суббота, 16 августа 2014 г.

მანანა ტურიაშვილი



კულტურის სამინისტროს  მინისტრები!!!!

როცა კულტურის სამინისტროს ახალ მინისტრებს გადახედავ, თვალს ცრემლი მოგადგებათ და ქვითინით აღმოთქვამთ მინისტრ-ყოფილის - გურამ ოდიშარიას სახელს. კაცო, მწერალი მაინც იყო, მერედა რა მწერალი?.. კეთილი, პატიოსანი; შეხვედრისას უცნობ ადამიანს ისე გადაეხვეოდა, ჩაჰკოცნიდა, რომ მერე ფიქრობდი: „იქნებ და ვარ და არ ვიცი, იქნებ ცოლი ვარ და არ ვიცი, იქნებ სატრფო ვარ და არ ვიცი...“, ლოყაზე კოცნა უყვარდა საწყალს და სანამ კუდიგორის გზას გაუყენებდნენ, „ოქროს საბადოს“ განტევების ვაცი, სამინისტროში შელახული პიჯაკით მოსული - ახალ ტანსაცმელში და დიდ ჯიპში გამოჯგიმული კულტურის მინისტრი პენსიაზე გაუშვეს: „ფული ხომ აიღე, ხომ ამოისუნთქე, ახლა სხვასაც აცალე, კაცო! დაჯექი და წერე - თუგინდ იგრაფომანე და ჩაიზე კოწახურის კანფეტი ჩაწუწნე ტკბილად!“
ატყდა აურზაური: „ჩვენ კულტურით გავდივართ ევროპაში!“, „კულტურა ერის სახეა!“, „ოდიშარია მენეჯერი არ იყო!“ და ა. შ. და ა. შ. არადა, კულტურა ისეთი სარფიანია საქმეა, რომ თავისუფლად შეიძლება მეწველ ძროხად გაიქცეს და რატომ? თუ პროექტი არ გამოვიდა - იტყვი შემოქმედება ფაქიზი რამაა, ბატონებო!!! ან გამოვა ან არა! ამ საქმეში მთავარია მენეჯერი!!!“
ასე მოაყენეს კულტურის სამინისტროს - ამ უჩვეულოდ რძე-ნოყიერ, მეწველ ძროხას პროფესიით ეკონომისტი, მენეჯერი მიხეილ გიორგაძე: „კარგი ჯაზ-ფესტივალები ჰქონდაო, მუსიკა უყვარსო, იმპროვიზაცია ხომ მისი სტიქია არისო“ და გახადეს მთავარ მინისტრად. დანიშნეს და... არაა, მაინც რა არის კაცის ბუნება?.. დანიშნეს და მოჰყვა ტრაბახს: „ყველა მოადგილეს გავუშვებ, პრინციპული კაცი ვარ!“ ანუ ჩემი გუნდით მოვდივარ და დამხვდითო. ასე ჩამოაცილა ყველა მოადგილე ხელისუფლების ტახტს! ოთხი მინისტრის მოადგილით დაობლდა სამინისტრო, ყოფილების ცრემლებმა ლამის წალეკა გადახრუკული თბილის-ქალაქის ქუჩა-ბაღები. ყველაზე მეტს ალექსანდრე მარგიშვილი ტიროდა, უმალ დააწყნარეს და ახალი მერ-ნარმანიას მოადგილედ აირჩიეს - თურმე ბავშვობიდან ოცნებობდა ქალაქის მერის მოადგილეობას. გახარებულ-გახალისებული მარგიშვილი, გურმ ოდიშარიას და კულტურას რომ  არგო, ახლა ნარმანიას და თბილისის სარგოდ მოემზადა. ეეჰ, გამახსენდა 2013 წლის აგვისტო, როცა მარგიშვილმა „კულტურის სფეროს მდგრადობის საინვესტიციო ფონდის“ მომავალ გეგმებზე ისაუბრა: ბიუჯეტმა 3 მილიონი მოგვცა და ჩვენ ვიცით რასაც გავაკეთებთო... ისე მოვაქცევ საქმეს, რომ აკრეფილი გადასახადებით - იქით შევიტან ამ სამ მილიონს და მეტსაც ხაზინაშიო. 2013 წლის ბოლოს, 4 თვეში კულტურის სამინისტრომ მართლაც შეიტანა ხაზინაში ფული და თან 4 მილიონი!  ვერ გამოიყენა ეს ფული, საინვესტიციოდ ვერავინ მონახა და უკან დააბრუნა. წარმოიდგინეთ ქალაქის მერიაში მუშაობისას, რამდენ მილიონს დააბრუნებს ხაზინაში ალქსანდრე?
როცა ახლად დანიშნულმა მიხეილ გიორგაძემ გაიხედ-გამოიხედა, სამინისტროში მარტოდ და ეულად იგრძნო თავი. მის დასამშვიდებლად ჩინოვნიკ-ხელოვანთა მთელი არმია შემოეხვია და ხელმძღვანელები ანუ მინისტრის მოადგილეები მოსთხოვა, ფიქრი არ დააცალეს ახლადდანიშნულს, ან როგორ უნდა ეცლიათ, იცნობდა კი ისე ქართულ კულტურას, რომ ეფიქრა? სამინისტროს შიდა სტუქტურების გარდა მიხეილ გიორგაძის მობილური რეკვა-ზარებით აიკლეს: „შეცდომა მოგივიდაო! რას ჰქვია ყველას გავუშვებო!“ და იმდენი შეუტიეს, რომ კულტურის დარგებში გაუთვითცნობირებელ მინისტრს (ბიოგრაფიიდან ასე ჩანს) რაღა უნდა ექნა? დააბრუნა სამსახიობო განათლება მიღებული, მეტყველება-რეჟისურის პრაქტიკაგავლილი მანანა ბერიკაშვილი, მინისტრის მოადგილის პოსტზე და უთხრა: „რაც წინა 2 წელს ვერ შეძელი, ახლა გაძლევ ასპარეზსო - ჰა ბურთი და ჰა მოედანი! ოღონდ ეს ხელოვანი ხალხი გამაცანი, თორემ რეი ჩარლზს ინტერნეტითაც მოვნახავ!“ ეს გავიგეთ!
მეო - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ - კახა კანდელაკისა და წყალბურთის გარეშე კულტურა ვერ წარმომიდგენიაო და ასე გაჩნდა კულტურის სამინისტროში ყოფილი გრაფიკოსი, რომლის მარკეტინგული და წყალბურთელის გამოცდილებიდან ჩანს, რომ ხელოვნებას არ ეტრფის და დანიშნა ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მინისტრად.
მიხეილ გიორგაძეს დასჭირდა სამართლის სპეციალისტი და მენეჯერის უზადო გათვლით, იქვე მონახა გურამ ოდიშარიას აპარატის ხელმძღვანელი - იურისტი ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტი ჩააბარა, იმის იმედით, რომ - მერე რა, რომ კულტურული მემკვიდრეობა არ იცის, „ოქროს საბადოს“ მსგავსი პრობლემა თუ გაჩნდა იურიდიულად მიხედავსო. თუმც, მიხეილ გიორგაძეს კითხვა არ დაუსვამს - როცა გურამ ოდიშარიას პრობლემები ჰქონდა, რატომ არ „უშველა“ მინისტრის აპარატის უფროსმა, ლევან ხარატიშვილმა? მეოთხე მინისტრის მოადგილეზეც ბევრი არ უფიქრია მიხეილ გიორგაძეს - ჯანი გავარდესო! გაიფიქრა და განათლებით ეკონომ-გეოგრაფ, გეოგრაფ-გეოლოგ გიორგი ბაქრაძეს რატომღაც იურიდიული დეპარტამენტი ჩააბარა.
ახლა კიდევ ერთხელ გადავხედოთ მინისტრებს:
1.       მიხეილ გიორგაძე - განათლებით ეკონომისტი, გამოცდილებით მენეჯერი;
2.  კახა კანდელაკი - ყოფილი გრაფიკოსი, ყოფილი წყალბურთელი, გამოცდილებით მარკეტინგის დირექტორი;
3.  მანანა ბერიკაშვილი - განათლებით მსახიობი და დრამის რეჟისორი, გამოცდილებით ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელი, მეტყველების პედაგოგი;
4.    ლევან ხარატიშვილი - განათლებით იურისტი, გამოცდილებით განათლების მიმართულება, მაგრამ არა სახელოვნებო;
5.    გიორგი ბაქრაძე - ეკონომ-გეოგრაფი, გეოგრაფ-გეოლოგი, გამოცდილებით საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი, სახაზინო სამსახური და ა. შ.

ულტურის სამინისტროს ამ ახალ გუნდს, მანანა ბერიკაშვილს თუ გამოვაკლებთ და დავფიქრდებით - აღმოჩნდება, რომ მინისტრთა ამ ჯგუფს შეუძლია თავისუფლად გადაინაცვლოს ეკონომიკის სამინისტროში ან სადმე სხვაგან...

თითოეულ მოადგილეს სპეციალისტთა დიდი გუნდი დახვდა. თუ ვთქვათ მინისტრის მოადგილემ ვერ იცნო კულტურის რომელიმე მუშაკი ან ვერ გაიგო რაზეა კულტურულ პროექტებში საუბარი, ის დაეკითხება სპეციალისტებს, რომლებიც მათ ჩაუტარებენ გაკვეთილებს და მინისტრის მოადგილეები გადაწყვეტილებას ასე მიიღებენ. ასე, რომ კულტურის სამინისტრო დაემსგავსა მინისტრისა და მისი მოადგილეების სახელოვნებო სკოლას, სადაც მინისტრები ხელოვნების სხვადასხვა დარგების ლექცია-გაკვეთილებზე ივლიან და თან, ამ ინტელექტუალურ შრომაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდ ხელფასს მიიღებენ, საჯარო სამსახურის მანქანებსაც გამოიყენებენ (სწავლით გადაღლილი, ფეხით ხომ ვერ ივლიან?) და ევროპაშიც იმოგზაურებენ - გზას გეოგრაფი გიორგი ბაქრაძე გაუკვალავს.
როცა გაეკონომისტებულ-გაგეოლოგიურებულ-გამარკეტინგებულ-გაიურისტებულ კულტურის სამინისტროზე ვფიქრობდი, გამახსენდა: როცა ახალ მინისტრს ეძებდნენ, ყველა აღნიშნავდა: „ხელოვანი ფაქიზი ბუნების არისო და განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება“ -ო. ხელოვანთა მოსაფერებლად და მათთან საერთო ენის მოსანახად მხოლოდ და მხოლოდ მანანა ბერიკაშვილი ჰყავთ. როცა ქალბატონ მანანას ხელოვანებთან სიტყვით არაფერი გამოუვა, კახა კანდელაკი ავარჯიშებს წყალბურთში, ფიზიკურად გააკაჟებს და ლა-მანშსაც გადააცურინებს. ეკონომ-გეოგრაფი - გიორგი ბაქრაძე კომპასს მისცემს ქართველ ხელოვანთ - ცურვის დროს მიმართულება რომ არ აერიოთ და ვთქვათ ატლანტიკის ოკეანის მაგივრად ანტრაქტიდაში არ ამოყონ თავი. ჩვენი კულტურის სამინისტროს ახალი მინისტრები შეძლებენ ხელოვანთათვის ახალი იახტების აშენებას - მარკეტინგული თვალსაზრისით - ოკეანეში ცურვის დროს ჭამა და დასვენება ხომ უნდათ? ამ იახტებს და ხელოვანთა ცურვის პროცესს იურიდიულად დააფუძნებს ლევან ხარატიშვილი და გაარკვევს თუ რა უფლებები აქვთ, ამა თუ იმ ევროპული ქვეყნის ნაპირს მიმდგარ მოცურავე ქართველ ხელოვანთ.
ამ პროცესის მოგვარების დროს, მიხეილ გიორგაძე იმპროვიზაციულად გააჯაზებს ქართულ სიმღერას: „საქართველოოო ლლლმაზოოოოო, სხვა საქართველოოოო სად არიიის...“

P. S. გუშინ საღამოს „მაესტროზე“ თქვეს, რომ „ძეგლთა დაცვა“ კულტურის სამინისტროში აღარ შევაო... ნეტა რას უზავენ შესაბამისი დეპარტამენტის მინისტრებს. თუ „ძეგლთა დაცვა“ მართლაც გამოეყო კულტურის სამინისტროს, მაშინ გამოდის, რომ მისი საქმე იქნება მხოლოდ ხელოვნების დარგების განვითარებაზე ზრუნვა და სახელოვნებო განათლება, მაშინ რა საჭიროა ამდენი მინისტრი?

Комментариев нет:

Отправить комментарий