ფედოტოვიდან ქანთარიამდე გზა არც ისე შორია
@ მანანა ტურიაშვილი
გასული წლის შემოდგომაზე რეჟისორ დავით დოიაშვილის მარტინ მაკდონას „ბალიშის კაცუნას“ ვერსიით მოხიბლული, ა. წ. 27 აპრილს, ჩვენი დიდი ძმის - რუსეთის ქალაქ პერმის „ТЕАТР У МОСТА“-ს მარტინ მაკდონახის სანახავად თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. გზაში ვფიქრობდი: პიესას ცოცხლად ვნახავ და მოვისმენ, მითუმეტეს გამახსენდა მათი ავტორისეული ტექსტის მიმართ „ერთგულების“ რიტუალი და ძველ ძმობაზე, ხომ თვალს ცრემლი მადგებოდა...
პუტკუნა რეჟისორი სცენაზე ახალგაზრდული სიმსუბუქით აიჭრა და დიდ რუსეთში მაკდონახის პოპულარიზაციის საქმეში მის დამსახურებაზე, ისეთი ქარბუქი დააყენა, რომ რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენის ფიცარნაგი ფეხის ბაკუნით კარგად გახეხა, გაცვითა (იგულისხმება მისი ქვეტექსტიდან დაბადებული ემოცია), რის გამოც ფიცრებმა გაიწია და ის იყო, მისმა ცალმა ფეხმა ნაპრალში ჩახტომა გადაწყვიტა და მე მის გადასარჩენად წამოვიწიე, რომ რეჟისორმა დარბაზს ასეთი ქვეტექსტით მიმართა: რუსეთი ხომ გავანათლე, ახლა, თქვენ გასანათლებლად ჩამოვედიო... მის გადარჩენაზე ხელი ავიღე და ვიგრძენი, როგორ მეზრდებოდა კატის ბრჭყალები, ტანთ ბალანიც ყალყზე დამიდგა, მაგრამ ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ გამახსენდა და თავი, ტანიანად ხელში ავიყვანე, ამ სიმძიმემ ჩემი ენამჭევრობა შეაყოვნა და ამოვიკნავლე: თბილისში დაიდგა მაკდონა და წარმატებულად. „ოჰ, ეგ გავიგე, მაგრამ თეატრს ვერ ვიხსენებო...“ თქვა ფედოტოვმა და ახლა განათლების მეორე ეტაპზე გადავიდა: ჩამოთვალა მაკდონას ცნობილი კინოსცენარები და როცა ჩვენი განათლებით გადაიღალა, ახლაო - მოდით, ერთად ვნახოთ ჩვენი „ოქროს ნიღბოსანი“ სპექტაკლი, თქვენი განათლება, ახლა იწყებაო.
პუტკუნა რეჟისორი სცენაზე ახალგაზრდული სიმსუბუქით აიჭრა და დიდ რუსეთში მაკდონახის პოპულარიზაციის საქმეში მის დამსახურებაზე, ისეთი ქარბუქი დააყენა, რომ რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენის ფიცარნაგი ფეხის ბაკუნით კარგად გახეხა, გაცვითა (იგულისხმება მისი ქვეტექსტიდან დაბადებული ემოცია), რის გამოც ფიცრებმა გაიწია და ის იყო, მისმა ცალმა ფეხმა ნაპრალში ჩახტომა გადაწყვიტა და მე მის გადასარჩენად წამოვიწიე, რომ რეჟისორმა დარბაზს ასეთი ქვეტექსტით მიმართა: რუსეთი ხომ გავანათლე, ახლა, თქვენ გასანათლებლად ჩამოვედიო... მის გადარჩენაზე ხელი ავიღე და ვიგრძენი, როგორ მეზრდებოდა კატის ბრჭყალები, ტანთ ბალანიც ყალყზე დამიდგა, მაგრამ ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ გამახსენდა და თავი, ტანიანად ხელში ავიყვანე, ამ სიმძიმემ ჩემი ენამჭევრობა შეაყოვნა და ამოვიკნავლე: თბილისში დაიდგა მაკდონა და წარმატებულად. „ოჰ, ეგ გავიგე, მაგრამ თეატრს ვერ ვიხსენებო...“ თქვა ფედოტოვმა და ახლა განათლების მეორე ეტაპზე გადავიდა: ჩამოთვალა მაკდონას ცნობილი კინოსცენარები და როცა ჩვენი განათლებით გადაიღალა, ახლაო - მოდით, ერთად ვნახოთ ჩვენი „ოქროს ნიღბოსანი“ სპექტაკლი, თქვენი განათლება, ახლა იწყებაო.
ზე-ფხიზელ მდგომარეობაში, კვიცივით გვარზე მოხტუნავემ, „ფედოტოვის პრობლემა“ გვერდზე გადავდე და გედივით ყელმოღერებულმა სპექტაკლის ყურება დავიწყე, მაგრამ... რაღა დაგიმალოთ, რამდენიმე წუთში სპექტაკლმა „Калека с Инишмана“ კატაბალახას ჯადოსნური წვენივით იმოქმედა და ძილმა, მაცდური ღიმილით თავისთან მიხმო. დამავიწყდა ირლანდიელი მაკდონას, როგორც მცირე ერების წარმომადგენლის სოლიდარობა და ძილში პერმის ხიდებს ვხედავდი, სადაც მე და სერგო ვსეირნობდით და ვბაასობდით.
სერგო: „პერმში ინტერნეტი არ იჭერს, მაკდონახის პიესებისთვის ავტორს ვაკითხავთ, ხოლმე. არადა, ხან სად არის და ხან სად. თქვენთან როგორ არის ინტერნეტის საქმე, იჭერს?“
მე: ეეჰ, არა! დიდი მადლობა, რომ თბილისს ეწვიეთ და განათლების ჩირაღდანი ამ ბნელ გვირაბში აგვინთეთ...
სერგო: ასეთი მისია გვერგო წილად კაცობრიობის წინაშე და რა ვქნათ? არც „Шестизарядник“-ი,
არც „Залечь на дно в
Брюгге“ და „Семь психопатов“ არ გინახავთ?
მე: არა, არა!
უცებ მიქელ-გაბრიელი გამომეცხადა და ტყუილისთვის ცელის წვერი შუბლში გამკრა და გამიკაწრა, სისხლის დანახვაზე ფედოტოვმა ყვირილი დაიწყო, ამოიკვნესა და გული წაუვიდა. გამოვფხიზლდი და რას ვხედავ, სცენაზე მარია ნოვიჩენკო, თხელი, მაღალი და კარგი აღნაგობის წითელთმიანი ქალი ხან ვის ურტყამს, სცენური სიმართლის თვალსაჩინოებისთვის და ხან ვის. აქ უკვე ძილმა სამუდამოდ მიმატოვა და ჩემი გართობაც დაიწყო: ვინ, როგორ ართმევდა თავს „ქურდად მჯდომი“ მარიას სილაქებს და ვის, რა რეაქცია ჰქონდა, ამაზე თვალყურის დევნებამ პროფესიონალური კვალიფიკაცია ამიმაღლა. კვალიფიკაცია ამაღლებული, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მარტინ მაკდონას ჰუმანიზმში, პუტკუნა რეჟისორ ფედოტოვთან „საქმის გარჩევა“, განათლების გამო, მის მეორე ვიზიტამდე გადავდე, ვიფიქრე, მანამდე კარგად მოვემზადები-მეთქი და ძილ-ბურანში გავუყევი ფიქრის გორისკენ მიმავალ გზას.
აქა ამბავი გიორგი ქანთარიას მარტინ მაკდონაჰისა (2 მაისის საღამო.)
ფიქრის გორამდე არ მისული, ელბაქიძის დაღმართზე დავეშვი და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ქანთარიასეული დადგმა - დიუმას „სამი მუშკეტერი“ მახსენდებოდა: არამყარ დანადგარებზე მოყანყალე მუშკეტერების ორთაბრძოლა, პერსონაჟთა ურთიერთობის ქაოსი, ფაბულის გაუმართაობა თვალწინ მედგა და ისევ გვარზე მოხტუნავე კვიცი გამახსენდა. აქოჩრილი მკაცრი ფიქრები, მაისის ამინდმა გამიქარვა და სიახლის ხილვის მოლოდინით შევაღე მარჯანიშვილის თეატრის „სხვენის“ კარი და თან მუშკეტერების ლოზუნგს ვიმეორებდი „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის“. „ერთი“, ამ შემთხვევაში მე ვიყავი, და ის იყო „ყველასთან“ შერწყმა გადავწყვიტე, რომ ისევ ძილ-ბურანმა მიხმო, დამიმეგობრდა და ახლა მარტინ მაკდონაჰთან სასიამოვნო საუბარი გავაბი.
მე: თუ თქვენ დაარქვით ნაწარმოებს „ობოლი დასავლეთი“, მაშ ქართველებმა რატომ დაარქვეს „ნაბუშრები“?
მარტინ მაკოდონაჰი: XXI საუკუნეში, ნაბუშრების თემის წამოწევით, შუა საუკუნეებში გადავდივართ? ამასთან ამ ძმებს უწოდო, პირდაპირ ნაბუშრები, ეს უკვე შეფასებაა და გაყიდული ამბავია ანუ შეცდომა! გიორგის და ზურაბს, ამ საკითხზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.
აქ „ნაბუშრების“ რეჟისორი ჰამლეტის მამის აჩრდილივით გამოგვეცხადა და ჩაება საუბარში.
„ნაბუშრების“ რეჟისორი: ვიცი, ეს საუბარი არ გავა და რომც გავიდეს, არავინ დაგიჯერებთ, მაგრამ შინაურულად ვიტყვი - ჩვენთან მოდაშია CV -ის შევსება ნებისმიერი ხერხით, და მჭირდება ნაყოფიერი მუშაობის იმიჯი - ეს ერთი და მეორე - ქალბატონო მანანა, თქვენ სპექტაკლზე ჩაგეძინათ, ეს პროფესიონალური საქციელი არ არის!
მე: ბატონო მარტინ, არ დაუჯეროთ, დიდ სცენაზე მიდიოდა „ბაკულას ღორები“ და იქიდან შემოსული ხმაური, მაფხიზლებდა ხოლმე.
„ნაბუშრების“ რეჟისორი: თქვენ საზოგადო მოღვაწე არ ხართ, არც გული შეგტკივათ ქართველი ერისთვის!.. ვერ ხედავთ, უმნიშვნელო ამბისთვის, როგორ კლავენ მამებს შვილები, ძმები ერთმანეთს როგორ ხრავენ, თან ბავშვობიდან. მე ვხედავ ამას, აქ, საქართველოში და ეს ბატონმა მარტინმა დამანახა. ქართულ რეალობასთან დავაახლოვე, დიახ! გადმოვაკეთეთ, თქვენ რა გესმით ახალგაზრდობის! ნახეთ, რა ქართულად ჟღერს „ბეღო“, „ტახო“... მამა არ უნდა მოკლა, არც ერთ შემთხვევაში, ქუჩაში გავალ და ყველას მოვუწოდებ, ყველა საშუალებით, ჩემი ნიჭის საშუალებით!
მე: ესე იგი, თქვენი სპექტაკლით გინდათ თქვათ, რომ ყველა ქართულ ოჯახში წუმპეა და სიბნელე?
„ნაბუშრების რეჟისორი“: გეუბნებით, საკითხის არ გესმით... აბა, განაზოგადეთ და ნახეთ რას მიიღებთ. ჩვენ კაენ-ები ვართ და ბოლოს შევრიგდებით ან არა - ასე მითხრეს კომპეტენტურმა პირებმა.
მე: როგორ უნდა განვაზოგადო, თუ ეს თქვენ არ გაქვთ? ისე კაენი კაენს რატომ არ უნდა შეურიგდეს?
„ნაბუშრების რეჟისორი“: იფანტაზიორეთ - პოლიტიკურად უმწიფარი ხართ, იქ ნაციონალი-ო“, აქ „ქართული ოცნება-ო“... ისე, ყველა პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკოსმა მაქო და მე მათი მჯერა!
მე: ვისაც თქვენი სჯერათ, გაგატარებთ!
„ნაბუშრების“ რეჟისორი: დიდგორთან შევხვდეთ ან რაიხსტაგთან - იქ ვიპაექროთ!
აქ საბოლოოდ გამოვფხიზლდი და „ნაბუშრების“ რეჟისორი „პაკლონზე“ ვერ შევამჩნიე (ალბათ უკვე დიდგორთან იყო ან რაიხსტაგთან) და გავიფიქრე: „ეეჰ, სიმართლე უთქვამს ამ ახალგაზრდა კაცს, CV-ისთვის სდომებია ეს სპექტაკლი!“ ჩემგან თქმულა: „აგურს, აგური დაადე და ააშენებო.“ და ჯიბესა შიგან მდგარი, წლობით ნაგროვები ფულით, „ბერლინის კედლის“ ნაფხვენების საყიდლად, რაიხსტაგის გზას დავადექი.
P. S. აქაური ამბები, არ ეხება სოხუმის თეატრის მსახიობების არაჩვეულებრივ გუნდს, რომლის გემოვნებამ, საბოლოოდ იხსნა სპექტაკლი.
P. S. S. პერმის თეატრის პროგრამაში წერია Мартин МакДонах, მუსიკისა და დრამის თეატრის პროგრამაში მარტინ მაკდონა, „ნაბუშრების“ პროგრამაში მარტინ მაკდონაჰი.
Комментариев нет:
Отправить комментарий