пятница, 24 января 2020 г.



ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
2019 წლის საშემოდგომო თეატრალური ფესტივალების ლიდერი 


@ მანანა ტურიაშვილი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ქალბატონი მაია ხაჯიშვილი
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ანდრო ენუქიძე


გასულ წელს, აჭარის დედაქალაქ ბათუმში, დაარსდა „ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი“. 7-20 დეკემბერს უცხოური და ქართული სპექტაკლები ბათუმის სხვადასხვა თეატრალურ სცნებზე გაიმართა. სპექტაკლებს ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი და თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტები და თეატრის მოყვარულები.

ამ პროექტის იდეა ჩაისახა რამდენიმე წლის წინ, მისი გეგმები აღინიშნა პრესაშიც, მაგრამ პირადად მე, მაინც არ მჯეროდა, ვინაიდან ის უდიდეს ორგანიზაციას და ძალისხმევას მოითხოვს, ამავე დროს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს უცხოეთან უნდა ჰქონდა ისეთი კავშირები, რომ მას მაღალი პროფესიული დასების ჩამოყვანა შეძლებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ არა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის განახლებული, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი შენობა, რომელიც მაღალი დონის ევროპული თეატრების მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ეს თეატრალური ზეიმი ვერ შედგებოდა.

ფონდ „ქართუს“ მიერ აღდგენილ-გარემონტებული
ბათუმის დრამატული თეატრი,
რომელმაც ფესტივალზე ღირსეულად მიიღო უცხოელი დასები 

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები
ფესტივალზე - ბედნიერი და გახარებული
ბათუმის დრამატული თეატრის ექსპერიმენტული სცენა.
მაყურებელთა დარბაზი პოლონურ სპექტაკლზე „ერთგული ხროვა“

საქართველოში აჭარის თეატრებს ყოვლთვის გამორჩეული ადგილი ეკავა, შესაძლოა მისი არაჩვეულებრივი ბუნების, არქიტექტურის და რაც მთავარია ადილობრივი მოსახლეობის გამო, რომელთა წარმომადგენლებიც არიან აჭარის დასების შემოქმედებითი თუ ტექნიკური პერსონალი. აჭარელ მსახიობებს გამოვარჩევდი სცენაზე ლაღი მოქმედებით, სიახლისკენ სწრაფვით, რაც ბათუმის დრამატული თუ მოზარდმაყურებელთა თეატრების ახალ სპექტაკლებში უფრო თავალსაჩინოდ გამოჩნდა.


ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე
და თურქი მსახიობი კადრი ოზჯანი - ემოციური, დიდი იუმორის მქონე არტისტი;
ფესტივალზე წარმოადგინა ნიკოლაი გოგოლის „შინელის“ თავისებური ვერსია

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში პროფესორ ანდრო ენუქიძის დანიშვნის შემდეგ, დასმა თვალნათლივ იცვალა გეზი და პროფესიული სრულყოფის გზას დაადგა. ხანგრძლივ რემონტს, დასის შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისთვის ხელი არ შეუშლია, ვინაიდან „ახალმა სცენამ“ დაიწყო მუშაობა ახლო ხედის პრინციპით, რაც გარკვეულწილად, სამსახიობო ტექნიკის მიმართულებით, ექსპერიმენტსაც წარმოადგენდა და შედეგი აისახა სამსახიობო, სარეჟისორო და ა. შ. ჯილდოებით. 

„ედიტ პიაფი“ - მსახიობი მაია ცეცხლაძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე
ბათუმის დრამატული თეატრი ფესტივალზე

სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსით ბატონმა ანდრო ენუქიძემ შეძლო ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან რეჟისორების მოწვევა - ჩემი აზრით, ამ ფაქტმაც შეუწყო ხელი დასის შემოქმედებითი პოტენციალის გაფართოებას.

უნდა ითქვას, რომ ბატონმა ანდრო ენუქიძემ ეტაპობრივად განახორციელა დასის სერიოზული რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი აკორდი იყო „ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ ჩამოყალიბება, რაც განხორციელდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სრული მხარდაჭერით.

საბჭოთა ეპოქაში, საქართველოს სხვა ქვეყნებისგან ხანგრძლივი იზოლაციის დროს, ქართული თეატრი წარმატებით ახერხებდა საზღვარგარეთ გასტროლებს, თუმცა ამ პროცესს მასშტაბური ხასიათი არ ჰქონდა. დღეს, როცა ყველა ქვეყნის კარი გახსნილია, თეატრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - შექმნა კარგი სპექტაკლი და უჩვენო უცხოელ მაყურებელს, ვინაიდან შენი მაყურებელი განსხვავებულად უყურებს შენს შემოქმედებას, ხოლო უცხოელთან ყოველი შემოქმედებითი შეხვედრა და მათი აღიარება, საკუთარ ძალებში არწმუნებს მსახიობს თუ რეჟისორს, ეს კი აუცილებელია, ვინაიდან ნებისმიერ ჭეშმარიტ შემოქმედს ეჭვის და მერყეობის გრძნობა ყოველთვის აქვს. ამასთან, ეს პროცესი ხელს უწყობს სხვა ქვეყნებში საქართველოს კულტურულ ინტეგრაციას, დიალოგებს და გამოცდილების გაცვლას, ასევე, უცხოელი სტუმრების ბათუმში ჩამოსვლით, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის გაცნობის შესაძლებლობას - ეს ყველაფერი აისახა ბათუმის საერთაშორის თეატრალურ ფესტივალზე. საერთაშრისო ფესტივალებით მაღლდება და უფრო იხვეწება ადგილობრივი მაყურებლის გემოვნება და ის უფრო მომთხოვნი ხდება ეროვნული თეატრის მიმართ, იქნება ეს ბათუმის, თბილისისა თუ საქართველოს სხვა რეგიონის თეატრის დასების შემოქმედება.



ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის კლუბი გულუხვი, თბილი და სტუმართმოყვარე. ადგილობრივი, უცხოელი, თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრებისთვის აბსოლუტურად თანასწორი - ასეთ ყურადღებას მხოლოდ ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე თუ ნახავთ.


2019 წლის დეკემებერში ბათუმში ჩატარებულ ფესტივალზე ყველა უცხოური სპექტაკლი გარკვეულ სიახლეს შეიტანს ქართულ შემოქმედებით აზროვნებაში. ფესტივალის დამთავრებიდან ერთი თვე გავიდა, მაგრამ თბილისში ხშირად მოკრავთ ყურს მსჯელობას გერმანელი რეჟისორის მიხაილ ტალხაიმერის „მედეაზე“ თუ იტალიელების „ღვთაებრივ კომედიაზე“ და ა. შ. საიდანაც ვადგენთ, რომ აჭარის ფესტივალი უცებ გახდა ლიდერი ფესტივალი საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, 2019 წლის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალებს შორის თავისი თემატიკით, კონცეფციით, მოპატიჟებული პრესტიჟული დასებით, ორგანიზებით, დისციპლინით, სტუმარ-მასპინძლობით, სიახლით და ათასი სხვა ნიუანსით, უცებ დაწინაურდა და თბილისის საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალების სარიოზული კონკურენტი გახდა, რაც უზომოდ მისასალმებელი ფაქტია საქართველოს კულტურული ცხოვრებისთვის, ვინაიდან კონკურენცია წინსვლის საწინდარია.

მედეა - მსახიობი კონსტანს ბეკერი
ქმრის ღალატით გამწარებული მედეა, დიდ ხანს დუმს და მერე მისი მრისხანე ბღავილი, რომელიც ძუ ლომის გაააფთრებულ ღრიალს ჰგავს, მამაკაცთა მიერ დაჩაგრულ ქალთა ხანგრძლივ პროტესტად გეჩვენებოდათ. მედეა, როგორც ქალთა უფლებების პირველი დამცველი და მეამბოხე!!! 
მსოფლიოში აღიარებულმა თეატრმა - „ბერლინერ ანსაბლის“ „მედეამ“ გახსნა ბათუმის ფესტივალი. ევრიპიდეს „მედეა“, თანამედროვე, მაღალ რეიტინგულ უცხოელი მეცნიერების კვლევის საგანს წარმოადგენს. სცენაზე ევრიპიდეს პერსონაჟების შესრულება, იქნება ეს მედეა თუ იასონი, ბევრი მსახიობის ოცნებაა. ამ პერსონაჟებში წვდომა მრავალ აზრს ავითარებს, რეჟისორ მიხაილ ტალხაიმერის შექმნილ სამყაროში კი გაორებული გრძნობა გეუფლებოდათ - რაზე იყო ეს წარმოდგენა - ქალის უფლებების დაცვაზე და სქესთა თანასწორობაზე თუ ქალთა დისკრიმინაციაზე? 

„ბერლინერ ანსამბლის“  მსახიობები ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე

ყოველ შემთხვევაში გერმანელი რეჟისორი დიდ შავ კედელზე, როგორც გლოვის მონუმენტურ ძეგლზე ათავსებს მედეას ფიზიკური მოქმედების არეალს, საიდანც მედეა „ვერ“ ან „არ“ გამოდის. სამსახიობო ტექნიკის თავლსაზრისით, არტისტს ურთულესი ამოცანა ჰქონდა შესასრულებელი: ის 120 წუთი უნდა გამოხატავდეს მედეას უმძიმეს სულიერ ტანჯვას, ისე რომ ქალებისთვის დამახასიათებელ ვნებათა ღელვის გრადაციებში არ დაკარგოს ტემპო-რიტმი და გამუდმებით მართავდეს მაყურებელს. სპექტაკლში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ტექსტს, მსახიობთა ძუნწი მოძრაობები სიტყვის უპირატესობას „აღიარებდნენ“ და გეჩვენებოდათ, რომ შემოქმედებითი ჯგუფი თეატრის საწყისებს „უბრუნდებდა“, იმ ეპოქას, როცა ტრაგედია ჩამოყალიბდა, ხოლო მოქმედება მსახიობის შინაგან სამყაროში, მისი სულიერი ძვრებით გამიხატებოდა. გერმანელი არტისტების მიერ სამსახიობო ტექნიკის ფლობის უნარი, ქართველი მსახიობებისთვის მრავლის მეტყველი უნდა ყოფილიყო.

ახალი მითი ძალადობაში დაბადებულ თავისუფალ მამზე: ბათუმის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე პოლონეთის ქალაქ ლეგნიცას ელენა მოდჯევსკას სახელობის თეატრმა წარმოადგინა რეჟისორების პაველ ვოლაკისა და კატარინა დვორაკის სპექტაკლი „ერთგული ხროვა“. უნდა აღინიშოს, რომ რეჟისორები თვით არიან პიესის ავტორები, რაც კიდევ ერთხელ გვაუწყებს, რომ რეჟისორს წერა უნდა შეეძლოს და ძალიან კარგად, რათა ზუსტად ჩამოაყალიბოს პერსონაჟთა შესაძლო ცვლილებები, რაც მკაცრი ლოგიკის გათვალისწინებით, პიესის არს და ავტორის ჩანაფიქრს არ არღვევს, პირიქით, სათქმელს უმორჩილებს მას. პოლონური სპექტაკლის მაგალითზე, ჩვენ სახეზე გვაქვს შემთხვევა, როცა რეჟისორები წერენ, დგამენ და შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ასეთი ერთობლიობა ძალიან საჭიროა ქართული თეატრისთვის, რომლის ტრადიცია გაამყარა რობერტ სტურუა-ლილი ფოფხაძის ტანდენმა, რაც სამწუხაროდ, ჩვენმა სოციალურ-პოლიტიკური ვითარებით გამოწვეულმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ამგვარი ფუფუნების საშუალება ბევრს არ მისცა და ზოგმა მიივიწყა.

სწორედ ამიტომ, რთული კონსტრუქციის პოლონური სპექტაკლი გამართული ლოგიკით „შეხვდა“ მაყურებელს. წარმოდგენაში გამოყენებულია კინოკადრები, ანიმაცია, რომელიც ასევე ზუსტ ლოგიკურ სვლებზეა აგებული. აქ ნახავთ მიკროფონებით და შიშველი, გასხეპილი ტოტებით გარშემორტყმულ სცენას, რომელიც მთავარი პერსონაჟის ტექსტში იწყებს გაცოცხლებას, როცა ის მზისფერი მანდარინების სიმბოლურ არს გვაწვეთებს, მათ კვდომას გვაუწყებს და გვამზადებს ფიცარნაგზე გასათამაშებელი სიუჟეტის  შესაძლო გავითარებას, რომ ჩვენ საქმე გვექნება სიცოცხლის, სითბოს და მზის კვდომასთან, ვინაიდან ამ სპექტაკლის გმირებმა, გამანადგურებელ დოგმებს შეწირულმა ადამიანებმა თავისუფლების გზა ვერ იპოვეს, არჩევანი ვერ გააკეთეს და ვისაც ეს სურდა, ისიც მსხვერპლად შეწირეს.

„ერთგული ხროვა“
„ერთგული ხროვა“ პიროვნების ნიველირების და განადგურების პროცესზეა, ადამიანის სულიერი გახლეჩილობის შედაგად წარმოშობილ ძრწოლაზე, რომელიც დაბადებული და განვითარებული მაყურებლისთვის თავდადებულ პოლონელ მსახიობებში, მაყურებელზეც იმავე გავლენას ახდენს. აქ ფსევდო-რწმენის რელიგიურ მარწუხებში მომწყვდეული ადამიანები რკინის გისოსებს ეხეთქებიან და ხაფანგში ფართხალებენ, ისინი გამოსავალის ძიების მცდელობის გზაზე ან ტყვეობას ეგუებიან ან იღუპებიან.

სპექტაკლის ეპილოგი და პროლოგი კინოკადრია. დასაწყისში კადრიდან მამაკაცი „შემორბის“, როგორც ახალი მითოლოგიური პერსონაჟი და დასასრულს, როცა სიუჟეტი უკვე ჩამოყალიბებულია და ეს გმირი გარბის,  ჩვენ ვხვდებით თუ როგორ და რატომ დაიბადა ახალი პერსონაჟი. კინოკადრში უსიცოცხლო მიწაა, თოვლ-ჭყაპის სიცივეში შიშველი და უსახური, რომელიც ნაყოფს ვერ გამოიღებს, ვერავის დააპურებს, მისი სიბერწის ბეჭედი მძიმეა და თვალხილული. კადრიდან შემოსული გოლიათი, საკუთარ მიწაზე ლტოლვილი, უზარმაზარი, მიწაში ამოთხვრილი მითიური ტიტანის მსგავსი  მიუსაფარი მამაკაცი, თვით მიწას წარმოადგენს, რომელიც სცენაზე შემოსული ერთი პოლონური ქალაქის ამბავს გვიყვება. სცენის ფიცარნაგზე წვრილ გისოსებს შეამჩნევთ ალაგ-ალაგ და გეჩვენება, რომ სწორედ დილეგია პოლონელი მსახიობების მიერ შექმნილ პერსონაჟთა მოქმედების ასპარეზი. ეს გისოსები მერე „გამსხვილდება“, ნელ-ნელა რამდენიმე პატარა ყუთის მსგავსად სცენზე „განლაგდება“, სადაც მთავარი გმირი-მამის ბედკრული, დედის ტირანიის შედეგად უუფლებო და მორჩილი ქალიშვილები შეშინებული მტრედებივით ჩამოსხდებიან, როგორც მომავალ საბუდართან მიახლოებული მსხვერპლები. ეს ყუთები ერთიანდებიან, უფრო დიდებიან, იზრდებიან და პიროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლ ყმაწვილი იოანას იძულებითი მონაზვნობის რკინის არტახებად გადაიქცევა, ხოლო საბოლოოოდ კი გისოსებიან კუბოდაც მოგეჩვენებათ, სადაც ცოცხლად გამომწყვდეული ახალგაზრდა ქალი ქალაქის და ოჯახის „გასაწმენდად“ მსხვერპლთშეწირვის ბრაბაროსულ რიტუალს ეწირება.

„ერთგული ხროვა“

პროლოგის კინოკადრი მიგვანიშნებს რეალობის „უშუალო“ შეხებას, რითიც გეუბნებიან - ჩვენ არაფერს ვიგონებთ, ეს ყველაფერი იყო და არის! სცენური რეალობა უკავშირდება მსახიობთა თამაშის იმ წესებს, რაც მაყურებლის ნანატრ, ნამდვილ განცდებს იწვევს და გულისხმობს პერსონაჟთა ნამდვილ ცვლილებებს და გარდაქმნებს, რაც ერთობ რთული საქმეა და რაც რეჟისორისა და მსახიობების ხელობის ცოდნას გულისხმობს.

პერსონაჟთა, ქალთა და მამაკცთა სამოსის თეთრისა და შავის მონაცვლეობა, ერთი მხრივ მათ ასკეტურ ცხოვრებას და მეორეს მხრივ კოსტიუმების მხატვრის - ნატალია რეჟძელის მიერ ფიცარნაგზე განვითარებულ გმირთა ისტერიკულ მდგომარეობასთან კონტრასტს ქმნის, ვინაიდან ფერადია გმირთა ვნებები, ბრძოლა დახავსებულ კანონებთან, რომლის ნაჭუჭის გარღვევა ძალიან ძნელია და რთული. ასევე რთულია ამ ბრძოლაში საკუთარ თავთან, საკუთარ არაცნობიერ „მესთან“ შეხვედრა, რაც მაყურებლის თვალწინ იბადება და ვითარდება. პერსონაჟები ებრძვიან საკუთარ თავს, სულიერად შიშვლდებიან  და მიუსაფარნი ახალი სამოსის ჩაცმას ცდილობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში „შიშველნი ვერ იმოსებიან“. მაგრამ ღმერთის სახელით, ახალგაზრდა ქალის ზვარაკად მიტანა, ყველა პერსონაჟისთვის რთული პროცესი აღმოჩნდა, ვინაიდან პირველად დაირღვა მსხვერპლთშეწირვის ტრადიცია, ვინაიდან მსხვერპლ - 16 წლის გოგონას თავისუფლების ნიშნებს ამჩნევენ, რაც ერთობ საშიშია ქალაქში გამეფებულ წეს-კანონსა და დახავსებულ დოგმებს დამორჩილებულ მოსახლეობისთვის.

იოანას ოცნებები განწირულია, მისი ღამეული რბოლა და მიწაზე თავისუფლად კოტრიალი, მიწის სურნელი და მისი შეხება, ქალიშვილისთვის რეალობის აღქმის წყურვილია, ხოლო ოჯახის წარმართველი დედისა და სხვათა თვალში, ყმაწვილი ქალის ნაადრევი სიძვის აშკარა ნიშნები.

„ერთგული ხროვა“

წყვილთა სექსუალური სილაღე შორსაა სიმწიფეში შესულ მცონარე ცოლ-ქმრის უღიმღამოდ გატარებული ღამეების ვნებისგან. მე-13 ქალიშვილი ხომ ნაძალადევი სექსის ნაყოფია, ვინაიდან ნაბოლარა, ბუნტარი იონას დაბადებაც სხვისი ნებით ხდება - ტრადიცია არ უნდა დაირღვეს, თქვენმა ოჯახმა უნდა შვას ბიჭი - რომელიც სასულიერო პირი იქნება და თუ ეს მეცამეტე ბიჭი არ იქნა და ისევ გოგო ჩასახეთ, მაშინ მონაზვნად აღიკვეცება. ეს ცოლ-ქმარი ბავშვობიდან აკრძალვებით ცხოვრობდ, მაგრამ ყმაწვილქალობაში შესულ იონას შემყურე დედ-მამა სხვადასხვანაირად ავითარებს ცხოვრებას, მამა მე-13 ქალიშვილივით თავისუფლებას ირჩევს და ღამ-ღამ საყვარელთან მოწანწალე, ძლივს ეღირსება ბედნიერებას, ხოლო დედა, მსახიობი კატარინა დვორაკი, თვით ერთგული ხროვის თანარეჟისორი, ქმარზე გამხეცებული, სადო მაზოხისტური სექსით თვითგვემას ელტვის, რაც ბედნიერების წუთებსაც ანიჭებს.

სპექტაკლში ყველაფერი ლოგიკურ კავშირშია. წარმოდგენის კონსტრუქცია ძალიან რთულია, აღსაქმელად მარტივი. ტექსტი, მუსიკა, გუნდური სიმღერა, არტისტების მოქმედება, მოძრაობა, მიზანსცენები, დეკორაცია, ყველაფერი პოლიფონიურობას წარმოშობს, რომელიც მაყურებლის ცნობიერსაც აღვიძებს და არაცნობიერსაც, მოქმედებს მის სულზეც და გონებაზეც, მაყურებლის გულის სიმების აჟღერებასაც ცდილობს და სხეულის ფიზიოლოგიაზე ღვინის მსგავსად მოქმედებს, როდესაც სასმელი ნელ-ნელა, ზომიერი ყლუპ-ყლუპით და ხან ოდნავ გადამეტებული სმის დროს სხეულს ათავისუფლებს და სული, როგორც ჭურჭლიდან გათავისუფლებული ჯინი, თავისუფალ მოქმედებას იწყებს. 

პოლონური სპექტაკლის მიზანი მხოლოდ ერთი პოლონური ქალაქის ისტორიის თხრობა არ არის, ამ ადამიანთა ამბავს შესაძლოა ნებისმიერ ქალაქში შეხვდეთ, ნებისმიერ სახლში, სადაც სპექტაკლის ჭერიდან მომავალი წყლის წვრილი ჭავლი, რომელიც მიწას ეფინება, სიმბოლურად ადამიანთა წყურვილს აოკებს თითქოს, მაგრამ ეს მირაჟა, ვინაიდან მიწას მშვიდად, უდტრვინველად შეხებული წყალი ჯერ თითქოს ანკარაა, მაგრამ, როცა ნებაწართმეული მამის საკუთარი და უბედური ქალიშვილის თავისუფლებისათვის უშედეგო, მრავალჯერადი ბრძოლა, კრახით მთავრდება, მის კისერზე ჩამომავალი წყლის ნაკადი სისხლად გადაიქცევა, მამის კისერზე ჩამომავალ სისხლად, რომლის ჭავლიც თეთრი პერანგის საყელოს „ჭრის“ და თავს კვეთს.

„ერთგული ხროვა“

ტირანიის ნებისმიერი გამოვლინება საბოლოოდ სისხლით რწყავს ნიადაგს. ტირანთა და დოგმატიკოსთა სამფლობელოში და საუფლოში მამა მიწა ხდება, რომელიც დედისგან განსხვავებით, ნაყოფს ვერ გამოიღებს. ალბათ ამიტომ მთავრდება სპექტაკლი საწყისი კინოკადრით, ოღონდ აქ, პრინციპში მკვდარი მამა გარბის სცენიდან, იმ მიწიდან სადაც მანადარინის ხეებს გაზაფხული აღარ დაუდგებათ და მის მარადიულ მწვანეში ასობით აკიაფებული მზესავით ვერ აკიაფდება ნაყოფი. ის გარბის იმ ციხიდან, რომლის გისოსებიანი, მყარი ნიადაგი, ფხვიერ ნოყიერ, მიწად ვერ გადაიქცევა. ეს გისოსები კადრში სიმბოლურად გადაიზრდება უსიერო მიწის უსასრულობაში, სადაც უფლება-დაკარგული და უფუნქციო მამა გარბის, რათა აღარ გაიგონოს არა მარტო გისოსებში ჩაკეტილი შვილის, არამეთ სხვათა ბღავილიც, არ დაინახოს ცოლის კუშტად და ძალმომრედ მოკუმული ბაგეები და მისი ნაჯახივით მჭრელი, ხისტი სხეული, ასევე, განწირულ შვილთა მწყობრი, მორჩილი სიმღერა და მირბის მამა უსიერ მიწაზე, უნაყოფო მიწაზე და ალბათ სადმე აუცილებლად გადაეყრება უფსკრულს და თავისი უღონობით შეძრწუნებული, თითქოს მამაკცთა უბედობითაც განწირული, საბოლოოდ, ალბათ კლდის ხრიოკ ფსკერზე დანარცხდება და იქნებ ესაა თავისუფლების დასასრულის მაჩვენებელი.

„ერთგული ხროვა“
ლეგნიცა პოლონეთის დედაქალაქი არ არის, ის რეგიონია და საგულისხმოა, რომ ბათუმის პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე უჩევენებენ მაღალი მხატვრული დონის სპექტაკლს, სადაც სამსახიობო ოსტატობის ხელობას სრულყოფილად დაუფლებული არტისტები გვაძლევენ იმ მაგალითს, რომ თუ მოინდომებ, თუ გასწავლიან, თუ შენც ისწავლი, თუ ზუსტად ამოხსნი რეჟისორისა და სამსახიობო ოსტატობის კანონებს, რაც მიიღწევა დიდი შრომის ფასად, აუცილებლად გელის შეხვედრა იმ საოცარ მოვლენასთან, რასაც თეატრალური ხელოვნება ჰქვია.

ესპანელი არტისტის - დევიდ ესპინოზას „ჩემი დიდებული ნამუშევარი“.
დურბინდით შეიარაღებული მაყურებელი, ცხოვრებაზე დაკვირვებას სწავლობდა

ფესტივალზე მნიშვნელოვანი იყო ესპანელი რეჟისორის დევიდ ესპინოზას მცირე ბიუჯეტიანი სპექტაკლი „ჩემი დიდებული ნამუშევარი“. წარმოდგენის მთავარი გმირი თვით დევიდ ეპინოზაა, რომელიც მაყურებელს ფოიეში ხვდებოდა და უშუალო კონტაქტის დამყარების გზით ამზადებდა ექსპერიმენტულ სცენაზე შესასვლელად. მაყურებელთა რაოდენობა მკაცრად განსაზღვრა ესპინოზამ - მხოლოდ 23 კაცი უნდა დასწრებოდა სპექტაკლს. 

დევიდ ესპინოზა
ცისფერი, სამგზავრო ჩემოდანი ფოიეში, მაგიდაზე იდო, ხოლო მის გვერდით ჩამწკრივებული პაწაწინა, 1-2 სანტიმეტრის სიმაღლის თოჯინები უცნაური სპექტაკლის მაუწყებელი იყო, სადაც ერთადერთი ცოცხალი მსახიობი - ესპინოზა, პაწაწინა ფიგურებით,  ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე თავის და ზოგადად ადამიანის ისტორიას ყვებოდა: დაბადება - განვითარება-სიკვდილი ანუ იმას, რაც ყველა ადამიანს აერთიანებს. დურბინდებით შეიარაღებული მაყურებელი ჩართული იყო ესპანურ სპექტაკლში, მის არეალში ხან ერთი ფიგურა ხვდებოდა და ხან ფიგურათა ჯგუფი თუ ჯგუფები. ვისთან შეჩერდებოდა მაყურებლის ყურადღება ანუ დურბინდში გატარებული მზერით რომელ ჯგუფს აირჩევდა და დააკვირდებოდა, ეს მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული. 

„ჩემი დიდებული ნამუშევარი“

დევიდ ესპინოზა კი განაგრძობდა ფიგურების დალაგებას მათი ამბების მიხედვით - ახალ-ახალ ისტორიებს იწყებდა და ასრულებდა. პერსონაჟთა თვალყურის დევნებით მაყურებელი იძაბებოდა, ვინაიდან ყოველი მარტივი ამბავი, რომლსაც ყოველდღე უყურებდა ცხოვრებაში, დურბინდის გამადიდებელ შუშაში ხვდებოდა და ამით რეჟისორი, თითქოს ცხოვრებაზე დაკვირვების აუცილებლობას მიგვანიშნებდა და მიგვანიშნებდა იმის გაცნობიერებასაც, რომ ყოველი ცხოვრებისეული ტანჯვა ამაოა, ვინაიდან სიკვდილის ცელი ყველას წაგვლეკავს. სპექტაკლი პესიმისტური არ არის, პირიქით, ამაოების ხაზგასმით ის დროებით მაინც გცვლის და ჰუმანიზმით გავსებს, რაც ასე სჭირდება დღევანდელ სამყაროს. თვით მხიარული ესპანელი რეჟისორი იუმორით უყურებს სამყაროს და ამ იუმორისა და ირონიის დასაწყისი, რომელიც სპექტაკლის მიმართ თავიდანვე განგაწყობთ, წარმოდგენის სათაურია - „ჩემი დიდებული ნამუშევარი“, სადაც თვითირონიაც აშკარდ მოჩანს: ჩემი - შენი და სხვათა დიდებული ნამუშევარი. რეჟისორი თავის საქმეს და ცხოვრებასაც სერიოზულისა და იუმორ-ირონიის ზღვარზე აღიქვამს, რაც ჯანსაღ აზროვნებას გულისხმობს და მაყურებელსაც იმავეს უკიჟინებს.
უამრავი სპექტაკლი მინახავს, მაგრამ მერწმუნეთ, ერთი თუ ორი შემთხვევა მახსენდება, როცა წარმოდგენის შემდეგ, მაყურებელი თეატრის წინ იდგა და დიდხანს არ დაიშალა, ვინაიდან უამრავ კითხვაზე პასუხს ეძებდა - „როგორ აკეთებენ, რა ხერხებით?“, „რა მშვენიერი იყო!“ ეს მოხდა იტალიური „ნო გრავითი“-ს სპექტაკლის „ღვთაებრივი კომედიის“ დასრულების შემდეგ. ემილიანო პელიზარის ამ წარმოდგენაზე „ჯოჯოხეთიდან სამოთხეში“ (ასე წერია პროგრამაში) გადასვლის გზაზე, ჯოჯოხეთში ყოფნაც კი სამოთხედ მოგეჩვენებოდათ. სპექტაკლის პირველივე წუთებიდან გაოცებულებს, ბოლომდე გამოცანების ამოხსნა „გვტანჯავდა“ - როგორ დაცურავდნენ მსახიობები ეკრანზე? ეს ვიდეო-ჩანაწერი იყო თუ ხდებოდა „აქ, ახლა, ამ წუთას“ - ჩვენ თვალწინ. 
„ღვთაებრივი კომედიის“ დასრულების შემდეგ, კულისებში შევედით და ვნახეთ ფიცარნაგი. როგორც მოგვიყვეს: მსახიობები სპეციალურ მასალაზე იწვნენ და სპეციალური საცხით გაპოხილნი დაცურავდნენ იატაკზე. ეს აისახებოდა გადაჭიმულ ქსოვილზე, რომელსაც სარკის ეფექტი ჰქონდა, რაც მაყურებელთა დარბაზში მსხდომ მაყურებელს ვერტიკალურ გამოსახულებას აძლევდა. იტალიელ მსახიობთა მოძრაობა დიდ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს, ვინაიდან წარმოდგენა საათის მექნიზმივით აწყობილი კონსტრუქციაა.

იტალიელები გვარწმუნებდნენ - სხეული თუ უწონადი გახდება, დარჩება ადამიანის სული, რაც მარადიული ცხოვრების პერსპექტივაში გვარწმუნებდა. როგორ უნდა შეასრულო სულის მოძრაობა მსახიობმა, რომელსაც ფიზიკური სიმძიმე მიწისკენ იზიდავს, როგორ უნდა დაძლიო მიზიდულობის კანონი? ჩემი აზრით, წარმოდგენა პოეტური თეატრის მაგალითია, რომელიც სხეულისა და ტექნიკის უზომო შესაძლებლობების არს გვიხნის, რაც აუცილებელია თანამედროვე დრამატული თეატრისთვის.


ერთი ეპიზოდიდან მეორეზე მსახიობთა უმსუბუქესი გადასვლა, ბუმბულის ნაზი ღინღლების მოძრაობას ჰგავდა, რომელიც ზაფხულის ნიავის შეხებაზეც კი რეაგირებს და თითქოს ცოცხლდება. ამ პროცესს გაოცების ერთი კუნძულიდან მეორეზე გადაჰყავდი ასევე მსუბუქად და სავარძელში მყარად მჯდომს, წარმოდგენა თითქოს კოსმიურ სივრცეში გაფრენას გთავაზობდა, რომელიც სპექტაკლის ფინალისკენ უკვე რეალური ხდებოდა.











P. S. მომავალში გათვალისწინებული უნდა იყოს საფესტივალო პროგრამის რედაქტურა, განსაკუთრებით ეს ეხება უცხოურ სახელებსა და გვარებს. ასევე, ფესტივალის დევიზი უნდა გამოხატავდეს ხელოვნების ჩართულობას, რაც მაყურებელს დაუკონკრეტებს რა ფესტივალზეა საუბარი

აჭარის ავტონომიური რესპულიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრს, ფესტივალის საორგანიზაციო საბჭოს  ვულოცავ მაღალ დონეზე ჩატარებულ ფესტივალს, სადაც ქართველი თუ უცხოელი სტუმარი უდიდესი პატივისცემით და სითბოთი მიიღეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий