ჰაიდა, საერთაშორისო კონფერენცია!
(ძილისპირული წარმოსახვები)
კორონავირუსის შიშისგან გათავისუფლებულნი, ზაფხულის ყველაზე ცხელ, ბულიონიდან ამოღებული არტალასავით მოთამთამე დღეებში, მკვლევარებს ელიან კუნძულ ხოკა-ხოკას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, რომელიც პირველად, მისთვის უპრეცენდენტო აქცია-კონფერენციას გამართავს, სათაურით „ხელოვნება და თანამედროვება“. უპრეცენდენტო რატომო, შემეკითხებით, იმიტომ რომ, როგორც იქნა, საერთაშორისოს სახელიც უწოდეს.
„საერთაშორისობით“ გახარებული უნივერსიტეტის პედაგოგ-მკვლევარები, თავისუფალ დროს, ცეკვის გაკვეთილებზე დადიან - ზოგი ესპანურ ფლამენკოს სწავლობს, ზოგი რუსულ ბალეტს, ზოგიც არგენტინულ ტანგოს და ბერძნულ სირტაკს... გახსნის დღეს, უნივერსიტეტის პრაქტიკულის პედაგოგები აპირებენ დადგან ცეკვა-მიქსი - ქართული ხორუმის ბაზაზე, რაც ქართველ-ხელოვან-მკვლევართა ევროპაში ინტერგრაციას შეუწყობს ხელს.
ნებისმიერ სერიოზულ კონფერენციაზე სამეცნიერო საბჭოს წევრები დასახელებულნი არიან, ამ კონფერენციაზე მათი სახელები გასაიდუმლოებულია, ვინაიდან მათ კარგად ახსოვთ გასული საუკუნის „37-იანი წლების რეპრესიები“ და იმ სტრესიდან ვერ გამოდიან: „რომ დაგვიჭირონ საერთაშორისობის გამო?“, ფიქრობენ და თავლცრემლიანნი აკითხავენ სამეცნიერო ცენტრის დირექტორს (ჩინეთიდან გამოქცეული - გიიომ ციან-ცუინს), რომელიც დამამშვიდებელს ვერას ეუბნება.
გიიომ-აპოლონ ციან-ცუინი: გეუბნებოდით - არ გინდათ „საერთაშორისო“, იყოს ლოკალური, მაგრამ არ დამიჯერეთ და ახლა იწვნიეთ!
ხარისხის მართვა - ნატან ბრძენი: არა, ამას ქვეყანა ითხოვს, თორემ მე არ მინდოდა, უკაცრავად, ბატონო გიიომ ციან... 12 წელია თავი გავატანინე უნივერსიტეტს და მეტი აღარ შემიძლია... მანამდე არც ერთი კონფერენცია არ ჰქონათ, იცით თუ არა, ეს?
(უცებ სამეცნიერო ცენტრის სხდომათა დარბაზის კუთხიდან გამოჩნდა ერთი ბებერი ვირთხა, რომელიც ბრაზმორეული აქიცინებდა გრძელ კუდს).
ვირთხა: იყო, როგორ არ იყო! მე ვარ მომსწრე...
გიიომ-აპოლონ ციან-ცუინი: სამეცნიერო საბჭოში უცხოელები გვყავს?
ნატან ბრძენი: ვაიიი, არაა, მაგრამ ვინ, რას გაიგებს აპოლონ - საერთოდ არ დავასახელოთ... ჩვენ ხომ მერე, პროგრამაში ვბეჭდავთ ხოლმე...
გიიომ-აპოლონ ციან-ცუინი: მონიტორინგზე რა ვაჩვენოთ? „ცისფერი მთების“ არ იყოს ერთი-ორი უცხოელი, მარკშეიდერივით დაგვამშვენებდა...
ნატან ბრძენი: მეზობელი მყავს, ჩინური მაღაზია აქვს გახსნილი, სქელ ლინზიან სათვალეს ატარებს, ის არ წავა?.. ვაიიმე... (შეჰკივლა ვირთხის დანახვაზე ნატანმა და გაიცა ოთახიდან).
გიიომ-აპოლონ ციან-ცუინი: რეგისტრაციის თანხა რამდენი დავწესოთ? 200 თუ 300 ევრო?
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი: პირველ ჯერზე, არავითარი თანახა!!!
გიიომ-აპოლონ ციან-ცუინი: ვა! იცი, რამდენი ჯდება ჩემი პროსტატის პამპერსები? მთელი სადირექტორო ხელფასი ამაზე მიმდის. თხელ საფენებს ვხმარობ და ძალიან ძვირი ღირს...
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი: სიცრუის დეტექტორზე, რომ აპირებდით წასვლას, აღარ გამოვიდა? ჩაგიწყობდნენ და ფულს იქ გააკეთებდით...
გიიომ-აპოლონ ციან-ცუინი: მიხედე შენს საქმეს და ჩაწერე: „ვიწვევთ ყველას“, მერე ვითომ ავირჩევთ სათითაოდ, ბოლოს დავრჩებით ჩვენ და „უცხოს“ გავცხრილავთ, მერე დავწერთ, რომ რუსულ-ინგლისურ ენებზე ჩავატარეთ კონფერენცია...
(ამ დროს შემოვარდა კუნძულ ხოკა-ხოკას ხელოვანთა ლიდერი, ქართული თეატრის პროფესორი, რომელმაც ყური მოჰკრა აპოლონის სიტყვებს)
პროფესორი, სახელად ლეშქაში: არ დამღუპო, ბატონო ციან-ცუინ, ხომ იცით, მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობ?
გიიომ-აპოლონ ციან-ცუინი: ჩემო ლეშქაშ, შენ არ მართავდი, რუსულ ანტრაქტიდაში ქართული თეატრის ლქეციებს? რა გახდა ერთი ენის სწავლა? „ოტელოზე“, რომ დაწერე დისერტაცია, როგორ წაიკითხე მასალა...
პროფესორი: ეს ისე, სხვათაშორის ჩავწერე, ციტატები ალალბედზე ვათარგმნინე და მორჩა! თქვენ არ მირჩიეთ?
გიიომ-აპოლონ ციან-ცუინი: აბა, она ანუ she, რას ნიშნავს...
პროფესორი: она არის ფენოვან ხაჭაპურში რომ უშვებიან მარგარინს, she შიძლება წაიკითხო როგორც შჩი, რაც საჭმელს ნიშნავს... არ მოვალ კონფერენციაზე და ეგ იქნება!..
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სახელად ქილილა: მთელი ევროპა მოიარა. აეროპორტებში რამდენ საზღვარზე გაიარა და ქუჩებში რამდენი ისეირნა? ენის გარეშე, ამას ვერ შეძლებდა, ბატონო ციან-ცუინ!
გიიომ-აპოლონ ციან-ცუინი: ჯანი გავარდეს, ნუ მოხვალ, როგორც აკეთებ ხოლმე... ერთ სექციაზე ვიტყვით, რომ მეორეზე ხარ, მეორეზე გამოვაცხადებთ, რომ პირველ სექციაზე ხარ და ჰაიდა კონფერენცია!
პროფესორი: შენი მუხლების ჭირიმე
(დაუჩოქა და მუხლებზე შემოეხვია, ამ დროს ფეხზე წამოიმართა მაგიდასთან მჯდომი კიდევ ერთი პროფესორი, რომელიც ენას უჩლექდა)...
ულტრა-პროფესორი, სახელად თაკარა ცუინ (გიიომის შორეული ნათესავი ჩინეთიდან): დაწელოს, მე ვთალგმნი და მევე წავიკითხვ...
გიიომ-აპოლონ ციან-ცუინი: როგორ, ხომ არ გაგიჟდი?
ულტრა-პროფესორი: ხომ იცით, ჩამსახიობოზე ვსწავლობდი. არ გემემივიდა და პედაგოგიკაში გედამევედი.გადევიცმევ კაცულად და ისე დავეხმარები...
(აქ კი წამოიმართა ქართულ თეატრის მეტრი - ლეშქაში და მუჯლუგუნი ჰკრა ისეთი, რომ ოთხად მოკეცა ჩლიფინა ქალი)
პროფესორი ლეშქაში: რა გინდა? მღუპავ? რა დამაწერინებს? შენსავით ციტატებით გავავსო წერილი? ეს არ მჩვევია ჩლიფო... მე სხვა ვუკვეთავ და ვიხდი. ახლა მიჭირს, ბინას ვყიდულობ თბილისში და ფულს ვაგროვებ...
ულტრა-პროფესორი: მაბულინგებენ!!!! „ჩლიფოო“ მითხრა... (აქ დირექტორ-მეცნიერი წამოიმართა მაგიდასა ზედა და გაულაწუნა ლეშქაშს). შენ, რა აქ კემბრიჯი ხომ არ გგონია?
პროფესორი ლეშქაში:კემბრიჯი რა არის, ახალი საჭმელია? ბრინჯია?
ამ სამთა ვნებათა ღელვა ამით დამთავრდა, ვინაიდან ვირთხისგან შეშინებული და უკვე მოსულიერებული ნატან ბრძენი დაბრუნდა უკან და სამივეს სთხოვა ცეკვის გაკვეთილებზე წასვლა, ვინაიდან იმ დღეს, რეპეტიციას თვით კანცლერი, ყოფილი დეპუტატი ატარებდა...
მეც გამოვიღვიძე და ჩემი სიზმარი მოგიყევით!..
Комментариев нет:
Отправить комментарий