ავტორი მანანა ტურიაშვილი |
ახალგაზრდული შემართებით შესწავლილი ფსიქიკა
როცა რუსთაველის თეატრში ფეხათრეული მივდიოდი და ცხელი ქვაფენილის მხურვალებაც ტვინს მიბურღავდა, ვფიქრობდი: თუ მზის ამ დუღილს, რეჟისორ-დიპლომანტის, გიორგი ჩალაძის ჩემთვის უცნობი შემოქმედებაც ზედ დაერთვება, 2 ივლისს, ერის სასახელოდ, რუსთაველის თეატრში სულს განუტევებ-თქო.
როცა რუსთაველის თეატრში ფეხათრეული მივდიოდი და ცხელი ქვაფენილის მხურვალებაც ტვინს მიბურღავდა, ვფიქრობდი: თუ მზის ამ დუღილს, რეჟისორ-დიპლომანტის, გიორგი ჩალაძის ჩემთვის უცნობი შემოქმედებაც ზედ დაერთვება, 2 ივლისს, ერის სასახელოდ, რუსთაველის თეატრში სულს განუტევებ-თქო.
მაგრამ სპექტაკლიდან იმდენად დიდი ემოცია მივიღე,
რომ რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენის დარბაზი ძლივს დავტოვე. სცენიდან მოდიოდა გრძნობათა ნამდვილობა, გულწრფელობა, რაც დღევანდელ
ქართულ თეატრში იშვიათობას წარმოადგენს. 22 წლის რეჟისორს იმდენად კარგად შეესწავლა
და გაეანალიზებინა ავგუსტ სტრინდბერგის პიესა - „უფრო ძლიერი“ (თარგმანი დავით გაბუნიასი),
რომ მართლაც „მისი“ გამხდარიყო. დარეჯან ხარშილძის გმირი ქალი, პროფესიით მსახიობია,
რომელმაც თავის პარტნიორს წაართვა ყველაფერი: პირადი ცხოვრება, კარიერა, საქმრო; მან მისი ჩაცმის სტილიც კი მიითვისა... ეს არის იმ ადამიანის სახე, რომელსაც „თავისი“, არაფერი გააჩნია და მხოლოდ
„სხვისი“ ნასუფრალით იკვებება. ამ ქალი-მონსტრის წარმოსახვაში გამუდმებით ჩნდება მის
მიერ ჩადენილ დანაშულთა კასკადი და მთელი ცხოვრების მანძილზე ნელ-ნელა დაგროვილმა ამ
ფაქტებმა, რომელიც ქალის ფსიქიკაში გამუდმებით ტივტივებენ, მოსვენებას არ აძლევენ მას და სიმშვიდეს უფრთხობენ. სწორედ ასე დაუვადდა და დაუმახინჯდა ფრუ X-ს
სული.
როცა დარეჯან ხარშილაძე პირველად შემოდის სცენაზე, ის თითქოს ვიწრო დერეფანში გადაადგილდება, სადაც კედლებიც კი ებრძვიან
მას. მსახიობის მიერ შესრულებული ეს აფექტური მოძრაობები, გაფიქრებინებთ, რომ ცნობიერი,
თითქოს არ უშვებს ამ პიროვნებას მივიდეს საკუთარ არაცნობიერთან, რადგან ბოროტმოქმედებით
დაუძლურებულ ადამიანს თავისი თავის შეცნობის უნარი აღარ შესწევს. სტუდენტი-რეჟისორი
პერსონაჟის გაწყვდიადებულ ფსიქიკას ერთი სანთლით
ანათებს და აქედან იწყება პიესის მთავარი გმირის შემაძრწუნებელი ამბების კასკადი.
წარმოდგენა თითქოს მონო-სპექტაკლია, პიესაშიც ხომ მხოლოდ ფრუ X ლაპარაკობს, ხოლო მადმუაზელ Y-ს უსიტყვო შეფასებები აქვს. დარეჯან ხარშილაძის მიერ მოყოლილი ამბები
იმდენად გულწრფელად და ნაირ-ნაირი, ფერადოვანი ტონალობებით არის შესრულებული, რომ გგონია იქ ხარ - პერსონაჟის ყველა ისტორიის შუაგულში.
მადმუაზელ Y და ფრუ X - მსახიობი დარეჯან ხარშილაძე |
რთულ და უცნაურ გზას ირჩევს რეჟსორი, ის ისე აგებს წარმოდგენის ლოგიკას, რომ მსახიობსა და მაყურებელს
ერთსა და იმავე მდგომარეობაში აყენებს და გგონია, რომ მთავარი გმირის დანაშაულებებს, პერსონაჟთან ერთად შენც ჩადიხარ. ეს ეფექტი მაყურებელს უადვილებს მონოსპექტაკლის პრინციპის საშიშროების გადალახვას: თუ სცენაზე მნიშვნელოვანი რამ არ ხდება, ძნელია 55 წუთის განმავლობაში ერთი მსახიობს უყურო ან მოუსმინო. თუმც უნდა აღინიშნოს, რომ დარეჯან ხარშილაძეს მართლაც ჰყავს პარტნიორი და როგორც
მერე ირკვევა - ეს მანეკენია - მის მიერ მოკლული მსხვერპლი, რომელსაც ცხოვრება
წაართვა. გიორგი ჩალაძე და დარეჯან ხარშილაძე, მანეკენის შემობრუნებამდე ისე აგებენ
ეპიზოდებს, რომ კარგა ხანს გგონია, რომ ეს ქერათმიანი ქალი ცოცხალია და „უბრალოდ“,
არ ლაპარაკობს. შემზარავი სანახავია სკამის შემობრუნება, როცა აღმოჩნდება, რომ იქ ადამიანის
ფიტული დევს. ამ ეპიზოდამდე იმდენად სრულყოფილად
ამზადებს მაყურებელს რეჟისორი, რომ ეს შიშისმომგვრელი და მოულოდნელი ეფექტი, მთელი არსებით
წარმოგიდგენთ შურითა და ბოღმით აღვსილი ადამიანის ქმედებების შედეგს, რასაც „სხვისი“
განადგურება ჰქვია. მაგრამ გიორგი ჩალაძე უფრო შორს მიდის, ის ზუსტად გიჩვენებთ
იმ ადამიანის გზას, რომელიც „სხვაზე“ განხორციელებულ „ლაშქრობებით“ საკუთარ ფსიქიკას
ანგრევს.
და ვინაიდან ფრუ X და მადმუაზელ Y მსახიობები არიან, სპექტაკლის მიმდინარეობისას დარეჯან ხარშილაძე წარმოგიდგენთ
ანტიკურ თემაზე შექმნილი პიესების (გამოყენებულია ჟან ანუის, ევრიპიდეს ტექსტები) მცირე ეპიზოდებს: მეამბოხე ანტიგონე ლოგიკურად გადადის
სიყვარულისათვის დამნაშავედ ქცეულ მედეაში, ხოლო მედეას გზას, ასევე ლოგიკურად ანვითარებს
თავის გერში შეყვარებული ფედრას ბიწიერი ვნებები.
უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორი, ქალთმოძულედ შერაცხულ
ევრიპიდეს „მედეას“ და „ფედრას“, უკავშირებს ამავე ნიშნით დაღდასმულ სტრინდბერგის დრამატურგიას,
მაგრამ ის არ კეტავს გზას და მხოლოდ ქალის
ბუნების შესწავლით არ იფარგლება, რადგან ადამიანის თვითნგრევის პრობლემის წარმოჩენისას,
გიორგი ჩალაძე აფართოებს ჩარჩოებს და სტრინდბერგის პიესის საშუალებით, ადამიანის მიერ „სხვაზე“
განხორციელებულ ბოროტმოქმედებების დამანგრეველ ძალაზე გესაუბრება, რომელიც დამნაშავეს
ბუმერანგის პრინციპით უბრუნდება. ის ვინც ბოროტმოქმედებას ჩადის და „სხვის“ ხარჯზე იწყობს თავის ცხოვრებას, მას
აუცილებლად ელის საშინელი ტრაგედია, რასაც სულიერი თვითგანადგურება ჰქვია.
ფრუ X - მსახიობი დარეჯან ხარშილაძე |
დიპლომანტი, რეჟისორი გიორგი ჩალაძე |
წარმოდგენის მსვლელობისას გრძნობ, რომ რეჟისორი, როგორც ჰუმანისტი, ამ ქალ-მონსტრს თანაუგრძნობს და მას აღიქვამს, როგორც ბუნების მახინჯ მოვლენას, უყვარს თავისი გმირი და სწორედ მისი ეს მდგომარეობა გიტოვებთ პერსპექტივის შეგრძნებას. დღევანდელი ცხოვრება სავსეა ამგვარი ბოროტმოქმედებით, მსხვერპლი უამრავია და მაყურებელი გრძნობს, რომ რეჟისორმა შეძლო დაენახა და გადმოეცა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემა.
გიორგი ჩალაძე მშვენივრად აგებს თითოეულ ეპიზოდს, მას აქვს
ფორმის, ტემპო-რიტმის გრძნობა... მის წარმოდგენაში თეატრალურ შტამპებს ვერ ნახავთ
და თუ დებიუტის წარმატება თავბრუს არ დაახვევს
და გონივრულად გააგრძელებს დაწყებულ გზას,
ვგონებ ეს ახალგაზრდა რეჟისორი
ერთ-ერთი საინტერესო შემოქმედი იქნება.
რეჟისორ გიორგი ჩალაძეს ვულოცავ წარმატებულ სადიპლომო
სპექტაკლს (ხელმძღვანელი ავთო ვარსიმაშვილი), ხოლო მსახიობ დარეჯან ხარშილაძეს ოსტატურად
შესრულებულ როლს!!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий