სტატია გამოქვეყნდა გაზეთში „ქართული სიტყვა“, 2014 წლის 29 ოქტომბერს
დიმიტრი კრიმოვის „О-Й.“ ანუ მოსკოვს
ცრემლების მაინც სჯერა
მანანა ტურიაშვილი |
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, მოსკოვის „დრამატული ხელოვნების სკოლამ“ წარმოადგინა სპექტაკლი „ო-ი. გვიანი სიყვარული“. როცა დრამატურგმა ალექსანდრე ოსტროვსკიმ პიესა „გვიანი სიყვარული“ დაწერა, რუსეთში 1873 წელი იდგა. დიდი იმპერიის პროგრესული ძალები მხატვრულ ნაწარმოებებში ასახავდნენ იმ სულიერ დასაყრდენს, რომელიც გვიჩვენებდა რუსი ხალხის მომავალს, რაც ერის ღირსებაზე და პატიოსნებაზე დაფუძნებული, მომავლის იმედს უსახავდა მწერალს.
„გვიანი
სიყვარული“ უპოვარი, ლუკმა-პურის ნატრული, გროშების შეკოწიწებაზე და ფულის
გამოძალვაზე გადართული თაღლითი ადამიანების მხილების, მაგრამ მაინც მათი სიყვარულით
აღბეჭდილი ისტორიაა, სადაც დასამუშავებელი ალმასივით ბრწყინავს მოხუცი, დაღმავალი
საადვოკატო კარიერის ფინალში მდგარი მარგარიტოვისა და უიღბლო შრომით გასავათებული
ქალიშვილის - ლიუდმილას ღირსება და პატიოსნება. მამა-შვილის ბრძოლა ინტრიგების,
ნიჰილიზმის, ფულის, როგორც ყველაზე დიდი ღირებულების წინააღმდეგ გამარჯვებით
მთავრდება. ლიუდმილას სიყვარულის ობიექტის თუ სუბიექტის - გალოთებული, აზარტული
თამაშებით გატაცებული, ადვოკატის კარიერათავმინებებული ნიკოლაის გამოსწორებით
მთავრდება პიესა და პირადი ცხოვრებისათვის მებრძოლი ქალიშვილის გვიან სიყვარულს
ბედნიერი დასასრული აქვს. ოსტროვსკიმ ამ ნაწარმოებით პროგრესული ძალების
გამარჯვება იწინასწარმეტყველა, სამშობლოს - რუსების სულიერი გადარჩენის
პერსპექტივა უსურვა და ალბათ ამ იმედით განუტევა სული 1886 წელს.
მაგრამ რა იცოდა ალექსანდრე ოსტროვსკიმ, რომ
საბჭოთა კავშირში ახალი ღირებულებები ჩამოყალიბდებოდა და ჰუმანიზმის იდეებს
ამოფარებული ბოლშევიკები და პოსტბოლშევიკები სისხლის ნიაღვრებს აახმაურებდნენ, თავისი
და სხვადასხვა ერების გონით ნაწილს გააციმბირებდნენ და მაინც ვერ მოკლავდნენ
რუსეთის პროგრესული ძალების სურვილს ეთამაშათ ზღაპარი „გამოსწორებულ რუსს
ნიკოლაიზე“, რომელმაც თაღლითობას და ღალატს, პატიოსნება და ღირსება აირჩია.
მარგარიტოვი - ინოკენტი სმოკტუნოვსკი |
ასე
ითამაშეს 1983 წელს ოსტროვსკის პიესა ფილმში, სადაც რუსეთის ერთ-ერთი მიყრუებული დასახლების
გაღატაკებულ მოსახლეს შეფარებული მარგარიტოვის როლს, ყველა დროის ერთ-ერთი
გენიალური მსახიობი ინოკენტი სმოკტუნოვსკი ასრულებდა; მისი პატიოსნების უმწეობის
ყურება, დღესაც გულს გატკენთ და სულს აგიფორიაქებთ.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეში
ახალი ღირებულებები ვერა და ვერ ჩამოყალიბდა, „ველიკორუსული“ ძალები მსოფლიოს მონოპოლიზაციას
ცდილობენ და ამის ერთ-ერთი გამოვლინება ყოფილი იმპერიის ტერიტორიებზე ჰეგემონიაა!
რუსეთის ჰიმნის ერთ-ერთ პწკარედში იგულისხმეს ერის გონითი და სულიერი მემკვიდრეობა,
რომელიც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მონაპოვარიცაა და მას სიბრძნე უწოდეს: „Предками
данная мудрость народная! Славься, страна! Мы гордимся
тобой!“. რასაკვირველია
ოსტროვსკის მოსაზრებებში დიდი სიბრძნეა ჩადებული, მაგრამ მოსკოველი რეჟისორის -
დიმიტრი კრიმოვის სპექტაკლის ყურებისას, დრამატურგზე გაიფიქრებთ, მართლაც რომ:
„ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“, რადგან დღეს, რუსეთი მთელ მსოფლიოს უმტკიცებს ქვეყნის
მმართველი ძალების მთავარ წესს - ჩვენ არ ვემორჩილებით ცივილიზებული ხალხების
პოზიციას - ევროპის ქვეყნებისა და სხვათა მსგავსად იმპერიას ვერ დავანგრევთ,
პირიქით, მისი შენარჩუნებისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.
მაგრამ რა იცოდა ალექსანდრე ოსტროვსკიმ, რომ 2014
წლის თბილისური შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, რუსეთის ყოფილი კოლონიის -
საქართველოს დედაქალაქში, მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო
ფესტივალზე, მოსკოველი რეჟისორი დიმიტრი კრიმოვი აჩვენებდა სპექტაკლს, რომლის
სათაურშიც წინ „ო-ი.“-ს დაურთავდა, რადგან დრამატურგის გვარს (Остро́вский) გამოშიგნავდა,
მხოლოდ პირველ ასოს „О“-ს და ბოლო ასოს „И“-ს დატოვებდა და პიესას თავდაყირა
დააყენებდა, თან ისე, რომ არც ერთ მთავარ მოვლენასა თუ ეპიზოდს არ შეელეოდა და
ყველა პერსონაჟის მოტივაციებს, სვლებს, ურთიერთობებს ტრაგიკული კომედიის ჟანრში
გადაწყვეტდა. ასე დაიწყო მოსკოველმა რეჟისორმა თეთრ, ქათქათა ფურცელზე რუსეთის ახალი
ისტორიის წერა, სადაც ოსტროვსკის პიესის მაგალითზე, რუსი ხალხის ყველა ადრე
არსებული ღირებულებები გააქრო; მან სირაქლემასავით თავი ქვიშაში არ ჩაყო და როგორც
ნამდვილ მოქალაქეს შეჰფერის ჩვენ და თავის სამშობლოს ირონიითა და იუმორით სიმართლე
გვითხრა: იმპერიალისტურ და თვითმპყრობელურ რუსეთში ადამიანური ღირებულებები აღარ
არსებობს, მე გიჩვენებთ ჩემი ქვეყნის დაუნდობელ, სასტიკ კრიტიკას და ამ თეთრი
დეკორაციით, სადაც ხდება „ო-ი. გვიანი სიყვარულის“ მოქმედება, მიგანიშნებთ, რომ
ახალ ისტორიას ვწერ და ვიტყვი, რომ რუსეთის ხსნა პროგრესულად მოაზროვნე
ახალგაზრდობის პოზიციაა: რეალურად დაინახოს თავისი ქვეყანა და კრიტიკით
გადაარჩინოს სამშობლო.
რეჟისორი დიმიტრი კრიმოვი |
როცა ამავე სათაურის ფილმს ვუყურებდი, ოღონდ „О-Й“-ს
გარეშე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს პიესა შეიძლება დრამატული თეატრის მსახიობებს
კლოუნების სახით წარმოედგინათ. ოღონდ ეს განსაკუთრებული კლოუნები იყვნენ, რუსული
„მოხეტიალე დასის“ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიღბებით, რომელთა მახინჯი
სხეულები, შემოსილი შავ-თეთრი გამის
ტანსაცმლით, ერთ დიდებულ საღამოზე წასული უტრირებულ ადამიანებად გესახებოდათ.
ამავე დროს რუსეთის თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტის მე-4 კურსელების სხეულები,
დეკორაციის თეთრ ფონზე, შავ-თეთრი გრაფიკული ესკიზის სიუჟეტს ქმნიდა. კრიმოვის
წარმოდგენის პერსონაჟები ნოტებსაც მიაგავდნენ, სადაც მსახიობების მიერ შექმნილი
„დო“, „რე“ თუ „სოლ“ თუ „ფა“ გამუდმებით ცდილობდნენ მელოდიის აწყობას, მაგრამ
სცენაზე შავი გველებივით მოსრიალე პროჟექტორის სადენები ვერ სწორდებოდნენ, რათა
მათზე შემოსკუპებულ სანოტო ნიშნებს სიმღერა აეწყო.
სპექტაკლი მიმდინარეობდა
სიცილ-ხორხოცში - იუმორით, ირონიით, თვითირონიითა და სარკაზმის ჭრილში დანახული რუსი ხალხის ღირსებისა და პატიოსნების
დაცემის პროცესის ჩვენებით. ამ დროს ნოტები ანუ მსახიობები ფინალური მელოდიის
ასაწყობად ემზადებოდნენ: თხზავდნენ, მაყურებელთან ერთად ეძებდნენ და ამას
აკეთებდნენ უჩვეულო ტემპო-რიტმით, თითქოს ერთი სული ჰქონდათ ეპიზოდიდან ეპიზოდზე
გადასულიყვნენ, რათა საინტერესოდ აგებული ჯაჭვის რგოლი არ გაეწყვიტათ და ყველაზე
მნიშვნელოვანი - ბოლო სცენა ეთამაშათ.
იდეალური და იდეალისტი გმირების: ადვოკატ
მარგარიტოვისა და მისი ქალიშვილის მეტყველება ბუნდოვანი, შებურული აზროვნებით
გამოიხატებოდა, ოღონდ ეს ბუნდოვანება იმგვარი სამეტყველო ტექნიკით იყო
დამუშავებული, რომ სიუჟეტის განვითარებისათვის აუცილებელი, მთავარი ფრაზები მაინც
გესმოდათ. ცალკბილა მამას თამაშობდა თხელი
და ტანდაბალი მსახიობი ქალი - ალინა ხოჯევანოვა, მის ქალიშვილს - ლიუდმილას მარია
სმოლნიკოვა, რომელიც კრიმოვის სპექტაკლში სიმაღლით მამას დაემსგავსა, მაგრამ მისი
ე. წ. „რუსული ნაწნავი“, პაწაწინა ტანთან შედარებით, იმდენად გრძელი იყო, რომ
ამგვარი პროპორციების დარღევა უკვე კომედიურ ელფერს სძენდა ამ გმირს.
უსქელესი წარბებითა და სათვალეებით დამშვენებული, გვიანი სიყვარულით შეპყრობილი
ლიუდმილა მზად იყო ეჩიფჩიფა თავგანწირულ სიყვარულზე ნასწავლი ტექსტის ფრაზები იმ პათოსით,
როგორც მისი მამა ახდენდა იდეალების დეკლამირებას ძველი მაგნიტოფონის კასეტაზე ჩაწერილი
ხმით, რომელიც მიაგავდა 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის ზოგიერთი პოლიტბიუროს წევრების
მიერ წაკითხულ ტექსტებს, როცა ყველამ ვიცოდით, რომ ეს ამაღლებული ფრაზები ხარისხზე,
იდეალებზე, კომუნიზმზე, ჰარმონიულ ინტერნაციონალურ თანაცხოვრებაზე, თავისუფლებაზე რეალობა
არ იყო. ადვოკატი მარგარიტოვი და ლიუდმილა, კრიმოვის სპექტაკლში ფიზიკურად დაპატარავდნენ,
უტრირებული გახდნენ და მათ გაუგებარ მეტყველებაში ასახულმა აზრმა, ირონიის ქარიშხალი დაატრიალა სცენაზე.
მუდამდღე თითო-ოროლა გროშის შოვნაზე გადაგებული
დიასახლისი შაბლოვა (ევგენი სტარცევი), ხან მძიმე წონის მოკრივეს მოგაგონებდათ,
დაკუნთული მამაკაცური სხეულით და ხან სიმძიმეების აწევის მსოფლიო ჩემპიონს,
რომელმაც თითქოს ეს ესაა 500 კილო აწია და სწორედ ამიტომ გაჰკიოდა თავის ტექსტს, 500 მეგაჰერცის ბგერის განშლადობით, სადაც რუსი
ქალის სიმძლავრის ელემენტი იუმორით კიოდა. შაბლოვას როლის შემსრულებელს ახალგაზრდა
მამაკაცს, სხეულის გასადიდებლად არც უზომოდ დიდი მკერდის ფორმები დაუშურებია და
არც განზე გასული გავის ნაწილების გადიდება, რომელიც ორ უზარმაზარ სქელ ბარძაყს
ტიტანური შრომის შედეგად ეჭირა. ეს მჭექარე, ორი მოსწრებული შვილის დედა, რომელიც
კარტზე მკითხაობით ერთობოდა და ფულსაც აკეთებდა, სპექტაკლის მიმდინარეობისას უზომოდ მაღალ აქსელერატ, დორბლიან შვილთან
(ანდრეი მიხალევი) შეპაექრებისას ყირა-ყირაზეც გადადიოდა და მოქნილი პლასტიკით,
ზამბარისებრი დრეკადობით შეეძლო ბიჭის ბაღლინჯოსავით გაჭყლეტა. ამ კლოუნადური
ხერხების გამოყენებისას, რომელიც მაყურებლის სიცილ-ხარხარში მიმდინარეობდა, კარგად
გრძნობდით ძალმომრე დედისა და ფარხმალ-დაყრილი შვილის ურთიერთობის ფსიქოლოგიას.
მეორე ქალ-ვამპირს - ვარვარას ასევე მამაკაცი თამაშობდა მსახიობი კონსტანტინე მუხანოვი. ის ე. წ. არისტოკრატია, ოღონდ რუსეთის თუ ნებისმიერი ქვეყნის მიყრუებული რაიონიდან, რომელიც თავის სილამაზეს მამაკაცთა მოსახიბლავად იყენებს და კარგადაც ყიდის. ამ თავყრილობებისათვის მას სჭირდება დიდძალი ფული და სწორედ ამიტომ არ სურს ვალის დაბრუნება. მისი სიყვარულითა და ბედკრული კარიერის ფიასკოთი გათანგული ნიკოლაი - ალექსანდრე კუზნეცოვი, აზარტულ თამაშებში და ლოთობაში ეძებს თავდავიწყებას. პიესის მიხედვით ლუდმილას სიყვარული ნიკოლაის გადაარჩენს: ვექსილის მოპარვაზე ხელს ააღებინებს და პატიოსან გზაზე დააყენებს, მაგრამ რეჟისორ კრიმოვისათვის უცხოა ეს „ტკბილი“, სენტიმენტალური სცენები, რადგან მისი დახვეწილი გემოვნება ამგვარ უტოპისტურ და ვითომ იდილიურ რეალობას დღევანდელ რუსეთში ვერ ხედავს და ფულზე დახარბებული ვარვარასა და უფულოდ დარჩენილი, მოტყუებული, სასოწარკვეთილი ნიკოლაის ურთიერთობის მთავარ სცენაში, სადაც თითოეული თავისი არჩეული ცხოვრების გადასარჩენად იბრძვის, უკვე აღარ ხუმრობს. ამდენი სიცილ-ხორხოცის შემდეგ, მათი ჩხუბისას ჯერ გგონია, რომ ეს კლოუნადა გრძელდება, მაგრამ მერე, უმალ ხვდები, როგორ გადაიზრდება ეს ნამდვილ ორთაბრძოლაში, რომელიც ქორეოგრაფიულ დუეტსაც ჰგავს. ამ დუეტის მოძრაობებს (ქორეოგრაფი ანატოლი ვოინოვი) ორი გამხეცებული, გაშმაგებული ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მექანიზმი მართავს, რომელიც თავისი შინაგანი რიტმით, ნელ-ნელა, ზევით-ზევით იწევს: თავიდან ჯერ გეცინებათ:
ნიკოლაი ნაბახუსევია ალბათ, ღამენათევი და თვალებჩაწითლებული, რომელსაც თანამეინახეების ან მევალეების მიერ მიყენებული ძველი ჭრილობები სახეზე წითლად უელვარებდა. ამ ქორეოგრაფიულ მონახაზში, კომედიიდან ტრაგიკულამდე ერთი ნაბიჯია და როცა ვარვარა ნათურას დაიტეხს თავზე და მისგან ცივ იარაღს შექმნის და ბოლოს ფეხსაცმელით კბილებს ჩაულეწავს ნიკოლაის და ნატურალისტური კოშმარით გამოჩნდება ყოფილი თაყვანისმცემლის სახე, მერეღა ხვდებით გაცხოველებული ქალისა და მამაკაცის უცნაურ, პათოლგიურ ურთიერთობას. ნიკოლაის ნაცემი სახის მშვენებას, სატრფოს მიერ ჩალეწილი კბილებიც დაემატა და დახეთქილი ღრძილებიდან გადმოსული სისხლიანი ლორწოს დანახვაზე მივხვდით, რომ რეჟისორი და მსახიობები აღარ ხუმრობდნენ. ამ სცენის შემდეგ, იქვე მაყურებელთა დარბაზში გახსენდებათ, რომ სხვა გმირებისაგან განსხვავებით, ამ ორი პერსონაჟის მეტყველებას მკაფიოდ ვარჩევდით, მათ ჯერ კიდევ შეეძლოთ აზრის მოტანა, მაგრამ დღევანდელი რუსეთისათვის დამახასიათებელი ქალისა და მამაკაცის ეს არსებული და სავარაუდოდ ქვეყნის წამყვანი დუეტი, რეჟისორ დიმიტრი კრიმოვის მოქალაქეობრივი ტკივილია და არა დაცინვის საგანი. ამ სცენაში მაქსიმ გორკის „ფსკერის“ ატმოსფეროსავით გაიჟღერებს ნატურალისტური სისასტიკე, რაც მაყურებელის სულში ძრწოლას აღძრავდა, მაგრამ რეჟისორის უხილავი ხელი, მათ მაინც იუმორით დირიჟორობდა და ეს ბაბუაწვერასავით მსუბუქი, მახინჯი დუეტი, სხვა გმირთა მსგავსად ესთეტიკური მშვენიერების ხილვის განცდით გავსებდათ.
სწორედ ამიტომ ციმციმებდა ფარვანასავით ეს სცენა: ხან გეჩვენებოდათ, რომ ყველაფერი ნამდვილია, და ხან გეჩვენებოდათ, რომ ეს თამაშია. კრიმოვი, მსახიობებთან ერთად იმ ბეწვის ხიდზე გადიოდა, რომლის დალაშქვრისას ერთი მცდარი წაბორძიკებაც კი ამოაგდებთ მხატვრული ნაწარმოების მთლიანობის დაცვის კანონიდან, დაგაკარგვინებთ სცენურ სიმსუბუქეს და მსახიობების მიერ მოქსოვილი ბრწყინვალე ქარგა, შეიძლება ობობას ქსელივით დაირღვას. მაგრამ დიმიტრი კრიმოვს იმდენად ზუსტად ჰქონდა აგებული, არა მხოლოდ „ჩხუბის“ სცენის, არამედ ყველა ეპიზოდის კონსტრუქციის ლოგიკა, რომ ბეწვის ხიდზე მავალი მსახიობების შინაგან თუ გარეგან ლოგიკურ ქმედებას დაშლა-დარღვევა არ ეწერა, პირიქით სწორედ ეს რკინისებური ლოგიკა იყო ის ძირითადი ფუძე, საიდანაც ახლადგახსნილი შამპანურის შხეფებივით მოედინებოდა იმპროვიზაციის დაუსრულებელი ტალღები, რომელიც აზარტულად ეთამაშებოდა მხიარულებით მთვრალ მაყურებელს.

და აი, როგორც იქნა ხელში ჩაიგდო ნიკოლაი ლუდმილამ,
რომელმაც ისე მიაწოდა თავის მუზას მამამისის ჰონორარი - ფულის დასტა, რომ მის
მიმართ რეჟისორის ირონია უმალ გამოჩნდა: ეს ხომ რუსეთის მომავალის, ამჯერად ქალის
ე. წ. დახვეწილი მანერის მანიშნებელი იყო, რომელიც ფულის ყადრს ვერასოდეს
იგრძნობდა. ოსტროვსკის პიესა ლიუდმილას მიერ მზითვის ფულის მოპოვებით და შესაძლო
ქორწილით მთავრდება, რომელსაც წინ უკვე აღარაფერი ეღობება, ასეა 1983 წელს გადაღებულ
ამავე სახელწოდების რუსულ ფილმში. მაგრამ დიმიტრი კრიმოვი ამ რუსული წყვილის
ისტორიას აგრძელებს, თითქოს XXI საუკუნეში გადმოაქვს და ლოგიკურად გვისაბუთებს, თუ
რა მოხდებოდა დღევანდელ რუსეთში, ამგვარი სცენა რომ გათამაშებულიყო რეალობაში.
თეთრ სცენაზე ორი სადა სკამი ეშაფოტივით დგას.
მარჯანიშვილის თეატრის ჭერზე უამრავი პროჟექტორი მიჯრით არის ჩამწკრივებული.
ისედაც თეთრი, ქათქათა სცენა, კედლები, თოვლზე აკიაფებული ზამთრის მზესავით
აელვარდა და ჩვენი გონების გასასხივოსნებლად მოემზადა. პირსისხლიანი, ნაცემი
სასიძო ნიკოლაი და კაბისკალთააწეულ საპატარძლოს თეთრი, ჩაჩაჩული, გრძელი,
მოსაწყენი საცვლები ავბედითი ცოლ-ქმრული
ურთიერთობების პერსპექტივას გვისახავდა ჩვენც და სასიძოსაც, რომელსაც ცემის
მიუხედავად მამრის „თვალი“ მაინც შერჩენილი ქონდა ალბათ და სწორედ ამიტომ გაიქცა
საქორწინო რიტუალიდან. ოსტროვსკის პიესის გმირი XXI საუკუნეში უფრო დიდ და საშიშ
მომავალს დაინახავს ამ შეუღლებით, მას აღარც ვალების გადახდა უნდა და არც
ნორმალური, წესიერი ცხოვრება. მაგრამ ამ მახინჯ ხალხში, სადაც სრული ქაოსია,
ყოფილი ლოთი, მფლანგველი და ოჯახის წურბელაც უარს ამბობს აქ ცხოვრებაზე და გაქცევა
მოუნდება, მაგრამ ასე ადვილად ვერ უსხლტება ხელიდან ფსევდოჰუმანიზმში გამოწრთობილ პოსტსაბჭოთა
რუსულ აზროვნებას. მას უკან მოიყვანენ და სკამზე შედგამენ, პატარძლის გვერდით - აქ
ირონიაც წყდება თითქოს ამ დროს და იუმორიც, სარკაზმმაც მიატოვა სცენური სივრცე.
სპექტაკლში შიშველი, ტრაგიკული, ტკივილიანი და თითქოს ზეციური პოლიფონიური ჰანგი
გაისმის, რომელსაც მსახიობები ასრულებენ და გგონია, რომ ეს ვედრებაა იმ ჯვრისწერის
რიტუალზე, რომელსაც კრიმოვის აზრით თუ ჩვენი აზრით დასრულება არ უწერია, რადგან
ადამიანური ღირებეულებებით განძარცვულ თეთრ, უდაბურ სივრცეში მხოლოდ ტკივილი ათბობს
რუსეთის სულიერად გაღატაკებულ ტრამალის
მცხოვრებთ. ეს კივილი იგრძნო ნიკოლაიმ - ის მამაკაცია ცალსახად და არა მამაკაცი,
რომელიც ქალად ასაღებს თავს, ის რუსეთის ერთადერთი მომავალია. ის კბილებჩატეხილი,
სისხლიანი ტუჩებით იღიმის და ბოლოს და ბოლოს გაისვრის იმ რევოლვერს, რომელსაც შავი დღისათვის ინახავდა
და რომელსაც ოსტროვსკის პიესაში გასროლა არ დაუწესა მწერალმა, ვინაიდან იქ, სადღაც,
მიყრუებულ რუსულ რაიონში, 1873 წელს პატიოსნებამ და ღირსებამ გაიმარჯვა. კრიმოვის
აზრით დღევანდელი რუსეთის ყოფაში დაკარგულია კაცობრიობის მიერ დადგენილი ყველა
ადამიანური ფასეულობა, ეს დაინახა არყით გაჟღენთილმა ნიკოლაიმ და გულთან მიტანილი
იარაღის მკერდთან მიჭერით სისხლის ლაქით გადღაბნა თეთრი პერანგი. ეს არ იყო მსახიობის
„უბრალოდ“ სიკვდილი სცენაზე, რომელიც შუქის ჩაქრობის შემდეგ მზადაა უცბად წამოდგეს
და კულისებში განავარდებულმა ახლობლების შექება მიიღოს. ეს იყო თეთრ, ცივ
კედლებში, გასროლილი რევოლვერის მჭახე ხმა, სადაც ტყვიის სასტიკ მოძრაობას
მხარს უბავდა მარტოდ, ეულად და საწყალობლად დარჩენილი გადაგვარებული ხალხით
დამახინჯებული დედა-რუსეთი, რომლის ერთადერთი იმედი, ოქტომბრის თბილისის იმ თბილ
საღამოს, დიმიტრი კრიმოვისა და მისი დასის თამამი, კრიტიკული, მხიარული და
ტრაგიკული სპექტაკლის ჩვენება იყო, სადაც ყოველ წამს, ოღონდ სხვადასხვანაირად
შეგეძლოთ წამოგეძახათ: О-Й, О-Й... О-Й... О-Й, О-Й... სპექტაკლის შემდეგ
ვფიქრობდი: თურმე მოსკოვს ცრემლების მაინც სჯერა.
მანანა ტურიაშვილი და რეჟისორი დიმიტრი კრიმოვი |
Комментариев нет:
Отправить комментарий