მანანა ტურიაშვილი
სანდრო ახმეტელის მეთაურობით რუსთაველის თეატრი მსოფლიო მნიშვნელობის თეატრების ნუსხაში შევიდა.
ყველა სადიდებელი ეპითეტი ეკუთვნის სანდრო ახმეტელს - უკომპრომისო, უდიდეს შემოქმედს. ქართული თეატრის ისტორიის ოქროს ფურცლები მის სახელს უკავშირდება.
სანდრო ახმეტელი დააპატიმრეს 1936 წლის 19 ნოემბერს. დაპატიმრების ორდერი # 9299. დიდი რეჟისორის წამება, დაკითხვები თბილისის საკანში 222 დღე გაგრძელდა. 6 წლით ადრე მოსკოვში, თეატრების ოლიმპიადაზე სანდრო ახმეტელის სპექტაკლების ტრიუმფალური წარმატებას საზღვარგარეთ მიწვევები მოჰყვა. რუსთაველის თეატრი აშშ-სა და ევროპაში უნდა წასულიყო. სანდრო ახმეტელმა უკანასკნელ დღეს, 1937 წლის 28 ივნისს სიცოცხლის შენარჩუნება ითხოვა. განაჩენი გამოუტანეს - „დახვრეტა“. 29 ივნისს განაჩენი სისრულეში მოიყვანეს - წერდა სანდრო ახმეტელის მკვლევარი ვასილ კიკნაძე.
სანდრო ახმეტელის ბავშვობა და ყრმობა
სანდრო ახმეტელი დაიბადა 1886 წლის 14 აპრილს, სოფელ ანაგაში. პატარა სანდრო თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც ქართულ ლიტერატურას ცნობილი ქართველი მწერალი ვასილ ბარნოვი ასწავლიდა. ბავშვს აბსოლუტური სმენა და მშვენიერი ხმა ჰქონდა. უკრავდა ყველა ხალხურ საკრავზე. 1900 წელს სწავლა ქალაქ განჯის გიმნაზიაში განაგრძო, საიდანაც თავისუფალი აზროვნებისთვის და ურჩობისათვის გარიცხეს. ძლივს მოხერხდა განჯის გიმნაზიიდან გარიცხული სანდროს თბილისის გიმნაზიაში ჩარიცხვა. იქ იმ დროს ინსპექტორის თანამდებობა ეკავა ცნობილ მოღვაწეს ექვთიმე თაყაიშვილს.
დებიუტი სცენაზე და პეტერბუგი
ქალაქ განჯაში, 1903 წლის 23 თებერვალს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ შედგა საღამო, სადაც კომედია „ხანუმას“ სცენებში ცნობილ ქართველ მსახიობებთან - ნატო გაბუნია-ცაგარელისა და ვასო აბაშიძესთან ერთად, მონაწილეობდა 17 წლის ჭაბუკი სანდრო ახმეტელი. მალე სანდრო ახმეტელი პეტერბურგში გაემგზავრა, იურიდიულ მეცნიერებათა შესასწავლად. პროფესორი შალვა ნუცუბიძე, რომელიც ახმეტელთან ერთად სწავლობდა პეტერბურგში წერდა ახმეტელის უჩვეულო მომხიბვლელობაზე, გოლიათური ძალის, უშიშრობის, ავიაციით მისი გატაცების შესახებ, თუ რა ხარბად ეწაფებოდა სათეატრო ლიტერატურას. აღამებდა ბიბლიოთეკაში, დადიოდა თეატრებში, ღამით წერდა სტატიებს თეატრის პრობლემებზე, რომლებსაც ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა. სანდრო ახმეტელი პეტერბურგელ ქართველთა სათვისტომოს აქტიური წევრი იყო.
სამშობლოში ჩამოსვლა და პირველი სპექტაკლი პროფესიულ სცენაზე
სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ ახმეტელი გატაცებულია ჟურნალისტიკით, სტუდიაში კითხულობს ლექციებს თეატრის ისტორიის საკითხებზე. მისი ერთ-ერთი საგულისხმო ფრაზაა: „გადაგვარება ერისა იწყება მაშინ, როდესაც მისი კულტურა ხელოვნებისა ეცემა...“ 1919 წელს ქართულ საოპერო სტუდიაში ახმეტელმა დადგა თავისი პირველი სპექტაკლი, დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, სპექტაკლის დონე იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ რამდენჯერმე გაიმეორეს - სტუდიელებთან ერთად მონაწილებდნენ სახელგანთქმული მომღერლები ვანო სარაჯიშვილი და სანდრო ინაშვილი.
როგორ ირწმუნა ვალერიან გუნიამ სანდრო ახმეტელის ნიჭიერება და ქართული თეატრის უპრეცენდენტო ფაქტი
1919 წელს საზოგადო მოღვაწემ და მსახიობმა ვალერიან გუნიამ დასი შეადგინა. დასის რეჟისორთა შორის იყო სანდრო ახმეტელიც. შემდეგ, გუნიას იუბილეზე წარმოთქმულ სიტყვაში სანდრო ახმეტელი იტყვის: „ქართულ თეატრში გზა ვალერიან გუნიამ დამილოცა!“ ქართულ დრამაში სამუშაოდ ახმეტელი თანხმდება ორი პირობით: მოქმედების სრული დამოუკიდებლობა და უფლება იმ მომენტში შეწყვიტოს სპექტაკლზე მუშაობა, როდესაც ამას თვითონ ჩათვლის საჭიროდ. მისი პირველი რეპეტიცია ტაშით დამთავრდა. სანდრო ახმეტელის სპექტაკლში „ბერდო ზმანია“, მკვლევარები აღნიშნავდნენ: მსახიობთან მუშაობის გასაოცარ უნარს და ალღოს, ანსამბლური სპექტაკლისკენ მისწრაფებას, უჩვეულო რიტმს... ვასო გოძიაშვილი წერდა: „ბერდო ზმანია“ იყო გაზაფხულის პირველი ქუხილი, რომელსაც მოჰყვა რუსეთიდან ჩამოსული მარჯანიშვილის მიერ მოტანილი ქარიშხალი და თავსხმა წვიმები. მათ ჩამორეცხეს ქართულ თეატრს ყველაფერი მოძველებული, ხავსმოკიდებული, ობმოკიდებული და ამით გამოავლინეს ქართველი ხალხის ნიჭი და ტემპერამენტი.“
ორი ლიდერი ერთ თეატრში
1921 წლის 25 ნოემბერს ქართულ დრამატულ თეატრს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელი. დასის წევრი იყო სანდრო ახმეტელიც. 1922 წელს თბილისის რუსული დრამის თეატრის მოწვევით ჩამოდის კოტე მარჯანიშვილი, რომელმაც 25 ნოემბერს „ცხვრის წყარო“ დადგა. 1923 წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაში ახმეტელი წერს ახალი ტიპის მსახიობის აღზრდის შესახებ, რომელიც უნდა იყოს ემოციური და პლასტიკურად მეტყველი. 1923-1924 წლის სეზონში შეიქმნა ახალგაზრდული გაერთიანება, კორპორაცია „დურუჯი“. მათი ხელმძღვანელი იყო სანდრო ახმეტელი, მასტიმულირებელი უმაღლესი ავტორიტეტი მარჯანიშვილი. ამ ორმა დიდმა რეჟისორმა ერთობლივი სპექტაკლები დადგეს, მაგრამ განხეთქილება მოხდა სპექტაკლზე „ლამარა“. ამ წარმოდგენაზე მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილმა, მაგრამ მისი ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო დაასრულა ახმეტელმა. 1926 წელს მარჯანიშვილი რუსთაველის თეატრიდან წავიდა. მოკლე ხანში მან ახალი თეატრი შექმნა. ორივე თეატრს დიდი წარმატება ჰქონდა, მაგრამ რუსთაველის თეატრის სპექტაკლებმა მოსკოვის ოლიმპიადაზე ფურორი მოახდინა. სანდრო ახმეტელის სიტყვის ნაწყვეტი: „ისეთ დიდ რეჟისორს, როგორც მარჯანიშვილია, პრობლემების გადაწყვეტის საკუთარი მიდგომა აქვს, საკუთარი მეთოდი, რომელსაც მე არ ვცნობდი, ის არ ცნობდა ჩემ მეთოდს - და ჩვენ დავშორდით.“ 1926-35 წლებში სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.
მოსკოვის ოლიმპიადაზე რუსთაველის თეატრმა პირველი ადგილი აიღო
1930 წელს რუსთაველის თეატრმა სანდრო ახმეტელის სპექტაკლებით - „ლამარა“, „ანზორი“, „რღვევა“... მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართული ეროვნული თეატრების ოლიმპიადაში. ახმეტელის წარმოდგენები თითქმის ერთი თვის მანძილზე იმართებოდა ჯერ მეორე სამხატვრო თეატრში და მერე მაყურებელთა მოთხოვნით მცირე თეატრში. სპექტაკლებს ესწრებოდნენ რუსი და უცხოელი ხელოვნების მოღვაწენი. ოლიმპიადაზე რუსთაველის თეატრმა პირველი ადგილი მოიპოვა. 1933 წელს სანდრო ახმეტელმა დადგა შედევრი - შილერის „ყაჩაღები“. ჟიურის დადგენილებაში წერია: „რუსთაველის სახელობის თეატრი წარმოადგენს გამორჩეულად მკვეთრ და მნიშვნელოვან მოვლენას მსოფლიო კულტურის სფეროში.“ 1933 წელს ტრიუმფალური გასტროლები განმეორდა მოსკოვში და ლენინგრადში.
აი, რას წერდნენ უცხოელები ახმეტელის სპექტაკლებზე და რუსთაველის თეატრის დასსზე
ნილსენი, ოსლოს თეატრის დირექტორი: მე ვერ წარმომიდგენია, რომ ხალხური რიტმის, მუსიკისა და ფიზიკური მოძრაობის შეერთება შეიძლებოდა ისე, როგორც ეს შეძლო ახმეტელმა.
ოლეგ ლიტოვსკი, კრიტიკოსი: ახმეტელი, ისე როგორც არავინ, დიდებულად გრძნობს სცენას და იცის მისი ყოველმხრივ შევსება; მსახიობი ქართულ თეატრში რელიეფურია. იგი სცენის ცენტრალური ფიგურაა. მთელი კოლექტივი აღზრდილია მეტყველების კულტურის შესანიშნავ ტრადიციებზე და საოცრად ფლობს მოძრაობისა და ჟესტის ხელოვნებას.
ანა ლუიზა სტრონგი, ამერიკელი მწერალი: „ანზორის“ მესამე აქტი თავისი დრამატიზმის დატვირთულობით და არქიტექტონიკით ისეთ სიმაღლეს აღწევს, როგორიც მსოფლიო სცენაზე არ მინახავს. ჩემი საუკეთესო თეატრალური შთაბეჭდილებები მოსკოვში რუსთაველის თეატრია. ეს თეატრი უნდა ნახონ საზღვარგარეთ, უნდა შევისწავლოთ ქართული თეატრის განსაკუთრებული შემოქმედება, რომლითაც ჩვენ თავს ვგრძნობდით ბედნიერ მაყურებლად.
პელი ფლანაგანი, ნიუ-იორკის თეატრ „ვასარის“ დირექტორი: „ლამარა“ მე მომეჩვენა სრულიად არაჩვეულებრივ წარმოდგენად. მუსიკა, ცეკვა, მსახიობების შემოქმედება გადახლართულია ცოცხალ ჰარმონიაში სცენის ფონზე, რომელიც ერთსა და იმავე დროს წარმოადგენს მხატვრობასაც და გაბედულ არქიტექტურასაც... სხვანაირად რომ ვთქვათ, რეჟისორს გამოუყენებია მთელი ხელოვნება, რომ შეექმნა სინთეზური თეატრი.
მარსელ კაშენი, ფრანგი მწერალი: მე დიდი სიხარული განვიცადე „ლამარას“ წარმოდგენაზე. სიხარული განვიცადე, არა მარტო იმიტომ, რომ არტისტები დიდი ოსტატობით თამაშობენ, არამედ იმიტომაც, რომ მასში ქართული სული შევიცანი. აი ჩვევათა და, მაშასადამე, ძველი კულტურის მართლა აღდგენა, რაც პატივს დებს შემოქმედთ...
ჰერდალ გრიგი, ნორვეგიელი დრამატურგი: მადლობა სიცოცხლით სავსე და უმშვენიერესი სპექტაკლისთვის, რომლის მსგავსი არსად მინახავს.
პაულიანა ბრიუნიუსი, შვედი მსახიობი: „ლამარა“ აღმოჩენაა ნამდვილი სილამაზისა და სიმშვენიერის.
ანატოლი ლუნაჩარსკი: რუსთაველის თეატრმა მოსკოვი მოაჯადოვა. დედაქალაქის საზოგადოებრიობის და ჩემი აზრითაც, ის მსოფლიო მოწინავე თეატრების რიგში ჩადგა.
ეს უმთავრესად იმის გამო მოხდა, რომ ქართველები თავისთავად წარმოადგენენ შესანიშნავ აქტიორულ მასალას. უდიდესი, არაჩვეულებრივი ტემპერამენტით, თამაშის სერიოზულობით, მოძრაობათა სიმსუბუქით და მეტყველი მიმიკით, რომელსაც სისპეტაკის ბეჭედი აზის, ქართველებმა გააოცეს მაყურებელი.
სტატიაში გამოყენებულია აღიარებული მეცნიერების - ვასილ კიკნაძისა და ნათელა ურუშაძის კვლევები. ასევე, „რუსთაველის თეატრის“ (ალბომი) მასალები.
Комментариев нет:
Отправить комментарий