კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სიახლე: სპექტაკლი „ქაღალდის წვიმა“ ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე
07/07/2014
ვისაც კულტურის სამინისტრო პატრონობს,
ანუ ოცი საწმერთულითა და ბუშტებით ედინბურგში
მანანა ტურიაშვილი |
მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი, „ქაღალდის წვიმა“ ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ერთადერთი, რაც ამ სპექტაკლისაგან დამრჩა, ეს იყო კითხვა: „სად შეიძინა, როგორ იშოვა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრმა ასეთი რაოდენობის გრძელი საწმერთულები... დაახლოებით 20-ოდე ცალი, რომელსაც ბედკრული, მაგრამ უგზო-უკვლოდ გამთბარი მსახიობი ქალი, მშვენივრად იხდენდა და ამაყობდა კიდეც.
არის სცენა, როცა პერსონაჟს ბანაობა მოუნდება, ოღონდ ჩაცმულს. ამ სცენისათვის მოკრძალებულმა რეჟისორმა კანისფერი, შემოსალტული კოსტიუმი ჩააცვა მსახიობს და ისე ჩააწვინა აბაზანაში: ამ ეპიზოდის დანახვისას, იქ, შორეულ ედინბურგში, მაგრამ უკვე „ჩვენს ევროპაში“ გაიფიქრებენ: რა ეშმაკურად მოიფიქრეს ამ ქართველემა? ჭეშმარიტად, რომ ცივილიზებული ერია: გათვალეს კაცო - ჩააცვეს! ჩვენც ხალხნი ვართ, ვინმემ ხელი რომ შეავლოს! მოზარდმაყურებელთა თეატრმა კარგად იცის, რომ ევროპა ახალი, თეატრალური სტრიპტიზის ხაზით მიექანება და კულტურის სამინისტრომ ამ ნიშნითაც გადაწყვიტა მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლის ედინბურგის ფესტივალზე წარდგენა. როცა წყლით სავსე აბაზანაში ქართველების, მაგრამ უკვე გაევროპულებული ქალისა და მამაკაცის ერთად ჭყუმპალაობის სცენას ნახავენ ჩვენი ძმა ევროპელები, წარმოიდგინეთ რა მოხდება 14-29 აგვისტოს ედინბურგის სახლებში თუ სასტუმროებში!..
არა, მართლაც, რომ ჭშარიტად ღირსეული არჩევანი გააკეთა კულტურის სამინისტომ და წარმომიდგა სცენა თუ როგორ გაუხარდებათ ევროპელებს აგვისტოში: ისინი აუცილებლად აჰყვებიან ქართველი მსახიობების „პირით გაბერილი“, დანეწყვილი 5 თეთრიანი ბუშტებით თამაშს, ჰაერში ააფრენენ ნაირფერ, ჰაეროვან ბურთებს და ეს ჯერ არნახული ე. წ. „უშუალო კონტაქტი“, უცხოელ მაყურებელს გაახსენებს ბავშვობას, ანცობას და ხელს შეუწყობს ევროპის სხვადასხვა მაღაზიებში ბუშტების გაყიდვის პროცესს.
ამ სპექტაკლით ანუ მხიარულებისა და ქართული თავისუფლების მაგალითით მყარად დავიმკვიდრებთ თავს ევროპაში და ედნიბურგში ჩასული მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჩვენს სათქმელს იტყვის: „მე ევროპელი ვარ, მაშასადამე ქართველი“
P. S. იმედი მაქვს, რომ კულტურის სამინისტრო გაასაჯაროებს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე იმ ევროპელების შეფასებულ „ქაღალდის წვიმას“, სადაც ნათლად დავინახავთ ახალი თეატრალური რეალობის უზადო ნიმუშის ფართო და ღრმა ანალიზს.
.
Комментариев нет:
Отправить комментарий