среда, 8 ноября 2017 г.

„ღიმილის ბიჭი“ 
მანანა ტურიაშვილი
თეატრისა და კინოს მსახიობს, თაზო თოლორაიას დღეს 67 წელი შეუსრულდებოდა. მუდამ მომღიმარი ეგებებოდა ყველას და ყველაფერს. ნიჭიერ მსახიობს არც პოპულარობა აკლდა და არც როლები, მისთვის ადამიანი იყო ძვირფასი და ის რეჟისორებიც, რომლებმაც ხელოვნებაში გზა გაუხსნეს: გიგა ლორთქიფანიძე, რეზო ჩხეიძე, მიხეილ თუმანიშვილი. 1975 წლიდან თაზო თოლორაია მიხეილ თუმანიშვილის გვერდით იდგა და სიცოცხლის ბოლომდე  არ მოშორებია. 90-იან წლებში, როცა თბილისის ქუჩებში ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ის კინომსახიობთა თეატრში, თავის საგრიმიოროში ათენებდა ღამეს და ყოველ დილით, 10 საათზე თავის მასწავლებელს, მიხეილ თუმანიშვილს ხვდებოდა. იყო დრო, როცა მიხეილ თუმანიშვილის საღამოს რეპეტიციებს მხოლოდ თაზო თოლორაია და გია აბესალაშვილი ესწრებოდნენ. საუბარი, რომელსაც ახლა გაეცნობით 1998 წლის ზაფხულში შედგა. მე მას ზოოპარკში ტელევიზიასთან ახლოს ვთხოვე შეხვედრა. დიდხანს ვხუმრობდით ჩვენი შეხვედრის ადგილზე, ვინაიდან მაშინ ტრანსპორტი არ მუშაობდა. 
 თაზო, დილით თეატრში ხარ, საღამოს თეატრში ხარ, რა არის შენთვის თეატრი?
ბატონ მიშას რომ ეკითხებოდნენ: თეატრი რა არისო, ის ერთი სიტყვით პასუხობდა - სასწაულიო! მე ვერაფერს დავამატებ, ამ ერთ სიტყვაში ყველაფერია ნათქვამი: თეატრი არის სასწაული! ჩემი, თაზოს ტყავიდან უნდა გამოვძვრე და სხვა ადამიანის ტყავში უნდა შევძვრე. უნდა გავიგო, ჩემი გმირი როგორ დადის, როგორ იცინის, როგორ ტირის, როგორი მანერები აქვს. ყველაფერი ეს მუშაობის პროცესში მოსაძებნია. თავის მოფხანა იქნება ეს, თუ გახედვა ან გამოხედვა - შენი ხასიათიდან კი არა, იმ კაცის ხასიათიდან უნდა გამომდინარეობდეს. ჩემი პოზიცია უნდა ჩავდო პერსონაჟის სათქმელში, მაგრამ ის მაინც სხვა ადამიანი უნდა იყოს.
 თაზო, ვინ არის მსახიობი, როგორი ფსიქიკა აქვს მას?
მსახიობს ნერვიული ფსიქიკა აქვს. შესანიშნავ რეჟისორს, ანატოლი ეფროსს აქვს გენიალური გამოთქმა, რომ მსახიობები შემოქმედებითი კაცობრიობის ქალური ნაწილია და მათ გაგება, მოფერება სჭირდებათ. მე მას ვეთანხმები. მერე ვნერვიულობთ იმიტომ, რომ აუდიტორიასთან გაქვს საქმე და მას ჩვენი შესაძლებლობები უნდა დავანახოთ თუ ვაჩვენოთ. მე მქონია შემთხვევა, როცა პრემიერის დღეს, სპექტაკლის დაწყების წინ, თეატრიდან გაქცევა მინდოდა. მითქვამს: არ გამოვალ სცენაზე,  გავიქცევი! იმიტომ რომ დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ცოცხალი ადამიანი მიდიხარ ცოცხალ ადამიანთან და თან რაღაც სახეებს თამაშობ. ამ დროს ფსიქიკა ნორმალურ მდგომარეობაში არ არის, ის კარდიოგრამასავით ხტუნავს. მაყურებელი სიხარულს მანიჭებს, მეც მიხარია, როცა მას ან ავატირებ, ან გავაცინებ. ტირილზე თავს შევიკავებდი... ჩემი ამპლუადან გამომდინარე - იშვიათია, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს, როცა ის ჩემს მოქმედებაზე ან გამონათქვამებზე იცინის - ამ დროს  მაყურებელი იმპულსს მაძლევს.
 ძალიან ახალგაზრდა გახდი პოპულარული და ამან ხელი შეგიშალა თუ პირიქით?
უფრო სწორად, ბავშვი ვიყავი, პირველი თუ მეორე კურსელი. „ღიმილის ბიჭებს“ მოჰყვა რამდენიმე ფილმი და თავში ამივარდა. ჩემი თავი მეგონა ალენ დელონი, ჟან-პოლ ბელმონდო… ქუჩაში მცნობდნენ და მაშინ ჯერ არ მქონდა დაფიქსირებული ის ნოტი, რომელიც მერე აღმოვაჩინე ჩემს პროფესიაში, ანუ რა მინდა!.. მაშინ რა მინდოდა, არ ვიცოდი. კინოში ეს როლები ლანგარზე დაწყობილი მომივიდა და გავხდი პოპულარული,  „ვტრიპაჩობდი“. წლები რომ გავიდა, მერე უფრო ჩავხვდი ჩემს პროფესიას, ვამაყობდი კი არა, ქუჩაში თავის გამოყოფაც მრცხვენოდა. მტანჯავდა იმაზე ფიქრი, ცუდად ვითამაშე ის როლი, თუ კარგად? სულ ვფიქრობდი: ნეტავ, ვინმემ არ დამინახოს, ნეტავ, არ შემაფასონ!.. ისე ძალიან მიხარია, როცა ქუჩაში მცნობენ და მიყურებენ. ბაზარში რამდენჯერ პროდუქტი უჩუქებიათ. ამაზე სასიამოვნო გრძნობა არ არსებობს - ეს არის შენი და შენი პროფესიის დაფასება. გცნობენ, გიღიმიან და შენც ბედნიერი ხარ…
თაზო, სამოქალაქო ომის წლებში, ამ რთულ პერიოდში, თუმც არც ახლა გვაქვს დალხინებული ცხოვრება, მაგრამ მაინც, გიფიქრია თუ არა - მივატოვებ ამ პროფესიასო?
არა!…თეატრის მიტოვება არ მიფიქრია... ჯერ ერთი, სხვა რამის კეთება არ ვიცი და არც შემიძლია და მეორეც - მსახიობი თავის პროფესიას ვერ მოწყდება,  იმიტომ რომ მას მაგიური ძალა აქვს და უზომოდ გიყვარს. ჯამაგირი რომ გაანახევრონ, მაინც მსახიობი ვიქნები, მაინც თეატრში ვიქნები და ჩემს თეატრს ვერ ვუღალატებ. თუ მე ვფიქრობ ჩემს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაშინ ჩემს საქმესაც ვღალატობ და ჩემს ოჯახსაც - თეატრი ჩემთვის ოჯახია!…
და ამ ოჯახის მთავარი ძალა მიხეილ თუმანიშვილია, ვინ არის დიდი მაესტრო შენთვის? ყველას ხომ „თავისი თუმანიშვილი“ ჰყავს?
მიხეილ თუმანიშვილი მეუბნებოდა, რომ სცენაზე ნამდვილად უნდა მოკვდე, ნამდვილად უნდა გაიცინო… თუმანიშვილმა, არა მხოლოდ პროფესია,  ცხოვრება მასწავლა და ერთხელ ვთქვი კიდეც, რომ მინდა  ვგავდე მიხეილ თუმანიშვილს, როგორც პიროვნებას. მე და ბატონი მიშა ვმეგობრობდით. თქვენ ხომ იცით, ყოველ დილით მოდიოდა 10 საათზე და ამ დროს თეატრში არავინ იყო. ყოველ დილით, 10 საათზე მე ვხვდებოდი მას. ერთხელ მეუღლეს - ქალბატონ ლეილას უთქვამს: ასე ადრე რა გინდა თეატრშიო, ჯერ არავინ არ იქნება მისულიო. მას უპასუხია: როგორ არა, თეატრში თაზო მელოდებაო. ცუდად არ გამიგებენ ჩემი მეგობარი მსახიობები, მაგრამ ვიტყვი, რომ მე და ბატონი მიშა დილაობით ვჭორაობდით ხოლმე. რასაკვირველია, თეატრზე ვჭორაობდით, ოღონდ კარგი გაგებით. ჭორაობაში რას ვგულისხმობ იცით? როგორი უნდა იყოს თეატრი, ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია, რომელ მსახიობს დავეხმაროთ, რომელი სპექტაკლი ჯობია და. ა. შ.  ასეთი შინაურულ-მეგობრული საუბრები გვქონდა ყოველთვის. პროფესიონალიზმი, ჩემი აზრით, შენი საქმის ერთგულებაა, მაქსიმუმის გაკეთებაა. არის მსახიობების კატეგორია, რომლებიც იოლად მიდიან ფინალამდე იმიტომ, რომ ნიჭის გამო იოლად გამოსდით. მე ამას არ ვეთანხმები. მაქსიმუმი უნდა გააკეთო, ცხრა ტყავი უნდა გაგძვრეს, რომ დასახულ მიზნამდე მიხვიდე. შენს პროფესიას არ უნდა უღალატო, უხეშად რომ ვთქვა, „ხალტურა“ არ უნდა გააკეთო. მთავარი უნდა იყოს თეატრი, როლი,  რის თქმა გინდა ამ როლით, რა უნდა მიიტანო მაყურებელთან, ამის ღალატი არ შეიძლება და თეატრში „ხალტურის“ კეთება  უკვე ღალატია…
 თაზო, შენ ამას მიაღწიე?
გარკვეული დოზით - კი, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ბოლომდე. საქართველოში ყოველთვის იყვნენ პროფესიონალი მსახიობები, რეჟისორები, მაგრამ მე კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთო, რომ იქამდე მივიდე…
მან პირველი  როლი ითამაშა გიგა ლორთქიფანიძის მიერ რუსთავის თეატრში დადგმულ სპექტაკლში „ნუ გეშინია, დედა“… მას შემდეგ უამრავი სახე შექმნა, როგორც  ეკრანზე, ასევე თეატრში. 



Комментариев нет:

Отправить комментарий