წერილი გამოქვეყნებულია ჟურნალში „ჩვენი მწერლობა“, 2014 წლის ოქტომბერი
მრავალნი არიან წოდებულ და მცირედნი რჩეულო ანუ როცა
ბუნების სიმღერას ნეკროფილები ახშობენ
ისე გააკეთე, როგორც არის,
მხოლოდ უფრო ხმამაღლა იმღერე,
ბუნება მღერის,
იგივე იმღერე,
მაგრამ უფრო
ხმამაღლა!
იაკობ ნიკოლაძის აღბეჭდილი ოგიუსტ როდენის ეს ფრაზა,
როსტომ ჩხეიძეს გამოუყენებია თავის წიგნში „გადამწვარი მზე“ და დაუწერია: „უშანგი ჩხეიძეც აღტაცდებოდა ფრანგი მოქანდაკის ამ
რჩევით, იაკობ ნიკოლაძის წიგნში რომ ამოიკითხავდა, და ძალდაუტანებლად განაზოგადებდა.
- ამ სიტყვებში ხელოვნების მთელი არსია მოცემული.“
ბუნებას თავისი კანონები აქვს, ხელოვნებას თავისი. ბუნებაში
გამოხატულ ხელოვნებას ღვთაებრივი შემოქმედი ქმნის, ხოლო ხელოვნებაში ასახულ ბუნებას,
საკუთრი წეს-კანონით შეიარაღებული ღვთისაგან რჩეული ადამიანები ქმნიან. თუ ოდნავ ხმამაღლა
არ იმღერე და ოღონდ არა აღმატებულად, ხელოვნება თავის არსსაც დაკარგავს და ადამიანზე
ზემოქმედების ძალასაც. „ბუნების სიმღერის“
გარეშე, ნატურალიზმი გააღარიბებდა ამ ქვეყანას. როსტომ ჩხეიძეს ხელთ უპყრია ხელოვანის
იარაღი და თავისი ქმნილების ხორცშესასხმელად დოკუმენტურ მასალს ბუნებად აღიქვამს და
მწერლური ნიჭით აღბეჭდილი „უფრო ხმამაღლა“ მღერის, ისე როგორც მოუხდებოდა უშანგი ჩხეიძის
გენიას.
უშანგი ჩხეიძე |
სხვა ქვეყანაში, რომ დაბადებულიყო უშანგი ჩხეიძე, უეჭველად,
„ცოცხალი ეროვნული საგანძურის“ სტატუსს მიანიჭებდნენ, რადგანაც თავისი შემოქმედებითა
და ცხოვრების წესით, სწორედ რომ ის საგანძურია, რომელიც ქართული ცნობიერების უმაღლესს
ხარისხს გამოხატავს. სიცოცხლეში პერსონაჟად ქცეული უშანგი ჩხეიძის შემოქმედების გზა
გვაერთიანებს იმ ზოგადსაკაცობრიო აზროვნებასთან, სადაც მსოფლიოს რჩეული ქვეყნების ღვთისაგან
ხელდასმული ადამიანების გული ბობოქრობს.
როსტომ ჩხეიძის „გადამწვარი მზე“ ქართულ ცნობიერებაში
აღმართული მრუმე, სალ კლდეებში ამოხეთქილი უმშვენიერესი ჩანჩქერია - ახლოს თუ დადგებით ქართველთა მარადიული მუხანათური
სვლები სულს შეგიშფოთებთ, მოშორებით მდგომს კი უშანგი ჩხეიძის შემოქმედება მზესავით
გაგათბობთ და გამორჩეული პიროვნების ბედკრული ისტორიის გზას იმ მანათობელივით გაგიჩირაღდნებთ,
რომელსაც გადაწვა არ ემუქრება. მზესთან ახლოს მისვლა და მისი მხურვალებისა არ ეშინია
მწერალს და არც შორს დგომა გაუჭირდა, ვინაიდან ასე უფრო კარგად დააკვირდებოდა იმდროინდელ
ცხოვრებას და რელიეფშიც უამრავს შეამჩნევდა.
მკითხველი იფიქრებს სად წიგნი და სად ჩანჩქერიო!.. დიახ,
რომ როსტომ ჩხეიძის სიტყვათა ნაკადი და შეწყობილ-აწყობილი სადა წინადადებები, იმ მშვენიერ
ჩანჩქერს მიაგავს, რომელსაც დაშრობა არ უწერია, ვინაიდან ფრაზებში ასახული მწერლის
ნაფიქრი გულიდან ამოხეთქილი ტკივილია, შემოქმედებითი აქტის შეცნობა-გათავისებაა, სიკვდილ-სიცოცხლის
ზღვრამდე მისული შიშველი გულწრფელობაა, დახვეწილი სისადავეა, რომელთა ერთობლიობა ესთეტიკურ
სიამოვნებას განიჭებთ.
„გადამწვარ მზეში“, როსტომ ჩხეიძე მეცნიერიცაა, რომელსაც
საქართველოს უდიდეს მსახიობზე ყველა მასალა შეუსწავლია და შემოქმედიც, რომელიც უშანგი
ჩხეიძის ურიელ აკოსტას მეამბოხე სულის მსგავსად ამსხვრევს ადამიანის ცნობიერებაში გაბატონებულ-გაჯერებულ
საბჭოთა აზროვნების გერბიან ბეჭდებს და ამ ბრძოლაში პრომეთესავით გამარჯვებული გამოდის.
ვინაიდან ის წვდება ადამიანების სულს და კალმის მსუბუქი მონასმით, ძალდაუტანებლად აანალიზებს
ადამიანის ცნობიერების იმ მოდელს, სადაც ბატონობს მხდალის ხელში ალაპლაპებული ხანჯლის
ორპირობა, ხელოვანის მიერ მაყურებლის გულში აძგერებული ჰუმანისტური იდეებით წარმოშობილი
სიყვარული, შურით განადგურებული პიროვნების დაშლა-გახლეჩა; შემოქმედებითი პროცესით
გამოწვეული ვნებათაღელვა, რომლის იდუმალი ძალა კიდევ ერთხელ გააცოცხლა როსტომ ჩხეიძემ
და თუ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის პწკარედს მოვიშველიებთ, თამამად შეიძლება ვთქვათ: „ცუდად
ხომ მაინც არ ჩაივლის, ეს განწირული სულისკვეთება და გზა უვალი, შენგან თელილი მერანო
ჩემო მაინც დარჩება.“
მწერალი როსტომ ჩხეიძე |
ძნელად მოძებნით და შესაძლოა ვერც იპოვოთ უშანგი ჩხეიძეზე დაწერილ ისეთ სრულყოფილ
წიგნს, რომლის მთავარი ხაზს - დიდი მსახიობის შემოქმედებას და პიროვნებას, ასე ტრაგიკულად
ერთვის ქართულ თეატრში განვითარებული 20-იანი და 30-იანი და შემდგომი წლების მოვლენები:
ქართული თეატრის კრიზისი, ქართული თეატრის რეფორმა, კორპორაცია „დურუჯი“, განხეთქილება
დასსში, მარჯანიშვილის თეატრის დაბადება...
როსტომ ჩხეიძის მიერ ბრწყინვალედ და ჩვეული პროფესიონალიზმით შესწავლილი ქართული თეატრის
ეს უზარმაზარი თემა, სხვა სათეატრო წიგნებისაგან განსხვავებით, ახლებური ხერხით არის
გადმოცემული და ეს ახალი გზა, წიგნის მთავარი პერსონაჟის - უშანგი ჩხეიძის, მისი ნიჭის
აღმომჩენის და განმავითარებლის - კოტე მარჯანიშვილის და სხვა პერსონაჟთა ე. წ. წამოცდენილ
ფრაზებზე თუ ნააზრევზე დაყრდნობით ქმნის ამ ორი შემოქმედის ფსიქო-ემოციურ პორტრეტებს.
სწორედ ეს გზა ანიჭებს წიგნს სიცოცხლეს, რაც ამგვარი სახის ნაწარმოებში, რომელსაც საფუძვლად
უზარმაზარი და სხვადასხვა სახის დოკუმენტური მასალა უდევს, ძალზე რთული და ძნელად მისაღწევია.
როსტომ ჩხეიძე უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით მოიხსენებს
იმ ადამიანებს, რომლებიც უშანგი ჩხეიძეზე წერდნენ, არ ჩქმალავს მათ ღვაწლს, პირიქით
ამაყი და გახარებულია, რაც მის პატიოსნებაზე მეტყველებს.
მწერალი განიხილავს მსახიობის მიერ ნათამაშებ ყველა
როლს, დაწყებული სცენისმოყვარეთა წრიდან, დამთავრებული მარჯანიშვილის თეატრით. ამ
10-წლიან გზაზე, კარგად მოჩანს უშანგი ჩხეიძის შემოქმედების განვითარების ეტაპები:
ზესტაფონის სცენისმოყვარეთა დასში დაწყებული მისი სამსახიობო კარიერა, გატაცება, ახალგაზრდული
დაუდევრობა და თავაშვებული ბოჰემური ცხოვრება, მისი ხუმრობებითა და იუმორით გაჯერებული აზროვნება, რაც ასე მნიშვნელოვანია შემოქმედისათვის
და ბოლოს ევერესტის მრავალჯერადი დაპყრობა: ჰამლეტი, ურიელი, იაგო, ჩენჩი, ყვარყვარე...
მსახიობის შესრულებულ ამ როლებზე და პიესის პერსონაჟებზე
მსჯელობისას, როსტომ ჩხეიძე ბრწყინვალე ერუდიციას და დრამატურგიულ მასალაში წვდომის
ნიჭს ავლენს, ოღონდ ეს ხდება ისე მარტივად და მსუბუქად, რომ ხვდებით, თუ როგორ ფლობს
ავტორი დრამატურგების მიერ შექმნილი ტექსტის პირველადი აღქმის ძალას, რაც თეატრალურ
ხელოვნებაში, რეჟისორისთვის თუ მსახიობისთვის ოსტატობის მანიშნებელია. უშანგი ჩხეიძის მოღვაწეობის დროს, ქართული მწერლობა
აგრძელებდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის, სერგეი მესხის და სხვათა გზას და ქართული
თეატრის მიმდინარე მოვლენებში ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ეს ფაქტი უყურადღებოდ
არ რჩება როსტომ ჩხეიძეს და მის მონათხრობში შეიგრძნობთ სიამაყის განცდას, როცა გალაკტიონ
ტაბიძე თუ გრიგოლ რობაქიძე თუ პაოლო იაშვილი თუ შალვა დადიანი და სხვანი სიყვარულს, აღტაცებას, შეფასებას გამოხატავენ და
წიგნის ტექსტში მათი ფრაზების ზუსტი ჩართვა, ახლა უკვე როსტომ ჩხეიძის მიერ შექმნილ
ახალ პერსონაჟს - უშანგი ჩხეიძეს, უფრო მრავალფეროვნად და სიღრმისეულად წარმოაჩენენ.
ცხოვრების ორომტრიალის ლაბირინთიდან თავდაღწეული და ამბიონს მიახლოებული უშანგი ჩხეიძეზე
მნიშვნელოვან თავს როსტომ ჩხეიძე სიმონ ჩიქოვანის ლექსის პწკარედის ოდნავ, უმნიშვნელოდ
შეცვლილი ფრაზით ასათაურებს: „ძმა ჰამლეტი, ბავშვი ურიელი, ბრძენი ყვარყვარე“ და ჩვეული
სილაღით, ლოგიკაზე დაფუძნებული ფანტაზიითა და იმპროვიზაციით განიხილავს სიმონ ჩიქოვანის
ტექსტის სიღრმეს, ვინაიდან საპყრობილედ გადაქცეულ საქართველოში, უშანგი ჩხეიძის ჰამლეტი,
თავისი ფილოსოფიური და ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტური იდეებით, მაყურებლის ერთგული და
ფასდაუდებელი ღვიძლი ძმა იყო; ურიელის კვეთება სალ კლდესთან, მიამიტობის ელფერს ატარებდა, ვინაიდან ადამიანის
თავისუფლების შემბორკავ კანონებთან მარტოდ-მარტო ბრძოლა, ბავშვურ თავგანწირვას ჰგავდა,
ხოლო ყვარყვარეს სიბრძნე ქართველებისათვის ნიშანდობლივ აზროვნებას გამოხატავდა და ირონიულად
ჟღერდა. როსტომ ჩხეიძე წერს: „როლებს
როლები ემატებოდა, წარმატება წარმატებას მოჰყვებოდა, ეს რკალი კი აქ იკვროდა: ძმაო,
ჰამლეტ, ბრძენო ყვარყვარე, ბავშვო ურიელო! - ზუსტ ეპითეტებში ჩაწურული დიდი ვნებათაღელვანი
და აღმაფრენანი, ღრმა სიმბოლიკამდე აზიდულნი, მეტეორის გადაელვების სახიერი ნაკვალევი
ზეცაზე...“
უშანგი ჩხეიძე |
როსტომ ჩხეიძე თხრობისას, ძალზე მსუბუქად გამოჰყოფს
შემოქმედი ადამიანისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებას - ინტუიციას და თავადვე ინტუიციით
დაჯილდოებული, ისეთ სფეროებს წვდება, რაც თითქოსდა თეატრალების პრეროგატივაა. უშანგი
ჩხეიძეზე არსებული მასალებიდან, მწერალი აზრის გასაშლელად ოსტატურად იყენებს კულისების
ცხოვრებას, სარეპეტიციო პროცესს და დრამატურგიულ მასალაზე დაყრდნობილი, აანალიზებს
როგორც მსახიობის, ასევე რეჟისორის შემოქმედებას.
ის უშანგი ჩხეიძესა და კოტე მარჯანიშვილს სამართლიანად აღიქვამს ტოლ-სწორად და მიგვანიშნებს
დასის სხვა წევრებს შორის მათი გამორჩეულობის მიზეზებზე და ამის გამო შექმნილ მათ აბსურდულ,
მარტოსულ მდგომარეობაზე. როსტომ ჩხეიძის მონათხრობში, ნათლად იგრძნობთ მის ტკივილს
ქართველთა სენის შესახებ, გრიგოლ რობაქიძეზე დაყრდნობით ის აღნიშნავს: „...ქართველთა
თანდაყოლილი სენისაგან (ანუ შინაგანად ვერდაძლეული საფრთხისაგან) წარმოშობილ შუღლს...“
სწორედ ეს სენი მიაჩნია როსტომ ჩხეიძეს საქართველოს
ბედკრული ისტორიის განვითარების შემაფერხებელ ბნელ ძალად და უშანგი ჩხეიძის, ამ უდიდესი
შემოქმედის დაღუპვის მთავარ მიზეზად. როსტომ ჩხეიძე თვალს უსწორებს რეალობას, ის სიმართლისათვის
იბრძვის, „ზოგიერთისათვის“ ჩვეული ჩახვეული, აღმატებითი შეძახილებითა და ე. წ. ტკბილ-ტკბილი,
საამებელი სადღეგრძელოებით მოვლენებს არ აფერადებს და დიდი მსახიობის გარშემო შექმნილი ინტრიგის ბადის
მქსოველი ოსტატი ობობების საზარელი ქმედებების შედეგს თვალნათლივ გვანახებს. და რა
მწარეა ეს სიმართლე! სულსწრაფად და სულმოუთქმელად კითხულობთ წიგნის ბოლო თავებსაც,
სადაც უშანგი ჩხეიძის მეგობრის
დოდო ანთაძე |
- დოდო ანთაძის მიერ მოწყობილ ამბებს: უშანგი ჩხეიძის
ავადმყოფობის გაბუქება, ფსიქიატრის მოტყუება - არიქა, საზღვარგარეთ მიგვყავს და შემაძრწუნებელი
დასკვნა (ლამის შიზოფრენია) დაწერეთო, ამ მიზეზით უშანგი ჩხეიძის სამხატვრო ხელმძღვანელობის
პოსტის ჩამორთმევა, თეატრის დასის დუმილი, დიდი მსახიობის 20 წლიანი კარჩაკეტილობა
და სიკვდილი... უახლოესმა მეგობარმა, დოდო ანთაძემ, თეატრის სადავეების ხელში ჩასაგდებად,
30-იანი წლების პოლიტიკურ კურსს დამეგობრებულმა, კომუნისტური იდეოლოგიის „სწორი ხაზის
გამტარებელმა“ ისე მოაწყო ყველაფერი, რომ, როგორც როსტომ ჩხეიძე წერს: „ექიმის ცნობა
ხელთ ეპყრათ, ისეთი ნაჭედი ტექსტი, სამხატვრო ხელმძღვანელად კი არა, მგონი უშანგის
გარეთ ყოფნაც კი საეჭვო უნდა ყოფილიყო. აგერ ამ თანამდებობისათვის აცახცახებული კაციც
თვალწინ ედგათ, მარიფათთან ერთად გავლენაც რომ არასოდეს ჰკლებია. აიღებდნენ და დანიშნავდნენ.“
ფსიქიატრთან საქმის მოსაკვარახჭინებლად
მისული დოდო ანთაძის თანმხლების - შალვა ღამბაშიძის „უნებლიე გაბრიყვებაც“ მრავლისმეტყველი
ირონიით არის აღბეჭდილი.
როსტომ ჩხეიძე წერს: „ვერ ეგუებოდნენ უშანგის ჩამოცილებას
სცენიდან. რამდენიც უნდა ამტკიცონ და იფიცონ, თავისი ნებით ამჯობინა ასეო, ყველას კარგად
მოეხსენება, მწვავე, დაუნდობელ ინტრიგებს რომ შესწირვია, უკეთურებას უზემია და ასე
უღმერთოდ დაუზიანებია და წაუხდენია არამარტო თეატრალური, არამედ საზოგადოებრივ-კულტურული
ყოფა.“ მწერალი კოტე მარჯანიშვილის გარშემო ატეხილ დავიდარაბასაც აანალიზებს, მას ოსტატურად
აქვს გამოყენებული ვახტანგ ტაბლიაშვილის წერილი, სადაც ტრაგიკულად გაისმის დიდი რეჟისორის
შეძახილი, დასის შეკრებაზე შალვა ღამბაშიძეს რომ მიმართა: „დამიბრუნე ჩემი ოტელო!“ „აეკლოთ „ზემდგომი
ორგანოები“ კოტე მარჯანიშვილის ძრახვით და, ვიდრე არ გაისტუმრებდნენ, ვერ მოისვენებდნენ,
რათა შემდგომ ნიანგის ცრემლებით გამოეტირებინათ მისი გამოძევებაც და აღსასრულიც.“ ამ
საზოგადოებას როსტომ ჩხეიძე სამართლიანად უწოდებს „ნეკროფილურს“, რომელსაც სვავის მსგავსად
მოსწონს გახრწნილი გვამების დაგემოვნება. გულშემატკივრის კითხვაზე დაუბრუნდებოდა თუ
არა სცენას უშანგი, აკაკი ვასაძეს განსხვავებული პასუხი ჰქონდა: „ასე დაემართება ყველას,
ვინც ყველას მჯობნობას მოინდომებს.“ ამ წამოცდენილი ფრაზით აკაკი ვასაძე უშანგი ჩხეიძის უპირატესობას აღიარებდა.
კოტე მარჯანიშვილი |
მახსენდება მიხეილ თუმანიშვილის ფრაზა: „ოიდიპოს მეფეში“ თუ არ არის სადღაც, რომელიღაც ეპიზოდში ოდნავი იუმორი,
მაშინ ტრაგედიაც არ გამოჩნდება... ამაშია საქმე...“ როსტომ ჩხეიძის წიგნის კითხვისას
არის ეპიზოდები, როცა თვალს ცრემლი გადგება, მაგრამ არის კომიკური ეპიზოდებიც და იუმორისტული
პასაჟები. ეს გახლავთ დახვეწილი, ზომიერი იუმორი. უშანგი ჩხეიძე შემოქმედებითი გზის
დასაწყისში მიხეილ ქორელის დადგმაში ერთ-ერთ ეშმაკს თამაშობდა, დააკვირდით მწერლის
აგებულ ფრაზას: „ყოველ დღე პატიოსნად დაიარებოდა რეპეტიციებზე და ერთ და ხან ორ საათსაც
სხვებთან ერთად დახტუნაობდა ჩაცუცქული, რის შემდეგაც ყველა „ეშმაკს“ მუხლები საგრძნობლად
სტკიოდა ხოლმე.“ ემოციური პასაჟებით ქმნის მწერალი კოტე მარჯანიშვილის ფიცხ, არაორდინალურ
და ფეთქებად ხასიათს, რომელიც კარგად ჩანს რეპეტიციაზე და ასკვნის: „კოტე რეპეტიციაზე
ცეცხლია მარტო, რომელიც თავის თავს წვავს.“ და უცებ, მკითხველს სიცილი წაგსკდება:
„მაგიდაზე ყრია ურიცხვი ნამწვავი პაპიროსის. ეს ალბათ „სიმბოლური ნიშნებია“ მისი ნერვების
წვის.“ მოგეხსენებათ ეპიზოდი, უშანგი ჩხეიძის ცუღლუტობისა კულისებში, როცა თავის გამხიარულება
გადაწყვიტა და პირში ჩაგუბებულ წყალ-ღვინოს მსახიობებს ასხამდა. როსტომ ჩხეიძე ამ ეპიზოდზე
წერს: „რა სახალისოა არა!.. თვითონ კი ძალზე კმაყოფილი დარჩებოდა და თავს მხოლოდ იმისთვის
შეუწყრებოდა, აქამდე რატომ არ მომაფიქრდაო.“ ეს ისტორიული ამბავია, ვინაიდან ამ ეპიზოდის
შემდეგ და არა ამის გამო, დანიშნა კოტე მარჯანიშვილმა, 25 წლის მსახიობი ჰამლეტის როლზე.
მწერალი მოულოდნელი ბედნიერებით შეფიქრიანებული უშანგი ჩხეიძის აზრთა ნაკადს სწვდება
იუმორით: „საგულისხმოა, რომ ამ პიესაში მანამდეც ეთამაშა, ლადო მესხიშვილის დადგმაში,
ოღონდ ვერ გაეხსენებინა, გილდესტერნის როლი თუ როზენკრაცისა.“ ეს ორი პერსონაჟი რამ
გაჰყო, ლამისაა კომედიური იდენტობით ასდევნებიან ერთმანეთს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ,
ეს შექსპირის იუმორია, რომელსაც ჩახვდა როსტომ ჩხეიძე.
დრამა იმდენად
დიდი იყო, რომ იუმორმა ვეღარ უშველა მსახიობს და სცენას ჩამოშორდა... მაგრამ სასიკვდილოდ
დაჭრილ გმირს, უშანგი ჩხეიძის პროტოტიპს, მისივე თხოვნით თანამებრძოლები გულს ამოუღებენ,
გრიგოლ რობაქიძის „გრაალის მცველის“ ამ სიმბოლურ ეპიზოდს როსტომ ჩხეიძე ძალზე ზუსტად
და სამართლიანად გამოჰყოფს: ...მზისაგან ნაკვეთი ეს ჭურჭელი, რომელშიც გული მოეთავსებინათ,
უშანგის უნდა სჭეროდა ხელთ, და პირველი სიტყვებიც მას უნდა წარმოეთქვა.“ „გრაალის მცველის“
ეს ეპიზოდი უშანგი ჩხეიძის სცენური ცხოვრების დასასრულის წინასწარმეტყველებაცაა; ეს
ქართველთა ფსიქიკის მოდელია, რომელიც ღვთისაგან გამორჩეულ ადამიანს აიძულებს მკერდიდან
გულის ამოგლეჯას და გაიფიქრებ: იქნებ და ამიტომ ვერ ვაღწევთ თავს იმ ბნელეთს, რასაც
ქართული პროვინციალიზმი ჰქვია, სადაც კონკურენცია და პაექრობა კი არ წარმართავს ცხოვრებას,
არამედ პროგრესული ძალებისა და აზროვნების შემუსვრით, ღვთის მიერ ხელდადებული ადამიანის ჩახშობით, ცივილიზაციას
მოკვეთილი ქართული მრავალსაუკუნოვანი რიტუალის შესრულება: ჯერ ვკლავ და მერე გულიანად დავტირი. სადაც ერთის გამარჯვება, მეორის
გლოვაა, სადაც საზოგადოება, რომელიც ვერ ხედავს ღვთიურ ნიჭს, ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. როსტომ
ჩხეიძე წერს: „და „გრაალის მცველთა“ ის ეპიზოდიც ამიტომაა დამუხტული შინაგანი ვნებითა
და ამაღლებულის განცდით, რომლის შუაგულიდანაც უნდა ამოიზარდოს უშანგი ჩხეიძე საკულტო
ჭურჭლით ხელში, ქვეყნისათვის თავდადებული ჭაბუკის გული რომ ასვენია და ამიტომაც რჩება
ის ჭურჭელი სიწმინდის, შეუბღალაობის, თვითმყოფადობისა და გაუტეხელობის სიმბოლოდ.“
მოიყვანს თუ არა
მწერლის მიერ მოთხრობილი უშანგი ჩხეიძის ტრაგიკული ისტორია, ქართველთა მიერვე გადახრუკულ-გახრიოკებულ
ბრძოლის ველზე წვიმას? ალბათ კი, რადგან ეს კათარზისით გამოწვეული ცრემლების წვიმაა,
რომელიც ქართველი ერის თვითგამორკვევის საფუძველს ასაზრდოებს და იმედს გიტოვებთ, შხამიანი
გველებისა და ტარანტულების უდაბნოში, ნიჭით გასხივოსნებული მსხვერპლების სასიცოცხლო ოაზისის
ძალაზე. ამ ოაზისში ამაყად მდგარი როსტომ ჩხეიძე გვეუბნება: სირაქლემას სინდრომით ნუ
დაიავადებთ თავს, უღირსებზე დითირამბებს ბოლო
უნდა მოეღოს და უჩვენეთ მომავალს რანი ვართ და რანი ვიყავით. აღმოთქვით ის ვითომდა
საიდუმლოებანი, რომელნიც ვიცით, მაგრამ არ ვაღიარებთ! ერის თვითგამორკვევას ხელს უშლის
და სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მსვლელობის ჭეშმარიტ მისიას ჩრდილს აყენებს. უნებურად
მახსენდება ჟან-პოლ სარტრის პიესა „ალტონის ტყვეები“ , სადაც ერთ-ერთი თემა ფაშიზმის შემდგომი პერიოდის ცნობიერების თვითგამორკვევაა.
იტალიელი რეჟისორის ვიტორიო დე სიკას ამავე სახელწოდების ფილმში ერთ-ერთი გმირი ამბობს:
„გახსოვთ გოეთეს სიტყვები: ვინც წარსულს ვერ ჩახვდა, მისი ხელახალი განცდისთვის არის
განწირული.“ ხელახალი განცდა, ხელახლად შეცდომის დაშვებაა, რომელიც დემონური ძალებით
ასაზრდოებს იმ ადამიანებს, რომელთაც სხვის ბედნიერებაზე გლოვა, სხვის გამარჯვებაზე
წუხილი, ცხოვრების კრედოდ დაუსახავთ - აბა სხვაგვარად ვერ ვიცოცხლებთ, ვერ ვიარსებებთ,
ამბობენ ისინი და თანამედროვე ფაბრიკებში წარმოებული ხელოვნური ქსოვილით დაწნული დაფნის გვირგვინებით თავდადგმული
განაგრძობენ ბაკხი ქალების გზას, რომელნიც ორფეოსის დასაგლეჯად ყოველთვის მზად არიან.
როსტომ ჩხეიძის წიგნის „გადამწვარი მზის“ პერსონაჟი - უშანგი ჩხეიძე, სწორედ რომ ის
ორფეოსია, რომლის ჯადოსნური სიმღერა ჰადესის სამეფოსაც კი ატყვევებდა და გაიფიქრებ
მართლაც რომ არ ტყუოდნენ როდენი თუ მარჯანიშვილი, როცა იაკობ ნიკოლაძეს თუ უშანგი ჩხეიძეს
თუ სხვათა მრავალს „ბუნების სიმღერას“ ასწავლიდნენ.
„მრავალნი არიან წოდებულ და მცირედნი რჩეულო“ - ბიბლიის ამ ფრაზას შთაუგონებია როსტომ
ჩხეიძე და რჩეული შემოქმედის რჩეული ხოტბაც გაუნდვია მკითხველისთვის.
P. S. ფრიად
მეამა, როცა ჩემი ნაქები წიგნის ფინალური წერილების ავტორების: ნოდარ გურაბანიძისა
და ნინო ვახანიას მოსაზრება წავიკითხე „გადამწვარი მზის“ შესახებ. ნინო ვახანიას „ორი
დღე იმერეთში“, სიკეთითა და სითბოთი გამთბარიყო და წერილის დასაწყისში უშანგი ჩხეიძისა
და ოთარ ჩხეიძის ერთი და იმავე დაბადების თარიღს - 28 ნოემბერს დაეფიქრებინა სიმბოლურად. იმასაც აღნიშნავდა, იუბილეზე
მზიანი შემოდგომის დღე იდგაო. როცა თქვენი მონა-მორჩილი უშანგი ჩხეიძის იუბილეზე ზესტაფონში
გახლდით, მაშინაც მზიანი დარი იდგა და მეც გავიფიქრე - დღეს ხომ ბატონი ოთარ ჩხეიძის
დაბადების დღეა!.. სიამაყით ამევსო გული, ვინაიდან ოთარ ჩხეიძე ჩემთვის წარმოადგენდა
მოაზროვნეს, რომლის იქით ძე-ხორციელი არა იყო რა. იმ დღეს ძალიან მეამაყებოდა ჩხეიძეები,
ვინაიდან ლეგენდად ქცეულ უშანგი ჩხეიძის პორტრეტების შემყურე ხალხმა და მისი ხმით გაჟღენთილმა
ოთახებმა, ისეთი შემოქმედებითი ენერგიით დამუხტა თავყრილობა, რომ თითქოს მთელი საქართველო
იდგა ფეხზე და ტაშს უკრავდა სცენაზე მდგომ, თავდახრილ მსახიობს.
გამოცდილი თეატრმცოდნე
- ნოდარ გურაბანიძე, როსტომ ჩხეიძის წიგნის სახოტბოდ ჩვეულ პროფესიონალიზმს არ იშურებდა
და მწერლის ღირსებებს, მამის - ოთარ ჩხეიძისაგან მემკვიდრეობით მიღებულ ნიშან-თვისებებში
ეძებდა: „ყმაწვილობიდან მოყოლებული ხედავდა სახელოვანი მამის, ოთარ ჩხეიძის, შეუდრეკელ
ზნეობრივ სიმამაცეს, უკომპრომისობას და მის ბრძოლას დროისა და თეატრალურ სამყაროში
გამეფებული უკუღმართობის წინააღმდეგ.“ ამ ფრაზის წაკითხვისას, გავიფიქრე: მართლაც ჭეშმარიტებას
ღაღადებს ბატონი ნოდარი, მაგრამ ხალხს უთქვამს: კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდებისო...
როსტომ ჩხეიძეს ჭურჭელში სურნელოვანი ღვინო ჩაუსხამს და არა წყალი, თუნდაც ანკარა.
და ამ ჭურჭლიდან შესმული მწერლის ფიქრები დიონისეს ძალით გასხივოსნებულ ადამიანს აჯერებს
უშანგი ჩხეიძის ფერფლად ქცევისა და მისი ხელმეორედ დაბადების შესახებ.
Комментариев нет:
Отправить комментарий