вторник, 14 октября 2014 г.

მანანა ტურიაშვილი



სიზმარი ქუთაისურ „მაკბეტზე“
როცა თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, ქუთაისის თეატრის „მაკბეტი“ ვნახე, მას შემდეგ უძილობა დამჩემდა და ყოველ ღამე სპექტაკლის ფინალში გაცოცხლებული შოტლანდიის მეფე დუნკანის აჩრდილი მეცხადებოდა, ჩივილით: „თუ შექსპირის მაკბეტმა მომკლა და ახლა სამოთხეში ვარ, ვანო ხუციშვილმა რატომ გამაცოცხლაო?“  მერე შექსპირიც დამესიზმრა და ავუხსენი, რომ მიუხედავად იმისა, რომ სცენიდან არაფერი მესმოდა, სპექტაკლის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ ძალები მოვიკრიბე და გადავწყვიტე მსახიობების მოძრაობებისათვის მაინც შემეხედა. ვიფიქრე: შექპირის წელიწადია და პატივს მივაგებ-თქო.
გამოვიდა საწყალი დუნკანი, წაკუზული, ხელებზე ყავარჯნები ეკეთა და ოთხით მოარული, რომელიღაცა მულტლფილმის გმირს თამაშობდა. ობობასავით მოსიარულე დუნკანი აშინებდა ყველას და მათ შორის მაკბეტსაც, რომელიც მაგიდის ქვეშ ემალებოდა მას. სულ ყველაფერი იმ კუდიანების და ლედი მაკბეტის ბრალი იყო, თორემ ამისთანას შინ როგორ შემოუშვებდა? თანაც, არჩევანი არ დაუტოვეს საწყალ მაკბეტს: დუნკანს, ხომ ერთი სული ჰქონდა, ოცნება აეხდინა და თავის ქვეშევრდომს როგორმე სტუმრად სწვეოდა შინ, მერე იყო და ლედი მაკბეტი ისე შემოაჯდა ზედ, როგოც კარგი მხედარი ქურანა ცხენს და სექსუალურ ჭენებაში სიქა გააძრო; მერე ეს ქაჯებიც არ ანებებდნენ თავს, შეუჩნდნენ - მეფე გახდებიო და რა? აღარც ეფიქრა - მოეკლა თუ არა ურჩხული დუნკანი? მერე კიდევ ხმები მოუვიდა: აღვირახსნილმა სექსმა ისე დაღალა ცოლი მისი, რომ ხანჯლით სასირცხო ალაგის დასერვა გადაწყვიტაო! ამდენი უბედურება ერთად დაატყდა საწყალ კაცს და რომელი სულიერი  გაუძლებდა ამ შემოტევას... გადაწყვიტა მაღალი სტუმრის მიღება და თეთრ კაბაში გამოწყობილი მწყერივით ჩათქვირული ლედი მაკბეტიც გამოგოგმანდა! ამისთანა ქალს ვინ ეტყოდა უარს, რომელი მამაკაცი არ აუსრულებდა სურვილს? მეფე დუნკანს კი არა, ამ ქალისათვის მთელ ქვეყანას გადაბუგავდა კაცი! ოღონდ ეგაა, რომ ალკოჰოლი ყვარებია ლედი მაკბეტს, რომელსაც გაუგია წითელი ღვინო ანტიკარცეროგენულიაო და  რეჟისორის თხოვნით ისე მიეძალა ბოცას, რომ ავისმომასწავებლად თეთრ კაბაზეც გადაისხა. უჰ, როგორ აჟღერდა ეს სისხლიანი მეტაფორა, მისმა ექომ მსოფლიოს რჩეული შექსპიროლოგები ფეხზე დააყენა და დაიწყეს ახსნა, რომ აიიი, ესაა სწორედ ის ახალი მეტაფორა ხელოვნებაში, რომელიც ქალის მკვლელ ბუნებას მიგვანიშნებს ბატონებო! მე, როგორც უბრალო მოკვდავი ვფიქრობდი: ნეტა რითი რეცხავენ ამ კაბას? რომელი მათეთრებლით? იქნებ ყოველ სპექტაკლზე ახალ კაბას უკერავენ მსახიობს?
და აი, როგორც იქნა მიაძაღლა მაკბეტმა დუნკანი, აუსრულა ცოლს სურვილი. ამის შემდეგ ის ისეთი უმწეო გახდა, რომ მათი სცენა, რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა „სატრფიალო ლირიკის“ ნიმუშად აქცია. ესაა, რომ ერთმანეთს ძველი ვნებით ვეღარ ჩაეხუტნენ, რადგან ქვეტექსტით მიგვანიშნეს: „ამ წუთებში სექსი არ გამაგონოო... კაცი მოვკალი ბოლოს და ბოლოს, თევზი ხომ არ მომიკლავსო.“  ახლა მკვლელობის კვალი ხომ უნდა წაეშალათ და ვინაიდან შექსპირის ეპოქაში სასახლეში თანამედროვე წყალსადენი მილები არ იყო გაყვანილი, მიადგნენ აკვარიუმს, სადაც დიდი თევზები საამურად დაცურავდნენ. უენო თევზებმა ახედეს მსახიობს, მაგრამ გრძნეული ხომ არ იყო, რომ ბუნების ხმა გაეგონა მას და წითელმა ღვინომ ანუ საღებავმა შლიგინ-შლიგინით გააფერადა აკვარიუმის წყალი. ესეც ახალი თავსატეხი მეტაფორა შექმნა რეჟისორმა არტ-მეცნიერებისათვის! რა იცოდნენ ამ უბედურმა თევზებმა ან რა იცოდა „ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ“, რომ ეს კაციჭამია მაკბეტები თევზებსაც მოწამლავდნენ და მაყურებელი კარგა ხანს მათი საცოდაობით დაიწვებოდა.
უცნაურად მოგეჩვენებოდათ თეთრ-პერანგ-შავ-შარვალ ჩაცმული ხანჯლებით შეიარაღებული თმააშლილი გვირგვინოსანი მეკბეტის გამოჩენა, რომელიც ხან ჰამლეტს მოგაგონებდათ და ხან ჟერარ ფილიპის ფანფან ტიულპანს. გაიფიქრებდი: შე კაი კაცო, თუ მოკალი ის, ვინც გარჩენდა, თუ „ქალთან ურთიერთობა“ აღარ შეგიძლია - რაღა გიხარია? გვირგვინიო - მხოლოდ გვირგვინი, მოგვანიშნა რეჟისორმა და მაყურებელი ანტრაქტზე გაუშვა!
მეორე მოქმედებაც დაიწყო და როცა ლედი მაკბეტმა წითელი „ტრუსი“ გაიხადა და ურცხვად გადაფინა ჭიქებზე, იქ მივხვდი, როგორ აგუგუნდა დარბაზში „XXI საუკუნე“. სექსუალური თამაშებისათვის გაემზადა ლედი მაკბეტი, მაგრამ მაკბეტს გაახსენდა თავისი „უძლურება“, გაიფიქრა კიდევ არ შევრცხვე ჩემს მუზასთანო და სითამამისათვის ევროპულად შეიყნოსა „ჰეროინი“. ახლა უკვე გაძლიერებული მამაკაცი ბუღა-კამეჩს დამსგავსებული ეძგერა თავის ცოლს და პრინციპში გააუპატიურა. თავისი ძლიერებით გახარებულმა თავის წყლით გაგრილება დაიწყო და ალბათ აღარ აინტერესებდა სცენა, სადაც გაშმაგებული ლედი მაკბეტი აკვარიუმის თევზებს დაერია და გაცოფებულმა, როცა ერთ-ერთი მათგანი ხელთ მოიგდო, ძირს დაანარცხა და სულიც გააფრთხობინა. დიახ! ეს იყო ლედი მაკბეტის სისასტიკის უმაღლესი გამოვლინება და რაც მთავარია, მეტაფორული აზროვნების უზადო ნიმუში! ამ თევზივით გაგანადგურებო, მიანიშნა ქალმა მაკბეტს და ნადიმზე აჩრდილები მოუვლინა! დიდებულები მაიმუნებივით ახტუნავდნენ და მივხვდით, რომ რეჟისორის გადაწყვეტით მათაც კუდიანები ჰყავდათ შეჩენელი.
აღარ მინდა ასე ცხოვრებაო გაიფიქრა ალბათ ვანო ხუციშვილის მაკბეტმა და სახლიდან წასვლა გადაწყვიტა. კულისებში გასულმა, ჩემოდნებში ბარგი ჩალაგება დაიწყო, მაგრამ გაავებულმა ტანსაცმლის მაგივრად მაკდუფის შვილების გვამები ჩააწყო და თავის ფეხით მიადგა ლედი მაკდუფს. მერეღა მივხვდი, რეჟისორის აზრით მაკბეტი ერთ დროს ლედი მაკდუფს ჰყვარობდა და შესაძლოა რომანიც ჰქონდათ! და სწორედ ამიტომ მიაკითხა სასოწარკვეტილების ჟამს თავის ყოფილ საყვარელს, ოღონდ იმდენად ალოგიკური გახდა, რომ კბილის ჯაგრისისა და საცვლების მაგივრად მისი შვილების გვამები ჩაულაგა. ამ სცენით  რეჟისორი ჩახვდა მაკბეტის, როგორც მკვლელის ფსიქოლოგიური გამოხატულების ნიმუშს და უკან მოიტოვა ჰიჩკოკისეული „საშინელებათა განცდები“.
ქმრის ღალატზე გაბრაზდა ლედი მაკბეტი და აკვარიუმში ხელების ჭყაპუნი დაიწყო, ქვეტექსტით: „მე შენ გვირგვინი გაჩუქე და შენ ვიღაც ქალზე გამცვალეო?“ მაგრამ მის დასახმარებლად მთავარი კუდიანი გაემართა და მიანიშნა - აქ არა ვარო? შენ გული არ გაიტეხოო და დედის თბილი მზრუნველობით გადაჰყვა თან! არადა ამ შექსპირს უწერია კუდიანიო, ქაჯიო, ჰეკათაო!.. ეს კიდევ ანგელოზი ყოფილა!
შინ დაბრუნდა მაკბეტი, სასოწარკვეთილი იყო! იქ ლედი მაკდუფი შემოაკვდა, აქ კიდევ ცოლი მოგიკვდაო! გათავდა კაცი! სასახლე დაუტრიალდა თვალწინ (რეჟისორმა გამოიყენა მბრუნავი სცენა). უქალოდ დარჩენილს „ბირნამის ტყის“ დაძვრაც მოელანდა და ვეფხვებთან მეომარი რაინდივით გაიბრძოლა მტერთან.
მოკვდა თუ გადარჩა მაკბეტი? ვეღარ გავიგე! მითუმეტეს, რომ მალე დუნკანიც აღდგა მკვდრეთით და კვლავ ობობასავით დაიწყო მოძრაობა!
ბოლოს და ბოლოს მივხვდი ხელოვნების ძალას, რომელსაც შექსპირის პიესის ამგვარი გადატრიალება შეუძლია და იმასაც მივხვდი, თუ რატომ მესიზმრებოდა შექსპირი: თუ მკლავთ, როგორც დრამატურგს, თუ ყველაფერს ცვლით, ჩემს გვარს რატომღა აწერთ, კაცო? დააწერეთ ვანო ხუციშვილი და მორჩა ბატონო!
P. S. როცა სიზმრიდან გამოვფხიზლდი, გავიფიქრე: ნეტა ამ ქვეყნად ლოგიკა რატომ არ ამოძირკვეს-თქო, მაშინ ამ სიზმარსაც ხომ ვეღარ ვნახავდი?


Комментариев нет:

Отправить комментарий