაყურებელთა თბილი ჟრიამული ატყდა. მან გვითხრა: „შეიყვარეთ და შეაყვარეთ ბავშვებს თეატრი“, საღამოსკენ ჩავუარე თეატრებს და ყველგან მაყურებლთა რიგი იდგა, ბილეთებს ვერ იშოვიდი. 

„ცირკის“ რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა გადაწყვიტა - ეს ბავშვები რით არიან უფროსებზე ნაკლებიო და თავისებური „თეატრი თეატრში“ ანუ „თეატრში ცირკის კარავი“ დასცა შუასაუკუნეების მთავარსარდლივით, მაყურებელი რომ არ ეყო იქაც განათავსა გახევებული თოჯინები და უნდა გითხრათ, რომ მათაც არ ჰქონდათ ჯამბაზის ოინებზე რეაქცია - აბა, რა ექნა რეჟისორს? იმათ როგორ აამოძრავებდა, ამდენი მეთოჯინე, ერთ პატარა ადგილზე ვერ დაეტეოდა. კაცო, რამე მოგეფიქრებინა, ერთ-ერთს მაინც დაეწყო სიცილი და სიმაღლეში გაზრდა (მარიონეტები უპრობლემოდ გაიზრდებოდნენ), ჩვენც ხომ დავიჯერებდი ამ ზღაპარს? კორპუსები, რომ წამოჭიმე, არიქა ბავშვების ნაცნობ გარემოს ვქმნიო - ესაა საქმე? რამდენი მასალა დაიხარჯა? ისე კორპუსები მომეწონა, ჯამბაზის ხუმრობებზე, რომ არ გვეცინებოდა, ვგრძნობდით როგორ ვპატარავდებოდით და ვიფიქრე, სპექტაკლის ბოლომდე თუ ციცქნებად გადავიქცეოდით და თოჯინების თეატრის კორპუსების აგების ხერხს გამოვიყენებდით - უამრავ ბინას გავწვდებოდით და კომპლექს დავარქმევდით „გაუცინართა ქვეყანას“. 

ახლა, ვინმე იტყვის - რა, არ შეიძლება სერიოზულ თემებზე დავაფიქროთ 2-3 წლის ბავშვის მშობელი? ბავშვებს „მივაწვდით“ მყვირალა უტექსტო ეპიზოდებს: „ალე ჰოპ“ და გაჩნდა ჯამბაზი, „ალე ჰოპ“ და გაჩნდა ცუგა! სამაგიეროდ მშობლებს ყურს ავუწევთ: მეგობრობა მათ არ იციან, ერთგულების არაფერი ესმით და ქუჩაში, ერთ დროს საყვარელ, ახლა კი მაწანწალა ძაღლივით გაგდებულ ჯამბაზს, ხელს არ გაუწვდიან! ნეტა, ამ ქალაქში ან ჭორიკნები მაინც არ ცხოვრობდნენ, რომ ბინიდან ბინაში გაეშვათ საყვარელი არტისტის ისტორია? ახლა, ჩემისთანა განათლებული და ღვაწლმოსილი ადამიანისთვის გასაგები იყო - კონფლიქტი ხომ უნდა შეექმნა რეჟისორს? რამე რეალური კონფლიქტი, რომ აგეწია და ერთი მსუქანა დირექტორისთვის არ დაგებრალებინა ყველაფერი, არ იქნებოდა, არა? იმანაც რა ქნას, ჯამბაზის ქალი მოეწონა, ინტუიციით მიხვდა - ამათ ერთმანეთი შეუყვარდებათო და კაცი გააგდო ცირკიდან! ესაა საქმე? ისე, მე მესმის, მცირე ასაკიდან უნდა შევაჩვიოთ ბავშვები სასიყვარულო სამკუთხედის დრამის წამოშობის მიზეზებს, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობათა ნაირფერ გამას. თუ არადა გავა ცხოვრებაში მოუმზადებელი და უხერხემლო - არც ქალი ეცოდინება და არც კაცი... პაწაწუნა ეროტიკაც ხომ გაუშვა რეჟისორმა - ლომების მომთვინიერებელი „აჟურულ კალგოტკიანი“ ქალი რომ შემოიყვანა, რომელსაც ჯამბაზი ზედ არ უყურებს. ისე, ეს ქალი კი იყო მისი კბილა და რა უნოდა ამ ქორფა პიანისტისგიგან. 



სპექტაკლიდან, რომ გამოვედით, შევამჩნიე, რომ ბავშვები ფეხებს ურტყამდნენ მშობლებს - ძირითადად დედებს და ბებიებს - ეს ვინ ყოფილხართო, თუ ასეთი უჯიშოები გავიზრდებით - არც გაზრდა გვინდა და არც სწავლა! 

„ძირს ნატურალიზმი!“ - უთხრა თოჯინების მკვეთავებს „ცირკის“ რეჟისორმა - კაცი, კაცს არ უნდა ჰგავდეს, ცხოველი ცხოველს, ისე უნდა ვამოძრაოთ - უხეშად, „უხეში თეატრი“ არ გაგიგიათ? ჰოდა მორჩა! 

წვიმაგადაღებულ ქუჩაში მოვლასლასებდი - გულს სევდა შემოწოლილი და მთაწმინდასავით დადუმებული - ბავშვობაში დაბრუნება არ გამომივიდა, სიმაღლეში ვერ გავიზარდე! ეეეჰ, დერეფანში მარტოხელა მგელთან სამახსოვრო ფოტო მაინც გადამეღო!

P. S. მე ერთი უბირი „მცოდნე“ ვარ, თეატრის რა გამეგება, თუ არ გჯერათ საერთაშორისო „ექსპერტ-კიტებს“ შეეკითხეთ!




Комментариев нет:

Отправить комментарий