понедельник, 17 июля 2017 г.


იქნებ ეს არის ნინელი ჭანკვეტაძე?

„ყოველ ჩვენგანში მთელი სამყაროა და ეს სამყარო თავისებური და უჩვეულოა“.

ლუიჯი პირანდელო



მანანა ტურიაშვილი

ნინელი ჭანკვეტაძე არავის ჰგავს, ან ვის უნდა ჰგავდეს, როცა დრამატურგის სიბრძნეს: „ყოველ ჩვენგანში მთელი სამყაროა და ეს სამყარო თავისებური და უჩვეულოა“, ვერ დაჯაბნი.  ზოგმა იცის ეს საიდუმლო და თავისთვის ჩუმად ინახავს, ზოგმა ვერ გაიგო და მასის ნაწილაკის ჭაპანს ეწევა ბურუსში გახვეული. იქნებ „ამ სამყაროზე“ არც დაფიქრებულა, იქნებ ცდილობს კიდეც გაარღვიოს საუკუნეებით შექმნილი და ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრის ნაჭუჭი, მაგრამ ამაოდ, სქელი ფენა ვერ იხსნება, ვინაიდან მის გარღვევას სჭირდება ნიჭი, რომელიც ამ უჩვეულობას აღმოაჩენს, ამოიღებს, იბრძოლებს. ბავშვობიდან დაწყებული, ოჯახი, საზოგადოების ეთიკური კანონები, პიროვნების ერთადერთობის ნიშნებს ნიღბავს და მისი დროული გამოჩენა რჩეულთა ხვედრია, რომელიც მამაცობას, შეუპოვრობას მოითხოვს, ამასთან დინჯ, გონიერ განსჯას, რომელსაც თითქოს ქალის ბუნებაში ვერ მოძებნით, ვინაიდან მამაკაცის თვისება ყოფილა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იპოვით, თუკი დააკვირდებით ნინელი ჭანკვეტაძეს,  რომელიც სტუდენტობიდან დაწყებული, დღემდე სამსახიობო ოსტატობის მაღალ დონეს, დაბლა ვერ ანარცხებს, ვინაიდან ის მისი არსია და ურომლისოდაც ნინელი ჭანკვეტაძე  არ იქნებოდა ის, რაც არის: მშვენიერი ქართველი ქალი, ნიჭიერი, თითქოს ხისტ ბუნებაში დამალული დიდი სიკეთით და კაცთმოყვარეობით, კინოსა და თეატრის არაჩვეულებრივი სახეების განუმეორებელი ისტორიების შემთხზველი, რომლებსაც ვერ შექმნი თუ არ გისწავლია, თუ ფანტაზია და წარმოსახვა არ გაქვს, თუ ვერ დაინახე „სხვა“, რომელიც დაკვირვებული თვალით ამოხსნას გთხოვს, გეაჯება, რომ თავისი თავის რაღაცა ნაწილაკი მაინც შეიცნოს დიდ, გამადიდებელ შუშაში, რასაც ერთ დროს, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნო უწოდეს, მერე კინომსახიობთა თეატრი და ახლა მიხეილ თუმანიშვილის თეატრი ჰქვია.



უპირველესად, ნინელი ჭანკვეტაძე თავისი როლების ავტორია, რომელსაც ვერ შეედავები, ვერ წაართმევ და სწორედ ამიტომ მის მიერ წარმატებულად შესრულებული როლები შეიძლება განიხილო ცალკე, როგორც შემოქმედის მიერ შექმნილი საავტორო ნაწარმოები. მწერლობაში, მხატვრობაში, მუსიკაში და თეატრშიც ავტორის სახელი ყველას არ ენიჭება, ის მარტო რჩეულთა ხვედრია. თეატრში ავტორობას,  მსახიობი რეჟისორთან ერთად რეპეტიციებზე აღწევს და მერე, როგორც ერთადერთსა და განუმეორებელს, მაყურებელს  უჩვენებს ფიცარნაგზე ასული, სადაც ქუჩიდან შემოსული ადამიანი თავის თავს ხედავს, რაღაცა ახალს იგებს სამყაროზე, ცხოვრებაზე. ასეთია ნინელი ჭანკვეტაძის მიერ შექმნილი ჭორიკანა და აგრაფინა „ბაკულას ღორებში, ელვირა „დონ ჟუანში“, ქეთევანი „ჩვენ პატარა ქალაქში“, ჰერმია „ზაფხულის ღამის სიზმარში“, ალკმენე „ამფიტრიონ-38“ (რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი), ელისაბედი, ქალბატონი კაპულეტი („ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „რომეო და ჯულიეტა“, რეჟისორ გოგი მარგველაშვილის სპექტაკლები) და მრავალი სხვა. მისი ბოლო საუკეთესო ნამუშევარია - ბლანში, ქეთი დოლიძის სპექტაკლში, ტენესი უილიამსის „ტრამვაი - სურვილი“.

1979 წლის 31 დეკემბერს „მე-11 აუდიტორიის“ წევრად ახალგაზრდა ნინელი ჭანკვეტაძე მიიღეს, როგორც იმ დღეს მიხეილ თუმანიშვილმა უწოდა თავის გუნდს - „დინოზავრების დასში“. თეატრის ფოიეში ტრადიციული თაფლის სანთელი აანთეს, იქვე იდგა სკივრი, ზედ ვაშლები, ღვინო და ძღვენი იყო გაშლილი. წესდებას მურმან ჯინორია კითხულობდა, ნინელი ჭანკვეტაძემ დაიჩოქა, მან ფიცი დადო და თავისი გამოსვლა ასე დაასრულა: „... მე თქვენ გვერდით ვარ. ფიცს ვდებ, რომ ყველაფერს შევძლებ!“ (მიხეილ თუმანიშვილის მიერ გადმოცემული „კინომსახიობთა თეატრის დღიურების“ ჩანაწერიდან - მ. ტ.) „ყველაფერს შევძლებ“, ბევრს უთქვამს ეს სიტყვები ჩუმად, თავის გამხნევების ნიშნად, ბევრსაც საქვეყნოდ განუცხადებია სხვადასხვა ასპარეზზე, თუმც იშვიათად გამკლავებიან დანაპირებს, მაგრამ ნინელი სულ სხვაა... მაშინ, იმ დღეს, დასის წევრებს სჯეროდათ ერთმანეთის, საკუთარი შესაძლებლობების, მიხეილ თუმანიშვილის სწავლების, მისი თეატრის ცხოვრების წესის... ნინელის სჯეროდა და მე მგონია, რომ მისი დევიზი ახლაც ესაა: „ყველაფერს შევძლებ!“


და განა ვერ შეძლო მიხეილ თუმანიშვილის „ბაკულას ღორებში“ ბრწყინვალედ ეთამაშა ჭორიკანა და აგრაფინა. კეკლუცი და ნარნარი, მშვენიერი და თავმომწონე, სარკასტული და სადღაც გულის სიღრმეში ქვეყნის ბედზე ტრაგიკული, თითქოს მიუსაფარიც ამ ქვეყანაში, მაგრამ როგორი ამაყი. ნინელი ჭანკვეტაძე ხან ერთვებოდა მოქმედებაში და ხან როგორც „უცხო“ აკვირდებოდა ბედკრული სამშობლოს ბედს, რომლის შვილები ერთმანეთს აწიოკებდნენ არაფრის გამო, „ეკალას გულიზა“ და ქართველ თუ უცხო ქვეყნის ჩინოვნიკებს ქედს უხრიდნენ. არ დაგავიწყდებათ ნინელის ღიმილი, უცნაური, საიდუმლოებით აღსავსე, მისი პერსონაჟის კისრამდე შეკრული კაბა, რომლის კალთებშიც გამომკრთალი სხეულის კონტურები ასე აცდუნებდათ ჩინოვნიკებს. წითელ ბაფთა-შებმული  გიტარის სიმებს, მსახიობის ხელის თითები მსუბუქად ეხებოდა, რათა დაეწყო: „არ გაკოცო არ იქნება, გაკოცო და რითი...“ როგორ იცოდა ნინელი ჭანკვეტაძის გმირმა თავისი ქალური ხიბლის ფასი, ახალგაზრდული მშვენიერების ფასი და როგორ იყენებდა ამ ნიჭს ჩინოვნიკის გულის მოსაგებად. იმერული სოფლის ეს პერსონაჟი, მარტო საქართველოს ამ კუთხეს არ ეკუთვნოდა, მას თითქოს ყველგან ნახავდით, ის ზოგადად იმ ქალბატონს წარმოადგენდა, რომლის სვლებზე მთელი სამყაროს ბედი დგას და განა ყველგან, ყოველი ამბის უკან, ქალი არ დგას?  ნინელი ჭანკვეტაძის ეს გმირი, ფანტაზიით ძალიან შორს წაგიყვანთ და ხელოვნების ერთ-ერთი დანიშნულებაც ხომ ესაა: ხელი ჩაგჭიდოს, ფანტაზიის ჰამაკში მოლამუნე მზეზე დაგარწიოს და წარმოსახვის ტალღებში გათამაშოს. ასე გამჭვირვალე და მრავლისმთქმელი იშვიათად ჰქონია მსახიობს თვალები, არადა თითქოს ამბობენ ცივიაო ცისფერი თავლები, მაგრამ როგორი მეტყველი აქვს ნინელი ჭანკვეტაძეს... წითელი პომადით შეღებილი ტუჩები, ზევით აკრეფილი თმა, ფერ-უმარილით ზომიერად დახატული სახე და ორ პეპელას, ორ წამწამს შორის აკიაფებულ თვალებში ასახული უზომო ტკივილი... და როგორ არ უხდებოდა ეს ტკივილი მშვენიერებას, მაგრამ უწყალო ქართველთა მოდგმაში, იმ შორეულ 80-იან წლებში, სწორედ რომ ასეთი ტკივილი სულდგმულობდა ჩინოვნიკებისთვის განკუთვნილ, მოყირჭებულ სუფრაზე შემწვარი გოჭივით შემოდებულ, თვით ქართველებით განადგურებულ ქვეყანას. ჭორიკანას ტექსტის კვალდაკვალ ნინელი ჭანკვეტაძე ამბობდა: „წუხელის სიზმარი ვნახე... მოფრინავდა თეთრი მტრედი, ფრთა შემოჰკრა, გადმომძახა, მალე მოვა შენი ბედი“.



და ეს ბედი სულ მალე მოვიდა, როცა მიხეილ თუმანიშვილმა „დონ ჟუანი“ განახორციელა, სადაც ნინელი ჭანკვეტაძის ელვირას სახე, თვითნაბადი, გაალმასებული მარგალიტივით ბრწყინავდა. „ბაკულას ღორების“ სოფლის ლამაზმანიდან, მოლიერის სამყაროს მშვენიერ ქალად გადაიქცა მსახიობი, რომელსაც უყურებდი და ფიქრობდი: ამ დონ ჟუანს მეტი რა უნდოდა - თვით მშვენიერება გამოეცხადა მას: ნაზი, მხრებზე დაყრილი კულულებით, დახვეწილი აღნაგობით, სახეზე ერთ ნაკლსაც ვერ უპოვიდით. ნინელი ჭანკვეტაძეს სათამაშოც თითქოს არ ჰქონდა, ვინაიდან მისი მშვენება ცალსახად გვაუწყებდა, რომ ასეთი ქალი არ უნდა მიატოვო. ალბათ ელვირას ჰქონდა სარკე და იცოდა თავისი სილამაზის ფასი და ამიტომ სთხოვდა დონ ჟუანს კეთილშობილური პირფერობით შემოსვას და ტრფიალების ამ გზით აღდგენას. დონ ჟუანის უარზე ამბოხებული ელვირა აბობოქრების გზას დაადგა, თითქოს ყველა ქალში მთვლემარე სიკაპასემ ერთდროულად გაღვიძება დააპირა, მაგრამ პასუხად მარტო ეს მიიღო: „აღარ მიყვარხარ!“ ელვირამ ვერ აიტანა ასეთი მიმზიდველი მამაკაცის უარი, შეურაცხოფა, გულიც წაუვიდა, მაგრამ არაფერმა გაჭრა. აქ უკვე იგრძნო, რომ გამოსავალი აღარ არსებობს და კივილით შესძახა: „გეშინოდეს შეურაცხყოფილი ქალის შურისძიების!“ სადღა იყო მანერები, ყველაფერი გაქრა, წავიდა, დარჩა მხოლოდ სულიერად გაშიშვლებული ქალის უსაშველო მუქარა, რომელსაც აუცილებლად აასრულებდა, ყველა ძალღონით, წინ ვერავინ აღუდგებოდა! ელვირა სიბრალულს არ იწვევდა და ხედავდი, რომ საბრალო დონ ჟუანი ამ ქალს ბეწვზე გადაურჩა. გუსმანის (თემურ გვალია) ხელში პეპელასავით გადაფრენილი ქალი, ბალერინას მსგავსად კულისებში უჩინარდებოდა და ეს ჰაეროვნება, მის გამწარებას იუმორის ელფერს სძენდა.


მიხეილ თუმანიშვილის „დონ ჟუანმა“ თითქმის მთელი მსოფლიო მოირა და ნინელი ჭანკვეტაძის სამსახიობო ოსტატობა უამრავმა ხალხმა იხილა. დონ ჟუანი, რომ ამ პიესის წამყვანი ფიგურაა, ეს ცხადზე ცხადია, მაგრამ როგორ უნდა შექმნა ქალის ისეთი სახე, რომელიც მკვეთი ინდივიდუალური ნიშნებით გამოხატავდა დონა ელვირას ისტორიას და ამასთან, ზოგადად უარყოფილი ქალის ბუნებას. ამის ნათელი მაგალითი დონ ჟუანისა და ელვირას ბოლო სცენა იყო, როცა ახალგაზრდა ქალი, შავებში შემოსილი მონასტრის გზას გადაუხვევს და დონ ჟუანს ესტუმრება. ნინელი ჭანკვეტაძის გმირი სათითაოდ აგროვებდა თავის სამოსს და მამაკაცის ფანტაზიის გასაღვიძებლად, ნერვიული მოძრაობით, ერთ ადგილზე ყრიდა. ქალის შავი პირბადე და გრძელი მოსასხამი, იდუმალს ხდიდა დონ ჟუანის უკვე ამოხსნილ გამოცანას - ელვირას, რომელიც პუანტებით ზე-აწეული, უღირსი ვნებების ჩაცხრომას აუწყებდა მას. დონ ჟუანისთვის ეს სიახლე იყო! ელვირას ამ ხერხმა გასჭრა და ქალის მოწოდებაზე „იხსენით სული!“ ხელის ერთი შევლებით სკამზე აიყვანდა ყოფილ სატრფოს. თითქოს სხვა განზომილებაში გადადიოდა დონ ჟუანი - ნუთუ ქალს მართლაც გაუქრა ვნება? ელვირას ჭკუა-გონებამ უმალ მიატოვა და მამაკაცის სიახლოვისგან ათრთოლებული, მისი დაინტერესებით იმედ-ჩასახული, ვნების ტალღებისთვის გამზადებული, სწრაფი მოძრაობით მოსასხამს იხსნიდა. დონა ელვირა მამაკაცის გულგრილ მზერას ვეღარ გრძნობდა და თეთრ, მაქმანიან გრძელ ლამაზ საცვალში, მამაკაცის წინ უსუსური აღმოჩნდებოდა. რა ძნელია გადაიტანო დონ ჟუანის ცივი მზერა, რომელიც თავისი უარით გთელავს და გკლავს. გაშმაგებული ქალი დანას იშიშვლებდა - დონ ჟუანის სიკვდილი, მას ვნებისგან იხსნიდა?

სრულიად ახალგაზრდა ნინელი ჭანკვეტაძეს, მიხეილ თუმანიშვილმა თორთონ უაილდერის „ჩვენ პატარა ქალაქში“, განსხვავებული ამოცანა დააკისრა. რამდენმა მაყურებელმა ნახა ეს წარმოდგენა, ალბათ უამრავმა. წარსულის ჩრდილებში თუ აწმყოს ხელშესახებ ლიცლიცში, რამდენ დედას, რამდენ შვილს გაახსენდა ყოველდღიურ ყოფაში თავისი თავი, მშობლებიც... ნინელი ჭანკვეტაძის თხელი, სიფრიფანა ქეთევანი, უამრავი ელფერით ციაგებდა, ამ წარმოდგენის არაჩვეულებრივად შეკრულ გუნდში, რომელიც უმაღლესი დონის ორკესტრის პრინციპების გამოყენებით ყოველდღიური ყოფისა და ურთიერთობების დაფასების, საათის წიკწიკის  გამუდმებული, მარათონული რბოლის შემზარავი სინამდვილის, მზის სხივის ანუ სითბოსა და სიყვარულის, სიცოცხლის მშვენიერებისა და სიკვდილის იდუმალების ძალაზე გვესაუბრებოდა.



ამ სპექტაკლის ერთ-ერთი უმშვენიერესი ფერი ნინელი ჭანკვეტაძე იყო. მას თუ ერთხელ მაინც იხილავდით ამ როლში, სამუდამოდ შეგიყვარდებოდათ ქმარ-შვილთან ურთიერთობის მისი მსუბუქი იუმორი,  ხელჩაქნეული ძმის  ბედით მჭმუნვარე მისი ტრაგიკულის განცდა და ბოლოს, შეგიყვარდებოდათ დედის პირველადი და შეიძლება ითქვას - ზე-ბუნებრივი დანიშნულება, რომელსაც ყოველდღიური ყოფა ცვეთს და ხიბლს უკარგავს. იმ პერიოდში, ალბათ ადრეც და დღესაც ბევრ ქალს ჰქონდა და აქვს ის განცდა, რომ ოჯახის დიასახლისის ცხოვრება, დიდი ჯაფის გამო უფერულდება და იცრიცება, მაგრამ ნინელი ჭანკვეტაძის გმირის ხიბლი ყოფის პოეტურობას გვაუწყებდა, რომელიც იზრდებოდა, დიდებოდა და ამ სიფრიფანა ქალიდან გამოსული ენერგიით ისე ივსებოდა, რომ იქმნებოდა დედის, როგორც ზოგადი სახის მოდელი, რომელიც სამზარეულოს წინსაფრით დამშვენებული, რომელიღაც კინოვარსკვლავს ჰგავდა.


როგორ ველოდი ნინელი ჭანკვეტაძის გამოსვლას სცენაზე, რომელიც კუშტად შეკრული ბაგეებით, ერთობ საქმიანი, გოგლი-მოგლს აკეთებდა. მსახიობის თითების მოძრაობით შექმნილი ჩაის კოვზის ხრინწიანი ხმა, ყოფის მელოდიად ჟღერდა, სადაც კვერცხის გულთან ერთად, ქეთევანიც ჟინიანად  ებრძოდა შაქრის ფხვნილის თითოეულ  პაწაწინა მარცვალს. როგორი გულმოდგინებით აცილებდა ქეთევანი ქმარს და ეს „გაცილება“, განსაკუთრებულ, სასიყვარულო რიტუალურ მნიშვნელობას იძენდა. ვის დაავიწყდება ქალიშვილის ქორწილის ღამეს, ქეთევანის „ფანჯარასთან ტირილის“ ეპიზოდი, ნინელი ჭანკვეტაძის ეს სცენაც ამ სპექტაკლის მძივივით აწყობილ ეპიზოდებში, თითქმის ყველაზე სახალისო იყო, სადაც ქეთევანის სოლო-ტექსტი, მსახიობის მიერ თითოეულ სიტყვაში, ფრაზაში, პაუზაში ჩადებული აზრის გამო, იუმორის გამო, მაგნიტივით გიზიდავდათ, გიპყრობდათ და ღიმილმორეული გრძნობდით დედის ღელვას და ქვეტექსტების სწრაფ მონაცვლეობას: ადრე თხოვდება, ჯერ პატარაა; ბოლომდე ეყვარებათ ერთმანეთი თუ არა; ნეტა ჯერ სწავლა გაეგრძელებინა და მერე გათხოვილიყო; როგორი ქმარი იქნება ეს ბიჭი? ბავშვობიდან კი ვიცნობ სასიძოს, მაგრამ ვინ უწყისს, რა მოხდება... და ა. შ. აქ იყო ჩადებული თითქოს ყველა მშობლის განცდა, დარბაზისა თუ მის მიღმა ხალხისა და ქეთევანი ეროვნებას „კარგავდა“. ამ ეპიზოდში იყო არა მარტო ერთი ღამის ფიქრი, არამედ მრავალი დღეების ნაფიქრისა და განცდილის ერთ მუშტად ქცევა და ამასთან ეს ყველაფერი იყო იმდენად რეალური, იმდენად შენი, რომ მაყურებელს უმალ ახსენდებოდა თავისი შეგრძნებები, რითიც ქეთევანი უკვე მისი ოჯახის წევრი ხდებოდა.

ავისმომასწავებელად გაისმოდა ქორწილის უმშვენიერეს წუთებში, საპატარძლოს ბეჭდის უეცარი დაცემის ხმა, ვარდისფერ სამოსში გამოწყობილი ელეგანტური მსახიობი, ნინელი ჭანკვეტაძე ზომიერი დაკვირვებით, თავგზააბნეული, მაგრამ მაინც არისტოკრატული მანერებით ეძებდა მას და ვერ პოულობდა. მექორწილეთა ამ გუნდში მისი ეს ძიება ბედნიერებასთან მიჯაჭვულ, მისი განუყრელი თანამგზავრის - უბედურების ჩურჩულს და მის იდუმალ მოახლოებას გვაუწყებდა და ამ ორი მცნების მარადიული ორთაბრძოლის ზღვარზე დგომა, ისეთ განზოგადებას აღწევდა, რომ ნინელი ჭანკვეტაძის ქეთევანივით, შენი გულის სიმიც წყდებოდა. წარმოდგენის ფინალის უმძიმეს სამგლოვიარო მსვლელობაში, ნინელი ჭანკვეტაძის შავი ფიგურა დაპატარავებული და გალეული გეჩვენებოდათ. რამდენჯერ დავკვირვებულვარ ნესტანის თეთრი კაბის სხივით განათებული ტკივილით მგმინავი ქეთევანის სახეს და მიფიქრია, ასეთი ტრაგიკული მზერის გაელვება, ხომ დიდოსტატთა ხვედრია!

90-იანი წლების სამოქალაქო ომის, შიმშილის, უსინათლობის და გაზის შეწყვეტის უმძიმეს წლებში, მიხეილ თუმანიშვილმა თავის დასთან ერთად სიყვარულის სხვადასხვა ფორმებზე საუბარი გადაწყვიტა და ამისთვის შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ აირჩია. ჰერმიას როლის შემსრულებელს, ნინელი ჭანკვეტაძეს რეპეტიციებზე ბევრი ლაპარაკი არ სჩვეოდა, მისთვის მთავარი იყო დაენახა მთლიანი სპექტაკლი და მისი როლის ადგილი და მნიშვნელობა მოეძებნა.

თეზევსის სასახლეში ნინელი ჭანკვეტაძის გმირის - ჰერმიას პროტესტი, არასასურველ საქმროზე გათხოვების გამო, ჭეშმარიტად რენესანსული ადამიანის ბუნტი იყო დახავსებული კანონების ზეობის წინააღმდეგ, სადაც ქალის უფლებებს, მის „მეს“ არად დაგიდევენ. მებრძოლი ჰერმია და ლისანდრე (მსახიობი გოგა პიპინაშვილი) თეზევსის განაჩენის შედეგს უხმო, ლირიკული სცენით გაითამაშებდნენ: მიჯნურთა შორის წარმოქმნილი უხილავი ძაფი წყდებოდა და მსახიობების მოქნილი, პლასტიკური სხეულების დაშორება, იმ სატრფიალო ლირიკის მაგალითი იყო, სადაც ბულბული ნაღვლიან ვარდს ეტრფის და უგალობს, ხოლო ვარდი საამური სურნელით პასუხობს მიჯნურის ტრფიალს. ეკლად ამოსული სიცარიელე, მიჯნურთა განშორების უხილავ ძაფს ებრძვის და წყვეტს. ნინელი ჭანკვეტაძის გმირის თვალებში დაგუბებული გრიგალი წვიმად აფეთქებას ლამობს და შექსპირის პოეტური სტრიქონები,  ამომხდარი სასოწარკვეთილი ჰერმიას ბაგეთაგან, უმშვენიერეს მელოდიად იღვრებოდა. ახალგაზრდა ქალის ამაღლებული სიტყვათა წყობა, შექსპირის იმდენ სიბრძნეს იტევდა, რომ მსახიობის მიერ გამომკრთალ თვითირონიაზე,  ქალიშვილზე ღიმილი გერეოდათ.

როგორია შეყვარებული ქალი, დიდი თუ პატარა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე სიყვარულს ეხება. მექანიზმი ერთი და იმავეა. ამიტომ იყო ნინელი ჭანკვეტაძის გმირი უასაკო და მსახიობის მიერ გმირის ფსიქოლოგიური სიღრმიდან აღმოცენებული ემოციები ისეთ სიმაღლეებს აღწევდა, რომ  ამოხეთქილი შადრევანის  უმსუბუქესი წვეთების მსგავსად დარბაზში იფრქვეოდა და მაყურებელს ძლიერ ენერგიას გადასცემდა. ერთხელ თუ იხილავდით ტყეში მოჯადოებული ლისანდრეს მიერ უარყოფილი ჰერმიას თვალებში არეკლილ შეფასებათა ფერებს, სადაც წამზე უსწრაფესად ცვლიდა გაოცება, წყენა, ტკივილი, სასოწარკვეთა და ბოლოს ბრძოლის ჟინი, არ დაგავიწყდებოდათ. სცენაზე, იმ წუთში მსახიობში აღმოცენებული ემოციათა ელვისებური მონაცვლეობა, მისი განსხვავებული ფერისცვალებები მოზაიკის სხვადასხვა კომბინაციებს ქმნიდა, რომელიც სამოგზაუროდ გიწვევდათ ფანტაზიის საოცრებათა ქვეყანაში, სადაც ნინელი ჭანკვეტაძის გმირის გაშიშვლებული ფსიქიკა, მსახიობის მიერ გულწრფელად ხელის გულზე გადაშლილი, მხიარულად წინ მიგიძღვოდათ და მთავარს, ცხოვრების ხალისს ფიანდაზებად ფეხქვეშ გიგებდათ.

90-იანი წლები ძალებს იკრებდა, სამოქალაქო ომის ფინალის შედეგები დიდხანს გრძელდებოდა, გარე თუ შიდა ომში დამარცხებული თაობა თავის გადარჩენას ათასი საშუალებით ცდილობდა, საზოგადოებაში ნელ-ნელა ზნეობა ეცემოდა, დიდი ხნის წინ დაწყებული ღირებულებების გადაფასებას დასასრული არ უჩანდა და უახლოეს მომავალში არც ახალი რამ ჩანდა და არც იმედის გემი მოცურავდა. მიხეილ თუმანიშვილის ბოლო სპექტაკლი, ჟან ჟიროდუს „ამფიტრიონ-38“, რომელიც რეჟისორმა ნინელი ჭანკვეტაძის გამო დადგა, ამ ვითარებაში იბადებოდა. კინომსახიობთა თეატრის იუპიტერი კაცობრიობის მიერ სკივრში ჩაკეტილ პატიოსნებას, ერთგულებას ეძებდა და როცა ეს ყველაფერი ალკმენეში იპოვა, შეუყვარდა უზნეობის უდაბნოს ეს ოაზისი და მისი გულის დაპყრობა სცადა. საქმის, ოჯახის, მეგობრების ერთგულება ნინელი ჭანკვეტაძის განმსაზღვრელი თვისებაა და ამიტომაც არ გაჭირვებია ამ როლის შესრულება, მაგრამ მისთვის იმდენად თვალხილული იყო ყველაფერი, რომ შესაძლოა თვით ქმნიდა ბარიერებს მუშაობის პროცესში, რათა მომხიბვლელი გმირის ფსიქიკას სქემატურობის კვალი არ დამჩნეოდა, ქალის ბუნების სიღრმეს ჩაწვდომოდა და ამოეხსნა ალკმენეს „სისუსტის“ გამოცანა: „როცა ქალმა ღმერთკაცის - იუპიტერის ძალა იგრძნო, რატომ დარჩა ის ამფიტრიონის ერთგული!“  იმიტომ რომ ალკმენე იყო, ქალთა შორის ყველაზე ერთგული, რომელიც ბოლო ეპიზოდში ისეთი იდუმალებით წარმოთქვამდა: „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!“, რომ იუპიტერი და ამფიტრიონი ერთ მამაკაცად გესახებოდათ და ცნობიერებაში სამუდამოდ აღბეჭდილ, გახელებული ქალისა და მამაკაცის (ნინელი ჭანკვეტაძე, გოგა პიპინაშვილი) სცენას უზარმაზარ ლოგინზე, თამამი, ჰაეროვანი ეროტიკული ნიშნებით გაჯერებულს, დამშვენებულს ათასი ფერებით, უმშვენიერეს ზმანებად აღიქვამდით, რომელიც რეალობის ფესვებზე მძლავრად იდგა.



ალკმენეს „სილამაზისაგან გათავისუფლებული“ მსახიობი ახალ როლს შეეჭიდა. ელისაბედზე მუშაობის დროს, რეჟისორ გოგი მარგველაშვილის სპექტაკლში „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, ნინელი ჭანკვეტაძის ნიჭი ახალი პლასტებით გაიხსნა. მსახიობმა თითქმის მახინჯი თოჯინას სახე შექმნა და მის სხეულში ჩასახლებული, იმპროვიზაციის ფეიერვერკით, უზომო სამსახიობო ოსტატობით, იუმორის დიდი გრძნობით გაჯადოებდათ.  ხოლო მისი და გოგა პიპინაშვილის პარტნიორობა ნამდვილ შეჯიბრს ჰგავდა, სადაც ხან ერთი გადაწონიდა და ხან მეორე. ვოდევილში შესაძლებელია ყველაფერი და სწორედ ამიტომ ის გარკვეულ წილად ხაფანგია - თუ გადააჭარბე, ან ოდნავ დააგდე წარმოდგენის ტემპო-რიტმი, მაყურებელი ამას გრძნობს და ხელიდან გეცლება, „გარბის“. მაგრამ ნინელი ჭანკვეტაძეს და გოგა პიპინაშვილს ეს არ სჩვევიათ, ყოველ სპექტაკლზე ახალ-ახალ აღმოჩენებს უმზადებდნენ მაყურებელს, პარტნიორებს, როგორც ტექსტის, ასევე ქცევის თვალსაზრისით, თუმც სპექტაკლის, როლის კონსტრუქციას არ არღვევდნენ. როგორი სიმსუბუქით დაატარებდა თავისი გმირის ფაშფაშა სხეულს ნინელი ჭანკვეტაძე, როგორ ზუსტად და გაწონასწორებულად მართავდა ემოციებს, როგორ იღებდა მაყურებლის მხიარულ, აზვირთებულ ტალღებს და როგორ გადადიოდა ერთი კომედიური სიტუაციიდან, მეორეში, სადაც მისი გმირის ერთი ამოსუნთქვა თუ ჟესტი, აზრით გაჯერებული იყო. გეჩვენებოდათ, რომ გოგა პიპინაშვილი თავიდან ბოლომდე გარდასახული იყო თავის როლში, ნინელი ჭანკვეტაძესთან გრძნობდით ისეთ სამსახიობო ტექნიკას, სადაც განიშნებდნენ, რომ: „ეს მე ვარ, ნინელი, ეს კი ჩემი როლი - ელისაბედი!“ გრიმით შევსებული ელისაბედის სახის ნაწილები, მსახიობის ლოყებს აფართოებდა, თვალებს უპატარავებდა, ცხვირზე კეხს დაასკუპებდა, აგრძელებდა და საბოლოოდ ნიღაბს ქმნიდა, სადაც მყუდროდ დასადგურებული არტისტი, ათას ოინზე ფიქრობდა და თავისი „ხულიგნობით“, რაც ნამდვილ შემოქმედთა თვისებაა, ბევრი წელი მაყურებელს უზომო სიამოვნებას ანიჭებდა.

მქუხარე ტაში და აღიარება არ მოჰკლებია მის როლს შექსპირის პიესაში „რომეო და ჯულიეტა“, სადაც რეჟისორ გოგი მარგველაშვილის თავისებური კონცეფციით (სპექტაკლს უწოდეს „ჯულიეტა და რომეო“), ქალბატონ კაპულეტის ქალიშვილის ცხოვრების მართვაში, უზომო და შეიძლება ითქვას საბედისწერო წვლილი მიუძღოდა. გამჭრიახი დედა ქალიშვილის დაკრძალვაზე წითელი პომადით იმშვენებდა ბაგეებს და ეს არ იყო მისი მკაცრი სილამაზის სამკაული, როცა ქალი მძიმე წუთებშიც „ფორმაშია“, ეს იყო სისხლით შეღებილი ტუჩები, საკუთარი შვილის თავისუფლების, მისი ნების, მისი ყმაწვილქალობის განადგურების ნიშანი და მაყურებლის ცნობიერებაში აღბეჭდილი ეს შეღებილი ბაგეები, მქუხარე თქეშის შავ ქოლგებში წითლად გამკრთალი,  თითქოს ჯულიეტას ავ ბედთან გაკავშირებდა, შენც გემუქრებოდა და იკაროსის ფრთების მძიმე ცვილს, ბნელი მზის მხურვალებით ალღობდა.

კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელისა და პედაგოგის მიხეილ თუმანიშვილის გარდაცვალებამ, ყველა მის მოსწავლეს სევდის დაღი დაასვა, შეიძლება ითქვას სიმშვიდეც დაურღვია, ვინაიდან როცა დიდი რეჟისორი გვერდით იყო, სცენაზე ცხოვრების არ ეშინოდათ, მის შექმნილ ერთ ნიუანსს, ხომ როლის მთლიანი ხაზის შეცვლა შეეძლო? რეჟისორის უჩინარი ხელის დახმარებით მსახიობები როლის ავტორობაზე ხელს აწერდნენ, ამიტომ თეატრს, დაბადების დღიდან პროფესიონალური სიმყუდროვე არ აკლდა. მისმა გარდაცვალებამ ყველაფერი შეცვალა - მათ უნდა შეენარჩუნებინათ პედაგოგის დანერგილი ღირებულებები და გაეგრძელებინათ ცხოვრება თუმანიშვილის გარეშე და დაიწყო გარდამავალი პერიოდი, რომელიც დღემდე გრძელდება.

ჩემი აზრით ნინელი ჭანკვეტაძემ ზუსტად იცის მიხეილ თუმანიშვილის სწავლება და ეს ჩანს სხვა რეჟისორებთან შექმნილ როლებში: გმირთა ემოციური პასაჟების აქცენტირების, მათი ქცევების, მოტივაციების და ხასიათის განვითარების ხაზის წარმოჩენა, როგორც ეპიზოდებში, ასევე მთლიანად სპექტაკლში; ტრაგიკულისა და კომიკურის თანაარსებობის საკითხი; ანალიტიკური აზროვნების იმპროვიზაციული ხერხი, რეაქციის ფრაზების გამოყოფა, შეფასებითი ინტონაციების დახმარება, როგორც ტექსტის ამოხსნის და მისი ლიტერატურული კითხვიდან გათავისუფლების გზა; სცენის კანონების გამოყენება: შეფასება; ჯერ რეაქცია, ჟესტი და მერე სიტყვა; მოძრაობისა და სიტყვის დაბადების თანხვედრის კანონი; „რას“ ვაკეთებ და მთავარია - „როგორ“; „მე, შენ, ჩვენ, აქ, ახლა, ჩვენ შორის“  (იგულისხმება სცენაზე მოქმედება) შექმნის პრინციპი; ნებისმიერ სახეში ცხოვრებისეული სინამდვილის ასახვა, ამ გზით მაყურებელის ფსიქო-ემოციური სკივრის  გახსნა და მსახიობის შექმნილ გმირში, თავისი ემოციების, ცხოვრებისეული შეგრძნებების ცნობა; ამიტომ მგონია, რომ ნინელი ჭანკვეტაძის სცენაზე ქცევის თვალყურის დევნება, მისი ოსტატობის ამოხსნა, დიდი გამოცდილებაა.

რეჟისორ ქეთი დოლიძის სპექტაკლში, „ტრამვაი - სურვილი“, სცენაზე შემოსული ნინელი ჭანკვეტაძის ბლანში, იმ წამშივე „იკავებს“ თუმანიშვილის თეატრის ფიცარნაგის მთელ სივრცეს, ავსებს მას იმ იდუმალებით, რომელიც მაყურებელს იზიდავს და იპყრობს. თავიდან ვერც შეამჩნევთ არისტოკრატულ სამოსში ჩაცმულ ბლანშ დიუბუას წარსულ ცხოვრებას, რომელიც მწარეა, დამამცირებელი და ტრაგიკული. ნინელი ჭანკვეტაძე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ თვალწინ, „აქ, ახლა“-ს პრინციპით წარმოშობილ ადამიანის ცხოვრებას ახალ-ახალ ფერებს უმატებს და საბოლოოდ გმირი, ჩვენ თვალწინ, შემოძარცული და შიშველი დგას, რასაც იშვიათად იხილავთ ქართულ სცენაზე.



არ დაგავიწყდებათ დის მიმართ, ბლანშის მკაცრი და ტკივილიანი საყვედური, რომლის უკან დგას გმირის მარტოობის ბურუსში ასახული გარდაცვლილი ახლობლები, დაკარგული სახლკარი, და ამ წარსულის სასაფლაოდან გამოქცეული ნინელი ჭანკვეტაძის ბლანში, ხავსზე ხელ-მოჭიდებული, უფრო სულიერ თავშესაფარს ითხოვს, თავისი სამყაროს შენარჩუნებას და მშვიდ ცხოვრებას ლამობს. ტენესი უილიამსის საკმაოდ დიდი პიესიდან კარგად დამონტაჟებული ტექსტები, ბლანშის მარტოობის ყველა საბაბს და მიზეზს ძალზე ძუნწად და ზუსტად გვიყალიბებს. თუმანიშვილის თეატრის ბლანში, თითქოს სტენლის მიერ მოტანილი ის ხორცის ნაჭერია, რომელსაც დანაკუწებას, უპირებენ, არადა, როცა გაჭირვებულ ოჯახში ხორცის ნაჭერი ჩნდება, მას შეუჭმელს ვინ დატოვებს? ბლანშს მისი „სურვილის“ ტრამვაიდან ჩამოსვლა არ სურს, მაგრამ დასთან მიმავალ გზაზე, ის აუცილებლად უნდა გადაჯდეს ტრამვაიზე, სახელად „სასაფლაო“ და აი, აქ უკვე დრამატურგი გვიწინასწარმეტყველებს ბლანშის ბედს - ის აუცილებლად მოხვდება „სასაფლაოზე“, თან თავისი ფეხით. ნინელი ჭანკვეტაძის მომხიბვლელ ბლანშს, რომელიც მამაკაცებს გულგრილს არ ტოვებს, დაკარგული სიყვარულის სასოწარკვეთილების ჟამი გაუგრძელდა და ბედთან ჭიდილში, შეიძლება კეთილი და გულმოწყალე ადამიანის ძიებაში, ცხოვრება გაუფრინდა. მან უთვალავი მარგალიტი დაუყარა ღორებს, რომლებმაც ამ მარგალიტების ფასი არ იცოდნენ, მაგრამ ნინელი ჭანკვეტაძის ბლანში, მაინც სუფთა, გამჭვირვალე, პატიოსანი დარჩა ამ სასტიკ ცხოვრებაში და იქნებ სწორედ ეს არის მისი დრმა და არა მარტო მისი, ზოგადად იმ ადამიანების, რომლებიც თითო-ოროლა შერჩენია ამ სამყაროს. ნინელი ჭანკვეტაძის ბლანშთან ერთად განვლილი გზა, ისე ჩაგითრევთ, რომ სცენური ილუზიის ჭეშმარიტ ძალას გაგრძნობინებთ, გმირის ტკივილს განგაცდევინებთ, ცხოვრების უკუღმართობის ძლიერებით დაგწვავთ, რათა ფერფლიდან აღმდგარი, აპოლონის ჰარმონიის ძალით დაუბრუნდე საქართველოს რეალურ ცხოვრებას, სადაც ბლანშთან ერთად, აუხდენელი ოცნებების დასაფლავების გზას, ბევრი ადამიანი მიუყვება. ალბათ ეს არის ნინელი ჭანკვეტაძის დღევანდელი დღის ტკივილი და მოქალაქეობრივი სათქმელი.


ხშირად მსახიობებზე უთქვამთ: „კულისებში ვნახე და როლიდან ჯერ არ იყო გამოსული“, ნინელი ჭანკვეტაძეს ეს მითი არ ეხება, სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, უმალ რომ იხილოთ, თქვენ დაგხვდებათ ღიმილიანი, ჭკვიანი, ნიჭიერი პიროვნება, რომელსაც თითქოს არც უცხოვრია „სხვის“ ტყავში - ესეც ოსტატობაა!

ნინელი ჭანკვეტაძის საგრიმიორო ოთახისთვის თუ მოგიკრავთ თვალი, სუფთა, მოვლილ და ფაქიზად დალაგებულ ნივთებში, მსახიობის მოწესრიგებულ ბუნებას დაინახავთ და იფიქრებთ - უთუოდ სახლშიც ასეთია: კარგი დიასახლისი!.. მაგრამ ამის წარმოსახვა არ დაგჭირდებათ, თუკი ნახავთ მას რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც მსახიობი, მუდამ მომღიმარი ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია, თითოეული სტუმრის გულთბილი მასპინძელი და თეატრის გულშემატკივარი, რომელსაც მთელი არსით აწუხებს ქართული დასების ბედი.


„ყოველ ჩვენგანში მთელი სამყაროა და ეს სამყარო თავისებური და უჩვეულოა“, თქვა ლუიჯი პირანდელომ და მე რომ არ დავეთანხმო, სასაცილო იქნება, ვინაიდან ქართველებს, ნინელი ჭანკვეტაძის სახით გვაყავს მართლაც ქალის მთელი სამყაროს ამსახველი ქალბატონი, რომელიც პიროვნულად თავისებური, სამსახიობო ოსტატობით და საზოგადო მოღვაწეობით გამორჩეული, ერთადერთი, უჩვეულო და განსაკუთრებულია!


წერილი გამოქვეყნებულია ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“, 2017 წელი, # 5


























Комментариев нет:

Отправить комментарий